ლია ელიავა: ქვეყანაში კრიზისი მანამ გაგრძელდება, სანამ მთავრობა ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს არ შეებრძოლება!
„ივერიონს“ ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნასა და მოსალოდნელ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისზე, ექსპერტი ფულად-საკრედიტო საკითხებში, ლია ელიავა ესაუბრა.
-ქალბატონო ლია, დღეს მთელი საქართველო ლარის კურსის კატასტროფულ დაცემაზე საუბრობს. ზოგიერთი ამას მეზობელ ქვეყნებში, ზოგადად კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით ხსნის. ხოლო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელს საქართველოს მთავრობისკენ იშვერს და აცხადებს, რომ მთავრობამ, კონკრეტულად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, არაფერი გააკეთეს ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის...
როგორია თქვენი კომენტარი?!
-ჩემი პოზიცია ამ ორ ჩამოყალიბებულ ტენდენციას შორის ნაწილდება. რა თქმა უნდა, ეს არის ზეგავლენა გარედან და ადგილობრივი მონეტარული ხელისუფლების უმოქმედობაც.
რაც შეეხება ზეგავლენას გარედან, ეს არის პანიკური განწყობები, რომლებიც პირველ რიგში გადმოედო საქართველოს ბიზნესმენებს და შემდგომ მოსახლეობას. ეს პანიკური განწყობები განპირობებულია იმით, რომ ბიზნესმენებს სურთ თავიანთი კაპიტალის დაცვა და ამიტომაც, მათ ეს კაპიტალი საქართველოდან გააქვთ, ეს კი ჩვენთან სავალუტო კურსის ვარდნის მიზეზია, ანუ ამ პროცესს სხვა ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია.
ეს ყველაფერი, იწვევს ამ კაპიტალის გაქცევის მომსახურე კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტის დეფიციტს, შესაბამისად, დეფიციტი განაპირობებს ლარზე ზეწოლას და დოლარის გაძვირებას, ამიტომაც ვარდება სავალუტო კურსი!
კურსის ვარდნის შედეგად პანიკა გადაეცემა მოსახლეობას, რომელიც ასევე ცდილობს დაიცვას თავისი კაპიტალი და გადაიყვანოს ლარი დოლარებში. აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურების პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება!..
რაც შეეხება, შიდა ფაქტორებს, რასაკვირველია, უკვე რამდენიმე თვეა, ლარი, როგორც ასეთი მიტოვებულია „უპატრონოდ“ დაწყებული 2014 წლის ნოემბრიდან და რატომ? იმიტომ, რომ „ეროვნულ ბანკს“ არ გააჩნია სავალუტო პოლიტიკა და არ აქვს გეგმა იმისა, თუ როგორ შეუწყოს ხელი ლარის მეტ-ნაკლებ სიმყარეს, თუმცა, კანონით მას ეს ევალება.
ბოლო ხანებში „ეროვნული ბანკი“ ახორციელებდა წვრილ-წვრილ ინტერვენციებს, რამაც ხელი შეუწყო ლარის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას და მისი რყევის ამპლიტუდის სიმტკიცეს. თუ „ეროვნულმა ბანკმა“ არ გააგრძელა სავალუტო ინტერვენციები, ჩვენ გვექნება ისეთი სავალუტო კრიზისი , როგორიც გვქონდა 2015 წელს. აქ ყველაფერი დამოკიდებულია „ეროვნულ ბანკზე“- თუ როგორ იმოქმედებს ის ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად!
რაც შეეხება მთავრობას, მას არ გააჩნია ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედების ბერკეტები, გარდა ერთისა, ფსიქოლოგიურისა- მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ ის ამას შეძლებს, ეს იქნება მისი საოცარი წარმატება!
ასე, რომ ყველა ბერკეტი „ეროვნული ბანკის“ ხელშია!
-ქართველ ექსპერტთა უმეტესობა ლარის კურსის გაუფასურებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემით ხსნის.
რამდენად სწორია ეს ფორმულირება, შეიძლება თუ არა ეროვნული ვალუტის კურსის მაქსიმალურ ნიშნულამდე დაცემა მხოლოდ ნავთობს გადავაბრალოთ?
-ეს არის ლარის კურსზე ირიბი, არაპირდაპირი ზეწოლა, თორემ ჩვენი ეკონომიკა არანაირად არ არის დამოკიდებული ნავთობის ფასის რყევაზე, ვინაიდან, ჩვენ არ ვართ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა. თუმცა, როდესაც სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს მძიმე პროცესები, იქაური ბიზნესმენები ყოველთვის ცდილობენ (რომლებსაც საქართველოში ჩადებული აქვთ ფული), წაიღონ ეს ფული თავის ქვეყანაში და საკუთარი კაპიტალის გადარჩენას მოახმარონ. ანუ, საქართველოდან გაედინება კაპიტალი, იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებში ვალუტის მერყეობა განპირობებულია ნავთობის ფასის ვარდნით.
თუმცა, აქვე მინდა დავამატო, რომ სულ ახლახან, ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგემ განაცხადა, რომ ის დახარჯავს მაქსიმალურ თანხას იმისთვის, რათა ევროპული ეკონომიკა გამოაცოცხლოს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ნავთობის მოთხოვნილების ზრდას და ბაზრებმა უკვე მოახდინეს რეაგირება მარიო დრაგეს სიტყვებზე- ერთი ბარეტი ნავთობის ფასი 32 დოლარამდე გაიზარდა. ანუ, არ არის გამორიცხული, ნავთობის ფასმა დაიწყოს ზრდა და შესაბამისად, ლარის კურსზე ზეწოლა ნაკლები გახდეს!
-მაშინ, როცა მსოფლიოში ნავთობის ფასი მაქსიმალურ ნიშნულამდე დაეცა, საქართველოში ბენზინზე და ნავთობის სხვა პროდუქტებზე ფასი თითქმის არ შეცვლილა.
ხომ არ უწყობს ხელს მთავრობა საქართველოში ბიზნესის კრიმინალიზაციას?
-პირდაპირ გეტყვით, მთავრობა ხელს არ უწყობს საქართველოში ბიზნესის კრიმინალიზაციას, მაგრამ მთავრობას ამჟამად გააჩნია ძალიან ცოტა ბერკეტი იმისთვის, რომ მან ქვეყანაში არსებული მონოპოლიების საქმიანობა გააკონტროლოს.
ის, რომ ფასი არ ვარდება ნავთობის პროდუქტებზე, ეს შედეგია იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არის მაღალმონოპოლიზირებული. თვით ეკონომიკის თითოეულ სექტორში, რამდენიმე მონოპოლია პრაქტიკულად კარნახობს ფასს. აი სწორედ ამ მონოპოლიებთან ბრძოლაა აუცილებელი და საჭირო, მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს ამ ხელოვნური მონოპოლიების მოსასპობად. სხვა შემთხვევაში ჩვენთან ყოველთვის მაღალი ფასები იქნება და არამარტო საწვავზე!
ესაუბრა მედეა შელია