გია მაისაშვილი: რუსეთმა კარგად იცის, რომ თურქეთთან აგრესიული თამაში არ გამოუვა!

გია მაისაშვილი: რუსეთმა კარგად იცის, რომ თურქეთთან აგრესიული თამაში არ გამოუვა!

„ივერიონს“ რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე დაძაბულ ურთიერთობებზე და მათ შესაძლო განვითარებაზე, ექსპერტი გია მაისაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო გია, როგორ შეაფასებთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ფაქტია, რომ უახლოეს სამეზობლოში დენთის სუნი ტრიალებს.

 

თქვენი აზრით, გადაიზრდება თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საომარ მოქმედებებში და რა უნდა გავაკეთოს საქართველომ, რომ ამ დაპირისპირების პოლიგონად არ იქცეს?

 

-რთული, წინასწარ გაუჭვრეტელი და ფეთქებადსაშიში სიტუაციაა. ასე, შემთხვევით, იწყება ხოლმე დიდი ომები და საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ, ამ შემთხვევაში მეეჭვება, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდოს. რადგან, რუსეთის მოწინააღმდეგე არ იქნება მხოლოდ თურქეთი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ქვეყანაა, არამედ ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკი „ნატო“. ეს მათ შორის ახალ დაპირისპირებას გამორიცხავს. მაგრამ, მათ შორის ურთიერთობის უკუკრიზისი გაგრძელდება.

 

საქართველოს როლი თურქეთისთვის ძალიან გაიზარდა, ამიტომ, ამ სიტუაციაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის ჭკვიან ხელისუფლებას დავირების  უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. არ შეიძლება, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, საქართველო გაცვლის მონეტად იქცეს.

 

ვინაიდან, რუსეთსა და თურქეთს საერთო საზღვარი არ აქვთ, რუსეთი მას ვერ შეუტევს.საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, თუ საქართველო ნეიტრალურ მოთამაშედ დარჩება, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჩვენი საზღვრის დარღვევა. ჩვენ უნდა დავრჩეთ მტკიცე, შეურყეველი ნეიტრალიტეტის პოზიციაზე და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაიძულოთ, რომ არ მოხდეს ქართული, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრების დარღვევა!

 

-რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ბუნებრივია დიდი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც, რომლის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია ორივე მეზობელი ქვეყანა.

 

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ დაპირისპირებამ საშიშ ნიშნულს რომ მიაღწიოს, რა ალტერნატიული გზები აქვს საქართველოს აღნიშნული სავაჭრო პარტნიორების ჩასანაცვლებლად?

 

-მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ბაზარი ვართ, ჩვენ არ დაგვჭირდება არავის ჩანაცვლება, რადგან, სავაჭრო ურთიერთობის შეწყეტის შემთხვევაშიც, ჩვენი მიმზიდველობა უფრო გაიზრდება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის.

 

ფინანსურად საქართველო ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და რუსული ბაზრის სისუსტე უკვე აისახა ჩვენს ეკონომიკაზე. არამგონია, რომ ამ ყველაფერმა უფრო მეტი სიღრმისეული გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

-როგორ უყურებთ ევროპა-ამერიკის დამოკიდებულებას რუსეთ-თურქეთის ინციდენტის მიმართ?

 

ამ შემთხვევაში, რა როლის შესრულება შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს სიტუაციის განსამუხტავად?

 

-რასაკვირველია, ევროკავშირისა და აშშ-ს პოზიცია, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს არასამხედრო ტერმინის ხმამაღალი ძახილით, ძალიან სწორია. იმით, რომ ისინი ცდილობენ რუსეთს თურქეთთან კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაში, კონსტრუქციული როლი გამოუძებნონ, ეს შემაჩერებელი უნდა იყოს.

 

რუსეთს არც ეკონომიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით, არ აქვს რესურსი, რომ თურქეთს ეომოს. რუსეთი ეომება საქართველოსთანა პატარა ქვეყანას, რომელიც ადვილად დაამარცხა, ხოლო თურქეთი სამხედრო სიძლიერით ძალიან დიდია. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, თურქეთის უკან სამხედრო ბლოკი დგას, რომელსაც „ნატო“ ჰქვია.

 

რუსეთი არის მტაცებელი. ხოლო მტაცებელი თავს არ ესხმის, მამალ ჯანსაღ ხარს, მტაცებელი თავს ესხმის კოჭლ პატარა ხბოს, ისეთს, როგორიცაა: საქართველო, მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა. რუსეთმა კარგად იცის, რომ თურქეთთან ასეთი აგრესიული თამაში არ გამოუვა!

 

                     ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: