მიხეილ ჯიბუტი: ბიზნესმენთა გაპოლიტიკოსების ტრაგიკული შედეგების შესახებ საქართველოში
(8 სექტემბერს ბ. ივანიშვილის ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)
პროექტის, „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 8 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ზუგდიდში შეხვდა.
ზუგდიდში, -საქართველოში პოლიტიკაზე ყველაზე გავლენიანი პირისა და ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის - ბიძინა ივანიშვილის, - საჯარო შეხვედრის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს შეხვედრა ჩემი (ალბათ, აგრეთვე საზოგადოებრივი) ინტერესის არც ერთი კუთხით, არც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართuლებების განსაზღვრისა და არც ამ საკითხებზე ბ. ივანიშვილის პოზიციების გარკვევის თვალსაზრისით, ყურადსაღები არ იყო.
მასმედიის წარმომადგენლებმა, ჩემი აზრით, ფაქტობრივად საზოგადოებაში არსებული ვერც ზოგადი და ვერც ადგილობრივი პრობლემები ქუჩიდან დარბაზში ვერ შემოიტანეს. ამიტომ, დამებადა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მასმედიასთან ეს შეხვედრები ვერ ცვლიან ხალხთან შეხვედრებს და არ წარმოადგენენ იმ ხალხთან შეხვედრების ჩანაცვლებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წელს, არ წარმოადგენს იმ ხალხისათვის ერთგვარ ანგარიშს (შეიძლება, ეს არცაა მიზანი!).
პრინციპში „სტატუსის“ დონეზე აქ შეიძლებოდა გაჩერება, რომ არა ერთი საკითხი.
საკითხი ბიზნესმენთა პოლიტიკაში უშუალოდ მონაწილეობის შესახებ.
ივანიშვილის პოზიცია აქ წინააღმდეგობრივი იყო.
კითხვაზე, თუ რატომ მოხსნა ბიზნესმეენმა თავისი კანდიდატურა მაჟორიტარული წესით საქართველოს პარლამენტში არჩევნებისგან, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში შექმნილი გარემოა, როდესაც პარლამენტარობა „ბიზნესის დასაცავად“ აღარაა საჭირო.
იმავე დროს, ექს-პრემიერმა სხვა ბიზნესმენების მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში მოიწონა.
რა გამოდის?
ორი სხვადასხვა სამართლებრივი გარემოა ბიზნესისთვის, სადაც ერთს ჭირდება დაცვა და მეორეს - არა?!
ივანიშვილმა აღწერა მძიმე მდგომარეობა, როდესაც ბიზნესი ხელისუფლების ცვლილების გამო „გადადის“ სხვადასხვა მხარეს (მან აღნიშნა, რომ ბიზნესმენთა ერთი კატეგორია „გადმოვიდაო“). კონტექსტით გასაგებია, რომ იგულისხმება სახელისუფლებო მხარე.
ბიზნესი არ უნდა იყოს მუდმივად მმართველი პარტიის „მეგობარი“. უფრო სწორად ის უნდა იყოს კანონის მეგობარი.
სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ბიზნესი შერწყმულია ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში ყოფნა გახდა ბიზნესი.
საუბარი ელიტური კორუფციის არარსებობაზე „ოცნების“ ხელისუფლებაში არ საბუთდება, ამ მოვლენას თუ შევხედავთ შედეგის - სახელმწიფოსა და ხალხის ზარალისა და დანაკარგის თვალსაზრისით. მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვა ე.წ. პრემიების სახით, საკმარისია ამის მაგალითად, საკმარისი ასევე ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობის საჩვენებლადაც. 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მოეხდინა სახელფასო სატარიფო ბადისა და ანაზღაურების სისტემის ნორმატიული ბაზის შექმნა.
ერთნაირად ზარალის მომტანია ქვეყნისთვის საქართველოს პრეზიდენტის ორი სასახლე და საქართველოს პარლამენტის ორი შენობა, მაშინ, როდესაც უამრავი საჯარო დაწესებულება (მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ნაქირავებ შენობებშია?!
საკმარისი იყო ეფექტიანი ხელისუფლება, რომ მარტო შენობა-ნაგებობებისა და უწყებათა განთავსების სტანდარტებით დაუზოგავდა ქვეყანას, ანუ არ გაფლანგავდა მინიმუმ 300 მილიონ ლარს 4 წლის განმავლობაში.
ბიძინა ივანიშვილის აზრი ხელისუფლებაში ბიზნესის დასაცავად ყოფნის და ამის აუცილებლობის არ არსებობის შესახებ (ემპირიული დაკვირვებით ეს ასე არ ჩანს) გამოყენებულ იქნას იმ კამპანიის დასაწყებად, რომ ხელისუფლება, სახელმწიფო მოხელეობა, ხალხის სამხახურის მიზნით და ბიზნესმენობა, საქმიანობა მოგების მიზნით, გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან როგორც სამართლებრივად, ისე პრაქტიკულად.
რა ინტერესი აქვს კაცს თანამდებობაზე, თუ იქ ხელფასს არ იღებს?!
რატომ ხარჯავს დეპუტატობაზე ბიზნესმენი იმაზე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე 4 წლის განმავლობაში სადეპუტატო ხელფასი-პრემია-დანამატი-სხვა სიკეთეებია ერთად აღებული?
უმრავლესობამ იცის რა უნდა. ზოგიც ბრიყვია და სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილობის კომპლექსი აწუხებს.
ის, ვინც იცის რა უნდა, რატომ მიდის პოლიტიკაში? ბიზნესმენი ხომ ხარჯები-შემოსავლების თანაფარდობითაა მოტივირებული?
რამ შეიძლება მოიტანოს ხელისუფლებაში ყოფნისას ისეთი შემოსავალი, რომელიც გადაფარავს საარჩევნო კამპანიის დროს მრავალმილიონიან დანახარჯებს? დანახარჯებს, რომელიც თავისი მასშტაბებით აშშ საარჩევნო კამპანიების ტოლფასია?
ჩემი აზრით, საქართველოში ამისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის გაყიდვა!!!
დიახ, გაყიდვა პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, თურქეთის საქართველოს საკითხის სამართლებრივი დახურვა საქართველოს ინტერესების საქართველოს ხელისუფლებაში მყოფთა მიერ გაყიდვის შედეგია. ხელისუფლებამ გაყიდა ჰერეთი.
რა გაყიდა საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე?
ერთად აღვრიცხოთ.
მე დავიწყებ.
საქართველოს ხელისუფლება ჰყიდის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, როდესაც ჰყიდის მიწას ისე, რომ მოწესრიგებული არ აქვს მიწის კანომდებლობა და მიწის მართვა მიწის კოდექსისა და მიწის მართვის სახელმწიფო ინსტიტუტის სახით.
რითაც არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში და საერთოდ პოლიტიკაში ბიზნესმენების წასვლის მოტივი, 25 წლიანი გამოცდილებით დადგენილია: ბიზნესმენი, ვინც პოლიტიკაში უშუალოდ ჩაერთო, ისევე როგორც სახელმწიფო მოხელე, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს იწყებს ბიზნესმენობას, კრახით ამთავრებს თავის საქმიანობას.
ამის მიზეზია, რომ საქართველოში მდიდარი ხალხი მხოლოდ პირველ თაობაშია. მეორე თაობის მდიდრების გაჩენა შექმნის ფენას, რომელიც ფულს ჩადებს წესრიგში და ბიზნესმენები დაკავებული იქნებიან ბიზნესით, პოლიტიკოსები პოლიტიკით და თითოეულს ექნება თავისი ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში.
აშშ-ში მილიარდერი ტრამპის მონაწილეობა პოლიტიკაში გამონაკლისია და არა კანონზომიერება. თანაც ჯერ უცნობია ამ გამონაკლისს ამერიკელი ხალხი მიიღებს თუ არა და შემდეგ, რა შედეგი მოჰყვება მას (არ გამოვრიცხავ, ამ ფაქტმა სათავე დაუდოს აშშ პოლიტიკური სისტემის რეფორმაციას).
აღნიშნულ კანონზომიერებას დაექვემდებარა ივანიშვილის ბიზნესიც მისი საჯარო პოლიტიკაში მოსვლის (რომელიც დაიწყო 2011 წლის 7 ოქტომბრის განცხადებითა და 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით) შემდეგ. მანამდე მისი ბიზნესი მცირე ჩავარდნების მიუხედავად, საწინააღმდეგო ტენდენციით ვითარდებოდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. Forbes მონაცემებით, 2004 წელს მისი აქტივები 880 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.
(http://sputnik-georgia.ru/economy/20150929/228631282.html)
მილიარდერების სიაშია 2006 წლიდან, ანუ საქართველოში დაბრუნების მესამე წლიდან. 2006 წლის Forbes მონაცემებით, 3,9 მლრდ. აშშ დოლარით 173-ე ადგილი ეკავა.
დღეისათვის, 2016 წლის Forbes მონაცემებით, ივანიშვილს 4,8 მლრდ. აშშ დოლარის აქტივებით მსოფლიოში მილიარდერებს შორის 298-ე ადგილი უკავია. ეს 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
(http://www.forbes.com/profile/bidzina-ivanishvili/?list=billionaires)
2015 წლის Forbes მონაცემებით, იგი 291-ე ადგილზე იყო 5,2 მლრდ.აშშ დოლარით.
2014 წლის Forbes მონაცემებით, 5,2 მლრდ.აშშ დოლარით 270-ე ადგილი ეკავა.
(http://www.apsny.ge/2015/eco/1425408658.php)
2013 წლის Forbes მონაცემებით 5,3 მლრდ.აშშ დოლარით 229-ე ადგილი ეკავა.
ხოლო, 2012 წლის Forbes მონაცემებით, 6,4 მლრდ. აშშ დოლარით 153-ე ადგილს იკავებდა.
(http://www.apsny.ge/2015/eco/1425408658.php).
აღნიშნული ტენდენცია იქნებ სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, მაგრამ, ვაითუ მაინც ბიზნესისა და პოლიტიკის „ქართული აჯაფსანდალის“ ბრალია?
P.S. ამ სტატიას ვუძღვნი პროფესორ იაკობ (იაშა) მესხიას ნათელ ხსოვნას, რომლის მაღალპროფესიული, კეთილმოსურნე შექებაცა და კრიტიკაც ერთნაირად მოაკლდება ჯანსაღი გონების მქონე ქართული საზოგადოების თითოეულ წევრს.
P.S.P.S. ჟურნალისტებთან ივანიშვილის შემდეგი რეგიონალური შეხვედრა ქუთაისში 12 სექტემბერს გაიმართება.