თამუნა მეჭურჭლიშვილი: განათლების სისტემა ყარს, მინისტრი გაიხრწნა!
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ცხოვრების კონკრეტული ეტაპი ამთავრდება და იწყება მეორე, უფრო მეტად საინტერესო ეტაპი; დრო, როცა უნივერსიტეტის კარი იღება; როდესაც არა სკოლის მოსწავლე, არამედ სტუდენტი ხარ. მეც ასე ვიყავი, როცა ჩავაბარე და თანაც იმ უნივერსიტეტში, რომელიც ასწლოვან ისტორიას ითვლის, რომელშიც სწავლა ყოველთვის პატივად მიმაჩნდა.
წარმოდგენა რომ ხშირად რეალობას არ შეესაბამება ეს მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით, მაგრამ როცა ამას საკუთარ თავზე გამოცდი, სულ სხვაა. დიახ, განსხვავებული მოლოდინები მქონდა უნივერსიტეტისგან - სულაც არ მეგონა ამხელა ბიუროკრატიას თუ წავაწყდებოდი, ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად და საინტერესოდ წარმომედგინა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც დედა უნივერსიტეტშია, მაგრამ მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ძირეულ საკითხზე, რომელიც ყველა სხვა პრობლემის სათავეა და რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრალი ნამდვილად არ არის!
14 სექტემბერს მთელ საქართველოში და შესაბამისად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაიწყო სწავლა. ყოველწლიურად ჩვენთან გახსნის ცერემონია იმართება ხოლმე, სადაც რექტორი, განათლების მინისტრი და სხვა მაღალი სტატუსის მქონე ადამაინები გვილოცავენ სწავლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკურსელებს და გვიხსნიან, თუ რამხელა პატივია სტუდენტად ყოფნა, რამხელა ბედნიერებაა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და ასე შემდეგ.
როგორც წესი, მოლოცვის თუ წარმოთქმული სიტყვის არც ფორმა და არც შინაარსი არასდროს იცვლება ხოლმე. წელს (გასულ წლებშიც), სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც ძირითადი მოთხოვნა იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება.
ორი სიტყვით მოგიყვებით, თუ რატომაა დაფინანსების ასეთი წესი მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისა და უნივერსიტეტებისთვის.
დღევანდელი დაფინანსების სისტემის თანახმად, ფული მიბმულია სტუდენტზე, შესაბამისად უნივერსიტეტებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა ერთისა: იმისათვის რომ იარსებონ, უნდა მიიღონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი; ჩემი უნივერსიტეტიც ასე იქცევა და შესაბამისად, ყოველწლიუად მოდის იმდენი სტუდენტი, რამდენის მომსახურების საშუალებაც თსუს არ გააჩნია, აქ იგულისხმებია მატერიალური, ფიზიკური და ადამიანური რესურსი. ცნობილი „თსუს ბაზები“, სადაც მუდმივად გიწერენ, რომ „ადგილები შევსებულია“ სწორედ აქედანაა გამოწვეული.
უნივერსიტეტი იღებს იმდენ სტუდენტს, რამდენიც ელემენტარულად ვერ დაეტევა ერთ აუდიტორიაში, პირადად ჩემს მრავალ ლექციაზე ძალიან ბევრი სტუდენტი იატაკზე ვმსხდარვართ ამ პრობლემის გამო და ეს არ ხდება მხოლოდ არჩევითი საგნებისას, როგორც ბატონმა რექტორმა ისაუბრა, ეს ხდება ძირითად საგნებზეც.
ჩვენ, ერთი მხრივ, უნივერსიტეტს ვთხოვთ შეამციროს სტუდენტების მიღება, გადაანაწილოს რესურსები ისე, რომ მსგავსი პრობლემები აღარ იყოს დღის წესრიგში, მაგრამ, მეორე მხრივ, რა უნდა ქნას უნივერსიტეტმა, როცა სახელმწიფო პოლიტიკა აიძლებს მას იყოს ორიენტირებული რაოდენობაზე და არა ხარისხზე; იმისათვის რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, აუცილებელია პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, რაც საშუალებას მისცემს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მახვილი სწორედ ხარისხზე დასვას!
ქალბატონმა მინისტრმა, რომელიც 14 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა და სწავლის დაწეყბა მოგვილოცა, რომელიც არაჩვეულებრივად გვხედავდა და გვისმენდა, განაცხადა, რომ საზეიმო განწყობაა უნივერსიტეტში, რომ ყველა ბედნიერია და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო სამოთხედ დახატა!
ჩვენს მოთხოვნაზე გამოსულიყო და მოლოცვის ნაცვლად, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია უნივერსიტეტის საბაზისო დაფინანსებაზე, ის უბრალოდ წავიდა, „არსით ხმა, არსით ძახილი“. მე მიჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა: მაინც ვისი მინისტრია განათლების მინისტრი? ვის უნდა ესაუბროს უწინარეს ყოვლისა?!
მოგვიანებით, მეორე დღეს, როცა პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა, სხვადასხვა მაღალი სტატუსის მქონე თსუს თანამშრომლები, საუბრობდნენ იმაზე, თუ რაოდენ არაკორექტული იყო პროტესტანტების საქციელი და მათი პლაკატები, განსაკუთრებული აქცენტი კი სწორედ ჩემს პლაქატზე იყო („განათლების პოლიტიკა ყარს, მინისტრი გაიხრწნა!“) და ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ შემოგვიერთდნენ და არ დადგნენ ჩვენს გვერდით!
საინტერესოა, მინისტრის უეცარი გაუჩინარება და უპასუხოდ დატოვებული სტუდენტები კორექტული საქციელია?! ან იქნებ ისაა უფრო კორექტული, აქციიდან მესამე დღეს პრემიერ მინისტრი და განათლების მინისტრი რომ მობრძანდნენ უნიევრსიტეტში და მათი დაცვა ხელით რომ შეეხო სტუდენტებს, გამოაგდეს სააქტო დარბაზიდან, სამაგიეროდ ამ დროს ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პლაკატებს არაკორექტულს უწოდებდნენ, შიგნით ისხდნენ და არაფერი გასაოცარი და არაკორექტული ამ ამბავში არ დაუნახავთ!!!
სულ მიჩნდება ერთი კითხვა: რატომ არ გახდა საქართველოს არცერთი მთავრობის დროს განათლება პრიორიტეტული?! რატომ უბიძგებს განათლების დღევანდელი პოლიტიკა სასწავლო დაწესებულებებს სწავლის ხარისხის დაცემისკენ?! და ყველაზე მთავარი, რატომ არაა ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართული საზოგადოებისთვის?!
მომავალ წელსაც, ალბათ ისევ მოგვილოცავენ სასწავლო წლის დაწყებას სხვადასხვა უნივერსიტეტელები, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან, გამოვლენ და გვეტყვიან, რომ დიდი პატივია დაამთავრო თსუ, რომ ისე მოხდა, რომ მათ მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება უნივერსიტეტს დაუკავშირეს, მაგრამ არცერთი არ ჩამოვა კიბეებზე და ჩვენთან ერთად არ მოითხოვს განათლების პოლიტიკის შეცვლას, განათლების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას... ჰოდა ყოველივე ამის შემდეგ, რატომ გვიკვირს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, გაჩუმებული მასწავლებელ-პროფესორები და მხოლოდ დიპლომზე ორიენტირებული სტუდენტობა?!
თამუნა მეჭურჭლიშვილი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,
სოციოლოგიის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი