როგორ აპირებს ჯემალ ბადაგაძე თბილისის გადარჩენას ეკოლოგიური კატასტროფისგან

როგორ აპირებს ჯემალ ბადაგაძე თბილისის გადარჩენას ეკოლოგიური კატასტროფისგან

   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში ჰაერის დაბინძურება დაავადებების დაახლოებით 17%-ს, ხოლო სიკვდილის 19%-ს იწვევს. ჰაერში მავნე ნაერთების "განეიტრალების" ერთ-ერთი საშუალება მწვანე საფარია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლების მანძილზე ადამიანის ხელით განადგურებულია. მეცნიერების თქმით ეკოლოგიის კუთხით საქართველოში საგანგაშო ვითარებაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია შპს "ეკო-პროგრესის" ხელმძღვანელის, ჯემალ ბადაგაძის ინიციატივა, რომელიც 15 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიაში ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიების ცენტრის მუშა ჯგუფის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს. ინიციატივა უნიკალური მცენარის, ტოპინამბის გაშენებას გულისხმობს. მეცნიერთა თქმით, საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, გზების მშენებლობის დეპარტამენტი, საგზაო მეცნიერების ხელმძღვანელები, მერიის განვითარების სამსახურის უფროსი, გარემოსდაცვის სამინისტრო, თუმცა მეცნიერული ანალიზის მოსასმენად აკადემიაში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მეტი არავინ მისულა. ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიების ცენტრის მუშა ჯგუფმა ამ ეტაპზე მოხსენება დადებითად შეაფასა და გადაწყდა, რომ აღნიშნული საკიტხი დაისვას საქართველოს მთავრობის წინაშე.

 

   ბადაგაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება-განხორციელება, რომელიც ეკოლოგიურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს საზოგადოებას.  მისივე განცხადებით ეკოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისსა და რუსთავში, ჰაერში გამონაბოლქვი მავნე ნაერთები კი დიდ მანძილზე გადაადგილდება და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანთა ჯანმრთელობას, ისე გარემოს. 

 

   -"ამოფრქვეული მავნე ნივთიერებების მთელი რაოდენობის 88%-ზე მეტი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აირები 200-ზე მეტ სხვადასხვა მაღალტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ბევრ მავნე დაავადებას იწვევს. მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციისთვის მნიშვნელოვანია მცენარეული საფარი. ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში 50-70 ტონა მტვერს ფილტრავს. სამწუხაროდ, მწვანე ზონით დაფარული თბილისის მთლიანი ტერიტორია, ქალაქის საზღვრების გაფართოების მიუხედავად, ძალიან მცირეა განაშენებულ ტერიტორიასა და ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. სპეციალისტების დასკვნით, ბოლო წლებში გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების უეფექტო კონტროლის გამო ეს მაჩვენებელი მალე უფრო დაბალი იქნება. ვფიქრობ, სწორედ ამ ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანია ინიფიატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს, კერძოდ, თბილისის შემოგარენში, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის მიმდებარე სავარგულებში, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტოპინამბურისა და სხვა დიდი ბიომასის მომცემი კულტურების გაშენება. ტყის მასივების გაშენების მიზნით, ტოპინამბურის პლანტახიების გაშენება უნდა მოხდეს ზოლებად, ზოლებს შორის კი დაირგოს მრავალწლიანი მცენარეები. 

ტოპინამბური მრავალწლიანი, მარილგამძლე მცენარეა, ერთ ჰექტარზე იძლევა 150 ტონა მწვანე მასას და 50 ტონა ტუბერს. 25 ჰა ტოპინამბურის ეფექტიანობა 125 ჰექტარი სხვა კულტურის ექვივალენტურია. წლის განმავლობაში 150-180 ტონაზე მეტ მტვერს ფილტრავს. ფოტოსინთეზის მწარმოებლობა და ფართის გამოყენების კოეფიციენტი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი მცენარისა. ტოპინამბურისგან მზადდება სპირტი, შაქარი, სახამებელი და სხვადასხვა სახის კოსმეტიკური საშუალება, ასევე სამკურნალო დანიშნულების პრეპარატები და გამოიყენება საკვებად. აღსანიშნავია, რომ მწვანე მასის ფერმენტაციით მიიღება ბიოგაზი. თავად მწვანე მასა კი, გაშრობა-დაწნეხვის შემდეგ გამოიყენება საწვავადაც და მისგან მზადდება ე.წ. ნიონლოკი, რომელიც სამეურნეო დანიშნულების შენობებისა და სათბურების მშენებლობისთვის გამოიყენება. ამ კუთხით დასაქმების პრობლემაც შეიძლება გადაიჭრას".

 

   შპს "ეკო-პროგრესის ხელმძღვანელის თქმით დედაქალაქის მერი ეკოლოგიაზე ზრუნვის მხრივ მილიონი ნერგის დარგვას აპირებს, მაგრამ პატარა ნერგმა რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, ამას 2025 წელი და დიდი ხარჯები სჭირდება, ტოპინამბური კი იმავე წელიწადს იძლევა შედეგს და ხარჯებიც გაცილებით ნაკლებია საჭირო. ერთი ჰექტარი ტოპინამბურის წარმოებისა და მიღებული პროდუქციის გადამუშავების საორიენტაციო ხარჯები დაახლოებით 3000 ლარს შეადგენს, მისი წარმოება-გადამუსავებით მიღებული შემოსავალი კი საგრძნობლად სჭარბობს გაწეულ ხარჯებს.

 

   -ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ჰექტარი ტოპინამბურის ბიომასის გადამუშავებით მიიღება 10-12 ტონა ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომელიც წარმატებით გამოიყენება ბენზინის დანამატად. ეს წინადადება მოიწონეს "იუნესკოს" ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე. დადებითი დასკვნა დადეს აკადემიკოსებმა: თენგიზ ურუშაძემ, ნუგზარ ალექსიძემ და დევი უგრეხელიძემ. ამ მცენარის გაშენება სასურველი იქნება ტრანზიტული მაგისტრალების სიახლოვეს. დღეს ამ იდეის კიდევ ერთხელ გახმოვანებისკენ კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერის დადებითმა გამოსვლამ მიბიძგა, რადგან ჩემი ინიციატივა ზუსტად ესადაგება ამ საკითხს. მინდა, ხმა მივაწვდინო მთავრობის მეთაურს, იმედია დაინტერესდება და შევძლებთ გარემოს ეკოლოგიურად გაჯანსაღებას, რაც ამავე დროს ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია და დიდ შემოსავალს მოგვიტანს".

 

   სხდომას სხვა მეცნიერებთან ერთად ესწრებოდა ეკოლოგი ნინო ჩხობაძე, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია მშთანთქმელი მცენარეების მოშენება და ამ მხრივ ეს ინიციატივა საინტერესოა.

   -"ეს მცენარე იყო საქართველოში გავრცელებული, მაგრამ არ იყო კულტურაში დანერგილი. თავისთავად საინტერესოა, რადგან ის შეიძლება განიხილებოდეს როგორც ზალიან კარგი მშთანთქმელი, ვფიქრობ არა მარტი კვლევა უნდა გაგრძელდეს, არამედ პატარა მონაკვეთებზე ექსპერიმენტიც ჩატარდეს. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ადაპტაციის გეგმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მიღებული, მაგრამ  იმ ადაპტაციის გეგმაში, რომელიც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, მშთანთქმელების საკითხი ცალკე უნდა იქნას გამოკვეთილი"-განაცხადა ჩხობაძემ.

 

   აღნიშნული საკითხით დაინტერესება გამოხატა გარემოს დაცვის სამინისტრომ.

   -"ჩვენ დაინტერესებული ვართ მსგავსი საკითხებით, მითუმეტეს, როდესაც საერთაშორისო დონეზე განიხილება კლიმატის პრობლემები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, თემა საინტერესოა, ეს მცენარე აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნებში, არსებობს გამოცდილება და ვთვლით, რომ შეიძლება ამ საკითხის განხილვა. ამისთვის გვჭირდება საჭირო კვლევები და საინტერესო იქნება სხვა ინიციატივების მოსმენაც, მითუმეტეს თუ ეს მცენარე ჩაანაცვლებს საკვებ პროდუქტებსაც, იქნება ეს კარტოფილი თუ სხვა"- განაცხადა ჩვენთან საუბარში გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწემ დავით ჩიხოტუამ. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: