„ოდეონის“ გამოძახილი, ანუ, საბოლოოდ მაინც ნიჭმა გაიმარჯვა!
სტატიაში „ათუხთუხებული ფარცხნალი, ანუ, ვინ ხართ თქვენ ქალბატონო იზა!“ ხაზგასმით ვწერდი: ეჭვი არ შემაქვს „ოდეონის“ ჟიურის კომპეტენტურობაში, მაგრამ, რამდენად იქნება ობიექტური, კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოგახსენებთ-მეთქი!
გუშინ შედეგები გამოცხადდა. ვერ ვიტყვი, რომ ჟიური არაობიექტური (მიკერძოებული) იყო. პრიოზიორებისადმი ჩემი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში კომენტარითაც დავადასტურე. თუნდაც იმ ორი ავტორის (ედუარდ უგულავა, ნათია როსტიაშვილი) ნიჭისა და გაქანების გამოსავლენად ღირდა ასეთი გრანდიოზული მასშტაბის კონკურსის ჩატარება!
ზემოთხსენებულ სტატიაში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: არ ვეთანხმები აზრს, რომ დაკვეთით წერა არ შეიძლება. დიახ, თუ ადამიანი შემოქმედებითი „ბაცილითაა“ დასნებოვნებული, მან არათუ ერთ დღეში, 2-3 საათშიც „გორდიას“ კვანძი უნდა გახსნას.
თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების სახით სრულყოფილების ნიმუშთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ისინი თანამედროვე ავტორებს შორის (უპირველესად, კონკურსში მონაწილეებს ვგულისხმობ) გამორჩეულ ადგილს ნამდვილად იკავებენ.
ისე არავინ გამიგოს, ირმა მალაციძის პოეზიის შეფასებაში ეჭვქვეშ ვაყენებდე ჟიურის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ე.წ. თეთრ ლექსთან და ამ დამოკიდებულებას მხოლოდ მაშინ შევიცვლი, თუ ვინმე თეთრი ლექსის უპირატესობაში არგუმენტებით დამარწმუნებს.
მე სათანადოდ არ ვიცნობ ქ-ნ ირმას შემოქმედებას, მაგრამ საკონკურსო ნამუშევრითაც შემიძლია დავადასტურო, რომ იგი უდაოდ ნიჭიერი კალმოსანია - სახეებით და მეტაფორებით მოაზროვნე, მაგრამ ვისურვებდი საკუთარი პოეტური აღმაფრენა ტრადიციული ლექსის ფორმით გამოეძერწა!
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამედროვე პოეტები ამ ფორმას (ე.წ. თეთრ ლექსს) მაშინ მიმართავენ, როცა რიტმში და რითმაში უჭირთ (ეს ქ-ნ ირმას არ ეხება), როცა მაღალფარდოვანი (მაღალმხატვრული) სიტყვების რახარუხით ცდილობენ შეფუთონ თავიანთი უნიჭობა! (საკმაოდ მძიმედ ნათქვამია, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ).
თუმცა, ნამდვილი პოეზია (მითუმეტეს, ქართული ლექსი!) მარტო რითმა და რიტმი არ არის, ის ტკბილხმოვანი მუსიკაა (პოლიფონიაა), რომელიც ადამიანში სულიერ აღმაფრენას იწვევს!
აბა ჰკითხეთ მოდას აყოლილ „ავანგარდისტებს“ - ერთი საკუთარი თეთრი ლექსი თუ იციან ზეპირად?! დარწმუნებული ვარ, არა! რატომ? იმიტომ, რომ ე.წ. თეთრი ლექსი ლექსი არ არის - ის არც აქეთაა და არც იქით!
ახლა ისევ ედუარდ უგულავას და ნათია როსტიაშვილს დავუბრუნდეთ:
ედუარდ უგულავამ საკუთარ ლექსში პროფესიონალურად ჩააქსოვა ის ტკივილი და იმედგაცრუება, რაც თანამედროვე ქართულ სოფელს უკავშირდება, თუმცა ფინალი ოპტიმისტურია.
„მაინც სხვაგვარად ხმაურობს სისხლი,
გულს ეს ხმაური ძგერად უღირდა,
ჩემი სახლიდან ბავშვის ხმა ისმის
ამოდის კვამლი ჩემი ბუხრიდან.“
ლექსი დახუნძლულია მეტაფორებით, თავის ადგილზეა რითმაც და რიტმიც. ავტორი საკუთარი განცდის თანამონაწილედ გამზადებს და პოეტურ სტრიქონებში შენს გულისტკივილსაც აქსოვს.
ლექსი თავიდან ბოლომდე სიყალბისგან დაზღვეული და გულწრფელია. გულწრფელი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილებაც, რომელიც სოციალურ ქსელში კომენტარის სახით დავწერე: „ხელებს ვწევ, ნაღდი პოეტური ქმნილებაა. ბრავო, ედუარდ!“. მართლაც და ბრავო, ედუარდ!
რაც შეეხება ნათია როსტიაშვილს, მისი სახით მზარდ პროზაიკოსთან გვაქვს საქმე. მისი შემოქმედება დასაფასებელია თუნდაც იმიტომ, რომ იგი „მოდას“ არ აჰყვა და საასპარეზოდ ლიტერატურის ის ჟანრი აირჩია, რომელიც შემოქმედისგან მეტ პასუხისმგებლობას, გაცილებით მეტ ენერგიას ითხოვს!
დღეს (ჩვენდა სამწუხაროდ), ლექსის წერა იმდენად „გაიოლებულია“, რომ ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით ჩნდებიან ახალგამომცხვარი პოეტები (სტატისტიკაც გამაოგნებელია - თურმე 5000-მდე პოეტია საქართველოში) და თავიანთი ნაცოდვილარით მკითხველის სულსა და გულს „მალამოდ“ ეფონებიან (ამჯერად უფრო შორს არ წავალ და დეტალურ განხილვას არ შევუდგები, თუმცა დავაკონკრეტებ: დროს თითო-ოროლა თუ გაუძლებს, ნაგავი კი სანაგვეში გადაიყრება!)!
ამით იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე ქართული პროზა დღეს შიმშილს განიცდის და რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ დეფიციტს ნათია როსტიაშვილისნაირი ნიჭიერი პროზაიკოსები მეტ-ნაკლებად ავსებენ.
იმდენად მოვიხიბლე მისი ნოველით „მე, მამაჩემი, მამამისი“ - სოციალურ ქსელში ემოციური მინაწერიც გავუკეთე: „გადაუჭარბებლად ვიტყვი: თემა გახსნილია, სიუჟეტური ქარგაც დამაჯერებელი და წერის მანერაც ბუნებრივი“.
დარწმუნებული ვარ, მისი სახით თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ნიჭიერი პროზაიკოსი დაამშვენებს.
რაც შეეხება ხუთეულს, ჟიურის გემოვნებაში ეჭვის შეტანის სურვილი არ მაქვს, თუმცა, მოკრძალებით ვიტყვი: კარგი იქნებოდა, ხუთეულში ლაშა ბიბიჩაძის ლექსიც მოხვედრილიყო. ჩემი გადასახედიდან ის ამას ნამდვილად იმსახურებს (როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ)!
ბოლოთქმა: დასაწყისში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: თუნდაც საპრიზო ნამუშევრების გამოსავლენად ღირდა კონკურსის ჩატარება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქ-ნი იზა ვეფხვაძე უდაოდ დიდ საქმეს აკეთებს. თუმცა, როგორც მეგობარს მინდა მოკრძალებული რჩევა მივცე: კარგი იქნება, თუ კონკურსის პირობებში მცირე კორექტივებს შევიტანთ და წინასაკონკურსო ნაშრომების წარდგენის უფლებას ახალგაზრდა შემოქმედებს კონკურსების ნომინანტობისა და წიგნის ავტორობის გარეშეც მივცემთ, რადგან, ხშირად კონკურსებს ფორმალური ხასიათი ეძლევა, ხოლო, წიგნებს ისინი გამოსცემენ, ვინც ფულს მოიხელთებს და მკითხველის გემოვნება ნაკლებად აინტერესებს. ამით გზას გავუხსნით უცნობ (ნიჭიერ) ავტორებსაც, რომლებიც თავმდაბლობის თუ სხვა მიზეზების წყალობით დღემდე ჩრდილში არიან. ეს ჩემი პირადი აზრია და მოხარული ვიქნები, თუ მსჯელობის საგნად იქცევა.
ზაურ ნაჭყებია