მიხეილ ჯიბუტი: ქართველების პრობლემა ვიზალიბერალიზაცია კი არა, ევროპიდან დეპორტაციაა
ლუქსემბურგში გამართულ ევროპის კავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე (ა.წ. 9 ივნისი), რომელიც მიგრაციულ კრიზისს მიეძღვნა, სხვა საკითხებთან ერთად უმთავრესი ადგილი დაეთმო არალეგალურ მიგრანტებთან მიმართებაში დეპორტაციის მექანიზმის აქტიურად და მაშტაბურად გამოყენების დაწყებასა და ამ ღონისძიებების დაფინანსებას.
ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღის წესრიგში ვერ მოხვდა და შესაბამისად, ის არც განხილულა.
ვიზალიბერალიზაციის საკითხი მრავალ საგარეო ფაქტორის გარდა (მიგრაციული კრიზისი ევროპაში, თურქეთთან ევროკავშირის შეთანხმება მიგრაციასთან დაკავშირებით და სხვ.). ნელ-ნელა სულ უფრო დამოკიდებული ხდება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე. უპირველესი პრობლემა აქ ისაა, რომ საქართველოში ხელისუფლება ვერ ახორციელებს მის ძალაუფლებას არა მარტო ოკუპირებულ, არამედ დანარჩენ ტერიტორიებზეც და ის დათმობილი აქვს არაფორმალური მმართველობისათვის, რაც მის ქმედებებს არაპროგნოზირებადს ხდის.
ვიზალიბერალიზაცია „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ რუბიკონად აქცია, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე „მაპი“. შეიქმნა გადაჭარბებული მოლოდინი და ის იქცა მთავრობის შეფასების, მართალია ხელოვნურ, მაგრამ კრიტერიუმად. ამიტომ მიდის ახლა იმის მტკიცება, თუ როდის იქნება ვიზალიბერალიზაცია, ან რა უშლის ხელს და ა.შ.
ვიზალიბერალიზაცია კომფორტულ გარემოს ქმნის და სასურველია თანასწორობის აღქმისათვის. მას შეუძლია ხელი შეუწყოს, თუმცა ის თავისთავად ვერ წყვეტს საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარ ვერც ერთ ამოცანას.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას სურდა/სურს ვიზალიბერალიზაციის საარჩევნოდ გამოყენება.
ასეთ ფონზე ვიზალიბერალიზაცია გადაიქცა საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალებად. „კარგად მოიქცევი“ მიიღებ არჩევნებამდე, „ცუდად მოიქცევი“ -არჩევნების შემდეგ.
ევროპაში ვიზალიბერალიზაციას ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს ევროპიდან არალეგალი ქართველების დეპორტაციის პროცესის შესამსუბუქებლად.
ქართველების დეპორტაციის პროცესი გააადვილა „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს დადებულმა „შეთანხმებამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“, რომელიც მოქმედებაშია 2011 წლის 1 მარტიდან. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1250250
სამწუხაროდ, ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებია (საჯარო სივრცეში არაა ინფორმაცია რეადმისიის პროცესის მიმდინარობასთან დაკავშირებით).
აღნიშნული ხელშეკრულებით, თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში კანონის დარღვევით საქართველოს გავლით შევიდა სხვა ქვეყნის მოქალაქე, მისი მიღების ვალდებულება საქართველოზეა („ტურისტების“, თუ „ვიზიტორების“ რაოდენობის გაზრდილი რაოდენობიდან, რამდენმა გამოიყენა საქართველო ტრანზიტად ევროპაში უკანონოდ შეღწევისათვის? ცნობილია ასეთი ფაქტები?).
რეადმისიის პროცესი თუ არ მიმდინარეობდა აქტიურად, უახლოეს მომავალში საპირისპირო ქმედებებია მოსალოდნელი.
ამიტომ, თუ რეადმისიის აქტიური ფაზა წინ გაუსწრებს ვიზალიბერალიზაციას (და ჩანს, რომ ეს ასე იქნება), მაშინ, სახელმწიფო უნდა იყოს მზად ამ ნაკადების ორგანიზებულად მიღებისთვის, ამისთვის საჭირო ადმინისტრაციული, ფინანსური თუ სხვა რესურსებით.
მთავრობამ უნდა თქვას, თუ როგორ აპირებს ევროპიდან დეპორტირებულ ადამიანების მიღებას! მას უნდა ჰქონდეს მრავალვარიანტიანი დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა დაბრუნებულთა რიცხოვნებისა და მოქალაქეობის მიხედვით.
თუ მას ასეთი გეგმა არ აქვს, მაშინ ქვეყანა დგას მისთვის ჯერ უცნობი სოციალური დაძაბულობის წარმოშობის საფრთხის წინაშე. რეადმისიის მასშტაბების განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმის გასათვალისწინებლადაც, თუ რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ადამიანების დაბრუნების შედეგად ევროპიდან მათ მიერ გადმორიცხული თანხების შემცირებას და რა მდგომარეობა შეიქმნება დასაქმების სფეროში საქართველოში სამუშაო ძალის მიწოდების გაზრდის შედეგად!
ხელისუფლებამ აღნიშნულ პრობლემას დაუყოვნებლივ უნდა მიხედოს და ნუ გაერთობა 2030 წლისათვის მოვლენების ჭვრეტით, ან იმის ძებნით, თუ რა მიიღო საქართველომ „ვიზალიბერალიზაციაზე მეტი“, რამეთუ რეადმისიის „ყინული უკვე დაიძრა“!