დავით იაკობიძე: დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას ბევრი გართულება მოჰყვება

დავით იაკობიძე: დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას ბევრი გართულება მოჰყვება

ახალი ეკონომიკური გუნდი დაუბეგრავი მინიმუმის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული შეღავათით დასაქმებულები ისარგებლებენ, რომელთა დარიცხული ხელფასი არ აღემატება 500 ლარს. ისინი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელზე აიღებენ 400 ლარს და შემდეგი წლის დასაწყისში მათ შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, ბიუჯეტიდან დაუბრუნდებათ 1200 ლარი. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული პირები ხელზე აიღებენ 500 ლარს.


ერთი შეხედვით, აღნიშნული ინიციატივა მისაღებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ხელფასი 300-500 ლარია. მაგრამ არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც გასათვალისწინებელია.


ექსპერტების განმარტებით, ეს ინიციატივა მისაღები, მაგრამ ეკონომიკურად გაუმართლებელია, რადგან დიდი გამოცდილების თუ უნარის მქონე სპეციალისტი ნაკლებ ხელფასს აიღებს, ვიდრე ნაკლებად პროფესიონალი. დამსაქმებელს და დასაქმებულს აღარ ექნებათ მოტივაცია ხელფასის 500 ლარიდან 600 ლარამდე გაზრდის. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს ეზრდება ხარჯი, ხოლო დასაქმებულს არ გაეზრდება შემოსავალი.


განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე: თუ მცირე საწარმოში მაღალი რანგის დასაქმებულს ხელფასი 750 ლარი აქვს, ის 20%-იანი დაბეგვრის შემდეგ ხელზე 600 ლარს აიღებს, ხოლო თუ მცირე რანგის თანამშრომელს აქვს 500 ლარი, ის ჩვეულებრივ 500 ლარს აიღებს, ეს კი დაპირისპირებას და მოტივაციის დაცემას გამოიწვევს.


"თითქმის შეუძლებელია ისეთი დაუბეგრავი მინიმუმის დადგენა, რომელსაც მსგავსი სახის პრობლემები არ მოჰყვება. კარგი იქნებოდა, დაუბეგრავი მინიმუმი არ არსებობდეს, მაგრამ დაუბეგრავი მინიმუმი ითვლება საზომ ერთეულად. ეს ინიციატივა ხალხზე ზრუნვით არის განპირობებული. მე მივესალმები ამ ინიციატივის დამტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი გართულება მოჰყვება", _ განაცხდა "ივერიონთან" საუბარში ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში დავით იაკობიძემ.


სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.  ეს არევს უმუშევრობის რეალურ მაჩვენებელს და გაზრდის ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრით წილს.


ამ ინიციატიას მოწინააღმდეგები ჰყავს მცირე მეწარმეების სახით. ერთ-ერთი მცირე მეწარმე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ნუ გაიმეორებენ წინა მთავრობის შეცდომებს და ინიციატივის დამტკიცებამდე გაითვალისწინონ საზოგადოების და დარგის სპეციალისტთა კონსულტაციები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: