სოციალური დახმარებიდან საპენსიო უზრუნველყოფამდე, ანუ, რას გვპირდება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი?

სოციალური დახმარებიდან საპენსიო უზრუნველყოფამდე, ანუ, რას გვპირდება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი?

საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი - 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. დასასრულს უახლოვდება მისი საპარლამენტო განხილვები და ის ვნებათაღელვა, რაც ტრადიციულად უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების წინა პერიოდს. ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დაამტკიცონ მისი მოცულობის, შემოსავლებისა და ხარჯების  პარამეტრების ოპტიმალობა, ოპოზიციონერები კი, ამის საპირისპიროდ, აკრიტიკებენ ბიუჯეტის პროექტს, მის სტრუქტურას, ზოგადად, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და აყენებენ საკუთარ, ხშირად რეალობას მოწყვეტილ და ეგზოტიკური დატვირთვის, პოპულიზმით გაჟღენთილ  წინადადებებს.

 

ეს ხდება ყოველი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. ხდება საქართველოშიც და ნებისმიერ იმ ქვეყანაში, რომელიც რეალური ან თუნდაც ფასადური დემოკრატიის ნიშნებს ავლენს და მამალი ავტორიტარიზმი კონსტიტუციურ ნორმად არა აქვს გამოცხადებული.

 

თუ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის პოლიტიკური ვნებათღელვის გარემოებებს ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, დავინახავთ, რომ  მას რამდენიმე გამორჩეული და საინტერესო ასპექტი გააჩნია.

 

კერძოდ, 2016 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვექნება 10 მილიარდზე მეტი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტი, პირველად  ხარჯები განათლებაზე გადააჭარბებს მილიარდ ლარს, ხოლო მარტო საგარეო ვალების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან იმაზე მეტი რესურსი იქნება მობილიზებული, რამდენიც იყო სახელმწიფო ბიუჯეტის  მთლიანი შემოსავალი 2000 წელს.2016 წელს პენსიონერთა პენსია გადაჭარბებს ეროვნულ მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა 2005 წლის განკარგვად საშუალო ხელფასს (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ხოლო სოციალური დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხაზით მომავალ, 2016  წელს დაიხარჯება 2,3 მლრდ. ლარი, რაც  ფაქტობრივად იმდენივეა, რამდენიც იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი შემოსავლები 2005 წელს. 

 

ბიუჯეტის მასშტაბურობაზე საუბრისას მახსენდება ერთი ისტორია, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა „2003 წლამდელი“  პარლამენტის ერთერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე.

 

საქართველოს პარლამენტს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დელეგაცია ესტუმრა. საქმიანი საუბრების შემდეგ სტუმარმა მასპინძელს ჰკითხა:

 

- რამდენია თქვენი ბიუჯეტი?

 

მასპინძელმა ალალად დაუსახელა იმდროინდელი საქართველოს ბიუჯეტის სიდიდე:

 

- დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი.

 

გაკვირვებულმა სტუმარმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი პარლამენტის პომპეზური შენობის ინტერიერს და ასევე გულწრფელად იკითხა:

 

- კი მაგრამ, ყოფნის მერე 500 მილიონი ამხელა შენობას?!...

 

ასე რომ, პროგრესი ბიუჯეტის მოცულობის ზრდაში აშკარაა, იგი, რომ იტყვიან, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. თუმცა,ყველაფერი მაინც შეფარდებითია. - მართალია, 2000 წელთან შედარებით ბიუჯეტის შემოსულობები 16-ჯერ და მეტად გაიზარდა, დღეისათვის მათი მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო ევროპულ (EU28-ის საშუალო!) მაჩვენებელზე ასევე 16-ჯერ დაბალია. თვით ბულგარეთიც კი, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ყველაზე სუსტი რგოლია ეკონომიკური განვითარების მხრივ, საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციით  მოსახლეობის ერთ სულზე, საქართველოს 2.4-ჯერ უსწრებს.    

 

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ძნელია ვილაპარაკოთ საქართველოს საბიუჯეტო ხარჯების  ევროპული მასშტაბების უზრუნველყოფაზე. - ამისთვის ჯერ ეკონომიკური პოტენციალი, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა იყოს „ევროპულ დონესთან“ მეტ-ნაკლებად მიახლოებული. ჯერჯერობით კი საქართველო აღნიშნული ინდიკატორით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს თითქმის 10-ჯერ, მათ შორის ბულგარეთს (ევროკავშირის „სუსტ რგოლს“)  – 2-ჯერ ჩამორჩება.

 

გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ბოლო წლებში სოციალური ხარჯების წინმსწრები ზრდა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების ზრდასთან შედრებით. საკმარისია ითქვას, რომ 2016 წელს საბიუჯეტო ხარჯები მოსახლეობის სოციალურ დაზღვევასა და უზრუნველყოფაზე, აგრეთვე განათლებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, 2010 წელთან შედარებით გაორმაგდა, მაშინ როდესაც ბიუჯეტის ხარჯები იმავე პერიოდში - მხოლოდ  1.8-ჯერ. ბოლო 15 წლის მანძილზე სოცდაზღვევისა და უზრუნველყოფის ხარჯები ქვეყანაში გაიზარდა თითქმის 10-ჯერ, მათ შორის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე - 43-ჯერ.

 

ჯერ კიდევ ამ 6-7 წლის წინ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯები სოციალური დანიშნულებით (განათლება და მეცნიერება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და უზრუნველყოფა) მთელი საბიუჯეტო ხარჯების 1/3-ს ოდნავ აღემატებოდა. 2016 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი თითქმის ნახევარს - 48 პროცენტს მიაღწევს.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ,  ამჟამად რომ ბიუჯეტის ხარჯების 6-7 წლის წინანდელი სტრუქტურა ყოფილიყო შენარჩუნებული, სოციალური ხარჯების სიდიდე ბიუჯეტში დაგეგმილზე დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარით ნაკლები იქნებოდა. მართალია, ეს პროპორცია ჯერ კიდევ არ შეესაბამება საშუალო ევროპულ დონეს  (ბიუჯეტში სოციალური ხარჯების წილი  ევროკავშირში საშუალოდ დაახლოებით 70 პროცენტია) - ქვეყნის სუსტი ეკონომიკური პოტენციალის, გადასახადების ადმინისტრირების შედარებით დაბალი დონის,გარე გამოწვევისა და გეოპოლიტიკური რისკების გამო, მაგრამ განვითარების ვექტორი ცალსახაა.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბოლოოდ დაძლეულია ორ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე სოციალურ დანიშნულებაზე ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის ე.წ. „მონარჩენული  პრინციპი“, რომლის მიხედვითაც,თავდაპირველად კმაყოფილდებოდა მმართველობისა და ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნები, შემდეგ კი, „თუ რამე მორჩებოდა“ - სოციალური სექტორის მოთხოვნები. ხარჯები განათლებაზე ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ 4-ჯერ ჩამორჩებოდა თავდაცვაზე გაწეულ ხარჯებს, ამჟამად კი მას 1.6-ჯერ და მეტად აღემატება.

 

სხვაგვარად, ხატოვნად  რომ ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აქცენტი თანდათანობით ძალის არგუმენტიდან არგუმენტის ძალაზე გადადის.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური ხარჯების ასეთი ზრდის პირობებში ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნა პენსიების 50 ლარით გაზრდის თაობაზე ფაქტობრივად ღია კარის მტვრევას გავს. პენსიონერებისადმი მათი „სიყვარულის ბუშტის გასკდომა“ ადვილად ახსნადია. - პენსიონერები არჩევნების დროს ყველაზე ორგანიზებული, დისციპლინირებული და ხმის მიცემისას ყველაზე აქტიური სოციალური კონტინგენტია, ამიტომ მათი თანაგრძნობის, სიმპათიების მოპოვება პოლიტიკური ბრძოლის ნაცადი და  მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტია. ოპოზიციის საუბარი კი ყბადაღებულ პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე, რომლებიც იწირავენ პენსიების მატების შესაძლებლობებს, აშკარად ჰიპერტროფული და სპეკულაციურია. აღნიშნულის მიზანი ამჟამინდელი მთავრობის დისკრედიტაცია და ხელისუფლებაში დაბრუნებაა, ანუ ოპოზიციისათვის  „მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს“. მათ, ფაქტობრივად, არა პენსიონერთა საერთო მდგომარეობა, არამედ მათგან წამოსასვლელი საარჩევნო ხმები აინტერესებთ.

 

ზოგადად,  პენსიონერებზე სახელმწიფოს რეალური ზრუნვის მასშტაბების შესაფასებლად უკვე აღარაა საკმარისი მხოლოდ საშუალო პენსიის სიდიდით აპელირება. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი 160 და არც 180 ლარი მომავალი წლიდან,  საკმარისი არაა პენსიონერთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. - ჩვენი პენსიონერები უფრო მეტ პენსიას და გაცილებით უზრუნველყოფილ სიბერეს იმსახურებენ. მაგრამ პენსია ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური დაცულობის, დაზღვევის ძირითადი, თუმცა არა ერთადერთი ფორმაა. გასათვალისწინებელია ის რესურსები, რომლებიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცულობის მხრივაც.  პენსიონერთა სოციალური დაცულობის უზრუნველყოფაში სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს მათი ჯანდაცვის, სამედიცინო ხარჯების და მკურნალობის დაფინანსება, აგრეთვე ზრუნვა მათი აქტიური ცხოვრების პერიოდის გასახანგრძლივებლად.

 

მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთით მოსარგებლეთა დიდი ნაწილი - დაახლოებით 2/3, საპენსიო ასაკის მოსახლეობაა. გასათვალისწინებელია აგრეთვე დახმარებები კომუნალური ხარჯების დასაფარავად, რომლებიც რეგულარულად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში,  გაეწევა დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და პენსიონერებს.  

 

საქართველოში პენსიონერთა თითქმის 95% შრომისუნარიანი ასაკის ოჯახის წევრებთან ცხოვრობს, ამიტომ მათ კეთილდღეობაზე და დოვლათის მოხმარების სიდიდეზე გავლენას პენსიის გაზრდაზე მეტად ოჯახის შრომისუნარიანი წევრების დასაქმება ახდენს. მაგალითად, საშუალო პენსიის 30 ან თუნდაც 50-ლარიანი ზრდა პენსიონერის კეთილდღეობას გაზრდიდა მხოლოდ ¼-1/3-ით, მაშინ, როდესაც საშუალო ოჯახში კიდევ ერთი წევრის დასაქმება (საქართველოში ყოველ მეორე ოჯახში არც ერთი შრომისუნარიანი წევრი არაა დაქირავებით დასაქმებული) გამოიწვევს პენსიონერის მოხმარების, კეთილდღეობის ფაქტობრივ გაორმაგებას.  ამის საპირისპიროდ, მთავრობის მეთაურმა, მინისტრებმა, მათმა „პირველმა“ თუ „რიგითმა“ მოადგილეებმა უარი რომ თქვან  არა თუ პრემიებზე და ყბადაღებულ დანამატებზე, არამედ ხელფასებზეც, ანუ ყველა მათგანმა აბსოლუტურად უსასყიდლოდ რომ იმუშაოს და დაზოგილი თანხა გადასროლილ იქნას „საპენსიო უზრუნველყოფის ფრონტზე“, ეს პენსიონერის ერთი თვის პენსიას მხოლოდ 60 თეთრით თუ გაზრდიდა...  

 

კეთილდღეობის დონის დინამიკისთვის მედია-საშუალებები და ოპოზიციის წარმომადგენლები ხალისით აპელირებენ აშშ დოლარებში გადაანგარიშებული ხელფასებითა და პენსიებით, რაც აბსოლუტურად არაკორექტულია. - ხელფასები და პენსიები სამომხმარებლო ბაზარზე განკუთვნილია საქონლისა და მომსახურების შესაძენად, რომელთა ფასების დინამიკა საკმაოდ სუსტ კავშირშია ეროვნული ბანკის მიერ ქართული ლარის უცხოურ ვალუტასთან (აშშ დოლართან) დადგენილ კურსთან. მაგალითად, ბოლო 14 თვის მანძილზე (2015 წლის 30 ნოემბერს 2014 წლის 30 სექტემბერთან შედარებით) ქართული ლარი აშშ დოლართან დაახლოებით 34.6 პროცენტით დაეცა, მაშინ როდესაც ფასები, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 8 პროცენტით გაიზარდა. ასეთი განსხვავების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების, რომლებზეც მოდის საქართველოს იმპორტის თითქმის ¾, ეროვნული ვალუტები აშშ დოლართან ასევე საგრძნობლად გაუფასურდა, რის გამოც ამ ქვეყნებიდან იმპორტი საქართველოში ნაკლებად გაძვირდა, ცალკეულ შემთხვევებში კი - გაიაფდა კიდეც. მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში 2014 წლის სექტემბერთან შედარებით აშშ დოლართან გაუფასურდა: ევრო - თითქმის 13 პროცენტით, სომხური დრამი - 24 პროცენტით,  თურქული ლირა - 30 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათი - 33 პროცენტით, რუსული რუბლი - 47 პროცენტით, უკრაინული გრივნა - 52 პროცენტით... აღნიშნულმა გარემოებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა სამომხმარებლო ფასების მეტ-ნაკლები სტაბილურობა და საგრძნობი შეღავათი მისცა დაბალ და ფიქსირებულშემოსავლიან მოსახლეობას, მათ შორის პირველ რიგში, პენსიონერებს.

 

 რა თქმა უნდა, მიუხედავად წარმატებებისა, სოციალურ სფეროში და განსაკუთრებით, ქვეყნის ასაკოვანი მოსახლეობის დაცულობაში, მრავალი პრობლემა რჩება. სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოში დღემდე არ მოქმედებს საპენსიო სისტემა და, ფაქტობრივად, ის, რასაც ჩვენ პენსიას ვუწოდებთ, ეს უფრო სოციალური დახმარებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ქვეყანაში მოქმედებდეს სახელმწიფო ან კერძო საპენსიო ფონდები, რომლებშიც ადამიანები თავიანთი შრომითი საქმიანობის პერიოდში შეიტანდნენ გარკვეულ შენატანებს, იმ ანგარიშით, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ეს ფონდები მოახდენდნენ მათ სათანადო პენსიით უზრუნველყოფას, კონკრეტული პირების მიერ გამომუშავებული შრომითი სტაჟისა და ფონდებში განხორციელებული შენატანების სიდიდის პროპორციულად. ამის პარალელურად, სოციალური დახმარების ინსტიტუტი ძალაში დარჩება, ანუ ქვეყნის მოქალაქე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებს საარსებო მინიმუმის ადექვატურ თანხას, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას განხორციელებული შენატანები საპენსიო ფონდში.

 

სახელმწიფომ კი უნდა უზრუნველყოს თავისთავად  არა კეთილდღეობა, არამედ თითოეული მოქალაქის დაზღვევა ინვალიდობისა და სიღატაკისგან. ამ კუთხით საპენსიო რეფორმა სულ უფრო აქტუალური და გარდაუვლად აუცილებელი ხდება.

 

იოსებ არჩვაძე,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

„ქართული პლატფორმა“

 

             

 

             

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: