რას ღაღადებდა ილია მართალი?!

რას ღაღადებდა ილია მართალი?!

წმიდა ილია მართლის პოლიტიკური მრწამსი

 

თუ როგორ კატასტროფულად შეიცვალა საქართველოში სოციალური მდგომარეობა, კარგად ჩანს თუნდაც ამ უბრალო სტატისტიკიდან: საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს, (1987-1991) წლებში ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის პირველი ხუთი ტომი, თითოეული 80 000-ანი ტირაჟით დაიბეჭდა, ხოლო უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ტირაჟი ჯერ 700-მდე, ბოლოს კი 300-მდე შემცირდა. ასე ასახა ქართული კულტურის კატასტროფა ილიას ბეჭდურ თხზულებათა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა, რომლის მიხედვით ჩამორჩენის კოეფიციენტი 99,6%-ის ტოლია.

 

მიუხედავად ამისა, პესიმისტური იდეებისთვის თავის მიცემის უფლება არ გვაქვს, რადგან, თვით წმიდა ილია მართალი დგას ზნეობის სადარაჯოზე და მარადჟამს შეგვახსენებს, რომ ეროვნულ საუნჯეთა დაცვა და შთამომავლობისთვის გადაცემა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა. 

 

ამ საუნჯეთა შორის კი, ჩვენი აზრით, საკითხი მამულის პოლიტიკური ორიენტაციის გარკვევისა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას აქტუალობას ჩვენი ქვეყნის მუდამ რთულ სიტუაციაში ყოფნა სძენს: XVIII ს-ში საქართველომ, სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ, ერთმორწმუნე რუსეთთან მოკავშირეობის გზა აირჩია, ხოლო ამჟამად, XXI ს-ში, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის გარეშე დარჩენილი საქართველო ორიენტირებულია ლგბტ-ის უფლებათა დამცველ აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივა კი ბუნდოვანი ჩანს - იმის მაგივრად, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობდეთ, გარეშე ძალების ზეგავლენის გამო მასთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც ვერ ვახერხებთ.

 

სამ საუკუნეს შორის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საკითხებზე პარალელების გასავლებად, პირველ ყოვლისა, ილიას ცნობილ მოთხრობას "მგზავრის წერილებს" მივმართე, რადგან, ამ მეოთხედი საუკუნის წინ ეროვნულ-პოლიტიკურმა სპექტრმა სწორედ მასში აღმოაჩინა ხალხის ფართო მასებზე ზემოქმედებისთვის საჭირო მაგიური ფრაზა.

 

"მგზავრის წერილებში", როცა მგზავრი მოხევე ლელთ ღუნიას ეკითხება, უწინდელი დრო რით იყო უკეთესიო, მოხევე პასუხობს: ადრე, ავად თუ კარგად, "ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს" და ამით იყო უკეთესიო. ქართველთა წესთ-წყობაზე სხვა მრავალი აუგის მოსმენის შემდეგ, ავტორი მოთხრობას, უფრო გავრცელებული ვარიანტის მიხედვით, ასეთი განსჯით ამთავრებს: "მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ. ან რა ჩემი საქმეა ეგა? მე გაკვრით, როგორც მგზავრი, ვიხსენებ მას, რაც მისგან გამიგონია. ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისთვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის სიტყვისთვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია.

 

ჩემმა მოხევემ მე კიდევ ბევრი რამ სხვა მითხრა, მაგრამ ყოველი მისი ნაამბობი დასაწერად არ გამოდგება შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა... მე მარტო ამას ვიტყვი, რომ იმან თავისის სიტყვით თავისს გულისტკივილს მიმახვედრა.

 

მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო" _ სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!.."

 

ძნელი სათქმელია, ამ ნესტრით რამდენი ქართველია ნაჩხვლეტი, მაგრამ, ალბათ, ანგარიშში არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და ე.წ. ეროვნული მოძრაობის დაწყების შემდეგ, ქართულ მედია-სივრცეში ლელთ ღუნიას სიტყვათა ციტირების ინდექსი თვით ილიას ცნობილ ტრიადასაც (მამული, ენა, სარწმუნოება) აღემატება. იგი არა მარტო მომიტინგე პარტიათა ლაიტმოტივად, არამედ, მთელი ქართული პოლიტიკის ლოზუნგად გადაიქცა. ერთი თანამედროვე ისტორიკოსი დღესაც შეგვახსენებს: "ზვიად გამსახურდია 1975 წელს, იმხანად გამოუქვეყნებელ წერილში აღნიშნავდა: "დიდმა ილიამ მთელი თავისი მოღვაწეობის საზრისი ჩააქსოვა ლელთ ღუნიას სიტყვებში: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო". ამას მიელტვოდა ქართველ მწერალთა რჩეული თაობა მეცხრამეტე საუკუნეში, ამას შეეწირა დიდი ილია".

