ფეისბუქპოეტები, დითირამბებით დაბანგული პრეზენტაციები და შარლატანების მახვილით „დაჭრილი“ ქართული ლიტერატურა!

ფეისბუქპოეტები, დითირამბებით დაბანგული პრეზენტაციები და შარლატანების მახვილით „დაჭრილი“ ქართული ლიტერატურა!

ორიოდე დღის წინ, მწერალთა  სასახლეში პოეტ დავით არახამიას წიგნის - „მზის საფირონი“ - პრეზენტაციაზე გახლდით. დარბაზი გადატვირთული იყო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), რაც იმის დასტურად ჩაითვალა, რომ ავტორს დიდ პატივს სცემენ და აფასებენ.

 

ზოგადად, ასეთ პრეზენტაციებზე იშვიათად დავდივარ, რადგან იქ მხოლოდ დითირამბების მეტს არაფერს ვისმენ და ერთ სიტყვასაც კი არ გაიმეტებენ წარდგენილი წიგნის ძლიერ და სუსტ მხარეებზე (ხოლო, ავტორის კაიკაცობაზე თუ კაიქალობაზე რამდენიც გინდათ, თითქოს პიროვნების ხასიათის თუ ცხოვრების წესის წარდგინებას ვახდენდეთ და არა მისი შემოქმედების).

 

რატომ იქცა თანამედროვე ქართული ლიტერატურა (როგორც პროზას, ისე პოეზიას ვგულისხმობ) მავანთა და მავანთა გაძლიერებული  ქვენა გრძნობების სათარეშო საშუალებად?

 

ეს მეტად სერიოზული თემაა და ჩვენის მხრიდან ასევე სერიოზულ დაფიქრებას და განსჯას მოითხოვს.

 

როგორც მაშინდელ წარდგინებაზე აღვნიშნე, დღეს ყოველი მეორე პოეტია, ხოლო ყოველი მესამე პროზაიკოსი. თუმცა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა მაინც საკმაოდ ღარიბია. დიახ, სანთლით საძებარი გახდა ჭეშმარიტი სიტყვა _ ტრადიციული ქართული სიტყვაკაზმულობა ფსევდოლიტერატურამ შეცვალა.

 

ადრე, როცა ჩემს დამოკიდებულებას თანამედროვე მოპოეტო-მომწერლო ადამიანებთან პირად საუბრებში ვაფიქსირებდი, ბევრი მპასუხობდა, რომ პოეტობაზე და მწერლობაზე პრეტენზია არა აქვთ _ უბრალოდ „თავიანთ ჭიას ახარებენ“.

 

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია არჩევანში, მაგრამ დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და წყალ-წყალა „შედევრებისგან“ დასნებოვნებული ქართული სული „უცხო სხეულებისგან“ გაიწმინდოს...

 

მიუხედავად ჩემი მხრიდან დავით არახამიას მიმართ არსებული სიმპათიებისა, თავს უფლება მივეცი  ღიად და კორექტულად (ვინ როგორ გაიგო, სხვა საკითხია) მეთქვა ის, რაც ხელისგულზე ისედაც ჩანს, მაგრამ საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირებას ყველა ერიდება. ანუ, გამოვთქვი საკუთარი აზრი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს წიგნის წარდგინება და რა დღეში ჩავარდა ქართული ლიტერატურა ლიტერატურული კრიტიკის ფაქტიურად გარდაცვალების გამო...

 

* * *

ამ ორიოდე კვირის წინ თსუ-ში ახალგაზრდა, სამართლის დოქტორის ნინო ჯიბუტის ორიგინალური წიგნის „სარეიტინგო კომპანიის სამართალი“ (თემა ახალია ქართულ სინამდვილეში) წარდგინებას დავესწარი.

 

როგორც გამომცემელს, გარკვეული ინტერესი მქონდა მომესმინა წიგნის ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ გაწბილებული დავრჩი - პრეზენტაციის წამყვანმა თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ ავტორის კატეგორიული მოთხოვნით გამოსვლები არ იქნებოდა.

 

თავად ავტორმა ზედმიწევნით ისაუბრა განსახილველი თემის აქტუალურობაზე და მოუწოდა კოლეგებს (მეცნიერ იურისტ-ეკონომისტებს) გარკვეული დროის შემდეგ მოეწყოთ დეტალური განხილვა და პირუთვნელად წარმოედგინათ მეცნიერული ნაშრომის ნაკლოვანებები და ღირსებები... სხვათაშორის, ეს განცხადება სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვისაც უჩვეულო აღმოჩნდა - ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ...

 

* * *

ზემოთ ლიტერატურული კრიტიკის ფაქტიურად გარდაცვალებაზე ვისაუბრე. შეიძლება ფორმულირება გადაჭარბებულია, მაგრამ კრიტიკას საღათას ძილით რომ სძინავს, ცხადია. ვინც დღეს კრიტიკოსობას იბრალებს, იმდენად ზერელე და ტენდენციურები არიან, მათი „ლაითი“ კრიტიკა ჟანრის ზოგად პოსტულატებს და დითირამბებს არ სცდება და არანაირად არ უწყობს ხელს ლიტერატურის პირუთვნელად შეფასებას _ ჯანსაღი და პროფესიონალური კრიტიკის გარეშე კი ლიტერატურა ვერ განვითარდება!

 

დღეს საქართველოში წიგნების გამოცემა გამარტივებულია - ყველა, ვისაც არ ეზარება და ორიოდ გროშს მოიგდებს ხელში, გამომცემლობას მიაშურებს და მერე საკუთარი ნაცოდვილარით ყელყელაობს (ტირაჟს არ იკითხავთ? სულ 30-50-100-200, ჰა, ჰა 500 ეგზემპლარი).

 

მე, როგორც პროფესიონალ გამომცემელს, მაქვს ბედნიერება „დავტკბე“ ახალ-ახალი „შედევრებით“. ზოგს ისეთი წინასიტყვაობა აქვს წამძღვარებული, გეგონება შენს წინაშე ახალი გალაკტიონი ან ანა კალანდაძე დგას. ზოგს კი ფორმალური რედაქტორიც არ ჰყავს და როცა ყურადღებას ვამახვილებ, „ჩაწერე ვინც გინდა“ _ ისმის პასუხად. ყოფილა შემთხვევაც, როცა წიგნის განსაკუთრებულად დაბალი დონის გამო გაოცება არ დამიმალავს, რაზეც ნიშნისმოგებით უთქვამთ: „დაბეჭდე, ფული გააკეთე, შენგან რა მიდის“-ო (რა ფული უნდა გააკეთო 100 ტირაჟიანი 150 გვერდიანი წიგნით?).

 

არც იმას მალავენ, რომ წიგნი მაღაზიაში დასადებად და გასაყიდად არ უნდათ - მხოლოდ ნაცნობებს და ახლობლებს დაურიგებენ. სამწუხაროდ, დაახლოებით ასეთი წიგნები გვხვდება სწორედ ე.წ. პრეზენტაციებზე.

 

ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მწერლობა ბევრისთვის ახალ პროფესიად იქცა, რომელსაც მართალია შემოსავალი არ მოაქვს, მაგრამ, მავანში და მავანში მბორგავ ამბიციებს მაინც აკმაყოფილებს!

 

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ წიგნების გამოცემაზე და მის შეფასებაზე პასუხისმგებელი (ორიენტირებული) ორგანიზაციები უკვე აღარ არსებობენ. ეს იმის ბრალია, რომ მწერალთა შემოქმედებითი კავშირი მიზანმიმართულად შუაზე გაიხლიჩა და ქიმერად იქცა. ეს იმის ბრალია, რომ ლიტერატურული გამოცემები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ჭეშმარიტი (ან თუნდაც მიახლოებული) ლიტერატურის გარდა ყველაფერს ბეჭდავენ. ეს იმის ბრალია, რომ კრიტიკამ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა, ფუნქცია დაკარგა (ესეც მიზანმიმართულად მოხდა) და ასპარეზი თვითმარქვია პოეტ-პროზაიკოსებს დაუთმო.

 

ნათქვამია, კრიტიკა შოკოლადი არ არის, რომ გიყვარდესო. რა თქმა უნდა, შოკოლადი არ არის, მაგრამ აუცილებელია (უპირველესად, ყველა სფეროში ჯანსაღ და პროფესიულ კრიტიკას ვგულისხმობ).

 

დამეთანხმებით, როგორც ნებისმიერი სხვა დარგის, ლიტერატურის ზრდა-განვითარებაც პროფესიული კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია - კრიტიკა ეხმარება დაინტერესებულ მკითხველს სწორება გააკეთოს ჭეშმარიტ ლიტერატურაზე და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, იგი აიძულებს ავტორს პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ შემოქმედებას და მკითხველის სამსჯავროზე მეტ-ნაკლებად ღირებული პროდუქტი გამოიტანოს. სინამდვილეში კი რა ხდება?

 

გამოდის ასეულობით ავტორთა წიგნი ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა გარეკანებითა და პრეტენზიული სათაურებით და ნაცვლად იმისა, პირუთვნელად შევაფასოთ ახლად გამოჩეკილი, თუ უკვე „შეჩვეული“ ავტორების შემოქმედება, ვაწყობთ ტრადიციულ, ე.წ. პრეზენტაციებს და გარდა შემოქმედებისა (ყოველ შემთხვევაში, თუ რამე ითქმება, მაინც ზოგადი და ზერელეა) ყველაფერზე ვსაუბრობთ!..

 

არადა, ასე ლიტერატურა ვერ განვითარდება _ პირიქით, ათასგვარი ლიტერატურული სუროგატებით ხელს ვუწყობთ ქართული სულის გაუხეშებას და ლიტერატურული გემოვნების საერთოდ დაჩლუნგებას!

 

მქონდა ცდა, თანამოაზრეებთან ერთად დამეარსებინა ლიტერატურული სალონი, სადაც სისტემატურად მოეწყობოდა სალონური ტიპის შეხვედრები და საუბარი იქნებოდა თანამედროვე ლიტერატურის მდგომარეობაზე. ამასთან, განვიხილავდით კონკრეტულ ლიტერატურულ გამოცემებს. სამწუხაროდ, პროფესიონალ ლიტერატორ-კრიტიკოსთა (ისინი არც ისე ბევრნი არიან) მხარდაჭერა ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე.

 

არ არის დასამალი, რომ ჩემს ინიციატივას გასაგები მიზეზების გამო თანამედროვე ფეისბუქ-პოეტების უმრავლესობა დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია!

 

გულწრფელად ვაცხადებ: ჩემი წერილი მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ლიტერატურაში არსებული უმწვავესი პრობლემებიდან იღებს სათავეს. ამდენად, კონკრეტულად არავის ვერჩი (ნაცნობთა თუ საახლობლო წრიდან თუ ვინმე გამინაწყენდა, რა ვქნა, მათი კეთილგანწყობის დაკარგვა მირჩევნია პირში წყლის ჩაგუბებას!).

 

ერთი რამ ცხადია: ქართულ ლიტერატურაში არსებული მარაზმი და განუკითხაობა უნდა შეწყდეს. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად არ ვეთანხმები დავით არახამიას წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსული ერთ-ერთი ქალბატონის (ლიტერატორის) ღია განცხადებას, რომ დღევანდელი პოეტები და მწერლები თანამედროვე ეპოქის შესატყვისად წერენ და მათ ყველაფერი ეპატიებათ(?!).

 

არა, ბატონებო და ქალბატონებო - მავანს და მავანს, რომელიც მუზის მოძალებას იბრალებს, არათუ ეპატიება მკითხველის სულის დანაგვიანება და მისი გემოვნების დაჩლუნგება, არამედ პასუხს აგებს თავის შარლატანობაზე!!! (ყოველ შემთხვევაში, უნდა აგოს!).

 

* * *

განსაკუთრებული განხილვის საგანია ფეისბუკ-პოეტების მოძალება საქართველოში. შეიძლება ითქვას, სოციალურ ქსელში ნამდვილი დოღია გაჩაღებული. არსებობს პრივილეგირებულთა კასტაც, რომელთაც ყოველთვის გარანტირებული აქვთ ასეულობით ე.წ. „ლაიქი“ და კომენტარები („ლაიქებს“ კიდევ არა უშავს, მაგრამ კომენტარები იმდენად „ორიგინალური“ და ზეემოციურია, თვალებზე ცრემლიც კი შეიძლება მოგადგეს).

 

სოციალურ ქსელში გადმოღვრილი „მარგალიტები“ გაფიქრებინებს, რომ შეიძლება უჩუმრად მუზის „ვულკანმა“ ამოხეთქა და საქართველო პოეტურ მექად იქცა!..

 

ზემოთ „პრივილეგირებულთა კასტა“ ვახსენე. ეს ის ჯგუფია, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს (თუმცა გააჩნია ვის თვალში) ფეისბუქ-პოეტებს შორის. დანარჩენები კი მათ თვალში შესციცინებენ და ცივ ნიავს არ აკარებენ. სწორედ პრივილეგირებულები უწევენ ორგანიზებას ე.წ. პრეზენტაციებს და ახალ-ახალი პოეტური „აღმოჩენებით“ აოცებენ „ჭეშმარიტი“ პოეზიის შესასრუტად მოსულ პუბლიკას.

 

სამწუხაროდ, ბევრ მათგანს რომ ჰკითხო, რა არის პოეზია და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი, ან საერთოდ ვერ გიპასუხებენ, ან ისე გადმოგხედავენ, რომ მათი მიმიკიდან შეიძლება ამოიკითხო კიდეც - „ძმაო, შენ ალაოდ ხომ არა ხარ?!“.

 

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სოციალური ქსელი ახალგამოჩეკილი პოეტების დამკვიდრების უებარ საშუალებად იქცა - ზოგი იმდენად არის თავდაჯერებული საკუთარ პოეტურ შესაძლებლობებში, რომ ჭეშმარიტი მკითხველის აზრი არც აინტერესებს. ზოგი კი, იმდენად გათავხედდა, ამას საჯაროდ აცხადებს, რაც იმის დასტურია, რომ ლექსი არა მკითხველისთვის, არამედ ხელოვნურად შეკოწიწებული ჯგუფისთვის და სამზარეულოსთვის იწერება!..

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ნამდვილი პოეტები (ძველ გვარდიას ვგულისხმობ) სოციალურ ქსელს სათოფეზეც არ ეკარებიან - თუ არ ჩავთვლით ყველა ჩვენთაგანისთვის საყვარელ პოეტს, ბატონ ტარიელ ხერხელაურს, რომელიც გულში ჩამწვდომი სტრიქონებით ხანდახან გამოანათებს. თუმცა, მგონია ესეც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კეთდება.

 

ფეისბუქზე მე ერთხელაც არ წამიკითხავს ქ-ნ მანანა ჩიტიშვილის ლექსები. არადა, ყველა აღიარებს, რომ იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტია. არც რეზო ამაშუკელის პოეზიისთვის მომიკრავს თვალი...

 

დასკვნა მარტივია: ადამიანები თვითგანდიდების და ყალბი ავტორიტეტების შექმნის მანიამ შეიპყრო და თუ დროზე არ გავანთავისუფლეთ ამ მავნე ბაცილებისგან, ეს მთლიანად ქართულ ლიტერატურას დაასნებოვნებს. ბაცილებისგან განთავისუფლება კი მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი, ობიექტური კრიტიკით შეიძლება!

 

* * *

დაბოლოს: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მუზა დადუმდა ან ქართული ნიჭი ჩაიფერფლა. არა ბატონებო, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა „ჭანჭიკი“ მოეშვა და გასაქანი უნიჭო და სუროგატულ ლიტერატურას მიეცა. დიახ, ჭეშმარიტი პოეზია და პროზა ხელოვნურად შეკოწიწებულმა „შედევრებმა“ ჩაანაცვლა.

 

ამის გამო მკითხველმა ორიენტაცია დაკარგა - ან საერთოდ არაფერს კითხულობს, ან მდარე ხარისხის „პროდუქტით“ იკვებება. 

 

P.S. სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობაა მეცნიერებასა და ხელოვნებაშიც. კონვეირული სისტემით „ცხვებიან“ ახალბედა დოქტორები, რომელთა ნაშრომებში კვლევის ნატამალი არ არის. იგივე სისტემით ცხვება მონოგრაფიები თუ „სამეცნიერო ხასიათის“ პუბლიკაციები. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა პერსპექტივა ელოდება მათ ხელში მომავალ სტუდენტ-ახალგაზრდობას.

 

რაც შეეხება ხელოვნებას, ისიც „გათანამედროვდა“ და ჭეშმარიტი (ტრადიციული) ქართული კულტურაც თანდათან უნიჭო და უგემოვნო ხელოვნების ნიმუშებს უთმობს ადგილს!

 

P.S. P.S. თუ ვინმეს პოლემიკის სურვილი გაუჩნდება, სიამოვნებით მივიღებ ამ გამოწვევას. ოღონდ, პოლემიკა საქმიან, კორექტულ და არგუმენტირებულ ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს!

 

ზაურ ნაჭყებია


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: