ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ენას გერივით ექცევა, კლავს საკუთარ სახელმწიფოსაც!
ღია ბარათი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
დაახლოებით ერთი თვის წინ „ივერიონში“ დავბეჭდე სტატია სათაურით „ვის „უმიზნებს“ გიორგი კვირიკაშვილი და რა ელის ქართულ ენას?!“
სტატიაში დაწვრილებით მქონდა საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ გაიწელა დროში „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღება და რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, რომ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მიღებული კანონი ამოქმედებულიყო (ფაქტია, რომ კანონის მიღებას გარკვეული ძალები ხელოვნურად ამუხრუჭებდნენ).
თქვენ, როგორც ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს გაუწყებდით, რომ ზემოთ ხსენებული კანონის თანახმად, მთავრობას შესაბამისი განკარგულებით 2016 წლის 1 თებერვლამდე უნდა შეექმნა „ენის სახელმწიფო დეპარტამენტი“, დაენიშნა დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც კონკრეტულ ვადაში უნდა ჩამოეყალიბებინა დეპარტამენტის სტრუქტურა და შეემუშავებინა სათანადო დებულება.
კანონი ასევე გავალდებულებთ შექმნათ „სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია“ და ეს ყველაფერი უნდა მოესწროს მიმდინარე წლის 14 აპრილამდე, ხოლო 14 აპრილს ქვეყანას უნდა ჰქონდეს ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედება ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.
სტატიაში იმასაც ვწერდი, რომ ვერც საქართველოს პარლამენტში და ვერც თქვენდამი რწმუნებულ მთავრობაში ვერ მოვიძიე ინფორმაცია, თუ რას აკეთებდა მთავრობა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოთხოვნების აღსასრულებლად!
უკვე თებერვალიც იწურება და საზოგადოებამ არ იცის, შეიქმნა თუ არა „ენის სახელმწიფო დეპარტამენტი“, გამოიყო თუ არა შესაბამისი ოფისი სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის, მომზადებულია თუ არა სათანადო დებულება, იქმნება თუ არა სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია და, რაც მთავარია, სპეციალისტთა ძალისხმევით მუშავდება თუ არა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა.
ბატონო გიორგი,
არ მიკვირს, რომ ჩემს სტატიას, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ქართული ენის სრულფასოვნად ფუნქციონიორებასთან დაკავშირებული პრობლემები და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, მინიშნებული იყო ძირძველი ქართული ენის სავალალო მდგომარეობა, მთავრობისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
სხვათაშორის, რეაგირება არ მოჰყოლია ამ ბოლო დღეებში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე და „მაესტროზე“ გასულ კრიტიკულ სიუჟეტებსაც, რომელიც სწორედ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის ამოქმედებას ეხებოდა.
სამწუხაროდ, უსუსური და უპასუხისმგებლო იყო საქართველოს პარლამენტის წევრების ნუკრი ქანთარიას და გია ჟორჟოლიანის კომენტარებიც. თუ ერთი კანონის შეუსრულებლობის მიზეზად მთავრობაში არსებულ გადაადგილებებს ასახელებდა (არადა, არავითარი „რევოლუციური“ გადაადგილება არ მომხდარა - მხოლოდ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა!), მეორე, უცერემონიოდ აცხადებდა, რომ პარლამენტმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა ჯერი მთავრობაზეაო (თითქოსდა, პარლამენტი არ არის პასუხისმგებელი მის მიერ მიღებული კანონის შესრულების კონტროლზე).
ვერ დავიჯერებ, რომ „რუსთავი-2“-ს და „მაესტროს“ ქართული ენის სავალალო მდგომარეობა ძალიან ადარდებთ (ეს მათ სიუჟეტებში, საავტორო თუ სხვა ხასიათის გადაცემებში აშკარად იგრძნობა), მაგრამ, ფაქტია, რომ მთავრობა კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს!
საგანგაშოა, რომ ეს გულგრილობა, მეტიც, უპასუხისმგებლობა არა რომელიმე მოქალაქის ან მოქალაქეთა ჯგუფის ინტერესებს, არამედ სახელმწიფო ენის დაცვის იგნორირებას უკავშირდება!!!
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობის კანცელარიის სათანადო სამსახურები შეგნებულად არ გაყენებენ საქმის კურსში და არ გეუბნებიან, რომ უხეშად არღვევთ ზემოთ ხსენებული კანონის მოთხოვნებს, ან თქვენც ფიქრობთ, რომ ეს მეათეხარისხოვანი პრობლემაა („სად წავა ქართული ენა, მოიცდის!) და როცა იქნება, მაშინ იქნება...
ან, იქნებ, 14 აპრილს - ქართული ენის დღეს ელოდებით, რომ საზეიმო ვითარებაში გვამცნოთ მთავრობის „გულანთებულობა“ და „მზრუნველობა“ სახელმწიფო ენის მიმართ...
თუ ნამდვილად ასეა, ეს მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი იქნება და არა სახელმწიფო ენისადმი პატივისცემის გამოხატულება!
ბატონო გიორგი,
როგორც ვხედავ, მმართველი კოალიციისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა ეპითეტებით შეამკო გოგი თოფაძემ თინათინ ხიდაშელი, როგორ გაბედა სანდრო ბრეგაძემ, როგორც ჩინოვნიკმა, განსხვავებული აზრის საჯაროდ დაფიქსირება (რომელსაც შეეწირა კიდეც მისი თანამდებობა) ან დაიშლება თუ არა ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიცია, ვიდრე ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე ზრუნვა!
არ გამოვრიცხავ, ფორმალურად შეიქმნას ენის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია, დამტკიცდეს ქართული ენის სახელმწიფო პროგრამაც, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ (როგორც წესი) ამ სტრუქტურებმა ეფექტურად იმუშაონ და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
არადა, ხომ ფაქტია, რომ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფო ენის სრულფასოვნად ფუნქციონირების გარეშე წარმოუდგენელია - დიახ, ენის კანონის სრულყოფილად ამოქმედება, ენის სიწმინდეზე ზრუნვა ეროვნული ინტერესების გაძლიერებას გულისხმობს, რასაც ხელს უშლიან მმართველ კოალიციაში მოკალათებული ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტები. მათი აზრით, დღეს ეროვნულობაზე საუბარი სრული ატავიზმია (ჩამორჩენილობაა)...
დღეს ქართული ენა რომ საგანგაშო მდგომარეობაშია, ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა - დააკვირდით, რას ჰგავს დედაქალაქი, როგორაა იგი აჭრელებული უცხო სიტყვიანი წარწერებით, რომელსაც ხშირად გვერდით ქართული შესატყვისიც არა აქვს, როგორ შემოიჭრა ყოველდღიურ ურთიერთობაში უცხო ტერმინები, რას დაემსგავსა ქართული მედია...
აქედან გამომდინარე, თუ კანონმა არ იკანონა და ქართულ ენას სახელმწიფოს სახით ჭეშმარიტი გულშემატკივარი არ გამოუჩნდა, ფორმალური სტრუქტურების შექმნას აზრი ეკარგება.
თქვენ, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს გაქვთ ისტორიული შანსი შესაბამისად უპასუხოთ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს - გადაუდებელ ამოცანად დაისახოთ კანონით გათვალისწინებული სტრუქტურების ჩამოყალიბება, დეპარტამენტის ხელმძღვანელად შეარჩიოთ კვალიფიციური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება, სახელმწიფო კომისია დააკომპლექტოთ პრინციპული და ასევე კვალიფიციური ადამიანებით, რომლებიც შეიმუშავებენ ქართული ენის სახელმწიფო პროგრამას და შექმნათ სათანადო პირობები აღნიშნული სტრუქტურის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
ბატონო გიორგი,
შეგახსენებთ, რომ ენა სამერთიანი „ღვთაებრივი საუნჯის“ (ილია) - მამული, ენა, სარწმუნოება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირებაზე დიდადაა დამოკიდებული ერის სიცოცხლისუნარიანობა.
საკუთარი თანამდებობრივი დატვირთვა გავალდებულებთ, რომ ქართულ ენას სახელმწიფოებრივად მოექცეთ, რადგან აქსიომაა: ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ენას გერივით ექცევა, კლავს საკუთარ სახელმწიფოსაც. ამას კი საზოგადოება, მითუმეტეს, ისტორია არ გაპატიებთ!
იმედია, ღია ბარათი ახლა მაინც თქვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება!
პატივისცემით, ზაურ ნაჭყებია
ჟურნალისტი, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო
„ივერიონის“ მთავარი რედაქტორი