სოსო ცინცაძე: ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო მოუღო ხალხის ნდობას ნებისმიერი ხელისუფლებისადმი!
რომელი ქართული პარტია აპირებს ისლამურ სახელმწიფოსთან კოალიციციას 2016 წელს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, რა ელით ე.წ. უპატრონო პარტიებს და ნიადაგგამოცლილ “რესპუბლიკელებს“ - ექსპერტ სოსო ცინცაძისგან შეიტყობთ.
-ბატონო სოსო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ვის აძლევს ხელს საარჩევნო თარიღებით მანიპულირება?
-არ მგონია, ამ გადაწყვეტილებას დრამატული მნიშვნელობა ჰქონდეს. მნიშვნელობა ექნებოდა ისეთ ქვეყანაში, სადაც წინასაარჩვენო გარემო გამჭვირვალეა, ჩვენთან კი, სადაც წინასაარჩევნო კამპანია ბინძური კომპრომატებით მიმდინარეობს, შედეგი უკვე საყოველთაოდ ცნობილია.
წინასაარჩევნოდ არ გამოვრიცხავ სიტუაციის აჭრას იმ წვრილფეხა პარტიების მიერ, რომლებიც უპატრონოდ დარჩნენ კოალიციის დატოვების შემდეგ. არცერთი მათგანი არ არის მიჩვეული დამოუკიდებელ ბრძოლას და საკუთარი თავის იმედზე ყოფნას, სამაგიეროდ მიჩვეულნი არიან სპონსორებს, ვიღაცის იმედზე ან ვინმე მამამარჩენალის ფრთის ქვეშ ყოფნას. ჩემი აზრით, აი, ეს არის სიახლე წინასაარჩევნოდ...
-ვის გულისხმობთ?
-შეხედეთ “კონსერვატორებს“, „მრეწველებს“ და “ სოციალ-დემოკრატებს“ და მარტივად დაასკვნით, რომ „მრეწველები“ მრეწველები ნამდვილად არ არიან, “კონსერვატორები“ კონსერვატორები არ არიან, “სოციალ-დემოკრატები“ კი ისეთი სოციალ-დემოკრატები არიან, როგორიც მე ლგბტ-ს პრემიერ-მინისტრი.
-როგორ შეაფასებთ “ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას კოალიციის დაშლის შესახებ?
-წუხელ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გია ჟორჟოლიანი ამაყად აცხადებდა 2-3 კვირაში “გადაწყვეტილებას მივიღებთო“, არადა თვითონაც კარგად იცის, მეც ვიცი და ყველამ იცის, რომ ის კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არამედ სხვის გადაწყვეტილებას ელოდება. ხელისუფლება არაკომფორტულად გრძნობს თავს - არ არის დარწმუნებული გამარჯვებაში და ეძებს მითიურ თუ ნახევრადრეალურ საშუალებებს, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებას გაუადვილებს.
-კოალიცია “ქართული ოცნების“ რიგებიდან გასული “რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩვენებამდე კოალიციაში რჩება. რა ჰქვია ამგვარ პოლიტიურ ტაქტს და რატომ “დათმო“ პოზიცია “ქართულმა ოცნებამ“?
- ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშა მაისის ვარშავის სამიტმა, რომლიც შედეგიც ყველამ წინასწარ ვიცით.
წარმოიდგინეთ, სამიტის წინ შეცვალონ ხიდაშელი და გაუშვან, მაგალითად, სესიაშვილი. სამიტიდან სესიაშვილი, ხიდაშელის მსგავსად, ჩამოიტანს რას - არაფერს! მაგრამ მერე თქვენ გააჩერებდით „რესპუბლიკელებსა“ და ხიდაშელს? - გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ რომ წავსულიყავით, ახლა ნატოში ვიქნებოდითო!
მეორე მხრივ, “ქართული ოცნება“ იხანგრძლივებს სახელმწიფოს “რესპუბლიკელებთან“ ერთად მმართველობის პერიოდს, რადგან, ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ, როცა არჩევნები ფინალისკენ გავა, “რესპუბლიკელები“ შებოჭილი იქნებიან “ქართული ოცნების“ კრიტიკისას...
ჩვენთან ხდება ისეთი რამეები, რაც არსად არ მომხდარა. გია ჟორჟოლიანი წუხელ გაუწითლებლად ამბობდა და გვასწავლიდა, ბლოკი და კოალიცია სხვადასხვააო, კოალიცია კი არა, ბლოკი დაიშალაო. არადა, თავიდანვე კოალიცია შეიქმნა და არა ბლოკი. ესაა ქართული პოლიტიკის დეგრადაცია.
-თქვენი აზრით, რომელი პარტიებით დაკომპლექტდება 2016 წლის პარლამენტი და ვისთან შექმნის კოალიციას “ქართული ოცნება“?
-გაერთიანების მოტივაცია, ერთიანი ხედვა, იდეოლოგია, ფასეულობა, ღირებულება, სახარება და ერთ ეკლესიაში ლოცვა კი არ არის კოალიციის მომხრე პარტიებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ, პარლამენტში ჯდომა.
ესაა მათი ნეოკომუნიზმი - ლენინი ამბობდა, ნებისმიერ გუნდთან და პარტიასთან გაერთიანდებიან ბოლშევიკები, ოღონდ, ხელისუფლებაში მოვიდნენო. “ვითომ მემარჯვენეებსა“ და “რესპუბლიკელებს“ რომ ვუთხრა-თქვენ ლენინის გზას მიჰყვებით-მეთქი- გამწვანდებიან, გალურჯდებიან, ჭაღზე ჩამოეკიდებიან, შენ თვითონ ძველო კომუნისტოო, მეტვიან, რას გვაბრალებო.
ქართული პოლიტიკური პატიის წევრები ისლამურ სახელმწიფოსთანაც გაერთიანდებიან ბლოკში, ოღონდ, პარლამენტში შევიდნენ.
ჩემი აზრით, პარლამენტში შევლენ: “ქართული ოცნება“,“ თავისუფალი დემოკრატები“, “ნაციონალური მოძრაობა“ და ბურჯანაძე მცირე გუნდით. „პატრიოტთა ალიანსზე“ დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით!
-როგორ შეაფასებთ “ნაციონალური მმართველობის პერიოდსა და უკანასკნელ 4 -წლიან მმართველობას საქართველოში?
- 4 წლის წინ დიდი იმედი იყო, რომ “ქართული ოცნება“ აღმოჩნდა „ნაციონალების “ დამმარცხებელი ძალა. დღეს საშიში ნიჰილიზმი და პოლიტიკური დეგრადაციაა გამეფებული, რაც უკანასკნელი 4 წლის შედეგია.
40-50 წლის შემდეგ, ქართველი ისტორიკოსები ასე იტყვიან დღევანდელ 4 წელიწადზე: ივანიშვილმა თავისი „ოცნებით“ პატიოსან ბრძოლაში დაამარცხა სააკაშვილი და ბოლო მოუღო მისი მმართველობის ე.წ. ჩრდოლოვან მხარეებს - ქონების წართმევას, დაჭერებს, დაშინებებს, მაგრამ ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“ უფრო დიდ რამესაც მოუღო ბოლო - ხალხის ნდობას ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. ცუდმაც მოატყუა ხალხი და “კარგმაც“. ილიას მიერ “ოთარაანთ ქვრივში“ ხსენებული ჩატეხილი ხიდი ამოივსო, მაგრამ დღეს ჩატეხილი ხიდის გამთელებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება!
ესაუბრა ია ჯღარკავა