მიხეილ გიორგაძე ბერლინალეს დირექტორს უმასპინძლებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს დიტერ კოსლიკს უმასპინძლებს. ღონისძიება დღეს, კულტურის სამინისტროში გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ისეთ მასშტაბურ ფესტივალებში, როგორიც ბერლინალეა; ასევე განიხილება კოპროდუქციის მნიშვნელობა ფილმწარმოების განვითარების პროცესში და ქართული კინოს პოპულარიზაციის შესაძლებლობები საზღვარგარეთ.
სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინალეს დირექტორი თბილისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს კინოცენტრის წარმომადგენლებთან. დიტერ კოსლიკთან ერთად საქართველოს ესტუმრა ბერლინალეს კავკასიის რეგიონის სელექტორი ნიკოლაი ნიკიტინიც. იგი ბერლინალეს ფესტივალისთვის შესარჩევად ახალ ქართულ ფილმებს გაეცნობა.
დიტერ კოსლიკი ბერლინალეს დირექტორის პოსტზე 2001 წელს დაინიშნა და დღეისათვის ის ევროპული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს, პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბერლინალეზე 2 ქართული ფილმი მოხვდა: "გრძელი ნათელი დღეები" (ნანა ექვთიმიშვილი; სიმონ გროსი) სექციაში "ფორუმი" და "ჩემი საბნის ნაკეცი" (ზაზა რუსაძე) სექციაში "პანორამაში". 2014 წელს კი ამავე სექციებში მოხვდა "შემთხვევითი პაემნები" (ლევან კოღუაშვილი) და "პატარძლები" (თინათინ ყაჯრიშვილი).
ბერლინალეს ისტორიის განმავლობაში, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულ ფილმი მოხვდა. მათ შორის, 1986 წელს, მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე გიორგი შენგელაიას "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" იყო. კინოსურათმა მაშინ ვერცხლის დათვიც მოიპოვა. ამავე წელს ბერლინალეზე, კინოფესტივალის პროგრამა "პანორამაში" ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთების" პირველი საერთაშორისო ჩვენება შედგა. 1992 წელს კი ფესტივალში მონაწილეობას იღებდა მიხეილ კალატოზიშვილის "რჩეული". 1993 წელს, თემურ ბაბლუანის ფილმი "უძინართა მზე", საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. 2009-2010 წლებში ფესტივალის არაოფიციალურ პროგრამა "ჯენერეიშენში" ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ორი ფილმი - გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირი" და რუსუდან პირველის "სუსა" აჩვენეს.