დიდთოვლობამ აჭარაში სასტუმრო ბიზნესსაც პრობლემები შეუქმნა
აჭარაში დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა სასტუმრო ბიზნესსაც. სასტუმროთა ნაწილი განმარტავს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დროებითი დახურვის გამო, სასტუმრომ სტუმრების მიღება ვეღარ მოახერხა, რამაც ისინი ფინანსურადაც აზარალა.
სასტუმრო Hilton Batumi -ში აცხადებენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში სასტუმროში რამდენიმე კონფერენცია უნდა გამართულიყო, მათ შორის ერთი კონფერენცია საერთაშორისო მნიშვნელობის იყო და ბათუმი-სტამბულის რეისის გაუქმების გამო სტუმრებმა ბათუმში ჩაღწევა და მით უმეტეს Hilton Batumi -ში განთავსება ვეღარ მოახერხეს. საერთო ჯამში მხოლოდ ამ კონფერენციის ფარგლებში სასტუმროს 120 სასტუმრო ნომერზე გაუუქმდა ჯავშანი.
დიდთოვლობამ სტუმრები შეუმცირა Leogrand Hotel-საც, სადაც განმარტავენ, რომ ცუდი ამინდის, აეროპორტის დროებით დახურვისა და ავიარეისების შეუსრულებლობის გამო სასტუმროს ჯავშანის 25 %-ი გაუუქმდა. Leogrand Hotel-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გაუქმებული ავიარეისების გამო, სასტუმროს სტუმრების ნაწილმა ბათუმის დატოვება ვერ შეძლო და ისევ სასტუმროში მოუწიათ დარჩენა.
სამაგიეროდ სტუმრები არ შემცირებია სასტუმრო „რადისონს“, სადაც განმარტავენ, რომ დიდთოვლობის გამო სასტუმროში სტუმრების მიღება არ შეფერხებულა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი განმარტავენ, რომ აეროპორტის ტერიტორია თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება, იწმინდება ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და 28 იანვრიდან აეროპორტი ფუნქციონირებას განაახლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და დიდთოვლობა, რომელიც ამ დროისათვის აჭარაშია რეგიონის სამთო-სათხილამურო კურორტებს ტურისტულ სეზონს გაუხანგრძლივებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ამ პერიოდში ტურისტულ ბიზნესს ზარალი ნაკლებად ადგება, რადგანაც აჭარა მაინც საზღვაო მიმართულებაა და მიმდინარე პერიოდში ტურისტული ნაკადების სიმრავლეს რეგიონი არ განიცდის.
„გუშინ აეროპორტი დახურული იყო და სწორედ ესეთი ფაქტორები უშლის ხელს იმ ნაწილი ტურისტების მიღებას, რომელიც შესაძლოა ჩვენ გაგვაჩნდა ბიზნესტურისტის, ან სათამაშო ბიზნესის ტურისტის სახით. ანუ ეს მიმართულება შესაძლოა მართლაც მოექცა ამ ბუნებრივი კლიმატური პირობების გავლენის ქვეშ და შესაძლოა ინდუსტრიის ნაწილი ვერ ღებულობდეს იმდენ შემოსავალს, რომელიც შესაძლოა კარგი მეტეოროლოგიური პირობების დროს მიეღო.
მეორეს მხრივ ეს კარგია ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტებისათვის. გზები იწმინდება. შესაბამისად სამთო-სათხილამურო კურორტებმა მიიღეს ახალი და უხვი თოვლი და მსგავსი უხვი თოვლი არის გამნატია იმისა, რომ ეს კურორტები უფრო მეტხანს იმუშავებს“,- აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
მისივე განმარტებით, თუ კი ამ კურორტებზე თოვლი თებერვლის ბოლომდე, ან მარტის შუა რიცხვებამდე დნებოდა, „ახლა შესაძლებელია, რომ ეს თოვლი უკვე მარტის ბოლომდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გადნეს. ამ შემთხვევაშიც მედალს ორი მხარე აქვს“.