რა უნდა და სად მიდის მეჭიაური?!

რა უნდა და სად მიდის მეჭიაური?!

საქართველოს დაპირისპირებულ ჯგუფებად დაშლა-დანაწევრების პროცესი ისევ წარმატებით გრძელდება. ქართულ პოლიტიკურ ცარგვალზე არჩევნებამდე შესაძლოა კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია ვიხილოთ - თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნებიდან“ მიდის და საკუთარ პარტიას ქმნის.

 

ამის თაობაზე გუშინ თავად „მეამბოხე“ პარლამეტარმა განაცხადა. როგორც თვითონ ამბობს, გადაწყვეტილება ვერც მისმა უახლოესმა მეგობარმა, ყოფილმა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც შეაცვლევინა.

 

ქართული მედიის ცნობით, ივანიშვილი ცდილობდა მის გადარწმუნებას საგარეო კურსთან დაკავშირებით, თუმცა, აზრი ვერც მან შეაცვლევინა - მეჭიაური საქართველოს მომავალში NATO-ში ვერ ხედავს.

 

არადა, ორიოდე დღის წინ თავად ამტკიცებდა, რომ ოპოზიციაში წასვლას არ პირებდა. მაშ, სად მიდის მეჭიაური?

 

სამწუხაროდ, საზოგადოება დღესაც „ხბოს აღტაცების“ ბაცილითაა დასნებოვნებული და როგორც კი „გაბედულ“ და „განსხვავებულ“ სიტყვებს მოისმენენ, მათ ცნობიერებაში უცებ ეროვნული მოღვაწის („სამშობლოსთვის შეწირულის“) აჩრდილი იკვეთება და იწყება და იწყება დითირამბების ფრქვევა!

 

მე მცირეოდენი ეჭვიც კი არ შემაქვს თამაზ მეჭიაურის ქართველობაში, მაგრამ სცენარი, რომელიც გარკვეული მოსაზრებით დაიწერა, მას ნამდვილად არ ეკუთვნის - ყოველშემთხვევაში, მისი მხრიდან ახალი პარტიის შექმნის სურვილმა ცხადყო, რომ ეს ყველაფერი იმ დიდი თამაშის გაგრძელებაა, რომელ თამაშშიც ნებსით თუ უნებლიედ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.

 

შეიძლება გუნდისგან განსხვავებული მოსაზრება გქონდეს, შეიძლება აქტიურ საჯარო პოლემიკაშიც ჩაერთო და შიგნიდან ამხილო შენთვის მიუღებელი დოქტრინები, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, გამოიქცე და ახალი პარტიის შექმნა დააანონსო!..

 

ვეთანხმები მეჭიაურს, რომ კოალიციის დატოვების შემდეგ უმრავლესობის კვოტით გასული „რესპუბლიკელი“ მინისტრები უნდა წავიდნენ თანამდებობებიდან, ვეთანხმები იმაშიც, რომ NATO-ში გაწევრიანება (მითუმეტეს, არავინ გვექაჩება) სულაც არ არის საქართველოსთვის პანაცეა, მაგრამ ამის გამო ახალი პარტიის დაფუძნების აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავ.

 

ვთქვათ, მეჭიაურმა პირობა შეასრულა და პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, ბუნებრივად ისმება ლოგიკური კითხვები, რომელზეც პასუხი ოპერატიულად უნდა გაეცეს:

 

- რა განსხვავებული იდეოლოგიის იქნება ახალგამოჩეკილი პარტია (საკითხავია ისიც, რამდენად სერიოზულად გამოიყურება არჩევნებამდე 4 თვით ადრე ახალი პარტიის ჩამოყალიბება)?

 

- რა ფინანსური და ადამიანური რესურსებით აპირებს პარტიის მშენებლობას, ვინ იქნებიან მისი თანამოაზრეები?

 

- და ყველაზე მთავარი: რა პოზიციას დაიჭერს იგი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რომლის უკან დღესაც ბიძინა ივანიშვილია და რომელმაც იგი პოლიტიკაშ შემოიყვანა?

 

დარწმუნებული ვარ, მეჭიაურს ამ კითხვებზე (ჯერჯერობით მაინც) პასუხი არ ექნება და თუ აქვს, ის უფრო ყალბი იქნება, ვიდრე გულწრფელი.

 

საქმე ისაა, რომ რეალურად იგი ივანიშვილს არ დაუპირისპირდება... და რადგან ეს ასეა, მაშინ რისთვის ქმნის ახალ პარტიას ამ ცაიტნოტურ სიტუაციაში?!

 

მითუმეტეს, მეჭიაური არ არის იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, ივანიშვილივით ფურორი მოახდინოს და მთელი საქართველო ფეხზე დააყენოს!

 

დასკვნა მარტივია: ეს ყველაფერი დიდი თამაშის პატარა ნიუანსია, რომლის მიზანი საზოგადოების ყურადღების სხვა სიბრტყეზე გადატანა და ყალბი წინასაარჩევნო მოლოდინის შექმნაა.

 

მაინც რა უნდა და სად მიდის მეჭიაური?!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: