თეა წულუკიანი: მე ურთმელიძისთვის განმარტება არ მომითხოვია
რაც "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ნაწილში კითხვები დაისვა, მათზე პასუხი უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება მოსამართლეს განმარტება მოსთხოვოს, თუმცა მისთვის საინტერესოა, თუ რას იტყვის იუსტიციის საბჭო დღევანდელ სხდომაზე.
"მე განმარტება არ მითხოვია ბატონი ურთმელიძისთვის, რადგან არავის აქვს უფლება განმარტება მოსთხოვოს მოსამართლეს. მე ვთქვი ერთი რამ, რომ მაინტერესებს, იუსიტიციის საბჭო დღევანდელ სხდომაზე თავად რას იტყვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მენეჯერი ორგანო მართლმსაჯულების სისტემის და თუკი არის რაიმე ხარვეზი მართლმსაჯულებაში, მან უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას. თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე ტიპის პრაქტიკული ხარვეზი როდესაც მიიღება გადაწყვეტილება და მეორე მხარე საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად იგებს ამას და ა.შ. რაც მართლმსაჯულების ნაწილში ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა. ამ კითხვებს, ორგანიზაციულს თუ სხვა პრაქტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საბჭომ ასევე უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ მას შესწევს უნარი დაიცვას მოსამართლე შეურაცხყოფებისა და მუქარებისგან.
"მოსამართლისთვის განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები უნდა უთხრას მსგავსი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე თუ როგორ აპირებს მართლმსაჯულების უკეთესად ადმინისტრირებას. მართლმსაჯულების უკეთესი ადმინისტრირების საკითხები გამოიკვეთა, რასაც კითხვები უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მას ასევე აქვს კითხვები მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
"ჩემი კითხვები ეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ არ იცის გადაწყვეტილების შესახებ. არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა მართლმსაჯულებაში თუ არა. მათ შორის ხარვეზია ისიც, როდესაც აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან მოსამართლეს. მოსამართლე უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. მე ვთქვი, რომ ველოდები რას იტყვის მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, რას იტყვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლეების დამცველად უნდა გვევლინებოდეს", - განაცხადა წულუკიანმა.