რას აღმოფხვრის საარჩევნო სისტემაში გატარებული ცვილებები?
„თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონმდებლები ოლქებს შესაბამისობაში არ მოიყვანენ, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები იქნება“-აღნიშნული განცხადება, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, თბილისში საარჩევნო ოლქების რაოდენობა იზრდება, რეგიონებში კი პირიქით, მცირდება და ხშირ შემთხვევაში ორი ან სამი საარჩევნო ოლქის გაერთიანება ხდება. ეს ცვლილებები კი, ოლქებს შორის დისბალანსს აღმოფხვრის.
„ პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივა, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობაში სხვაობა 10-15%-ზე მეტი ან ნაკლები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ითვლება, რომ მანდატების წონა არათანაბარია და ბალანსი დარღვეული იქნება. წლების განმავლობაში არჩევნები ასე ტარდებოდა, ყაზბეგში 2 ათასი ამომრჩეველი გვყავს, დიდ ქალაქებში შეიძლება ასი ათასიც იყოს. ამიტომ ასეთი დისბალანსი საარჩევნო ოლქებს შორის არ უნდა იყოს. ეს შეიძლება არც ძალიან სახარბიელოა, არც კომფორტულია ჩვენთვის, რომ, მაგალითად, ყაზბეგს უშუალოდ თავისი მაჟორიტარი აღარ ჰყავდეს, ეს არ არის პოპულარული ნაბიჯი, ამის გამოც იყო სწორედ, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა, მაგრამ ჩვენ დღეს სხვა ალტერნატივა არა გვაქვს. მეტ-ნაკლებად ოლქების საზღვრები შესაძლო დასაშვები ცდომილებების ფარგლებში უნდა გათანაბრდეს.
დღევანდელი მოცემულობის მიხედვით, ყაზბეგს, დუშეთს, თიანეთს ერთი მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ, ისევე როგორც ონისა და ამბროლაურის, ასევე ცაგერისა და ქვემო სვანეთის გაერთიანება გვიწევს. ეს არაპოპულარულია ნაბიჯებია, რომელიც გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ ჩვენ თუ არ შევასრულებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ მოვიყვანთ ამ ოლქებს შესაბამისობაში, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები იქნება“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.