გიორგი ტიგინაშვილი: ეკლესიაში „ოქროს ხატებს“ და „კორუმპირებულ“ სასულიერო პირებს არ უნდა ვეძებდეთ!
ეს წერილი ეძღვნება მათ, ვისაც ცალკეული (უღირსი) სასულიერო პირი და ეკლესიის მადლისმიერი სისავსე ერთმანეთისგან ვერ განურჩევია!
ღირსეული და სამართლიანი ადამიანი ყოველთვის ობიექტური და პირნათელი უნდა იყოს შესაფასებებში. კრიტიკა - ეს არის პოზიტიური და ნეგატიური შეფასებების კომბინირება.
არ შეიძლება მხოლოდ უარყოფითზე აპელირებდე და დადებითი არ დაინახო და კიდევ უფრო მიუღებელია, როცა გამოჭერაზე ხარ და შენი საკუთარი მიზანთროპიისა და სიძულვილის ლეგიტიმაციისთვის "საბაბს" ეძებ, რათა დაგროვილი ბალღამი ამოანთხიო. ყველაზე საშინელება კი ის არის როცა ხარობ ვინმეს ცოდვაში, შეცდომასა და პრობლემაში მყოფობით და სარკასტულად, მკრეხელურად და ცინიკურად ქილიკობ ცალკეულ მოვლენებზე - ეს უკვე ფსიქიკური აშლილობისა და დემონური მდგომარეობის გამოძახილია.
ეს ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც ამგვარად გამოიყურება, დიდად საბრალო და საცოდავია, რადგან საკუთარ თავში ღმერთის მკვლელია სხვის ჯინაზე. ეს კი, როგორც წესი კომფორტული პოზაა ათეისტისთვის და სინდისმიძინებული ბიოორგანიზმისთვის.
ადამიანი, რომელიც შინაგანად და შემოქმედებითად დაშორებულია ღმერთს და მისდევს სეკულარულ პრინციპებს, რასაკვირველია მისთვის უზენაესი ზეარსი აბსოლუტურად "არარენტაბელური", უსარგებლო, არასარფიანი და უინტერესოა (თუნდაც პრაგმატული და პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე).
მეტიც, ის ყოვლისმპყრობელი, მისთვის (ცოდვების გუდასთვის) აღიქმება როგორც მბრალმდებელი, ბოროტი და დესპოტი პროკურორი.
თეოლოგი ალექსანდრე კალომიროსი ამბობს: "თანამედროვე ათეიზმი არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე."
რასაკვირველია იერარქიასა და სამღვდელო დასში გარკვეული პრობლემები არსებობს - ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისითაც საპატრიარქო არ წარმოადგენს უნაკლო ორგანიზაციას (თუმცა, სულიწმინდის მადლით ეკლესია სწავლებითად უცდომელია). მაგრამ უგუნურებაა არაკვალიფიციური ექიმების გამო, მედიცინა დაგმო და ჰიპოკრატეს აუჯანყდე!
მე, ყოველთვის გულწრფელი ტკივილით ვეხმიანები ხოლმე ამა თუ იმ გადაცდომასა და უწესრიგობას, მაგრამ იმის თქმა, რომ "ზოგადად, ეკლესიაში ღმერთს ვერ ვხედავ, რადგან, იქ ოქროს ხატებია და კორუმპირებული სასულიერო პირებიო" - სრული უტიფრობა და უმეცრებაა, რომელიც რაღა თქმა უნდა პირადი ბოღმით, ღვთისადმი შინაგანი მძულვარებითა და ამპარტავნებით არის ხოლმე ნასაზრდოვები.
ჩასაფრებულ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ის მოოქროვილი თუ მოჭედილი ხატი, არ არის პირადი საკუთრება და შესაბამისად ვერავინ მოიხმარს მას კერძო სარგებელისთვის. არც არქიტექტურულად გრანდიოზულმა ტაძრებმა არ უნდა აღგაშფოთოთ, რადგან ვერც იქ ვერავინ დაიდებს ბინას და ვერ მიეცემა საყოფაცხოვრებო განცხრომას, რამეთუ ისიც არ წარმოადგენს კერძო სუბიექტის მიერ პრივატიზებულ სახლსა და კარმიდამოს, არამედ, ის მრევლისა და მთელი ერის კუთვნილი საგანძური და ღვთის სადიდებელი ადგილია.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას. ქრისტიანი ადამიანი (საერო თუ სასულიერო) ყოველგვარ ქველ საქმეს ძირითადად დაფარულში აკეთებს, ყოველშემთხვევაში მის სიკეთეს საყვირს არ უკრავს და არ დემონსტრირებს, თანახმად სახარებისეული მორალისა: "ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად"(მათე, 6,3-4).
აქედან გამომდინარე თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ, მაგრამ სინამდვილეში უამრავი კეთილისმოქმედი სასულიერო პირია ჩვენს ირგვლივ, ძალიან ბევრი მიუსაფართა, ბავშვთა და მოხუცთა სახლია საპატრიარქოს ბალანსზე, უამრავი ტაძარია სადაც გაჭირვებულებს აპურებენ ყოველდღიურად, ტანისამოსს და ფულს აძლევენ, სახლში საკვებ პროდუქტებს ატანენ და სულიერ თუ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ და ამაზე ცხადია ტელეკომპანიები: რუსთავი2 და ტაბულა არასოდეს გაუწყებთ ტელეეთერით, არამედ პირიქით, წავლენ და ისეთ სათნოებათა სახლს მონახავენ სადაც მწირი და დუხჭირი გარემოა, ისეთ "სასულიერო პირს" იპოვიან, რომელიც ან განკვეთილია, ან სექტანტ-სქიზმატი, ან კიდევ განყენებული, ან სხვებთან შედარებით ნაკლებ ნაკითხი და მას ეკლესიის მოქმედ სახედ შემოგატყუებენ.
მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ მინდორში ცხოვრობენ ფუტკრებიც და ბუზებიც, ერთი ყვავილს ეძებს და მეორე კი ნეხვს. რას ვიზამთ ბუზებს არ შეუძლიათ სიმყრალის გარეშე და ყვავილის არსებობით არც დაინტერესდებიან და ვერც შეამჩნევენ. გაბოროტებულ ბრმას კი, რომ ჰკითხო, მზე არ არსებობსო გიპასუხებს, არადა, ცხადია სწორი იქნებოდა, რომ ეთქვა "უბრალოდ, მე მას ვერ ვხედავო".
ნახეთ რა კარგი შედარებაა. ფუტკარი შრომობს, ადამიანებს არ აწუხებს, გვაძლევს სამკურნალო თაფლს, სანთელს და მისი მეშვებით სინათლეს. ე.ი. ვიკვებებით, ვმადლობთ უფალს და ბნელშიც გზას ვხედავთ. - ეს არის ალეგორიული სახე მორწმუნისა. ბუზი კი რას აკეთებს: ზის აქოთებულ გარემოში, შემდეგ რასაც კი ეხება ყველაფერზე იმ ნაგვის ბაქტერია გადააქვს, ილესავს ნესტარსა და ფრთებს ნაკლესით (ე.ი. ენას შხამავს და იმუხტება და გადაადგილდება მხოლოდ აქოთებული მასით) გვაწუხებს თავისი აბეზარობით.- ეს კი სახეა ურწმუნო და მატერიალისტი ადამიანისა, რომელსაც არავისთვის კარგი არ მოაქვს.
და კიდევ: ვისაც დანახვა არ სურს, რიყეზე ქვასაც კი ვერ შეამჩნევს ჩემო მეგობრებო!