 

ამჯერად, XIX ს-ის ქართველ მწერალთა რჩეული თაობის თხზულებათა განხილვის საშუალება არა მაქვს, მაგრამ მთავარი საკითხის გამოყოფა მაინც შეიძლება: დიდმა ილიამ მთელი თავისი მოღვაწეობის საზრისი მართლა ლელთ ღუნიას სიტყვებში ჩააქსოვა და მართლა მას შეწირა თავი? _ იმის იმედით, რომ ხვალ მიტინგს არავინ მოაწყობს და ჩემი მოსაზრების დასაგმობად საზოგადოების ეგზალტირებას არ შეეცდება, თავს უფლებას ვაძლევ, დასმული საკითხი კრიტიკულად განვიხილო და მსმენელის წინაშე რამდენიმე არგუმენტი პუნქტობრივად წარმოვადგინო.

 

1. ილიას მოთხრობაში ლელთ ღუნიას პირით გამოთქმული თეზა XX ს-ის ბოლოს ქართული პოლიტიკის კარდინალურ საკითხად იმიტომ გადაიქცა, რომ "ეროვნული მოძრაობის" თავკაცებმა მასში არა მარტო სახელმწიფოს დამოუკიდებლობისკენ მიზანსწრაფვა, არამედ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კავშირის დარღვევაც იგულისხმეს. იდეურად, აღნიშნული თეზა მათ ამის საშუალებას აძლევდა, რადგან მოხევე, ფაქტობრივად, გეორგიევსკის ტრაქტატით გაფორმებული კავშირის წინააღმდეგი იყო, ხოლო, `ეროვნულები~ _ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში საქართველოს ყოფნისა.

 

რამდენადაც ქართულმა სინამდვილემ ილიას მოთხრობა დოკუმენტად აქცია და მასში გამოხატული აზრები თვით ავტორის პოზიციასთან გააიგივა, მაშინ ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ `მგზავრის წერილების~ ყველა იდეური ნიუანსი და შესაბამისი დასკვნაც გამოვიტანოთ.

 

2. ვფიქრობ, სადავო არ არის, რომ ლელთ ღუნიას თეზას პოლიტიკური სტატუსი მოთხრობის დასასრულმა მიანიჭა. სწორედ მოხევის სიტყვათა გამეორებამ და მისით გამოწვეულმა გულისტკივილმა გამოკვეთეს მისი რელიეფური სახე, თორემ, მარტო დიალოგის დროს "ავად თუ კარგად" ნათქვამი მოხევური სიტყვა ისტორიულ მნიშვნელობას ვერ შეიძენდა. გასაგებია, რომ ლელთ ღუნიას ფრაზამ ზემოთ განმარტებული შინაარსი შეითვისა, მაგრამ, გარდა მგზავრის თანაგრძნობისა მოხევის მიმართ და  "რაღაც უეცარი ტკივილისა", ჩვენ თვით ავტორის პოზიციას, ანუ სამოქმედო პროგრამას, როგორც ეს თვით ბრძენ ილიას სჩვეოდა, ვერ ვხედავთ.

 

ამიტომ გვიხსნის: "მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ... მე მარტო ამას ვიტყვი, რომ იმან თავისი სიტყვით თავისს გულისტკივილს მიმახვედრა". _ ეს არც არის გასაკვირი, რადგან სამშობლოში ახლახან დაბრუნებული უგვირგვინო მეფე, თუმც ჯერ კიდევ 24 წლისა, პასუხს ტკივილების დასაამებლად თავისი საყვარელი მიწა-წყლისგან ელის. მან ჯერ ბევრი რამ არ იცის: "როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორც შემეყრება იგი მე"; "კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურობით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები". _ სამწუხაროდ, ამ ლამაზ ქვეყანას არ აღმოაჩნდა უნარი, რომ მისთვის თავგანწირულის ბრწყინვალე ნათელს შესდგომოდა და ღმრთისგან წარმოგზავნილისთვის თაყვანი ეცა, მაგრამ ეს ცალკე თემაა და ჩვენ ისევ "მგზავრის წერილებს" მივუბრუნდეთ.

 

3. ჩვენი აზრით, ავტორი რომ მოხევის ნაუბარს არ განსჯის, არამედ მხოლოდ მის კონსტატირებას ახდენს, მთელი დიალოგიდან ჩანს. მაგალითად, მგზავრი არ პასუხობს ემოციებს აყოლილ მოხევეს, რომელსაც მშვიდობიანობის გახანგრძლივებამ (ამ დროისთვის რუსეთის მფარველობაში თითქმის 60 წელი იყო გასული) წარმოდგენა შეუსუსტა: "რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით... ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის"; ეტყობა, რომ მოხევე ლეკთა, სპარსთა და ოსმალოთა შემოსევების საშინელებასაც სათანადოდ ვერ აანალიზებს: "აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს"; ამასთან, მოხევეს ძმათმკვლელ ომებზე ბევრი კი სმენია: "კახთა ვაჟანი ხევისანი მრავალნი მოხოცნეს", მაგრამ იმის მადლიერი არ არის, რომ "აწინა ყოველნი ქართველნ ძმანები ვართ".

 

მოკლედ, ლელთ ღუნია ერთი ჩვეულებრივი ქართველია, რომლის გრძნობები გონებაზე ბატონობენ და ამიტომ აზრიც ყველაფერზე თავისი აქვს, რომლის არც გულწრფელად გამოხატვისა ერიდება. გამომსახველობის თვალსაზრისით, მგონია, რომ ლელთ ღუნია ტიპური წარმომადგენელია ჩვენი საზოგადოებისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი თვისებების ან აზრების იდეალიზაციას, რაც არც მის შემოქმედს დაუსახავს მიზნად.

 

4. ამასთანავე, როგორც დოკუმენტური მასალიდან ჩანს, მოთხრობის ბოლო აბზაცის მიმართ თვით ილიასაც ორჭოფული დამოკიდებულება ჰქონია. ამის თქმის უფლებას ის გვაძლევს, რომ "მგზავრის წერილების" ჩვენამდე მოღწეული სამი ავტოგრაფიდან ერთ-ერთში (ხელნაწ. U, # 149) ბოლო აბზაცი ("მიგიხვდი... პასუხი") მთლიანად გადახაზულია, ხოლო მოთხრობის პირველი პუბლიკაციის (ჟ. "კრებული", #5, 1871. გვ. 1-16) ბეჭდურ ტექსტში იგივე აბზაცი, გარდა პირველი წინადადებისა ("მიგიხვდი... ნაჩხვლეტი"), ასევე შეტანილი არ არის. 

 

ჩემი აზრით, ეს ორჭოფობა იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ მარტო ამ გამოთქმნის მოხმობით _ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" _ მგზავრის გულისტკივილის მიზეზი დავიწროებულ შინაარსს იძენს; მოთხრობაში, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კიდევ იმდენი საწუხარია დასახელებული, რომ ეს თეზა თავის თავში ყველა პრობლემის შემოკრებას ვერ ახერხებს. და, რაც მთავარია, ილია მართლისთვის არა მარტო ლელთ ღუნიას სატკივარი, არამედ, თვით ლელთ ღუნიას პიროვნებაც მისი ტკივილია; ვინაიდან, მოხევე ცხოვრების სიმძიმით დადარდიანებული კაცია, რომელსაც გამოსავლის პოვნაზე არც უფიქრია და სანუგეშოც არაფერი აქვს. ამგვარი ადამიანი ილიას ჩაფიქრებულ საქვეყნო საქმეს, ბუნებრივია, ვერ იტვირთავს და ამიტომ იგი ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებული ქართველების მონახვას მხოლოდ იმედოვნებს, ხოლო თუ იპოვის, კიდეც ეთაყვანება.

 

5. მოხევეს გეორგიევსკის ტრაქტატმა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, მარტო ცარიელი მშვიდობა მოუტანა. გარდა იმისა, რომ ცნება ანტინომიურია, ანუ წინააღმდეგობრივ შინაარსს შეიცავს, იგი იმავდროულად უარმყოფელია მეფე ერეკლე მეორის დამსახურებისა, რომლის მიერ მომზადებულმა და გაფორმებულმა დოკუმენტმა, მოხევის აზრით, მხოლოდ ეს უშედეგო და ფუჭი მშვიდობა მოუტანა საქართველოს. ლელთ ღუნიას დამოკიდებულება ორივე საკითხზე გამოკვეთილია; ახლა ვნახოთ, როგორ აფასებს წმიდა ილია მართალი, ერთი მხრივ, მშვიდობას, ხოლო მეორე მხრივ _ პატარა კახის დიდ საქმესა და მის დიდებულ პიროვნებას.

 

"მშვიდობიანობა, მოცალეობა არის მიწა, რომელზედაც ამოვა ხოლმე მეცნიერების, სწავლის, ლიტერატურის ხე და ნაყოფი... ამ ჩვენს საუკუნეში არის მშვიდობიანობა; მაშასადამე, არის დროება ლიტერატურისა, სწავლისა და ხელოვნებისა, რომელიცა ადამიანმა სარგოიანად უნდა მოიხმაროს", ხოლო მეცნიერების ნაყოფიერება თავისთავად ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ წინსვლას, სახალხო მეურნეობის დარგების განვითარებას ნიშნავს. ამიტომ მშვიდობა ცარიელი არ შეიძლება იყოს, თუ იგი ადამიანმა სარგოიანად მოიხმარა. მშვიდობიანობის დროს, თუ ვინმეს საკუთარი სტომაქი ლელთ ღუნიასავით ცარიელი აქვს, მიზეზი არა სხვაგან, არამედ თავის თავში უნდა ეძიოს.

 

უფრო მეტიც, შინაარსთან ერთად თვით ტერმინსაც საკრალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მშვიდობა ქრისტიანული გაგებით კურთხევასთან არის გაიგივებული. ბიბლიურ წიგნებში, პატრისტიკულ ლიტერატურასა და ლიტურგიულ ტექსტებში დალოცვის ძირითად ფორმად მშვიდობის სურვება გამოიყენება: "მშვიდობა თქვენ თანა", "მშვიდობა სახლსა ამას", "მშვიდობა ყოველთა"... ანგელოზებიც ამ მადლიანი სიტყვით ლოცავენ ქვეყნიერებას: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკ. 2,14). დაბოლოს, ერის სათნო მოძღვარს, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს მოვუსმინოთ: ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთის მსახურება სუფევს, რომელშიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს.

 

შეიძლება მშვიდობის მნიშვნელობაზე ამდენის თქმაც არ იყო საჭირო, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ყოველთვის დაცვა სჭირდება.

 

6. ახლა, ამ სანუკვარი მშვიდობის მომპოვებელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. მართალია, მეფე ერეკლეს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას საბოლოოდ ხორცი მისმა უფროსმა შვილმა, ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XII-მ შეასხა, როცა რუსის ჯარი თბილისში შემოვიდა (1799 წ.), მაგრამ საფუძველი ამისთვის 1783 წელს ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატით იყო მომზადებული.

 

რაც შეეხება თვით ილია მართლის დამოკიდებულებას ერეკლე მეფის პიროვნებისადმი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ილიასთვის ერეკლე ყოველთვის "ბრწყინვალე მეფე და რკინის კარი იყო საქართველოსი"; იგი პატარა კახის სახელის განსადიდებლად ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და გრიგოლ ორბელიანის სტრიქონებსაც უშურველად იმოწმებდა; ილიას სიტყვით, ერეკლე II ის დიდებული მეფეა, "რომლის შუქი დღესაც კი გვინათებს".

 

7. ბოლო საკითხი, რომლითაც თემის ამოწურვა, ჩვენი აზრით, შეიძლება, ეს არის არა ახალგაზრდული მგზნებარებით ანთებული "მგზავრის", არამედ სამოცს გადაცილებული ბრძენკაცის მიმართება რუსეთისადმი. აი, რას ამბობს წმიდა ილია მართალი XIX ს-ის მიწურულს: "რა საჭიროა დამალვა: ჩვენ უცილობელად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ხოლო არც საჭიროა სიყალბე. მარტო მით რომ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, გვიყვარს რუსეთიცა. ეს ისეთი ბუნებრივია, ისე ცხადია, ისე ადვილად გასაგებია საგანთა არსების მიხედვითა. რუსეთმა დაიხსნა ჩვენი ქვეყანა წახდენისა და განადგურებისაგან, იგი დღესაც იფარავს მას ყოველ წამებისა და ტანჯვის განმეორებისაგან, მან გაუკურნა ჩვენს სამშობლოს მისი წყლულნი... ეს სიყვარული ჩვენი ჩვენის სამშობლოსი თავით თვისით წარმოადგენს იმ ნაყოფიერს ნიადაგს, რაზედაც იზრდება და ჰხარობს ჩვენი ერთგულება და სიყვარული რუსეთისა. ეს ჩვენი სიყვარული ჩვენის სამშობლოსი იგი მაგარი და შუამდგომელი ჯაჭვია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ზრახვასა და სასოებას უკეთესს რუსთა ზრახვასა და სასოებასთან. სწორედ ამ ჩვენის სამშობლოს სიყვარულში უნდა მოიძებნოს ნასკვი ნაწილთა დაახლოვებისა და გაერთებისა მთელთან საკეთილდღეოდ ყოველთა და ყოვლისათვის. წაართვით ადამიანს ეს სიყვარული სამშობლოსი და მის გულში ვეღარ იპოვით ამისთანა ღრმას და მაგარ ადგილს, რომ ზედ ამოიყვანოთ საფუძველი ერთგულებისა და სიყვარულისა".

 

ასეთია სამშობლოს თანამდევი სულის ერთგულებისა და სიყვარულის აპოლოგია, რომელიც მართლაც ცხადია და ადვილად გასაგები, ოღონდ, მხოლოდ იმისთვის, ვისაც გულისხმიერება წართმეული არა აქვს. არც ის უნდა გამორჩეს ვინმეს მხედველობიდან, რომ ჩვენი დიდბუნებოვანი ქართველისთვის უცხო იყო ყოველგვარი პირმოთნეობა, ქედდადრეკილობა და, ახლანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ორმაგი სტანდარტი; მან ზედწოდება მართლისა სწორედ თავისი მართალი ცხოვრების, პატიოსნებისა და ღირსების გამო შეიძინა.

 

დიდმა ილიამ არავისზე ნაკლებად არ უწყოდა, რომ "ძალიან ხშირად ჩნდებოდნენ ჩვენში ისეთი გავლენიანი პირნი, მთავრობის ვითომ ერთგულნი და ვითომ რუსის ინტერესებისათვის მზრუნველნი, რომელთაც თითქო განგებ განიზრახეს, რომ ჩვენი ერის მომაგონებელი კი რაც რამ იყო, ფეხით გაეთელათ, დაეთრგუნათ, მოესპოთ", მაგრამ ამ გავლენიან პირთაგან ქვეყნის გასათავისუფლებლად ცეცხლის ხაზზე ყველაზე წინ ყოველთვის თვით დგებოდა. ამიტომ არის ყოველი მისი სიტყვა წრფელი, სარწმუნო და უცილობელი; ხოლო მის ნააზრევში დაუნჯებული სიბრძნე იმდენად მრავალმხრივია და მასშტაბური, რომ გონიერი ერი მასზე უკეთეს მეგზურს ამ წუთისოფელში ვერც ინატრებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს, ათასი ჯურის "ექსპერტ-პოლიტიკოსთა" მიერ მოტყუებულ საზოგადოებას სჯერა, რომ ილიასეული არჩევანი ევროპული იყო და, თუ სასწაული არ მოხდა, საუკუნის წინ დაშვებული შეცდომის გამეორებისთვისაც მზად არის!

 

ჩვენც, იმ იმედით, რომ ქართველთა უგვირგვინო მეფის სიტყვამ შეიძლება ერთი-ორი კაცი მაინც დააფიქროს რუსეთის როლზე ჩვენს ისტორიაში, ნარკვევს დავასრულებთ ამონარიდით ილია მართლის პუბლიცისტური წერილიდან "ასი წლის წინათ":

 

"ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგნენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ... გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია ჩრდილოეთის მხრით, ერთსაც თავზარსა სცემდა და მეორესაც... სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც, მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად...    

                

იმპერატორმა პავლემ, მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყა-რა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლეკთა თარეშობისაგან, მსწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. 23 თებერვალს 1799 წელს ბრძანება მისცა ჩრდილო-კავკასიის ჯარის მთავარმმართველს, მოამზადოს საქართველოში წასასვლელად მეშვიდმეტე ეგერის პოლკი გენერალ-მაიორ ლაზარევისა... 

 

დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას. ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა, დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა. 

 

დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდმარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოებაგაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

 

დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქედ".

 

 

გრიგოლ რუხაძე, 

პროფესორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: