გაორებული კვირიკაშვილი და გაპოლიტიკოსებული „ოკეანედალეულები“!

გაორებული კვირიკაშვილი და გაპოლიტიკოსებული „ოკეანედალეულები“!

„ქართული ოცნების“ ყრილობა გინესის რეკორდები წიგნშია შესატანი. პოლიტიკური პარტიის ნახევარსაათიანი ყრილობა, თანაც არჩევნების წინ, კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაში უჩვეულოა“ - ასე შეაფასა სპორტის სასახლეში გამართული მმართველი პარტიის თავყრილობა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.

 

როგორც წესი, პარტიის ყრილობა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული საკითხების განსახილველად იმართება და სათანადო გადაწყვეტილებით სრულდება.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ანგარიში მოუსმენიათ გაწეული საქმიანობის შესახებ, არც პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმა წარმოუდგენიათ და არც ის გაცხადებულა, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა მომავალ (კარსმომდგარ) არჩევნებამდე.

 

საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ 8000 კაციანი დარბაზის გავსება ერთი ფორმალური საკითხის - პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად (უფრო სწორი იქნება, დასანიშნად). მითუმეტეს, გიორგი კვირიკაშვილი ყრილობამდეც ითვლებოდა პარტიის თავმჯდომარედ.

 

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ეს „საკუთარი ძალის“ დემონსტრირება, ანუ, იმის დაფიქსირება იყო, რომ მას დღესაც მხარდაჭერა აქვს და ნებისმიერი დარბაზის გავსება შეუძლია.

 

აღარაფერს ვამბობთ „ნაციონალების“ დროინდელ ოდიოზურ ფიგურებზე (რომლებიც თავმომწონედ „იკრიჭებოდნენ“), რომელთა საპატიო სტუმრის რანგში ყრილობის „დამშვენებამ“ საზოგადოება აშკარად დააბნია და გააღიზიანა კიდეც!

 

თუმცა, პასუხგაუცემელი დარჩა მთავარი კითხვა: რისთვის დასჭირდა „ქაეღულ ოცნებას“ რეგიონებიდან ამდენი „დელეგატის“ ჩამოყვანა და ასეთი გრანდიოზული ხარჯების გაწევა მხოლოდ კვირიკაშვილის თავმჯდომარეობისთვის ხელის ასაწევად და მქუხარე, ხანგრძლივი ტაშის დასაგუგუნებლად?!

 

ასევე კითხვის ნიშანს ბადებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლება „ოკეანედალეულებით“ (ევროპულ-ამერიკული განათლება სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი რაიმე სარგებელს მოუტანენ ქვეყანას) და ამით თავმოწონება. ცალკე საუბრის თემაა უკვე მრავალგზის  დისკრედიტებული, ფაქტიურად გაცვეთილი, ე.წ. ძველი სახეების პოლიტიკურ საბჭოში დატოვება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ისინი მომავალ პარლამენტში ისევ მოგვევლინებიან!

 

თუმცა, ყველაზე დიდი კითხვა მაინც გიორგი კვირიკაშვილის მისამართით ისმის, რომელმაც მთავრობის მეთაურობას პარტიის თავმჯდომარეობაც შეუთავსა. სამწუხაროდ, მოქმედი პრემიერისგან ვერ მოვისმინეთ, რა დროს დაუთმობს იგი პარტიის მართვას - ანუ, როგორ გადაანაწილებს დროს მთავრობასა და პარტიას შორის, რამდენად იქნება მისი საქმიანობა ეფექტური ან ერთ, ან მეორე პოზიციაზე!

 

„ქართული ოცნების“ მორიგი ყრილობა თავისი ერთადერთი შედეგით - პარტიის თავმჯდომარის არჩევით ძალიან ჰგავდა ავადსახსენებელი კომპარტიის ყრილობებს იმ განსხვავებით, რომ იქ ორგანიზაციული საკითხები საკმაოდ ლაკონურად იყო გაწერილი და ყრილობა პარტიის სამოქმედო პროგრამას დეტალურად ისმენდა.

 

14 მაისის თავყრილობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ კვალიფიციურ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. თუმცა, ისიც აშკარად გაცხადდა, რომ ამის სურვილი არცა აქვს, რადგან, ამაზე საქართველოში დღეს მოთხოვნილება არ არის - დღემდე საზოგადოება მხოლოდ ცარიელი დაპირებებით იკვებება და პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები პოლიტიკური პლატფორმების თუ საპროგრამო დებულებების წარდგინებაზე თავს არ იწუხებენ. გულისამაჩუყებელი, ზეპირი დაპირებების შესრულებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!

 

ბოლოთქმა: ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოში პარტიული მშენებლობის ნიშან-წყალი არ ჩანს. ეს იგრძნობა როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ მმართველ პარტიებში. სხვათაშორის, არც ახალგამოჩეკილი პარტიები იკლავენ თავს პროგრამის (კონცეფციის) შემუშავებაზე და მხოლოდ ყალბი დაპირებებით და ზერელე შეფასებებით ყელყელაობენ!

 

„ივერიონი“ უახოეს დღეებში მოგაწვდით ანალიტიკური ხასიათის სტატიას „პოლიტიკური პარტიები და არჩევნები“, სადაც ნაჩვენები იქნება ქართულ საბურველქვეშ არსებული უცხოური დაჯგუფებების პროფანაცია.

 

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: