იზა ვეფხვაძე: პროვინციელობა ჩამორჩენილობას არ ნიშნავს - სოფელი ფარცხანალი ამის საუკეთესო მაგალითია!
ამ რამდენიმე თვის წინ, „ივერიონში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ უნიჭიერეს ქალბატონთან, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორთან, რეჟისორსა და მსახიობთან, ქ-ნ იზა ვეფხვაძესთან.
ინტერვიუმ შემოქმედებით წარმატებებთან ერთად, სრულად წარმოაჩინა მისი, როგორც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ფენომენის სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ნიშანდობლივია, რომ ქალბატონი იზა 10-ზე მეტი წიგნის ავტორიცაა.
ახლახან გამოვიდა იზა ვეფხვაძის ახალი უნიკალური წიგნი „ფარცხანალი - კორიფეთა სამკვიდრო“.
ქალბატონი იზა „ივერიონის“ სტუმარია.
- ქალბატონო იზა, ახლახან თქვენი ავტორობით გამოვიდა უნიკალური წიგნი „ფარცხანალი - კორიფეთა სამკვიდრო“, რომელსაც საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა. ამის დასტურია მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წიგნის წარდგინებისას გაკეთებული შეფასებები. „ივერიონის“ მკითხველისთვის საინტერესოა, მაინც რით არის წიგნი საყურადღებო?
- წიგნი საყურადღებოა იმით, რომ მასში მოთხრობილია ხარაგაულის ერთ-ერთ უნიკალურ სოფელზე - ფარცხნალზე, რომელმაც დიდებული ადამიანები - ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების კორიფეები აღზარდა, მათ შორის, 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი - ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების უთვალსაჩინოესი ადამიანები, რომელთაც არა მარტო დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა დარგების განვითარებაში, არამედ, საფუძველი დაუდეს ცალკეულ მეცნიერებებსაც.
წარმოიდგინეთ, ამ სოფლის 6 მკვიდრი პანთეონშია დაკრძალული. ნიშანდობლივია, რომ ისინი სხვადახვა წლებში ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს, მწერალთა კავშირს. ყოველივე ამას ემატება ის ფაქტიც, რომ 18 წლის გალაკტიონი სოფელ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა.
ბოლო პერიოდში აქტიურადაა საუბარი, რომ ეს სოფელი, როგორც მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აღმზრდელი, უნიკალურია მთელ მსოფლიოში და შესაძლებელია შევიდეს გინესის რეკორდების წიგნში.
დიახ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფელი ფარცხნალი, არაჩვეულებრივი გახლავთ იმით, რომ აქ ძალზე ბევრი სახელოვანი ადამიანის აკვანი დაირწა. როგორც გითხარით, ამ სოფლის მადლიანმა ბუნებამ ასაზრდოვა ქართული მეცნიერების, ხელოვნების, მწერლობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი. მარტო 4 აკადემიკოსის დასახელებაც კმარა (ევგენი და გოგი ხარაძეები, იოსებ და ოთარ ბუაჩიძეები).
- ხარაგაული კალმოსნების ნაკლებობას (იგულისხმება როგორც ჟურნალისტები, ასევე მეცნიერებიც) ნამდვილად არ განიცდის. მაინც რამ გიბიძგათ ხელი მოგეკიდათ ამ ფრიად საპასუხისმგებლო თემისთვის. თქვენ, როგორც ავტორი, როგორ აფასებთ წიგნის მეცნიერულ და ინფორმაციულ ღირებულებას. თვლით, რომ ჩანაფიქრმა მიზანს მიაღწია?
- წიგნისადმი მეცნიერების და საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი მაფიქრებინებს, რომ ჩანაფიქრმა მიზანს ნამდვილად მიაღწია - წიგნის გამოცემის დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები. ადამიანები გაოცებას ვერ მალავენ ამ საოცარი სოფლის გამო. რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა უკვე ამ თემას.
ხოლო, პირველ რადიოში, წიგნზე საუბრისას, რეკორდული ზარების რაოდენობა დაფიქსირდა, რის გამოც, იქვე, ღია ეთერში ჟურნალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე, როგორც ავტორი, ამ სოფელზე სასაუბროდ შემახვედრონ რადიომსმენელებთან.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ფარცხნალზე ვრცელი მონათხრობი მაქვს წიგნში „ხარაგაული“ (ნაწილი 1), სახლწოდებით „არის ასეთი სოფელი“, მაგრამ დროთა განმავლობაში ფარცხნალზე კიდევ მეტი ინფორმაცია მოვიძიე, რამაც მაფიქრებინა, რომ საჭირო იყო წიგნის ცალკე გამოცემა, რათა მეტ ადამიანს სცოდნოდა ამ სოფლის უნიკალურობაზე.
გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული სოფლის პროპაგანდაც, რომელიც უკვე დაცლის პირასაა. ეს არის მსხვრევა გეოგრაფიული პროვინციალიზმისა, რომელიც ძალზე ფეხმოკიდებულია საქართველოში - ან ხარ თბილისელი, ან პროვინციელი და ჩამორჩენილი. ეს წიგნი კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისა, რომ სწორედ სოფელია ძარღვი და ხერხემალი ქართული აზროვნების, ცნობიერების და ზოგადად, რეგიონების და სოფლების განვითარების გარეშე ამ ქვეყანას მომავალი ვერ ექნება!
მიზეზი იმისა, რომ ხარაგაულიდან ფეხის მოცვლას არ ვაპირებ და ლიტერატურული თეატრიც მთელს საქართველოში ხარაგაულის სახელით დადის, არის ის, რომ როგორღაც დავამსხვრიოთ ეს გეოგრაფიული საზღვრები, და დავარწმუნოთ ჩვენი ახალგაზრდები, რომ რეგიონებიდანაც შეიძლება საქმის კეთება, თან ისე, რომ ფესვებსაც არ მოწყდე და შენი კუთხეც მთელი ქვეყნისთვისცნობილი გახადო.
ვიმეორებ: რეგიონების დაცლა კარგს არაფერს მოგვიტანს, ვისაც როგორ შეგვიძლია ისე უნდა გავამაგროთ ჩვენი კუთხეები, ჩვენი სოფლები, თორემ თუ ფესვებს მოვწყდით, ქაოსსა და უსასრულობაში ჩავინთქმებით... ეს წიგნიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
- როგორც წიგნის ბოლოთქმაშია ნათქვამი, შესაძლოა სოფელი ფარცხნალი თავისი უნიკალურობით გინესის რეკორდსმენთა სიაში აღმოჩნდეს, კონკრეტულად რა კეთდება ამ მიმართულებით?
- დიახ, წიგნის ბოლოთქმაში ვწერ, რომ 10 წლის წინ ამ საკითხებზე საუბარი მქონდა აწ განსვენებულ ჯუმბერ ლეჟავასთან და ბატონ გვანჯი მანიასთან. მათ გაგაზავნეს კიდეც შეტყობინება ამ სოფლის შესახებ გინესის წარმომადგენლობასთან, მოვიდა პასუხიც, , სადაც იტყობინებოდნენ , რომ სოფელი მართლაც უნიკალურია, მაგრამ რაღაც გარკვეული კვლევაა საჭირო, ხომ არ არის მსოფლიოში რაიმე ანალოგი. ამჯერად ბატონ გვანჯი მანიასთან ვთანამშრომლობთ ამ საკითხებზე და უახლოეს პერიოდში ერთხელ კიდევ მივმართავთ წინადადებით გინესის წარმოამდგენლობას. პასუხს დაველოდოთ.
წიგნში ყურადღებას იპყრობს გალაკტიონის პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი ისტორია, რომელიც სწორედ ამ უნიკალურ სოფელს უკავშირდება. ასევე განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თქვენეული შეფასება, რომელიც ერთი შეხედვით, ბიოგრაფიულ ცნობებს ეყრდნობა, თუმცა, ეს უფრო მეტია, ვიდრე ბიოგრაფია...
- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ის თემებია, რომელიც საზოგადოების ღრმა და სერიოზულ ინტერესს გამოიწვევს. თავად ფაქტი, გალაკტიონის პედაგოგიური მოღვაწეობისა ამ პატარა სოფელში, ძალზე საინტერესოა.
თავის დროზე ცალკე წიგნად გამოვეცი კვლევა „ გალაკტიონის ნატერფალები“ და თუ თავმოწონებად არ ჩამითვლით, ბატონმა ნოდარ ტაბიძემ მაღალი შეფასება მისცა ამ კვლევას. ეს ნაშრომი უცვლელად შევიტანე წიგნში და ბევრი ადამიანისთვის ამ წიგნით პირველად გახდა ცნობილი დიდი გალაკტიონის პედაგოგობისა.
იგივე შემიძლია ვთქვა რეზო თაბუკაშვილზეც, რეზო გახლდათ სრულიად სხვა ფენომენი ყველა განზომილებით - ის მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი ქართველია, რომელმაც უმძიმეს დროში საოცარი ღვაწლი დასდო თავისი ქვეყნის წარსულს, დიდ ქართველებს და რისკის ფასად საქართველოს დაუბრუნა სახელმწიფოს განძეული და თავად მიხეილ თამარაშვილი. თუმცა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს - მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე თამამად შეიძლება შევადაროთ ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, გრიგოლ ფერაძის და სხვა ღირსეულ წინაპართა ნაამაგარს.
სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ საკმაოდ ვრცლად შევიტანე წიგნში მის მოღვაწეობასა და ჭეშმარიტ ქართველობაზე, ეს დაახლოებით გახლავთ ჩემი საავტორო სპექტაკლის სცენარის ვერსია „ მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“, რომელიც თითქმის 100-ჯერ ვაჩვენე უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ამ სპექტაკლისადმი ინტერესი წლების განმავლობაში არ ნელდება!
- ბოლოთქმაში აქცენტი კეთდება ფარცხანალის სოფელ-მუზეუმად გამოცხადების აუცილებლობაზე, რომელიც ბიუროკრატიული ბარიერების გამო დღემდე ვერ ხერხდება. რა გიშლით ხელს კონკრეტულად?
- დიახ, უკვე ათწლეულებია, ყველა ხელისუფლებას ვაწუხებ, რომ იქნებ მოხერხდეს ამ სოფლის სოფელ-მუზეუმად გამოცხადება და სოფლის ცენტრში სოფლის ისტორიის მუზეუმის განთავსება, რომელიც ქართულ სინამდვილეში იქნება უნიკალური ფაქტი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაცხადდება ქართული სულიერების, ნიჭიერების და ქართული გენის მარადიულობა, წარმოგიდგენიათ, რომ მსოფლიო შეიტყობს - ერთ პატარა , ულამაზეს იმერულ სოფელში, სადაც 200 კომლი ცხოვრობს, გენიოსები დაიბადნენ და არაერთი , იქ მისული ტურისტი საოცრების მომსწრე გახდება -თითქმის დაუჯერებელ ამბებს მოისმენს.
თუ ამას დავუმატებთ ამ სოფლის ულამაზეს ბუნებას, კულტურულ ძეგლებს, მართლაც სამოთხეში მოხვდებიან, რომელი ტურისტი არ ისურვებს გენიოსების სოფელში ღამის გათევას. ვიმედოვნებ, ჩემი დარჩენილი ცხოვრების წლები ამ იდეის განხორციელებას ეყოფა.