გიორგი ტიგინაშვილი: არ ვიცი, რას გადაწყვეტს წმინდა სინოდი, მაგრამ, მხოლოდ წაუსვლელობა გამოსავალი არ არის!
მინდა კეთილკრძალულებითი ძრწოლითა და ღრმა მოწიწებით გამოვეხმაურო წმინდა და დიდი კრების სინაქსისს, მისი მოწვევის მნიშვნელობასა და წინარე პერიპეტიებს.
მიმაჩნია, რომ საერთო მართლმადიდებლური კრება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ადგილობრივი კათედრების (ავტოკეფალური და ავტონომიური) დელეგაციებით, ურიგო არ უნდა იყოს გასამართად, მით უფრო იმ ფონზე, როცა სამყაროში უამრავი გამოწვევა და დამაბრკოლებელი ფაქტორია. ამ კითხვებს ერთიანი და თანამედროვეობისთვის ადეკვატური პასუხი აუცილებელად უნდა გაეცეს, ოღონდ ქრისტეს ჭეშმარიტი იერარქია და მწყემსთა დასი აპრიორი უნდა დაეყრდნოს წმიდა დიდ სჯულისკანონს, ეკლესიოლოგიურ გამოცდილებასა და მამათა სწავლებებს, რომელსაც განუხრელად დაიცავს და არ დაასნებოვნებს აწმყო დროის სულისკვეთებით.
ის, რაც მარადიულია და დროსა თუ სივრცეში განუსაზღვრელი, ცალსახად, პრინციპულად და ერთმნიშვნელოვნად არ უნდა გადაიხედოს!
თუმცა, ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლიარქია, ავტოკეფალურობა, ავტონომიურობა, ურთიერთობა განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებთან, თანასწორობისა და მშვიდობის დეფინიცია, მარხვის სხვადასხვა ტრადიციათა აღდგენა და სხვა უნდა განიხილებოდეს. ოღონდ, სიფრთხილითა და არა კადნიერებით. იგივე ითქმის კლონირებისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებზეც, რაზედაც სამწუხაროდ არავინ აპირებს მსჯელობას.
რაც შეეხება კრების "მსოფლიო კრებათა" რანგამდე კვლიფიცირებას, ამის განმსაზღვრელი კონკრეტული კრიტერიუმები და სტანდარტები ნაკლებად არსებობს და ამგვარი კატეგორიის მინიჭება მხოლოდ დროისა და შედეგის გამოჩინებით ხდება, თუმცაღა, თავისთავად აღნიშნული მოვლენა ეპოქალურია და ჩანასახშივე ისტორიული.
კრიტიკოსები, რომელნიც უბრალოდ მოცემული კრების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ვფიქრობ რომ ისტერიულ დრამატიზებას ხელოვნურად ახდენენ, არაკომპეტენტურად პოლემიკობენ და ზედმეტად უტრირებენ, რამეთუ თავად დისპუტსა და დიალოგში, რომელიც დებს (ადგ. ეკლესიები) შორის იმართება განა რა არის უცხო და მიუღებელი, მითუმეტეს, როცა სულიწმინდის არსებობას და ქრისტეს თავობას ვაღიარებთ კვლავაც და უკუნისამდე.
ანუ, საკუთრივ სესიების მოწვევა და საყოველთაოობის გაზიარება ეკლესიის ონტოლოგიური და ბუნებითი მახასიათებელია, ოღონდ, აქ არის ერთი მეტად არსებითი და საგულისხმო ნიუანსი - რამდენად დარჩება ამჟამინდელი მსოფლიოს ადგილობრივ ეკლესიათა სამღვდელო დასი ერთგული იმ შეუვალი და ფუნდამენტური ღირებულებებისა, რაზედაც დგას "სუეტი და სიმტკიცე" ეკლესიისა, როგორც ღვთივდადგენილი ინსტიტუტისა. ანუ, კრებაზე წასვლა და მონაწილეობის მიღება კი არ არის პრობლემა, არამედ იქ დასაფიქსირებელი პოზიციების სიჯანსაღე და კრისტალურობა.
პერიოდულად, ვეცნობი რა შექმნილ ვითარებასა და წარმოდგენილ ატმოსფეროს, ჩემი ანალიზით, რეალობა ასეთია:
1) კონსტანტინეპოლს სურს კრების მოწვევის ინიცირებით უმთავრესად მისი კათედრის უპირატესობაზე მიანიშნოს და კიდევ ერთხელ მოახდინოს დემონსტრირება გაზრდილი ამბიციებისა თუ უზურპირებულად ახირებული ეკუმენურობისა (მსოფლიო საპატრიარქოობისა);
2) პოლიტიკურ მიზნებს თან ახლავს ეკონომიკური ფაქტორებიც, რაც იმაში გამოიხატება რომ კრების მონაწილე ადგილობრივ ეკლესიებს ეკისრებათ ერთჯერადი, მაგრამ საკმაოდ მსხვილი ფინანსური გადასახადი. გარდა ამისა მსოფლიო საპატრიარქო ცდილობს რუსეთის ეკლესიის გავლენის სფეროს შეზღუდვას საკუთარი ძალაუფლებისა და იმპერატიულობის გაზრდის ხარჯზე (ავტონომიისა და ავტოკეფალიის მინიჭების წესი, მირონის ხარშვის უფლება და სხვა).
3) რუსეთმა იცის, რომ ეს კრება მისთვის საფრთხის შემცველია და ამიტომ თავად კულისებში მდგომი აქეზებს სხვა კათედრებს, რათა ნიჰილიზმი, ინდიფერენტიზმი და სკეპტიციზმი შეიტანოს სამზადისში და ეს ახსნას ვითომ და ერეტიკოსებთან აუცილებელი დისტანცირებით, დოგმატების დაცვის პედანტურობითა და ახალი სქიზმების თავიდან აცილებით. მასთან უნისონში არიან, როგორც ყოველთვის სრულიად სლავური სამყარო, საქართველო და ანტიოქია.
საუბედუროდ, კრებამ მარცხი იწვნია იმ საკვანძო გზავნილსა და პრიორიტეტში, რასაც ერთიანობა და ძმადმოყვარება გულისხმობს თავის თავში.
დასკვნა: სინამდვილეში ეს ორპოლუსიანი მოცემულობა მხოლოდ და მხოლოდ ამ კონცეფციებსა და დესპოტურ ზრახვებს ემყარება და არა სწავლების ერთგულებასა და თანამედროვე გამოწვევების ღირსეულ მოგერიებას.
ფაქტია, რომ ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსი მოქმედებს ერთპიროვნულად, ტენდენციურად და უკანმოუხედავად, ხოლო უწმიდესი კირილე კი დესტრუქციულად, აგრესიულად და იდეოლოგიზირებულად.
სამწუხაროდ, ჩვენი საბრალო არსებობა კი ბავშვურად ჭკუა-არმოსაკითხი და იგნორირებულია ყველასგან.
P.S. კრება მაინც შედგება, მაგრამ იმ სხდომებზე მიღებული განჩინება ვერ და არ იქნება საყოველთაოდ აღიარებულ-გაზიარებული და მას მხოლოდ ლოკალური ძალა ექნება.
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)