რას გვავალდებულებს 1990 წლის 28 ოქტომბერი

რას გვავალდებულებს 1990 წლის 28 ოქტომბერი

1990 წლის 28 ოქტომბერს ხალხის ერთსულოვანი ნებითა და დემოკრატიული პროცედურის სრული დაცვით არჩეულმა უზენაესმა საკანონმდებლო ორგანომ – საქართველოს უზენაესმა საბჭომ – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა გახსნა - თავისუფლების ეპოქა. ეს არ იყო შემთხვევითი: ეს იყო პირველი არჩევნები 1921 წლის შემდეგ, რომელშიც ხალხის ნება აისახა. 

 

საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სხვა მრავალთა შორის, საქართველოსთვის ისტორიული სამი აქტი განახორციელა.

 

I. მან 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე, რომლის შედეგმაც მსოფლიოს დაანახვა, რომ   საქართველოს   მოსახლეობას   მთლიანად (და არა მხოლოდ ქართველ ერს, როგორც ეთნიკურ ერთეულს) საქართველოს დამოუკიდებლობა, პრაქტიკულად, ერთხმად სურს.

 

II. მან აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

 

III. მან გააუქმა რუსული იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და შეურაცხმყოფელი ძალადობა, რომელიც კი მას განუხორციელებია საქართველოში თავისი ბატონობის თითქმის ორი საუკუნის მანძილზე. ეს ძალადობა იყო საქართველოს ერთი ნაწილისთვის, სადაც ავტოხთონური ქართველი მოსახლეობა იმ დროს დიდ უმრავლესობას შეადგენდა, მისი მიწა-წყლის ერთი ნაწილისთვის უცხო სახელის – „ოსეთის” – დარქმევა. ამით იმპერიამ შეგნებულად დათესა შუღლი საქართველოს მოსახლეობის ორ ორგანულ შემადგენელ ნაწილს შორის – შეეცადა სამუდამოდ გადაემტერებინა ისინი, ვის შორისაც საქართველოს პირველ ანექსიამდე (1801 წლამდე) არასოდეს კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნილა. 

 

ჩვენი ქვეყანა სწორედ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნებისა და უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე განსაზღვრულ ტერიტორიებსა და საზღვრებში 1992 წლის 31 ივლისიდან არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფო და სწორედ ამით აქვს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საერთაშორისო გარანტიაც.

 

1995 წლიდან მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტით საქართველო, როგორც „დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“, სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტს ემყარება.

 

საქართველოს უზენაესმა საბჭომ არაერთი სხვა – რეალისტური და პრაქტიკულად აუცილებელი – საკანონმდებლო აქტი მიიღო ეკონომიკის სფეროში, საქორწინო კანონმდებლობის სფეროში, შეიარაღებულ ძალთა ორგანიზების სფეროში და სხვა მრავალში. 

 

უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა მოწვევათაგან განსხვავებით – რაც უაღრესად სამწუხაროა – საქართველოს უზენაეს საბჭოს არ მიუღია არც ერთი აქტი, რომელიც საზიანო იქნებოდა საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ეროვნული ინტერესებისა და მასში დემოკრატიის ინტერესებისთვის.

 

საქართველოს ერთ-ერთი მუდმივ მდგომი ამოცანა დღევანდელ პირობებში ისაა, რომ მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გამოიკვეთოს ორი ფაქტი: რომ

 

  • საქართველო მართლაც არის თანამედროვე დემოკრატიული   ცივილიზაციის სამყაროზე ორიენტირებული ქვეყანა და მისი ეს ორიენტაცია   არ   არის ტაქტიკის ელემენტი, არამედ   გამომდინარეობს მისი ერის ისტორიისა და მისი ხალხის ბუნების სიღრმიდან.
  • საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც (მისი ხალხის ბუნებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, და მისი რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორეს მხრივ) დემოკრატია და ეროვნული ინტერესი ერთი და იგივეა.

ველით საქართველოს ამჟამინდელი და მომავალი პარლამენტებისგან, რომ ისინი მაღალ სახელმწიფოებრივ შეგნებას გამოიჩენენ და ყველა ღონეს იხმარენ, რათა ქართველ ერს და მსოფლიოს დაუმტკიცონ

 

– რომ საქართველოსთვის ურყევი ფუნდამენტური მიზანი საშინაო და საგარეო პოლიტიკისა არის  და მუდამ  იქნება ეროვნული ინტერესისა და დემოკრატიის ინტერესის ორგანული შერწყმა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს ორი ინტერესი ერთიანია და მას ვერასოდეს ვერანაირი ტაქტიკური მოკლევადიანი ინტერესი ვერ   გადაძლევს.

 

– რომ საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა მტკიცედ იდგება როგორც საქართველოს დაცვაში რაგინდარა ძლიერი დღეს მოქმედი აგრესორის ან პოტენციური სხვა აგრესორების შემოტევისაგან, ამასთან, იგი უყოყმანოდ დაიცავს საქართველოს ტრადიციული ღირებულებებს, რომლებიც, ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ, არსითა და სულისკვეთებით იგივეა, რაც დღევანდელ მსოფლიოში ღირებულებათა ის საყოველთაოდ ცნობილი და უკონკურენტო სისტემა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა დასავლური ღირებულებების სახელით ახსენებს.

 

ჩვენი ქვეყანა დღეს უმძიმესი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე დგას. ჩვენ უნდა ავაშენოთ და დავიცვათ ის საქართველო, რომლის ურყევი პოზიცია მსოფლიოს მიმართ არის თავისუფლება და თანასწორობა, ხოლო თავისი მოქალაქეების მიმართ, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური სულისკვეთებისა და პრაქტიკული მდგომარეობისა, არის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე. 

 

საქართველო არის ხომალდი, რომლის მგზავრები საქართველოს მოქალაქენი ვართ. ეს ხომალდი უნდა გადარჩეს და მდგრად, ღირსეულ, საპატიო კეთილდღეობას მიაღწიოს. ჩვენი ყველასი, საქართველოს მოქალაქეების, ხვედრი ერთია. ვუსურვებთ საქართველოს ყველა პარლამენტარს, აწ და მომავალში, მათზე დაკისრებული მძიმე ტვირთის ერთგულად, დაუზარებლად და ბრძნულად ზიდვას. 

 

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები: ნოდარ ნათაძე, მანანა გაბაშვილი, სალომე ზვიადაძე, თენგიზ დიხამინჯია, ფირუზ დიაკონიძე, ალექსანდრე ვარძელაშვილი, მალხაზ კვანჭილაშვილი, თემურ მჟავია, ნიკა სანებლიძე, პაატა  კოღუაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: