ატორტმანებულ ზღვაში გადმოსროლილი რგოლი და ქართველი ასტრიდ ლინდგნერი!

ატორტმანებულ ზღვაში გადმოსროლილი რგოლი და ქართველი ასტრიდ ლინდგნერი!

სკოლაში მუშაობის პერიოდში მე და ჩემს მოსწავლეებს გვქონდა ასეთი ტრადიცია - ერთად ვარჩევდით საკითხავ წიგნებსა და ავტორებს. ისინი ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე კითხულობდნენ ამ წიგნებსა და აწარმოებდნენ დღიურებს, რომელშიც წერდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. 

 

შემდეგ, ვეცნობოდი ამ ჩანაწერებს და ჩემს დამოკიდებულებას მათი ნააზრევის თაობაზე ვწერდი საპასუხო წერილების, ანდა დღიურზე მინაწერი კომენტარის სახით... ძალიან მწყდება გული, რომ მაშინ ჩვენ ასე ვერ დავამუშავეთ არაჩვეულებრივი პოეტის - ლია რუსიაშვილის დიდებული საყმაწვილო წიგნი „სალი კოლხელი“, რომლის პირველი ტომი სულ ახლახან გამოსცა გამომცემლობა „ივერიონმა“. 

 

წიგნის წაკითხვით მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სითბოთი, გონიერებითა და სიყვარულით სავსე ანცი ბავშვების საოცარი თავგადასავალი დაუვიწყარ ბედნიერებას მიანიჭებს ყველას, ვინც ახლაა ბავშვი, ვისაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და, საერთოდ, ვინც ოდესმე ყოფილა ბავშვი. თავად განსაჯეთ: რად ღირს თუნდაც ასეთი სტრიქონები: *„ნეტავ სადაა უფრო მკვეთრად აღბეჭდილი მარადისობის საიდუმლო, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე თუ ჩვილის თვალებში?!“ *„მახსენდება სადღაც ნანახი, ხავსზე მოციმციმე, ლალისფერი ყვავილები. მათ ჩემს შვილებს ვამსგავსებ.“ *„ამქვეყნად ყველა ბავშვს ისეთი ნათელი სახე აქვს ჩაძინებისას, რომ თაყვანისცემა მოგინდება!“ 

 

ჩემო ყოფილო მოსწავლეებო, ახლანდელი მოსწავლეების მშობლებო, პედაგოგებო, მეგობრებო და, უბრალოდ, წიგნიერო საზოგადოებავ, მოკრძალებით გთავაზობთ, გაითვალისწინოთ თანამედროვე ქართულ ფილოლოგიურ სამყაროში ანგარიშგასაწევი ლიტერატორის, მიხეილ ქურდიანის, შეფასება, რომელმაც „სალი კოლხელს“ „თანამედროვე საბავშვო მწერლობაში ახალი სიტყვა“ უწოდა, ხოლო ჟურნალისტმა თამარ თათარაშვილმა ამ საოცარი წიგნის განსაკუთრებული დანიშნულება ასე განსაზღვრა: „აღმოსავლეთმა და დასავლეთმა საუკუნეთა განმავლობაში ამ ჩვენს პატარა ქვეყანას რაც ვერ დააკლო, ამჟამად საყოველთაო გლობალიზაცია ანაზღაურებს. ნიშანდობლივია, რომ გლობალისტები ყველაზე მეტად იმ ეროვნულ ნიშატს უმიზნებენ, რამაც საუკუნეები გამოგვატარა- ენას მამაულს, სარწმუნოებას, ტრადიციებს...ამ პროცესებთან გაბრძოლების სულ პატარა მცდელობაც კი ატორტმანებულ ზღვაში გადმოსროლილ რგოლს ჰგავს, რომელსაც უნდა ჩაეჭიდო, რომ გადარჩე! სწორედ ასეთი რგოლია „სალი კოლხელი“ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“... 

 

ჩემი მხრივ კი მთელი პასუხისმგებლობით დავძენ, რომ „სალი კოლხელის“ გმირები: გვანცა, ანო, ირაკლი, ლევანი, თაკო და თავად სალი თავიანთი ულამაზესი სამყაროთი თუ არ აღემატებიან, არაფრით ჩამოუვარდებიან პეპის, ბიჭუნას, კარლსონს, ემილის... მე თუ მკითხავთ, უფრო საყვარლებიც არიან, ჩვენები, ქართველები. ხოლო ლია რუსიაშვილი ჩვენი საკუთარი ასტრიდ ლინდგნერია, უდავოდ!

 

მარინა გოგოლაშვილი,

ფილოლოგი და ჟურნალისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: