ზაურ ნაჭყებია: ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა დაბრუნდეს!

ზაურ ნაჭყებია: ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა დაბრუნდეს!

ამ ბოლო დღეებში ბევრს მარჩიელობენ იმაზე, დაბრუნდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში, კონკრეტულად, „ქართულ ოცნებაში“.

 

ზოგი მას „ქართული ოცნების“ სწორუპოვარ სახედ მიიჩნევს (სიის პირველ ნომრად) და მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობასაც უწინასწარმეტყველებს!

 

არიან ისეთებიც, ვისაც ეს თემა შემოგდებული ჰგონია და ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილის ადგილი „ქართულ ოცნებაში“ არ არის. არგუმენტები მარტივია: ის უკვე იყო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და რიგით წევრად ხომ არ დაბრუნდება?!

 

აზრთა სხვადასხვაობაა კოალიციის სუბიექტებს შორისაც: თუ „რესპუბლიკელები“ ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ (შესაბამისად კოალიციაში) დაბრუნებას რეალურად და მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ (ლ. ბერძენიშვილი), მშობლიური პარტიის წევრები მიესალმებიან მის წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ გააქტიურებას და გვარწმუნებენ, რომ ექს პრემიერ-მინისტრი კოალიციას დიდ სარგებლობას მოუტანს!

 

მოგვწონს თუ არ მოგვწონს როგორც პოლიტიკოსი, ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იდგა „ქართული ოცნების“ ფორმირების სათავეებთან და მას ქვეყანაში ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაც ეკავა! იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილი მას ბოლომდე ენდობოდა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მითებს (თუმცა, ძნელია მტკიცება, მითია თუ რეალობა), ე.წ. „კახური კლანის“ არსებობაზე, შორიდან ჩანდა, რომ ექს-პრემიერს და კოალიციის ლიდერს ივანიშვილის ნდობა ბოროტად არ გამოუყენებია!

 

მიუხედავად საზოგადოებაში არსებული ეჭვებისა, დღემდე არ ვიცით, რატომ დატოვა ასე უხმაუროდ და მოულოდნელად ღარიბაშვილმა თანამდებობა, რატომ არ გამოვიდა დღემდე ჩრდილიდან და რა ამპლუაში შეიძლება ვიხილოთ იგი უახლოეს მომავალში. არც ის ვიცით, მან საერთოდ დაუსვა თუ არა წერტილი საკუთარ პოლიტიკურ კარიერას!..

 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ახალგაზრდული ასაკისა და პოლიტიკური უმწიფრობის მიუხედავად, არავის გაკვირვებია ივანიშვილის მხრიდან თავის შემცვლელად ღარიბაშვილის დასახელება - ყველა მიიჩნევდა, რომ ქართველმა მილიარდერმა და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების გმირმა ეს არჩევანი ერთგულების ნიშნით გააკეთა. არც ის იყო ვინმესთვის სადაო, რომ ახალგაზრდა პრემიერი მისი გამზრდელ-გამმწესებლის რუპორის ფუნქციას შეასრულებდა.

 

თუ საზოგადოების ერთი ნაწილი მას სიხისტეს უწუნებდა და პოლიტიკური კომპრომისების აუცილებლობაზე მიანიშნებდა, მეორე ნაწილისთვის ღარიბაშვილი თავისი პირდაპირი და შეუვალი განცხადებებით ნამდვილ ბუად იქცა!

 

დიახ, იგი არასასურველი ოპონენტი იყო არა მარტო სააკაშვილის პოლიტიკური ნარჩენებისთვის, არამედ კოალიციის შიგნით არსებული „რესპუბლიკელებისთვისაც“.

 

მართალია, ეს წინააღმდეგობა გარეგნულად მაინცდამაინც შესამჩნევი არ იყო, მაგრამ „შინაგანი დუღილის“ პროცესი აშკარად იგრძნობოდა. არც ის არის გასაკვირი, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოველთვის ივანიშვილთან ასოცირდებოდა!

 

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპათიები ღარიბაშვილმა განსაკუთრებით მაშინ დაიმსახურა, როცა კონკრეტული ინიციატივით გამოვიდა - ჩაწერილიყო კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. საკმაოდ ემოციური იყო მისი ხმამაღალი განცხადება: ყველაფერს გავაკეთებ, რომ კონსტიტუციაში ეს ფორმულირება ჩაწეროსო!

 

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის მიზეზად დღესაც სწორედ ამ ინიციატივას ასახელებენ - როგორც ამბობენ, ლიბერალურმა ფრთამ იმდენი გააკეთა, ივანიშვილი აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო. თუ ეს ნამდვილად ასეა, მითუმეტეს, გაუმართლებელია ღარიბაშვილის მოულოდნელი გაუჩინარება - ისე უნდა წასულიყო, რომ საზოგადოებას რებუსის ამოხსნა არ გაძნელებოდა!

 

დღეს ზოგისთვის ღარიბაშვილი პატრიოტულ აღტკინებას მსხვერპლად შეწირული გმირია, ზოგისთვის კი უპრინციპო და დაუღვინებელი ჩინოვნიკი, რომელსაც მორალური უფლება არა აქვს პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს!..

 

ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით, არის ამ უკანასკნელთა შეფასებაში ჭეშმარიტების მარცვალი - თუ გუნდის ლიდერი ხარ და გუნდიდან უჩინ-მაჩინივით იპარები, მართლაც არა გაქვს მორალური უფლება ისევ უკან დაბრუნდე!

 

გახსოვთ ალბათ, ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები - ბევრს მიაჩნდა, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს წინასწარ დადგმული სცენარი იყო - სუფთად მოეშორებინა საკუთარი ფავორიტი ხელისუფლებიდან და ახალგაზრდა ექს-პრემიერის წინამძღოლობით შეექმნა სატელიტი პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაძლიერების ფუნქციას შეასრულებდა.

 

ვერსია არ გამართლდა - ღარიბაშვილმა საერთოდ კულისებში გადაინაცვლა და დღეს მისი ავან-ჩავანი საზოგადოებამ არ იცის!

 

მიუხედავად მისი მხრიდან არაკორექტული (პოლიტიკურად გაუმართლებელი) ნაბიჯისა, ემოციურ ფონზე ღარიბაშვილს მართლაც შეეძლო შეექმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და გარკვეული მხარდაჭერაც მოეპოვებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა...

 

აქ უკვე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ აუნთო წითელი ივანიშვილმა თავის ფავორიტს (დანამდვილებით არავინ იცის, რატომ და რისთვის) და ხომ არ დაუსვა წერტილი ზოგადად ღარიბაშვილის პოლიტიკურ კარიერას? ან, იქნებ ეს ივანიშვილისგან იძულებითი ნაბიჯი იყო?!

 

ასეა, თუ ისე, ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაუბრუნდეს. ჯერ ერთი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის უმიზეზოდ (ყოველ შემთხვევაში, არ განუმარტავს, თუ რატომ მიდიოდა) დატოვებით მან საგრძნობლად შეარყია საკუთარი პოლიტიკური რესურსი და არა მგონია მისმა მობრუნებამ (ეს იქნება უპრინციპობის და უთავმოყვარეობის გამოვლინება) თავად კოალიციას რამე სარგებელი მოუტანოს!

 

მითუმეტეს, გაუმართლებელია კოალიციის (თუ პარტიის) სიის სათავეში იმ ადამიანის მოქცევა, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პარტიიდან და კოალიციიდანაც.

 

რაც შეეხება ზოგადად ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს მხოლოდ ივანიშვილის ჩრდილიდან საბოლოოდ გამოსვლისა და ნამდვილ ოპოზიციურ ლიდერად ჩამოყალიბების შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ისიც საკითხავია, შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს!

 

ბოლოთქმა: ამ ბოლო ხანებში ბევრს საუბრობენ „ქართული ოცნების“ ახალ სახეებზე, რომელსაც კოალიცია სავარაუდოდ მალე დაასახელებს. თუ კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციებს ვერწმუნებით, „ახალი სახეების“ შერჩევის კრიტერიუმი უცვლელია - არავის აინტერესებს ამა თუ იმ პერსონის პოლიტიკური ალღო, სახელმწიფოებრივი ხედვა, ცხოვრების პრინციპები. აქედან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა სიით გამოვა მომავალ არჩევნებში ესა თუ ის პოლიტიკური პარტია.

 

დიახ, მტკიცება არ უნდა, რომ მომავალი არჩევნებიც იგივე ფარსი იქნება, როგორც სხვა დანარჩენი. თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, დავძენ - ჩვენ ისევ „ავირჩევთ“ მომავალს ჩვენი (სახელმწიფოს) ინტერესების საზიანოდ, რადგან, ჩვენი „რჩეულები“ სინამდვილეში სხვისი რჩეულები, სხვისი ნების უპირობო შემსრულებლები არიან და ხალხის წიაღიდან არ გამოდიან! (თუმცა, ამ თემაზე სხვა სტატიაში გავამახვილებ ყურადღებას).

 

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კოალიციის შესაძლო დაშლისა და „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან გასვლის თაობაზე, ღარიბაშვილთან მიმართებაში ეს სტატიის პათოსს არსებითად არ ცვლის - ლიდერები ასე არ იქცევიან. მითუმეტეს, თუ ერის სულიერი საჭეთმპყრობელი საკუთარ ჯვარს იხსნის და ნდობისა და მადლიერების ნიშნად გჩუქნის!

 

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: