იოსებ არჩვაძე: თუ ხელისუფლებამ პრემია-ხელფასების მახინჯი სისტემა დროზე არ შეცვალა, შეიძლება თვითონ გადაიყოლოს!

იოსებ არჩვაძე: თუ ხელისუფლებამ პრემია-ხელფასების მახინჯი სისტემა დროზე არ შეცვალა, შეიძლება თვითონ გადაიყოლოს!

„ივერიონს“ ესაუბრება „ქართული პლატფორმის“ გამგეობის წევრი, პროფესორი იოსებ არჩვაძე.

 

- ბატონო სოსო, ბოლო წლებში მასმედია და საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობს მმართველობით სფეროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, ეს ეხება მაღალი თანამდებობის პირების.  რაც არ უნდა პარადოქსად მოგვეჩვენოს, თავისი აქტუალობით ამ თემამ მნიშვნელოვნად  გადაუსწრო ყველა სხვა სასიცოცხლო პრობლემას  - უმუშევრობა იქნება ეს, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ბუნებრივია, ეს არ არის ბოლო ერთი-ორი დღის, ან თუნდაც, წლის პრობლემა... შეიძლება ითქვას, ამ ხელისუფლებას იგი წინამორბედისგან მემკვიდრეობით ერგო. რით ხსნით საზოგადოების და მედიის ასეთ შეუნელებელ ინტერესს აღნიშნული პრობლემისადმი?

 

- მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების სისტემური ნაკლოვანებების მხილებითა და კრიტიკით მოვიდა, ზოგიერთი „ნოვაცია“, რაც წინა რეჟიმს ჰქონდა შემუშავებული და დანერგილი, ფაქტობრივად უცვლელად გადმოიღეს და შეინარჩუნეს... ერთ-ერთი მათაგანია სახელფასო პოლიტიკა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად უნდა „დავუფასოთ“, რომ მათ   ხელფასის იმანენტურ, ობიექტურ ფუნქციებს კიდევ ერთი პოლიტ-ეკონომიკური ფუნქციაც დაუმატეს - პოლიტიკური ლოიალობის, რეჟიმის მდგრადობის ხელშემწყობის ფუნქცია.მჟამინდელმა ხელისუფლებამ აღნიშნული ფუნქცია არა თუ გააუქმა, არამედ შეინარჩუნა და „შემოქმედებითად“  განავითარა.  

 

2004 წლიდან, ხელფასის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 3-ჯერ აღემატება მშპ-ის ნომინალური ზრდის ტემპს, თანაც განსაკუთრებით სახელმწიფო-საბიუჯეტო სექტორში. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც  საშუალო ხელფასი  საარსებო მინიმუმსაც ვერ წვდებოდა (1996-2006 წლებში დაქირავებით დასაქმებულმა მოსახლეობამ ჯამში მიიღო 1.6 მილიარდი ლარით ნაკლები, საარსებო მინიმუმის დონეზე გაანგარიშებულ ხელფასთან შედარებით). 

 

ამჟამად საშუალო ხელფასი თითქმის 6-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი - 8.5-ჯერ. ხელფასმა სახელმწიფოს ინსტიტუციური განმტკიცების ინდიკატორთან ერთად სულ უფრო მეტად შეიძინა სახელისუფლებო ვერტიკალის მდგრადობის უზრუნველყოფის ფუნქციაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელფასმა სტიმულირებისა და გადანაწილების ფუნქციებთან ერთად ფაქტობრივად შეითავსა დამატებით კიდევ ერთი – ზოგადად პოლიტიკური ლოიალობის, კონკრეტულად კი მმართველი პოლიტიკური ძალის ერთგულების  სტიმულირების როლი და ფუნქცია.  

 

ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო წლებში სახელმწიფო სექტორში ხელფასი მის მიმღებთა დიდი ნაწილისთვის „უბრალოდ“ დახარჯული შრომის რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით მიღებული საზღაურიდან არსებული რეჟიმისადმი ლოიალობის გამოჩენისა და მხარდაჭერის ნაცვალგებით ფორმად იქცა. იგი ტრანსფორმირდა შემოსავლის, სარგებლის გარანტირებულად მიღების უფლებისთვის გადახდილ საზღაურად. 

 

უმუშევრობის, ქვეყნიდან სამუშაოდ გასულთა და ქვეყანაში სამუშაოს შოვნის იმედზე ხელჩაქნეულთა რაოდენობის მაღალი დონის, საშუალო ხელფასების საგრძნობი ზრდისა და დიფერენცირების ფონზე სამუშაოს შოვნამ (დაქირავებით დასაქმებამ), საქართველოში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებრივ სტატუსთან ერთად (და მასზე უფრო მეტად)  პოლიტიკური ფასის მქონე ეკონომიკური პრივილეგიის  ნიშანი შეიძინა! 

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტიმულირებისთვის ხელფასი ძირითადი, თუმცა არა ერთადერთი კომპონენტია – მას თან მოყვება სხვადასხვა პრივილეგიები (სახელმწიფო რესურსებით, მატერიალური საშუალებებითა და ტექნიკით სარგებლობა, საეჭვო ღირებულებისა და სარგებლობის მომტანი მივლინებები, ეკონომიკურ საფუძველს მოკლებული პრემიები და ა.შ.), რომელთა მასშტაბები მაღალ დადებით კორელაციაშია საშუალო ხელფასის სიდიდესთან. ეს კიდევ უფრო ზრდის ადამიანთა საჯარო სამსახურში დასაქმების ეკონომიკურ ინტერესს და აჟიოტაჟს.

 

- საკმაოდ დამაფიქრებელი ანალიზია. რა მონაცემებით შეგიძლიათ გაამყაროთ  ეს მოსაზრება?

 

- ამ 10-12 წლის წინ საქართველო აშშ-ს ჩამორჩებოდა საშუალო ხელფასის მიხედვით უფრო მეტად, ვიდრე ეკონომიკურად; ამჟამად კი სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი. მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით ამჟამად (2014 წლის მდგომარეობით) მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული მშპ აშშ-ის დაახლოებით 13.5 პროცენტია, საშუალო ხელფასით კი - დაახლოებით 25 პროცენტი.

 

ეს ერთი გარემოება, თუ რატომ ესწრაფვიან ადამიანები საჯარო სექტორში დასაქმებას. 

 

მეორე გარემოება უკავშირდება პრივილეგიების, სოციალური დაცულობისა და ანაზღაურების თანაფარდობას საჯარო და კერძო სექტორებს შორის. 

 

ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნეს-სექტორში ანაზღაურება, მომეტებული რისკის გამო, უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საჯარო სექტორში. სამაგიეროდ, საჯარო სექტორში უფრო მაღალი უნდა იყოს სოციალური დაცულობა.

სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე რეალობაში?

 

საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ოდნავ აღემატება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასის 60 პროცენტს.  

 

ბოლო წლებში ეროვნულ მეურნეობაში მოხდა საშუალო ხელფასის სიდიდის მკვეთრი ზრდა დაქირავებით დასაქმებულთა, ანუ ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ფაქტობრივი უცვლელობის პირობებში (რამდენიმე ათასით მეტი-ან ნაკლები სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება მხედველობაში არც მივიღოთ). შემიძლია დაგისახელოთ კიდევ ერთი ციფრი: 1980-იანი წლების ბოლოსთან შედარებით საქართველოში მოსახლეობა დაახლოებით 1/3-ით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი - თითქმის 4-ჯერ (73%-ით). ამჟამად მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე (მაგალითად, ყოველ 1000 კაცზე) საქართველოში თითქმის 3-ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებულია, ვიდრე აშშ-ში.

 

აი, ძირითადი მიზეზები, თუ რატომ შეიძინა ეგზისტენციური დატვირთვა დასაქმების საკითხმა ზოგადად და დასაქმებამ საჯარო სექტორში განსაკუთრებით. - ამ სექტორში,  კერძო სექტორთან შედარებით, ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე დასაქმებულთა რეალური წვლილი ეროვნულ ეკონომიკაში, უფრო მაღალია სოციალური დაცულობა და უფრო ნაკლებია, სამსახურიდან „არასანქცირებული“ დათხოვნის საფრთხე... ეს ფაქტორები კარგად უწყის ჩვენმა მოსახლეობამ და ამიტომაც საკმაოდ შესამჩნევია ნეპოტიზმის ნიშნები და უწყების ახალი ხელმძღვანელის სამსახურში „საკუთარი გუნდით“ მოსვლის პრაქტიკა. როგორც მედია-საშუალებები წერენ (სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა), ეკონომიკურად არც თუ მდიდარ ქვეყანას ხელისუფლების შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება.   

 

- კი მაგრამ, თქვენი ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის ამ თვალსაზრისით არსებითი განსხვავება არ არის...

 

- შეიძლება ითქვას, განსხვავება არის - თუმცა, ეს განსხვავება ეკონომიკური ასპექტით მაინც და მაინც არ „ბრწყინავს“! ობიექტურობა მოითხობს ითქვას, რომ ეს ორი ხელისუფლება, ჰუმანიზმის ხარისხით,  განსხვავდებიან ერთმანეთისგან. წინა ხელისუფლების მიერ მმართველობითი ხარჯების მკვეთრ ზრდაში აშკარად შეინიშნებოდა ჰედონიზმის ნიშნები. ახლანდელმა ხელისუფლებამ კი მხოლოდ სიმბოლური და არა რადიკალური ნაბიჯები გადადგა ასეთი მდგომარეობის შესაცვლელად. 

 

ამას დაუმატეთ ისიც, რომ მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის შესაბამის ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებთა გაუბედაობის, არაკომპეტენტურობისა თუ ბიუროკრატული ბარიერების გამო ყოვნდება ბიზნესის განვითარება, ეკონომიკური ზრდის 3-პროცენტიანი ზრდა უკვე წარმატებისა და სიამაყის საგანი ხდება ხელისუფლებისთვის. მე უკვე არაერთი ბიზნესმენისგან მსმენია ფაქტობრივად არარიტორიკული კითხვა, თუ სჯობის: რაიმეს კეთება რეპრესიებისა და ქონების ჩამორთმევის პერმანენტული შიშის ქვეშ თუ სტაგნაცია „ჰუმანურ გარემოში“?!  

 

- პარადოქსია ისიც, რომ საქართველოში საკმაო რაოდენობითაა თანამდებობები, სადაც ხელფასები გაცილებით აღემატება პრეზიდენტის ხელფასს... რა არის ეს - პრეზიდენტს აქვს „დაბალი“ ხელფასი, თუ ამ თანამდებობის პირებს - მაღალი ანაზღაურება?!

 

- სამწუხაროდ, საქართველოში არ მუშაობს თეზისი, რომ „კაცი უნდა ეყოს ხელფასს“... 

 

ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენთან, მაგალითად, მარეგულირებელი კომისიების ზოგიერთი წევრის ხელფასი აღემატება არა მარტო საქართველოს პრეზიდენტის ხელფასს, არამედ, გაეროს განიარაღების კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასსაც და მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით ტოლს არ უდებს აშშ ფედერალური მთავრობის მინისტრთა ხელფასსაც. ასეთი ზომის ხელფასი კი სხვა არაფერია, თუ არა სოციალური როიალტი და სინეკურა . სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ასეთი ხელფასი უკვე „სცდება“ ბონუსის კატეგორიას და რენტული დატვირთვის შემოსავლად ყალიბდება! 

 

როდესაც ასეთ მაღალ ხელფასებზე ვსაუბრობთ, აქ რა თქმა უნდა, პირველ რიგში სოციალური სამართლიანობის კატეგორიით ვაპელირებთ. მაგრამ მეორეს მხრივ, ხელფასის, მით უფრო ხელმძღვანელის ხელფასის სიდიდემ უნდა გაზარდოს დასაქმებულთა დანარჩენი კონტინგენტის სტიმულები უკეთ მუშაობისა და შესაბამისად, უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის და არა პირიქით - განაწყოს ნიჰილიზმისა და საქმიანობის სხვა, ალტერნატიული ფორმების მოძიებისაკენ.  

 

- ამ ფაქტებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით მთლიანად სახელმწიფოს სახელფასო პოლიტიკას?

 

- ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არსებობს სახელფასო პოლიტიკა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და ის, რასაც ვხედავთ ბოლო წლებში, ეს არის რეაგირება (ზოგჯერ მყისიერი, ზოგჯერ - დროში გაწელილი) ამათუ თუ იმ კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც საზოგადოებისა და მედიის კრიტიკული დამოკიდებულების, ან ირონიის ობიექტი ხდება! შენარჩუნებულია პრაქტიკა, როდესაც უწყებების პირველი პირები თავიანთი შეხედულებებით, საკუთარი გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, ახდენენ ხელფასების დადგენას. ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ მოხელეთა მოტივაციაში „უწყებრივი პატრიოტიზმი“ ნამდვილად არ უდებს ტოლს ზოგად, სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმს, ხშირ შემთხვევაში კი - მნიშვნელოვნად აღემატება მას. 

 

ამ მავნე პრაქტიკის ნაცვლად, შესამუშავებელია სახელფასო შკალა კონკრეტული თანამდებობის მიხედვით. სტრატეგია და ძირითადი პრინციპი უნდა იყოს შემდეგი: ერთნაირი თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ უწყებაში მუშაობენ, ერთნაირი ხელფასი უნდა ჰქონდეთ. ამის გარდა, ვფიქრობ, პრაქტიკაში დასაბრუნებელია საკლასო ჩინისა და რანგის მიხედვით დანამატების სისტემაც იმისათვის, რომ საჯარო მოხელის კარიერული ზრდა რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული მხოლოდ ხელმძღვანელის მოწყალე თვალზე და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მისი საქმიანი თვისებები, პროფესიონალიზმი და წელთა ნამსახურება. სახელმწიფოს მდგრად განვითარებას სჭირდება არა უწყებრივი, არამედ ზოგადეროვნული პატრიოტი, მაღალპროფესიონალური ფენა, ერთგვარი „მმართველობითი გუმუსი“, რომელიც მოქმედებს მთლიანად და ექსკლუზიურად სახელმწიფოებრივი ინტერესების-და შესაბამისად. 

 

- თქვენ აქამდე საუბრობდით ხელფასებზე. ვაღიაროთ, რომ  მოსახლეობას არანაკლებ აღიზიანებს ყბადაღებული პრემიების თემაც. 

 

- გეთანხმებით, ერთის დაზუსტებით: პრემიებიც ეკონომიკური შინაარსით შრომის საზღაურია და როგორც ასეთი, გაცილებით იშვიათად უნდა გაიცემოდეს, ხოლო სიდიდე ხელფასთან ჯერადად რეგრესიულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს. წესით, ეკონომიკური შინაარსით რომ გაამართლოს თავისი სახელწოდება, წლიური პრემია საშუალო წლიური ხელფასის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს!

 

მეორეს მხრივ, დავსვათ კითხვა: თუ პრემია „კარგი მუშაობის“ წახალისებისთვისაა და ხელისუფლება ხელმძღვანელი პირებისთვის მის გაუქმებაზე ცოცხალი თავით არ მიდის, მაშინ საპირისპირო შედეგების შემთხვევაში მთელი ძალით რატომ არ მოქმედებს საჯარიმო სანქციების სისტემაც?   

 

ყოველივე ამას ჩვენ ვამბობთ არა ნიშნის მოგებით, არამედ, სურვილით, რომ ხელისუფლებამ შეძლოს არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. 

 

ჩვენ მატერიალური რესურსებით არც თუ ისე მდიდარი ქვეყანა ვართ და მთავარი აქცენტი ადამიანური რესურსის, ადამიანური კაპიტალის გამოყენებაზე უნდა გადავიტანოთ. ინტერნეტის, ტელევიზიის, გლობალური კომუნიკაციის გავრცელების პირობებში, როდესაც ყველა ყველაფერს ხედავს, სოციალური სამართლიანობა, ზომიერება, ხელფასის სიდიდისა და პირადი წვლილის შესაბამისობა, არეკლილი ღირსების პრიზმაში, არანაკლები ეკონომიკური ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე მრავალმილიონიანი ინვესტიცია ან გრანტი. 

 

და ბოლოს ვიტყვი: ხელისუფლებამ საჩქაროდ უნდა შეცვალოს სახელფასო სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მახინჯმა და არასამართლიანმა სისტემამ, შეიძლება თავად ის გადაიყოლოს!..

 

„ქართული პლატფორმა“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: