შეუქმნის თუ არა საფრთხეს ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დაუსწრებლობა საქართველოს?!
14 აპრილსს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა „რესპუბლიკელ“ ვახტანგ ხმალაძის განმარტება, რომელშიც იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოსდა თინა ხიდაშელის მონაწილეობა ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოადგენს სახელმწიფო აუცილებლობას, „რათა იქ გატანილი იყოს ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და მონაწილეობით მომზადდა“.
თითქოსდა შესაძლებელია გაჩნდეს რაიმე კითხვები თუ მან ეს იქ არ წარადგინა (იგივეს გვიმტკიცებდა “თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში).
აუცილებლად მიგვაჩნია „რესპუბლიკურ პარტიას“ და პირადად ვახტანგ ხმალაძეს შევახსენოთ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება, როგორც მისი ხალხის არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოს ერთ- ერთ პოლიტიკურ პრიორიტეტია და ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია მტკიცედ დაიცვას იგი!
ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს გააჩნია ნატოს მხარესთან შეთანხმებული გრძელვადიანი გეგმა.
ამდენად, თუკი რომელიმე პირის, თუნდაც თავდაცვის მინისტრის ინიციატივითა და მონაწილეობით მომზადებულმა საკითხებმა შესაძლებელია რაიმე კითხვები წარმოშვას, ეს მხოლოდ კონკრეტული მთავრობის არაკომპეტენტურობასა და არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს.
ასევე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩვენი პარტნიორები ელოდებიან არა კონკრეტულ პირებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელს.
ბატონ ხმალაძის მცდელობა, ისე წარმოადგინოს საქმე, ვითომც და ქ-ნ თ.ხიდაშელის მიერ ვარშავის სამიტზე დაუსწრებლობა საფრთხეს შეუქმნის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ნორმალურ მსვლელობას, განპირობებულია მისი პარტიის სურვილით - გააზვიადებულად წარმოაჩინოს საკუთარი თანაპარტიელის როლი და მნიშვნელობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებულ პარტიაში ჯერ კიდევ ძლიერია საბჭოური მენტალიტეტი, რომელიც „ბელადების“ შექმნის მცდელობით მჟღავნდება (ხიდაშელთან დაკავშირებით კი ძალიან კომიკურ სახესაც ღებულობს).
მოვუწოდებთ რესპუბლიკურ პარტიას, შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობები. მისი ვარაუდი, თითქოს და საქართველოს მოსახლეობას, მის თითოეულ მოქალაქეს არ ეყოფა სიბრძნე იმისთვის, რათა ტყუილი გაარჩიოს სიმართლისგან, ღიმილისმომგვრელია.
„სახალხო პარტია“