ხალხს უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, თუ ხელისუფლებას ხალხის?!
დუმილი უნდა დავარღვიო და საკუთარი მოსაზრება დავაფიქსირო ამ ბოლო დღეებში აჟიტირებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ მეც მოვაწერე ხელი რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნას - ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა, მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ შეცდომას ვუშვებთ!
ვეცდები, დავაკონკრეტო, რას ვგულისხმობ სიტყვაში „სტრატეგიული შეცდომა".
ჯერ ერთი, იმ საკითხის გადაწყვეტას, რომელიც უფლისგან ისედაც გარანტირებულად მონიჭებულია, ვავალებთ პრეზიდენტად წოდებულ გიორგი მარგველაშვილს, რომლის ხუშტურებზეა დამოკიდებული, დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს და დამატებით დაკონკრეტდება თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების (ოჯახის) დეფინიცია!!!
თუ ჩვენ საკუთარ ერს (საკუთარ თავს) მართლმადიდებლად ვაღიარებთ, მაშინ, ამ თითიდან გამოწოვილი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას არ უნდა ვხედავდეთ - როგორ უნდა დაისვას საქართველოში დღის წესრიგში ეს საკითხი, ან რატომ უნდა გვეშინოდეს, რომ უცხოტომელთა ხელდასხმით, მაგრამ, ჩვენი გაფორმებით მოსული ხელისუფლება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას შეეცდება?!
ამდენი აჟიოტაჟი და რეფერენდუმის არადანიშვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მუქარა, მაფიქრებინებს, რომ რეფერენდუმის ინიციატორებმა ქართველი ერის (დღევანდელი საზოგადოების) სისუსტე და უილაჯობა კიდევ ერთხელ „ამხილეს"!!!
არ მესმის, როგორ უნდა გაბედოს ხელისუფლებამ, წავიდეს ერის სურვილის, მისი ისტორიული იდენტობის წინააღმდეგ და საზოგადოებას ძალით თავს მოახვიოს ანტიმართლმადიდებლური ცოდვის დაკანონება ქვეყანაში!!!
ნათქვამია, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო. ალბათ, ეს ალიაქოთიც არ იქნებოდა, ხალხს თავის დროზე ყური გამოებერტყა და თავისი სიმტკიცე მაშინ გამოევლინა, როცა ჩვენი ყბადაღებული პარლამენტი ანტიქართულ, ანტიმართლმადიდებლურ - ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდა!
დიახ, მაშინ უნდა გამოსულიყო ქუჩაში „ქუდზე კაცი" და მტკიცედ დაეფიქსირებინა, რომ თუ ამ კანონის მიღებას დააპირებდნენ, კომბლებით გამორეკავდნენ იქიდან.
თუმცა, ეს არ გავაკეთეთ და ახლა იმის შიშით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც არ დაგვიკანონონ, ფარატინა ქაღალდს-საქართველოს ე.წ. კონსტიტუციას ვებღაუჭებით!!!
იმ კონსტიტუციას, რომელსაც როგორც მოეპრიანებათ ისე ჭრიან და კერავენ „ძლიერნი ამა ქვეყნისათა", იმ კონსტიტუციას, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" პერიოდში, ნაცვლად იმისა,რომ სამართლებრივი შეფასება მიეცა სახელმწიფო გადატრიალებისთვის (მერე რა, რომ სისხლი არ დაღვრილა-ხელისუფლება მაინც ძალადობით შეიცვალა) საერთოდ ჩირგვში დაიმალა, იმ კონსტიტუციას, რომლის სასამართლოს თავმჯდომარეც დღეს თავს დისკრიმინებულად გრძნობს ქვეყანაში!!!
დავუშვათ, დანიშნა პრეზიდენტმა რეფერენდუმი და კონსტიტუციაშიც ჩაიწერა ქორწინების სათანადო დეფინიცია, მერე რა - ამით გარანტია გვეძლევა, რომ, ამ თემას მომავალში არავინ დაუბრუნდება?!
ჩვენ ამ ფორმალობის დაკანონებაზე კი არ უნდა ვხარჯოთ ამდენი დრო და ენერგია, არამედ, იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი უღმერთობის დაკანონებას საეჭვოს არ გახდიან!
ანუ, ყველაფრის მიზეზი არა უღმერთო და 30 ვერცხლად გაყიდულ ხელისუფლებაში, არამედ, საკუთარ თავში, საკუთარ უსუსურობაში, საკუთარ უპასუხისმგებლობაში უნდა ვეძებოთ!!!
კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ძალიან მაინტერესებს: ვინ გვაძალებს ამ სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონებას საქართველოში:
ამერიკა? ევროკავშირი?
თუ ამერიკა, მაშინ რაში გვჭირდება ისეთი „სტრატეგიული" პარტნიორი, რომელიც საკუთარ მრწამსზე (იდენტობაზე) უარს მათქმევინებს?!
ევროკავშირი?რად მინდა ისეთ ალიანსში გაერთიანება, თუ საკუთარი სახე ვერ შევინარჩუნე?!
ან, იქნებ, ეს ყველაფერი საკუთარი (პირობითად) ხელისუფლების „შემოქმედებაა" „დამსმელების" თუ პატრონების გულის მოსაგებად?! თუ ეს ასეა, მითუმეტეს, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება!
სიტყვამ მოიტანა და ასევე პასუხი მინდა ერთ მარადიულ კითხვაზეც:ხალხს უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, თუ ხელისუფლებას ხალხის?
ვიდრე ამ ამ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს არ გავცემთ, მანამდე წყალწყალა რეფერენდუმების და ე.წ. კონსტიტუციების იმედზე ვიქნებით. ამასობაში კი ქვეყანაც ხელზე შემოგვადნება და საკუთარ იდენტობასაც საბოლოოდ დავკარგავთ!
ერთი სიტყვით, ჩვენი ხსნა ჩვენსავე ხელშია!!! თუ თქვენ სხვა რეცეპტს შემომთავაზებთ, სიამოვნებით განვიხილავ...