როდის დაიბრუნებს ბეჭდური მედია თავის გავლენას?

როდის დაიბრუნებს ბეჭდური მედია თავის გავლენას?

მედიის მოგების გადასახადისგან გათავისუფლება შესაძლოა პარლამენტმა განიხილოს. ამის შესახებ  "პრესის ასოციაციის ინიციატივა"  "ქართული ოცნების" წევრმა  ელისო ჩაფიძემ უმრავლესობას გააცნო. მისი თქმით,  ამ ინიციატივას  პარლამენტის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა მოჰყვა.


ამ ინიციატივას  ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისგან დადებითი რეაქციები მოჰყვა. მაგრამ ასევე საუბრობენ სხვა პრობლემებზეც, რომლებზეც ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.


„ივერიონთან“ საუბრისას გაზეთ „ვერსიის“ მთავარი რედაქტორი მაია ფურცელაძე ამბობს, რომ 2007 წლამდე ბეჭდური მედია გათავისუფლებული იყო მოგების გადასახადისგან. „კარგი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს და „ჟურნალისტთა ასოციაციის“ ინიციატივას დაამტკიცებს. ეს პრესის განვითარებისთვის ხელისშემწყობი იქნება. მაგრამ, ბეჭდურ მედიაში არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გააკეთებს ღია განცხადებებს, რომ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებს,  რეაგირება მოჰყვება. პრესამ დაკარგა თავისი გავლენა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  მიხეილ  სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრესას არ ეცნობა, ამის შემდეგ წინა მთავრობის მაღალჩინოსნებს თავს გაუვიდათ და არაფრად აგდებენ პრესაში გამოქვეყნებულ ძალიან მნიშვნელოვან სტატიებს, რომლებიც ბევრ დასაბუთებულ და არგუმენტებით გამყარებულ ბრალდებებს შეიცავენ“, - ამბობს ფურცელაძე.


ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ასევე საუბრობენ, რომ პრესის მოგების გადასახადისგან გათავისუფლების პარალელურად, კარგი იქნება, თუ მოხდება ჰონორარზე  ბეგარის მოხსნაც.


გაზეთ „ქრონიკის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი დიტო ტიკარაძე აცხადებს:  „ბეჭდური მედიის გათავისუფლება მოგების გადასახადისგან  დიდი შეღავათი იქნება პრესისთვის, რადგან პრესა არ არის მაღალშემოსავლიანი ბიზნესი და მოგების გადასახადისგან დარჩენილი შემოსავალი ისევ პრესის განვითარებას მოხმარდება. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან  კარგი იქნება, თუ მოხდება ჰონორარის დაბეგვირისგან გათავისუფლებაც. რადგან შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს: მსახიობებს, მომღერლებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს არ აქვთ მაღალი ჰონორარი და მათი საშემოსავალო გადასახადით დაბეგვრა ძალიან ცუდია. მე ვესაუბრე ამ საკითხზე „ჟურნალისტთა ასოციაციას“, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციაბი“.


ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ასევე საუბრობენ პრესის განვითარების ხელისშემშლელ ერთ-ერთი პირობაზეც. ეს არის  პრესის გავრცელების ჯიხურების აღება. გაზეთ „ვერსიის“ რედაქტორის მაია ფურცელაძის განცხადებით, უნდა მოხდეს მერიის მიერ უკანონოდ ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმება და პრესის ჯიხურების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს  ბეჭდური მედიის განვითარება-გავრცელებისთვის ხელისშემშლელი იქნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: