რატომ მივდივარ აქტიურ პოლიტიკაში?!
ბევრი ფიქრისა და წვალების შემდეგ საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება წავიდე აქტიურ პოლიტიკაში და წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება სახელმწიფოს სამსახურს მოვახმარო! (ამბიციური ნათქვამია, არა?!)
თუმცა, როგორც აქტიური ჟურნალისტი პოლიტიკაში ყოველთვის ვიყავი - დაუფარავად ვწერდი იმაზე, რაც არ მომწონდა, ვწერდი იმ საშიშ ტენდენციებზეც, რომელიც ყალიბდებოდა ქართულ პოლიტიკაში და რომელმაც ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა.
თამამად შემიძლია განვაცხადო: მიუხედავად არსებული სიმახინჯეების მიმართ მძაფრი კრიტიკული განწყობისა, კორექტულობის ზღვარი არასდროს გადამილახავს და არც კონკრეტული პიროვნებების ღირსებას შევხებივარ!
მოგეხსენებათ, ადამიანი თავისი ბუნებით სუსტი არსებაა. თუ მასში სულიერების ბალავარი ჩაკირული არ არის, ადვილად ეგება ცდუნების ანკესზე და მერე ძალიან უჭირს ჭაობიდან ამოსვლა!
...ბოლო 25 წელიწადი ვაკვირდებოდი, როგორ იძერწებოდნენ „თანამედროვე“ პოლიტიკოსები და როგორ კარგავდნენ საკუთარ სახეს, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოს ინტერესების ღალატის კვალიფიკაციას იძენდა.
იმასაც ადვილად ვხედავდი, როგორ იქცა ქართული პოლიტიკა სარფიან ბიზნესად და ქართული ბიზნესი ბინძურ პოლიტიკად!
ადამიანები, რომლებმაც ყალბი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვეს და სული ეშმაკს მიყიდეს, დღეს ათასების და ასიათასების ხარჯზე, (საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ხარჯზე) განცხრომაში და ფუფუნებაში ცხოვრობენ!..
დააკვირდით: მთელი 25 წლის მანძილზე თითქმის ერთი და იგივე სახეები ტივტივებენ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე და პოლიტიკური ასპარეზიდან განზე გადგომას არც აპირებენ. აზარტში შესულნი იმდენად არიან გაბრუებულნი თავბრუდამხვევი „წარმატებებით“, აქეთ გვამუნათებენ და საკუთარი თავს ქართული პოლიტიკის ჭიპლარად აცხადებენ!
სამწუხაროდ, დაზომბირებული მასა ყველაფერს ეგუება და ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს, რომ თავისი უმოქმედობით როგორ მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ!!!
არის თუ არა პოლიტიკა ბინძური საქმე?!
ხშირად გაიგონებთ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. დღევანდელი გადასახედიდან არის ამ ფორმულირებაში ჭეშმარიტების მარცვალი.
თუმცა, არსებობს მეორე გამოთქმაც: პოლიტიკა ბინძურია ბინძური ადამიანების ხელში. თუ ქართული რეალობიდან შევხედავთ, ვინც ალღო აუღო და თავსმოხვეული გლობალური პოლიტიკის უსიტყვო შემსრულებელთა რიგებში ჩაეწერა, მარადპოლიტიკოსის მანტია მოირგო და სახელმწიფოს ინტერესების ღალატის ხარჯზე საკუთარი ცხოვრება მშვენივრად აიწყო, ხოლო, ვინც სათანადო მარიფათი ვერ გამოიჩინა და პოლიტიკური უზნეობის მორევში არ ჩაიძირა, ან დასუსტდა და მაინც თავის ჭიას ახარებს, ან, საერთოდ თამაშიდან გამოეთიშა.
ზოგადად, პოლიტიკა არ არის ბიძნური საქმე. იგი კომპრომისების და მართვის ხელოვნებაა - მთავარია, რამდენად ზნეობრივი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოდიან ხელისუფლების სათავეში...
სამწუხაროდ, ბოლო 25 წლიანი ისტორია (თუ გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობის პერიოდს არ მივიღებთ მხედველობაში) ღალატისა და სატანური ძალებისადმი ბრმა მორჩილების პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ - ძალაუფლებას და მაქსიმალურ კომფორტს დახარბებულნი ერის სასიცოცხლო ინტერესებს ორ გროშად ყიდიან!
აქედან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს გულმართალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები სჭირდება!
არსებობს თუ არა კარგი ხელისუფლება?
ამ კითხვაზე მკვეთრად უარყოფითი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან, აქსიომაა: ყოველ ერს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც ის იმსახურებს!
თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ნებისმიერი ხელისუფლება იმ დაკვეთას ასრულებს, რა დაკვეთასაც იგი ხალხისგან იღებს...
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კარგი ხელისუფლება არ არსებობს, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, იგი მოწოდებულია რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მიიტაცოს და საზოგადოება საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებული გახადოს!
ერთი სიტყვით, ვინც თვლის, რომ რომელიმე ხელისუფლება ხალხზე ფიქრითა და ზრუნვით ათენ-აღამებს, ძალიან ცდება _ ის (ხელისუფლება) იმდენად ზრუნავს ჩვენზე, რამდენადაც ჩვენ ვაიძულებთ შეასრულოს თავისი ვალდებულება!!!
სამწუხაროდ, ქართული რეალობა ამ თვალსაზრისით უნუგეშო სურათს იძლევა - ბოლო 25 წლის მანძილზე არც ერთი ხელისუფლება ხალხის სამსახურში არ ჩამდგარა. მითუმეტეს, სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე არ ყოფილა - პირიქით, საკუთარ სკამებს და კეთილდღეობას ანაცვალეს ხალხის და საკუთარი სამშობლოს ინტერესები.
აქვე ერთი ქართული გამოთქმა მახსენდება: ბავშვს ეკითხებიან, რატომ ტირიო - გამდის და ვტირიო - ხელისუფლებასაც გასდის და ისე იქცევა, როგორც იქცევა. აბა ერი გამოფხიზლდეს და საკუთარი უფლებების თანმიმდევრული დაცვა დაიწყოს, ხელს ვერანაირი ხელისუფლება ვერ შეუშლის, თუნდაც სააკაშვილისნაირიც მოვიდეს!
მორალი: არ არსებობს კარგი და ცუდი ხელისუფლება - არსებობს სუსტი და ძლიერი საზოგადოება, რომელიც ან იცავს, ან ვერ იცავს საკუთარ უფლებებს!
აგრესიული პოლიტიკა, პოლიტიკური ნაცარქექიები და
პოლიტიკური უკულტურობა
მტკიცება არ სჭირდება, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის აშკარა დეფიციტია. საქმე ისაა, რომ ქვეყანა ძალადპოლიტიკოსებითაა გატენილი და არანაირი ნიშანწყალიც არ ჩანს, რომ ვინმე პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე და, შესაბამისად, პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრებაზე ფიქრობდეს!
როგორც წესი, საქართველოში წარმატებულ პოლიტიკოსად ის ითვლება, ვინც ყველაზე მეტ აგრესიას გადმოანთხევს და ყველაზე ლამაზი დაპირებებით გაგვაბრუებს. პოლიტიკური ქარიზმაც პირობითი ცნებაა. ასე მაგალითად, ქარიზმის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბაძავდა ზვიად გამსახურდიას, მაგრამ, პირველი პრეზიდენტისგან განსხვავებით, იგი უფრო აგრესიული პოლიტიკოსი იყო, რომელიც, საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველას და ყველაფერს ადვილად ინელებდა. საზოგადოება, რომელიც თავდაპირველად მოხიბლული იყო ახალგაზრდა „რეფორმატორის“ ქარიზმით, გაცილებით გვიან მიხვდა, რომ ამ „რეფორმატული სულის“ მიღმა ბოროტება იმალებოდა!
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავად თუ კარგად გავისტუმრეთ (თუმცა, სიტყვა „გასტუმრება“ პირობითია) და მისი სამართალმემკვიდრე აშკარა აგრესიულობით არ გამოირჩევა, ქვეყანაში მაინც აგრესიული ფონია _ პოლიტიკური დებატები კონსტრუქციული კრიტიკის ჩარჩოში ისევ ვერ ჯდება - გამიშვი-დამაკავეს პოლიტიკა დღესაც „წარმატებით“ გრძელდება.
ნიშანდობლივია, რომ ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი ძალები, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებას მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალების“ კრიტიკით და აგრესიული გამოხტომებით ცდილობენ. ეჭვი არ მეპარება, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანა არანაკლები თავსატეხის წინაშე აღმოჩნდეს!
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არც ყოფილს, არც მოქმედს და არც ახლადგამომცხვარ პოლიტიკურ სუბიექტებს, გარდა მყვირალა ლოზუნგებისა და ცრუ დაპირებებისა, სახელმწიფოს განვითარების პროგრამა და სტრატეგია არ გააჩნიათ. თუმცა, რომც შეეძლოთ, ზედმეტად რატომ აიტკივებენ თავს, როცა ამომრჩეველთან ამის ვალდებულებას არ გრძნობენ...
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაცარქექიებს, ისინი უსაქმურობისგან ნაცრის ქექვით არიან დაკავებულნი, ხანდახან კი, მოსაჩვენებლად საჯაროდაც გაიკუნტრუშებენ, რომ მათი არსებობა შეგვახსენონ. სამწუხაროდ, ასეთი ნაცარქექიებით სავსეა ქართული პოლიტიკური სივრცე!
რას მოგვიტანს ახალი არჩევნები?
რამდენიმე თვეც და ქართველი ამომრჩეველი მორიგი არჩევანის წინაშე დადგება. როგორც წესი, არჩევნებს საზოგადოება ახალ იმედებს უკავშირებს. უფრო სწორად, ილუზიების ტყვეობაშია და ასე ჰგონია, რომ უფრო კარგი ხელისუფლება მოვა და უკეთეს მომავალს შეუქმნის!
ლოგიკურად ისმება კითხვა: რას მოგვიტანს ახალი არჩევნები და შეიცვლება თუ არა პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში?
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ოქტომბერში ჩვენ ურთულესი დილემის წინაშე დავდგებით - ვის მივცეთ ხმა და მომავალი პარლამენტის (ხელისუფლების) შემთხვევაში რა პერსპექტივა ელოდება ქვეყანას?!
ჩემი პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მთავარი მოთამაშეები (კოალიცია „ქართული ოცნება“ თავისი ოდიოზური სუბიექტებით და გადაპორტირებული „ნაციონალებით“) ისევ დარჩებიან აქტიურ პოლიტიკაში, შეიქმნება უფრო მრავალპარტიული პარლამენტის იმიტაცია (შემოვლენ ახალი სუბიექტებიც), რომელიც მხოლოდ ფორმით განსხვავებული პოლიტიკური სუბიქტის შთაბეჭდილებას დატოვებს, შინაარსით კი კიდევ უფრო გაამყარებს დღეს არსებულ პოლიტიკურ სულისკვეთებას - საბოლოოდ გაშიშვლდება მავანთა ზრახვები, რომელთა მიზანი მასირებული შეტევაა ქართული იდენტობის წინააღმდეგ!
არ არის გამორიცხული, არჩევნების დამთავრებისთანავე სისრულეში მოიყვანონ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, სკოლებში ქართული მენტალობისთვის მიუღებელი სახელმძღვანელოების (გენდერული თემატიკა) შემოღება, ასევე ღია შეტევა დაიწყოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ (ამას სათანადო იმპულსი შეიძლება 2016 წლის მაისის „წმინდა კრების“ გადაწყვეტილებამაც მისცეს)!
ამას წინათ, კორექტულად ვამხილე ის ადამიანები, ვინც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, რომ თითქოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა ლიბერასტულმა ძალებმა უკან დაიხიეს და კონსტიტუციაში ცალსახად ჩაიწერება: ქორწინება - ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა და ამით წერტილი დაესმება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მცდელობას.
ადრე მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „მზადყოფნას გამოხატავს“ კონსტიტუციაში ჩაიწეროს სათანადო ფორმულირება, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება - პირიქით, ეს არის საზოგადოების ყურადღების მოდუნების უღმერთო მცდელობა, რომლის მიზანი დროის გაყვანის ნაცადი ტაქტიკაა, რადგან, ჯერ ერთი, რომც იყოს ამის სურვილი, დღევანდელი პარლამენტი დარჩენილ დროში ამას ვერ მოასწრებს, მეორეც, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები არ მოგროვდება.
აქედან გამომდინარე, დაიჯერეთ, რომ ვინც ჩვენ გვატყუებს უფრო დიდი მტერი და ფარისეველია, ვიდრე ის, ვინც შინაგანად მზად არის ხელი აუწიოს სიბინძურის დაკანონებას ქვეყანაში!
დასკვნა: მე მომავალი არჩევნებისგან კარგს არაფერს ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩნდებიან ახალი „სახელები“ თუ ახალი „სახეები“, ეს არსებითად არაფერს შეცვლის _ ქარავანი თავისი გზით წავა, ისე, რომ ძაღლის ყეფასაც ვერ გავიგონებთ!
რატომ მივდივარ აქტიურ პოლიტიკაში?
მიუხედავად იმისა, რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თავს ვალდებულად ვთვლი წავიდე აქტიურ პოლიტიკაში იმ რწმენით და იმედით, რომ თანამოაზრეების არმია თანდათან გამოჩნდება.
არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნით სიტუაციას უკეთესობისკენ რადიკალურად შემოვაბრუნებ, მაგრამ სათქმელს უფრო დაბეჯითებით ვიტყვი და ჩემს სიტყვასაც პოლიტიკური ავანსცენიდან სხვა ძალა და დატვირთვა ექნება!
ძალიან მინდოდა, ახლებურად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბების სათავეებთან ვყოფილიყავი, მაგრამ ამის მზაობა ჯერჯერობით ქვეყანაში არ იგრძნობა. უკვე გაცხადებული ამბიციების მიუხედავად, ვერც პაატა ბურჭულაძეს და ვერც სხვა სუბიექტებს ახალ პოლიტიკურ ძალად ვერ ჩავთვლი - ყველა ისინი ვიღაცის სატელიტები არიან და მავანთა და მავანთა რუპორის ფუნქციას ასრულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა ბოლომდე არ ემთხვევა ერთმანეთს, იძულებული ვარ გარკვეულ კომპრომისზე წავიდე და რომელიმე პოლიტიკური სუბიეტის შემოთავაზებას დავთანხმდე. შემოთავაზება კი რამდენიმე პოლიტიკური პარტიიდან უკვე წამოვიდა. მესმის, რომ ჩემს მიერ არჩეული პოლიტიკური სუბიექტის „მუნდირის ღირსების“ დაცვა მომიწევს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ბოლომდე დავრჩე საკუთარი პრინციპების ერთგულად და ხელი შევუწყო ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის, ანუ ჯანსაღი ოპონირების პრაქტიკის დამკვიდრებას.
თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მომავალი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყანაში სიტუაცია არიონ და საქართველო ახალი არჩევნების აუცილებლობის წინაშე დადგეს, რასაც თვისობრივად განსხვავებული ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაც მოჰყვება. ჩემი მონაწილეობა მომავალ არჩევნებში სწორედ ერთგვარი რეპეტიცია იქნება ამ ახალ პოლიტიკურ ძალაში გასაწევრიანებლად.
დაველოდოთ არჩევნებს!!!
P.S. შეიძლება ბევრს აინტერესებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიიდან მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ჩემთვის საიდუმლოდ დავიტოვებ. ყოველ შემთხვევაში, მმართველი კოალიციიდან არ ყოფილა - ისინი „ახალ სახეებს“ სხვა კრიტერიუმებით ეძებენ.
ზაურ ნაჭყებია