არასამთავროები ბიძინა ივანიშვილს ეხმაურებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის ბოლო კომენტარებს განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები , საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლნის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
"ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიისთვის ვრცელი კომენტარები გააკეთა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელთან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან, ეუთო-ს და ევროსაბჭოს განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით.
ყოფილი პრემიერი ტრადიცულად კრიტიკული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას, რომლებსაც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაგრძელება უწოდა. იგი განსაკუთრებით არაკორექტული იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმათ, როდესაც განაცხადა, რომ გიგაური თავისი საქმიანობით "სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს".
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის აღნიშნული განცხადებები დაემთხვა იმ დღეს, როდესაც, საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი სტუმრობდა. ეს იყო უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის წარმოსაჩენად. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს არსებული პროგრესის აღნიშვნა, რაც შესაძლებელია, ვიზების ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას დაედოს საფუძველად.
ქალბატონი მოგერინის ოფიციალური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ვითარება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის გაძლიერებაზე და ამით გამოწვეულ საფრთხეებზე.
ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული დაუსაბუთებელი კრიტიკა საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს არა მხოლოდ იმ აქტორებზე თავდასხმად, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების იდეა, არამედ თავად ამ ღირებულებების დაკნინების მცდელობად, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ:
მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის დემონსტრირება;
მაშინ, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ევროპელი სტუმარი იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტის შეფასებასაც ემსახურებოდა, ყოფილი პრემიერის კრიტიკული განცხადებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით შესაძლოა უარყოფითად აისახოს ვიზიტის შედეგებზე;
ყოფილი პრემიერის მცდელობა კრიტიკული მოსაზრებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები დააკავშიროს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით მათი დამოუკიდებელი სტატუსი და შეფასებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, განსახვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს;
ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები, საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლენის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (შიდა); არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო"; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; იდენტობა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი "ემპათია"; სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.