ზაქარია ქუცნაშვილი: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებულნი ვართ, პრემიის გარეშე ვიმუშაოთ

ზაქარია ქუცნაშვილი: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებულნი ვართ, პრემიის გარეშე ვიმუშაოთ

 

"სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებულნი ვართ, პრემიის გარეშეც ბეჯითად ვიმუშაოთ და ვეყოთ იმ თანამდებობრივ სარგოს, რომელსაც ვიღებთ ყოველთვიურად ხელფასის სახით", - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "რეპორტიორს" საკუთარ ინიციატივაზე საუბრისას, რაც მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც საუბრისას ქუცნაშვილმა განმარტა, კანონის მიღება სამ ძირითად მიზანს ემსახურება. მათ შორის, კანონი ითვალისწინებს მთავრობის მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდაჭერას.

 

"კანონის მიღება ემსახურება რამდენიმე მიზნის მიღწევას. ესენია: 1) მთავრობის მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდაჭერა; 2) საზოგადოებაში არსებული გაღიზიანება, რომელიც არსებობს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ პრემიების აღებასთან დაკავშირებით; 3) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მუშაობის ხარისხი დამოკიდებული არ შეიძლება იყოს პრემიის მიღების შესაძლებლობაზე. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ ვალდებულნი ვართ, ბეჯითად ვიმუშაოთ და არ გვქონდეს პრემიის მიღების მოლოდინი. აქედან გამომდინარე, ინიციატივა ამ სამ მიზანს ისახავს. ის ვრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის მოქმედების ქვეშ მოხვედრილ 747 თანამდებობის პირზე და უზღუდავს მათ პრემიის მიღების უფლებას", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 

რაც შეეხება უმრავლესობის მხარდაჭერას, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ინიციატივის სწორად დასაბუთების შემთხვევაში პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

 

"მთავარია, სწორი იდეა წამოაყენო, დაასაბუთო იდეის სისწორე. ვაცხადებ, რომ არც მოსამართლეს, არც დეპუტატს, არც მინისტრს არ უნდა ჰქონდეს პრემიის მიღების მოლოდინი. რა ნიშნის მიხედვით გამოვუწეროთ მოსამართლეს პრემია, რამდენ გამამტყუნებელ თუ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს? პარლამენტის წევრს რის მიხედვით გამოვუწეროთ პრემია, კანონპროექტების მომზადების რაოდენობით? მინისტრს ლეგიტიმური მუშაობის რა შემთხვევაში უნდა გამოვუწეროთ პრემია? სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებულნი ვართ, პრემიის გარეშეც ბეჯითად ვიმუშაოთ და ვეყოთ იმ თანამდებობრივ სარგოს, რომელსაც ვიღებთ ყოველთვიურად ხელფასის სახით. ეს არის ფილოსოფიური მიდგომა, რომ შევცვალოთ ის მანკიერი მემკვიდრეობა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა", - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

 

საუბარია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს შეუჩერდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მათ მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებს და გამგებლებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: