ნოდარ ჭითანავა: სახელმწიფოს პოლიტიკამ სერიოზულობა, კომპეტენტურობა და მანევრირების ადეკვატური უნარი დაკარგა!
„...სამეგრელო იყო ერთსულ და ერთგულ იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდებოდა.“
/ილია ჭავჭავაძე/
არის წიგნები, რომლებიც მარადიულობისთვის იბადებიან. ისინი ერის სამზეოდან არასოდეს გავლენ, რადგან მათში შენივთებულია, შეხიზნულია როგორც ერის წარსული საზოგადოებრივი ცხოვრება, ისე აწყმოს რეალობა, ამასთან, მოჩანს მომავალიც.
თითოეული მათგანის წაკითხვას დიდი ემოციები ახლავს. ,,მკითხველი იგივეა წიგნისთვის, რაც ბებიაქალი ახალშობილისთვის. იმან უნდა ,,ამოაღებინოს ხმა“, იმან უნდა ,,დააჩხავლოს“ პირველად“(ოთარ ჭილაძე).
გადავწყვიტე, ერთ დიდ და მნიშვნელოვან წიგნს ამოვაღებინო ხმა. მის შინაგან სამყაროზე გესაუბროთ. ის ერთი წელია რაც დაიბადა – ახლა უკვე ჩვენი, მკითხველის წინ დგას და, რა თქმა უნდა, შეფასებას ელოდება.
2015 წელს გამომცემლობა ,,ივერიონმა“ (გამომცემელი ზაურ ნაჭყებია) გამოსცა 580 გვერდიანი წიგნი ,,ზუგდიდი – წარსული და თანამედროვეობა“.
როგორც წიგნიდან ჩანს, მისი შექმნის იდეა ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს ვახტანგ კვარაცხელიას ეკუთვნის. მან საზოგადოება ,,ზუგდიდელს“ შესთავაზა, რომ ამ ქალაქის ისტორიაზე საცნობარო-ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი შეექმნათ. საზოგადოების თავკაცმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ოთარ ფაცაციამ და მისმა თანამოაზრეებმა მხარი დაუჭირეს შემოთავაზებულ იდეას. წიგნის შექმნაში ფართოდ ჩაება საზოგადოება, მონაწილეობდა 200-ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი. გამოყენებულ იქნა 1500-ზე მეტი წყარო. წიგნი შედგება 14 თავისგან, თითოეულ მათგანს თავისი ავტორი ჰყავს.
აღნიშნულ ნაშრომში შესაბამის მეცნიერულ მიდგომებსა და მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით საინტერესოდაა განხილული ზუგდიდის ტერიტორიის მდებარეობა, ბუნება, ბუნებრივი რესურსები, არქეოლოგიური ძეგლები, ისტორიული განვითარების ეტაპები, თავისებურებები, ტენდენციები, სოფლების ისტორია, დემოგრაფიული ვითარება, მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება, საეკლესიო ცხოვრება, ეკონომიკური განვითარება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა მეცნიერება, მწერლობა, თეატრი, მუზეუმები, სპორტი, მხატვრობა...წიგნს ერთვის მნიშვნელოვანი ფოტომატიანე.
წიგნის წაკითხვის შემდეგ გეუფლებათ რწმენა იმისა, რომ ამ ნაშრომის ავტორებს ქვეყნის სხვა რეგიონებიც მიბაძავენ. პირველი განცდა გახლავთ ის, რომ, ფაქტობრივად, წიგნიდან იმზირება მთელი საქართველო, მისი წარსული და დღევანდელობა.
ამიტომ რთულია წიგნზე, მის თითოეულ თავზე მოკლედ და თანაც ღრმად საუბარი. გადავწყვიტე წიგნის XIV თავთან გამეკეთებინა ვირტუალური ინტერვიუ. იგი დაწერილია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოსის ბატონ ნოდარ ჭითანავას მიერ. რადგან მასში არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ დღევანდელი საქართველოს ტკივილიც და პრობლემაცაა ასახული.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბატონ ნოდარს დიდი წვლილი მიუძღვის ამ არაჩვეულებრივი წიგნის შექმნაში, იგი რედაქტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.
პირველ ყოვლისა, წიგნის შესახებ. წინამდებარე ნაშრომი თვალნათლივ ადასტურებს არა მხოლოდ იმას, რომ ზუგდიდს მრავალსაუკუნოვანი საინტერესო და სახელოვანი წარსული აქვს, არამედ გვიჩვენებს იმ სტრატეგიული რესურსების მრავალფეროვნებასა და სიცოცხლისუნარიანობას, რომლებიც მათი რაციონალური გამოყენების პირობებში, უზრუნველყოფენ თანამედროვე სტანდარტებით ეკონომიკის ჩამოყალიბება–ფუნქციონირებას, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება–განმტკიცებას, მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალ დონეს. ამით კი, როგორც ყოველთვის, მომავალშიც ზუგდიდი თავის ისტორიულ როლსა და ადგილს დაიმკვიდრებს საერთოდ ეროვნული ფენომენის, კერძოდ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება–განმტკიცებაში.
– პუბლიკაციას წამძღვარებული აქვს შემდეგი სიტყვები: ,,წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა“. რაში მდგომარეობს ამ სამი დროის ურთიერთკავშირი?
– ,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ – ქართულ ცნობიერებას ნაზიარებ ამ სენტენციას დიდი დატვირთვა აქვს დღესაც, მით უფრო მომავლისთვის.
იგი გვახსენებს, რომ ეროვნული განვითარების პროცესი დროთა ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით, მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად უნდა წარიმართოს. წარსულისა და დღევანდელობის სწორად გააზრება და მის საფუძველზე მომავლის შეუმცდარად განსაზღვრა თავად არის განვითარების სტრატეგიული რესურსი.
ბუნებრივია, ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელს წარმოადგენს დროის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნული იდეის ფორმირება, რომლის გარშემო მოხდება მოსახლეობის კონსოლიდაცია და მიიღწევა ეროვნული (სოციალური) თანხმობა.
ამ პირობა-ფაქტორს უკანასკნელ წლებში ქვეყნაში მიმდინარე კატაკლიზმების გამო (სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი სამოქალაქო დაპირისპირების და ტრაგიკული მოვლენების ცენტრი გახდა) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე პირობებში საქართველოსთვის მთავარ ეროვნულ იდეად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს სახელმწიფოს იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცება, ქართული ფენომენის თვითგანვითარების უნარის უზრუნველყოფა, გლობალური პროცესების აქტიურ სუბიექტად გადაქცევა. ეს იდეა ლოგიკურად, ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით (უწყვეტობა) ამთლიანებს ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს!
ამასთან, ეს იდეა-სტრატეგია გათანამედროვებული, სრულყოფილი ტრადიციებით, მენტალიტეტით, რწმენით, ქართული სახელმწიფოს ახალი როლისა და ფუნქციების დროსთან მიმართებაში გაცნობიერებით ადეკვატურად პასუხობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური, ეკოლოგიური პროცესების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებულ ახალ პარადიგმას – გლობალური აზროვნების, ლოკალური მოქმედებისა და სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ერთიანობის პრინციპს.
– შემოთავაზებული ეროვნული იდეის კონტექსტში განვითარების დღევანდელ ეტაპზე რომელ ფაქტორებს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა?
– განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების განსაზღვრას თანამედროვე ცივილიზაციათა ურთიერთობებში. ასეთად უნდა მივიჩნიოთ, ფართო გაგებით, ქართული კულტურა, რომელიც მართლმადიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება და დროსთან მიმართებაში სრულყოფას განიცდის. გამოირჩევა მრავალფეროვნებით, თავისთავადობით, მთლიანობით, სრულყოფილად გამოხატავს ეროვნულ ხასიათს, პატრიოტულ, კაცთმოყვარეობის, თავისუფლების, თანასწორობის ჰუმანურ იდეალებს. მუდმივად (ისტორიული პაუზის გარეშე) ემსახურებოდა (ემსახურება) ეროვნულ სტრატეგიულ ინტერესებს. მომავალშიც საქართველომ მსოფლიოს პროცეს–შენაკადის სახით უნდა შესთავაზოს საკუთარი კულტურა, როგორც მისი ექსკლუზიური წვლილი კაცობრიობის განვითარებაში. ამიტომ, ეროვნული კულტურის განვითარება უნდა ვაღიაროთ ზოგადეროვნულ მიზნად.
ბუნებრივია, ზუგდიდმა ამ ზოგადეროვნული მიზნის განხორციელებაში მისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს.
– რა სჭირდება შემოთავაზებული ეროვნული იდეა–სტრატეგიის განხორციელებას?
– ამის განხორციელებას სჭირდება, პირველ ყოვლისა, დროის მოთხოვნებთან ადაპტირებული, ქართული სახელმწიფოებრიობის პრინციპებისა და ტრადიციების ერთგული სახელმწიფო, რომლის მუდმივი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ისტორიული გამოწვევების პროგნოზირება, ადამიანისა და საზოგადოების ინტერესების განუხრელი დაცვა, ერის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებათა მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
ამ ამოცანების შესრულებას სჭირდება ახალი ტიპის სახელმწიფო, რომელიც გლობალიზაციის შემოთავაზებულ გამოწვევებს უპასუხებს, უზრუნველყოფს საზოგადოებაში ძველი და ახლად აღმოცენებული ინტერესების დაბალანსებას, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მთლიანობითი სისტემის ელემენტების ურთიერთქმედების ეფექტიანობას.
ამ რთული ამოცანების განხორციელებას შეძლებს მხოლოდ ისეთი სახელმწიფო, რომელიც სამართლებლივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული აგებულებით, მიზნებითა და მათი რეალიზაციის მექანიზმებით ეყრდნობა, დემოკრატიისა და სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან ერთად, ეროვნულ-სახემწიფოებრივი ინტერესების დაცვის პრიორიტეტს.
– გლობალიზაცია თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს შეუქცევადი პროცესია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი საფრთხეს უქმნის პატარა ერების კულტურათა თვითმყოფობას. როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ დიდ გამოწვევას?
– ამისთვის საჭიროა ქვეყანამ გლობალურ პროცესებთან ადაპტირების სტრატეგია შეიმუშაოს ინდივიდუალურად, საკუთარ ისტორიასთან, ტრადიციებთან მიმართებაში, იხელმძღვანელოს პრინციპით: ,,არც ეროვნული ცნობიერებისა და გამოცდილების ნაჭუჭში ჩაკეტვაა სწორი და არც ეროვნული ნიადაგისგან მოწყვეტა“.
სახელმწიფოს სწორედ ასეთ სტრატეგიაში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს ზუგდიდის, როგორც ტერიტორიული ერთეულისა და რეგიონული ცენტრის, მმართველობამ. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა.
– წიგნში ხაზგასმულია, რომ ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესი შეუქცევადია. რა უდევს საფუძვლად ამ დასკვნას?
ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ზუგდიდშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა მივიჩნიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების შეუქცევადი პროცესი, რომელიც მრავალმხრივობით გამოირჩევა და წინააღმდეგობრივად ვითარდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება-ფუნქციონირების განვითარებული ქვეყნების რომელიმე მოდელზე ორიენტაცია როგორც ადრე, ასევე მომავალშიც დამატებით სირთულეებს შექმნის. ეს იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი წარსული, ტრადიციები, მეურნეობრიობის გამოცდილება, რელიგია, კულტურა, ურთიერთდამოკიდებულების (სისხლით ნათესაობის) პრინციპები, ოჯახის როლის თავისებურებები და სხვ.
ამასთან, ამჟამად სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაზე (მით უფრო ფორმირებაზე) უშუალო გავლენას ახდენს გლობალიზაციის პროცესები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უპირისპირდება ეროვნული კულტურის ფუძემდებლურ პრინციპებს. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესი მიმდინარეობს რევოლუციური კატაკლიზმების ფონზე, თანაც დემოკრატიული სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირებასთან ერთად.
გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში განმსაზღვრელი უნდა იყოს არა მხოლოდ ინდივიდის ინტერესები, მისი როლის გააქტიურობის პრინციპები, არამედ მასთან ერთად ოჯახის ფუძემდებლური როლისა და ფუნქციების სწორად გაცნობიერება.
– არის თუ არა ოჯახი სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი საყრდენი?
– ქართული ოჯახი (კომლი) ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური ორგანიზმის ფუნქციას და ასევე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი იყო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ოჯახის პოლიტიზების მკაცრი ხასიათი, ოჯახის წევრების მსოფლმხედველობითი პოზიციების დაპირისპირება და სხვა მანკიერებანი, რაც ხელს უშლის ოჯახის, როგორც ერის თვითმყოფადობის ბურჯის, განმტკიცებას. ამასთან არის დაკავშირებული მწვავე დემოგრაფიული სიტუაცია, რომელმაც უკანასკნელ წლებში მიიღო საშიში ხასიათი.
ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესის ქვეყნის ინტერესების დაცვით რეგულირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა. ამიტომ იგი უნდა განხორციელდეს ზოგად ეროვნულისა და ტერიტორიული ერთეულის თავისებურებებისა და ტრადიციების ორგანული შერწყმით.
– რამ განაპირობა ზუგდიდისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების უკიდურესად დაბალი დონე?
–საქართველოს, რა თქმა უნდა, ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაში კრიზისული მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განაპირობა სხვადასხვა დროს სახელმწიფოს არასწორმა (არაადეკვატურმა) სოციალ-ეკონომიკურმა პოლიტიკამ. ეროვნული ეკონომიკის კრიზისულმა მდგომარეობამ არსებითად განაპირობა ზუგდიდისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უკიდურესად დაბალი დონე. რეგიონის განვითარების დინამიზმს განსაზღვრავს საერთო-სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ეროვნულ ინტერესებს მორგებული განვითარების (მოდერნიზაციის) ერთიანი მოდელი.
საქართველომ უარი უნდა თქვას გარედან თავს მოხვეულ სტერეოტიპეზე. ქვეყანას უნდა ჰქონდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკუთარი მოდელი, რომელიც რამდენიმე პრინციპს უნდა დაეფუძნოს.
პირველი. მეურნეობის მსოფლიო გამოცდილება (თავისებურებები, ტენდენციები, კანონზომიერებები) და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მისი თანმდევი სოციალური მოვლენები და წინააღმდეგობრივად ფორმირებადი საზოგადოებრივი მენტალიტეტი ეროვნული რაკურსით განვიხილოთ და ქვეყნის თვითმყოფადობის მომავალთან მიმართებაში გავაცნობიეროთ.
საკუთარი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით და არა რომელიმე ქვეყნის (ან ზესახელმწიფოებრივი) სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული დოქტრინებით (მოდელებით) განვსაზღვროთ განვითარების სტრატეგიის ფუძემდებლური პრინციპები.
მეორე. გარკვეული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ გლობალიზმის, როგორც მოვლენის, რეალობის, პროცესის შეფასებას. გასათვალისწინებელია ობიექტური რეალობა, რომ ეროვნული ეკონომიკა მსოფლიო გლობალიზმის მიღმა, ეფექტიანად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური სისტემა, აშშ-ს, ევროპის, ჩინეთის, რუსეთის, სინგაპურისა თუ სხვა ქვეყნის თარგზე არ შეიქმნება. მომავალი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ეროვნულ ფენომენს დაეფუძნება. ასეთ სისტემად მიგვაჩნია შერეული (მრავალსუბიექტიანი) სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა. იგი ეკონომიკური (მრავალსუბიექტიანობა), სამართლებრივი (საკუთრების ფორმირების პლურალიზმი), ორგანიზაციული (საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების სიმბიოზი), მმართველობითი (განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა), ზნეობრივი (ადამიანების კეთილდღეობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა) პრინციპების ერთობლიობას ეფუძნება და ემსახურება მკაფიოდ გამოხატულ სოციალურ–პოლიტიკურ მიზანს–ცხოვრების მაღალი დონის (ხარისხის) მიღწევას და სტაბილიზაციას.
მესამე. ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების ამოცანების ფონზე უნდა ჩამოყალიბდეს ,,სახელმწიფო–რეგიონის“ ურთიერთობათა ახალი სისტემა. მისი სიმტკიცის აუცილებელ პირობად უნდა მივიჩნიოთ კომპლექსურობა, რომელიც დაეფუძნება ორმხრივი ინტერესების კომპრომისს.
– როგორი ურთიერთობა უნდა იყოს ცენტრსა და რეგიონს ანუ ტერიტორიულ ნაწილს შორის?
– ცენტრი და რეგიონი (ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი) მოქმედებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრინციპით, სახელმწიფო და რეგიონული ინტერესების შეხამებით და ერთიანი პოლიტიკური სქემით: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება წარიმართოს ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებლივ სივრცეში – თითოეულ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს განვითარების საკუთარი პროგრამა, რომელშიც მეთოდოლოგიურად სწორად უნდა განისაზღვროს ამოსავალი საწყისები.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ბუნებრივ–რესურსული, ეკონომიკური, სოციალურ–დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა მახასიათებლების დიაგნოსტიკა. ეს იძლევა საშუალებას რეალურად მოხდეს განვითარების რთული პროცესის პროგნოზირება, რაც საფუძვლად დაედება სტრატეგიული ამოცანების განხორციელებისთვის მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთან, საჭიროა ტერიტორიის განვითარების მაჩვენებელთა სისტემა (შესაბამისი კრიტერიუმებით) გამოვიყენოთ.
მაგალითად, მშპ ტერიტორიული მაჩვენებელი, მოსახლეობის ერთ სულზე შესაბამისი მონაცემები, ცხოვრების დონის მაჩვენებლები, ინვესტიციები, სამეურნეობათაშორისო კავშირები და სხვ. მუნიციპალურ განვითარებაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს საკუთრებით ურთიერთობებში მისი როლისა და ადგილის სწორად განსაზღვრას. მუნიციპალური საკუთრება უნდა გაემიჯნოს საკუთრების სხვა ფორმებს (მათ შორის სახელმწიფო საკუთრებასაც). გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე პირობებში მუნიციპალიტეტმა, ექსტრემალური გარდამავალი პერიოდის გავლენით, შეიძინა ახალი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია – ტერიტორიის რეგულირების ფუნქცია. მუნიციპალიტეტი ერთდროულად ცენტრის (სახელმწიფო) და საკუთარი ტერიტორიული ინტერესების დაცვის ფუნქციას ასრულებს.ამიტომ მას შესაბამისი ფინანსური და ორგანიზაციული ბაზა უნდა ჰქონდეს.
– წიგნში ხაზგასმით არის აღნიშნული მართლმადიდებული ეკლესიისა და მისი მზარდი გავლენის მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე პირობებში, რამ განაპირობა იგი?
–უკანასკნელ წლებში ზუგდიდში, ისე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, მკაფიოდ გამოიკვეთა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლისა და გავლენის მზარდი ტენდეციები. ეკლესიის განვითარების მიმდინარე პროცესი ხასიათდება დიდი მასშტაბებით, წინააღმდეგობრივია და თანამედროვე გლობალიზაციის უშუალო ზეგავლენას განიცდის.
ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობის კოორდინაცია. ეს თვით ერის (ქვეყნის) განვითარების ლოგიკიდან გამომდინარეობს და შეესაბამება მის სტრატეგიულ ინტერესებს. ამიტომ ამ პროცესის ობიექტური ანალიზი და შეფასება, მისი შემდგომი გაღრმავების სწორი მიმართულებების განსაზღვრა ქართული მეცნიერებისა და ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა. გასათვალისწინებელია ის, რომ ,,ქრისტეს სჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნეობითი აღსარება კი არ იყო. იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალნაწილების გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა“(ილია).
საერთოდ, ქვეყანაში (და მსოფლიოში) მიმდინარე რთული პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივი პროცესი ცალმხრივად, მხოლოდ ეკონომიკის (ყოფიერება) განვითარებით არ მიიღწევა, აუცილებელია სულიერი ცხოვრების სრულყოფა.
აქ კი განუზომლად დიდია ქართული ეკლესიის როლი, რომელმაც ისტორიულ ქარტეხილებში გამოატარა მამულის, ენისა და საწმუნოების ერთიანობით შემტკიცებული ქართული ფენომენი.
ქართული სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის ურთიერთკავშირების ისტორიული გამოცდილების შესწავლა-ანალიზი, ერის კოსოლიდაციის რთული ამოცანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის მიერ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს შემოთავაზებულ, დღევანდელი პოზიციიდან კაცობრიობის განვითარების რთულ ფორმულას, რომლის არსია ,,მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ამ რთული პრობლემის გადაწყვეტა ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებული ეკლესიის ერთობლივი ძალითაა შესაძლებელი. დიდია ამ საქმეში რეგიონული ფაქტორის როლი.
– დღევანდელ საქართველოში როგორია თაობების ინტერესების ერთიანობის დაცვის პრინციპი?
– ზუგდიდის განვითარების ფონზე კარგად ჩანს, რომ ქვეყანაში უკანასკნელ წლებში უგულებელყოფილ იქნა საზოგადოების წონასწორობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობების ინტერესების ერთიანობის დაცვის პრინციპი. რაც ლოგიკურად აისახა რეგიონების განვითარებაზე.
ცნობილია, რომ უფროს თაობას აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება (ამავდროულად დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე), საშუალო თაობას – თანამედროვე ცოდნა, საზოგადოებრივი ენერგია და რეალურ ცხოვრებას ნაზიარები მართვის გამოცდილება (მის მსოფლმხედველობაზე და ნებაზეა არსებითად დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ქვეყანა), უმცროსი თაობა ერის სოციალური ენერგიის წყაროა.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქვეყანა მაშინ აღწევს წარმატებებს, როცა სამივე თაობის ინტერესებს ამთლიანებს და მათ პოტენციალს სათანადოდ იყენებს და ამით მთავარ მამოძრავებელ ძალად გარდაქმნის.
სხვა შემთხვევაში ქვეყნის განვითარებაში დიდი პაუზა დგება. ასე მოხდა ჩვენს ქვეყანაშიც. ასაკობრივმა დისკრიმინაციამ და თაობათა შორის ინტერესების დაპირისპირებამ, ხელი შეუწყო სოციალური დაძაბულობის გაღრმავებას, ეროვნული ფენომენის დაშლის პროცესს. ექსტრემალურ პირობებში (პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე) უმცროს თაობას (რომელსაც სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ ჰქონდა), არაბუნებრივი ამოცანის შესრულება დაეკისრა – ექსტრემალურ პირობებში ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ლიდერის როლი.
სახელმწიფო პოლიტიკა სტაბილური არ იყო, დროის ცვალებადობით შემოთავაზებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა და ამიტომ სპონტანურად შექმნილი სიტუაციების შესაბამისად ,,ყალიბდებოდა“.
სამწუხაროდ, იგი მწირი ცოდნისა და ღარიბი მსოფლმხედველობითი ადამიანების (,,ოკეანედალეულთა“) გატაცებათა და ილუზიების რეალიზაციის ინსტრუმენტი გახდა.
სახელმწიფოს პოლიტიკამ მთავარი ნიშნები–სერიოზულობა, კომპეტენტურობა, მანევრირების ადეკვატური უნარი დაკარგა. ამიტომ ქვეყნის ტრანსფორმაციამ (როგორც ბუნებრივად ობიექტურმა მოვლენამ) მთლიანობითი პროცესის ფორმაც და შინაარსიც დაკარგა და ქვეყნის ახალ თვისებრიობაში გასავლის ობიექტური პროცესი დამანგრეველი ფაქტორი გახდა. ქვეყანამ გაუმართლებელი დანაკარგები განიცადა. ასეა რეგიონებშიც.
ქვეყნის პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული ე.წ. თავისუფლების ქარტია, რომელიც ხელოვნურად შეთითხნილ პრეტენზიებს ეყრდნობოდა, რეალურად წარმოადგენს ,,კლასობრივი ბრძოლის“ თეორიით ნასაზრდოებ, მაგრამ რაფინირებულ (დემოკრატიის შენიღბული ფორმით) ,,ბასრ იარაღს“ ეროვნული ფენომენის შიდა ფაქტორებით დაშლის პროცესის გაღრმავებისთვის.
– როგორია ზუგდიდის, ასევე სხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების პრიორიტეტები?
– ზუგდიდის, ისე როგორც ნებისმიერი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის განვითარება, ბუნებრივია, განიხილება ზოგადეროვნული და საერთო-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების კონტექსტში.
ესენია: ქართული კულტურის განვითარება; ახალი ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და ახალი ტიპის საბაზრო ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება. ამ პრიორიტეტების ფონზე უნდა განვიხილოთ დარგობრივი, ეტაპობრივი და რეგიონული პრიორიტეტებიც. დღეს საქართველოსათვის დარგობრივი პოზიციებიდან ასეთი პრიორიტეტებია: სამრეწველო (ენერგეტიკის) პოტენციალის განვითარება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება და განათლებისა და მეცნიერების განვითარება.
ეს სამერთიანი სტრატეგიული პრიორიტეტია. მისი თანამიმდევრულად განხორციელება სახელმწიფოსა და საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით უნდა მოხდეს, ყველა რეგიონი თავისი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და მეურნეობრიობის ტრადიციების მიხედვით ქვეყნის პრიორიტეტებიდან აკონკრეტებეს საკუთარი განვითარების ძირითად მიმართულებებს, მათ შორის ისეთს, რომელსაც როგორც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, ასევე ლოკალური ხასიათიც აქვთ.
დღვანდელ ვითარებაში ქვეყნისა და ნებისმიერი რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება ეკონომიკური განვითარებაა (ზრდა).
წიგნზე ,,ზუგდიდი – წარსული და თანამედროვეობა“ ბევრს არ მიუწვდება ხელი. ამიტომაც გადავწყვიტე ინტერნეტსივრცისთვის გამეზიარებინა ჩემი ზოგადი შთაბეჭდილებანი.
მაია გელიაშვილი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი