მამუკა გიორგაძე: ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილების უნიათობა?!
საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია _ ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული.
პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე - არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე მუშტების ბრაგუნით ცდილობს შელახული იმიჯის გადარჩენასა და დამფინანსებლების თვალში გამართლებას, ნაწილი აგრძელებს ვაჭრობას, ნაწილს კი, მსხვერპლად მიაჩნია თავი და ყველა უბედურებას მხოლოდ ერთ კაცს აბრალებს.
„საქართველოს სახალხო პარტიას“ არჩევნების შედეგებსა და მსვლელობასთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:
საარჩევნო პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი მაღალი ტრიბუნიდან არ გაჟღერებულა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მითუმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორის, შესახებ.
ძირითადად ლაპარაკობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალურად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მოსაგვარებელია - რა თქმა უნდა, გზა, გაზი, წყალი და სხვა პრობლემა თითოეულ ჩვენგანს გვაღელვებს, მაგრამ, პარლამენტის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ამ თემებზე აპელირება არჩევნების პერიოდში, ხალხის შეცდომაში შეყვანის, მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაკნინების მცდელობაა.
ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება პოლიტიკურ ძალთა მოვალეობაა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ტანდემში (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით) მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის დაშანტაჟება ამ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირებით.
შეგნებულად ხელოვნურად შექმნილმა ფორსმაჟორულმა ვითარებამ და მიზანმიმართულმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ, რომელიც გამყარებული იყო წინასაარჩევნო შეხვედრებზე ინსპირირებული ჩხუბებით, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრისა თუ ზღვის მხარულით გადმოცურვის „მუქარებით“, ავტომობილების აფეთქებით, სახელმწიფო გადატრიალებით დაშინებით, მედიაში არაპოლიტიკური ლექსიკის “ჭარბი” გამოყენებით, საარჩევნო უბნებზე ხულიგნობითა თუ ზონდერ ჯგუფისა და სპეცნაზის საარჩევნო უბნებში შევარდნებით და სხვა მრავალი უმსგავსო ფაქტით, შექმნა ილუზია, თითქოსდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას მისი მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დაბალი დონისა და პოლარიზაციის გამო სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. შესაბამისად, არჩევნების თუნდაც მშვიდობიანად დამთავრება თავისთავად დადებით შედეგად იქნა შეფასებული.
ზემოააღნიშნული პროპაგანდისტული კამპანია, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო პროცესებში გაუცნობიერებელი საქართველოს მოსახლეობის დატერორებისკენ. კერძოდ, ერთი მხრივ, მიმდინარეობდა ე.წ. შავი პიარი ტირანული ხელისუფლების დაბრუნების მუქარით, მეორე მხრივ, ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობა და წარმოჩინება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციად. საინფორმაციო ზემოქმედება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამყარებული იყო დამაშინებელი ფიზიკური ქმედებებით. ამგვარი კამპანიის მიზანი იყო ძალების ხელოვნური გადანაწილება და საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია. მისი არსი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით: კეთილ უნიათოსა და ბოროტ ენერგიულს შორის აირჩიე ქართველო ერო!
წინასაარჩევნო პროპაგანდა „შუის გაკრეფის ნაწილში“ განმტკიცებული იყო იმ ჯგუფების მხრიდანაც, რომლებიც საკუთარ პოზიციონირებას ვითომდაც „შუიდან“ ახდენდნენ. ამ ჯგუფებთან დაკავშირებული პოლიტიკურმა სკანდალებმა თუ პიროვნულმა მომენტებმა ხელი შეუწყეს საზოგადობაში მათზე და, საერთოდ, პოლიტიკურ პროცესებზე გულაცრუებას, ელექტორალური აქტივობის ნიველირებას - გადამწყვეტ მომენტში ამ ჯგუფების ლიდერებმა მიატოვეს საკუთარი ამომრჩეველი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ მხოლოდ პირადი გამორჩენა ამოძრავებთ, არიან სატელიტური ორგანიზაციები, ემსახურებიან პატრონებს და არა სახელმწიფო აღმშენებლობის ინტერესებს. სიამოვნებით ღებულობენ დაფინანსებას და “კვალფიციური სუბიექტის” სტატუსსა და აქედან მომდინარე პრივილეგიებს, ბოლო წუთამდე აგრძელებენ ვაჭრობას ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო ანტისახელმწიფოებრივი გარიგების დადების ან საკუთარი მომავალი "შრომითიმოწყობის" მიზნით.
ყოველგვარი ხმამაღალი ლაპარაკი და ბაქი-ბუქი ხმების დაცვის გარანტიებზე, დაპირებულ ხმაურიან სასამართლო პროცესებსა და არჩევნებში უეჭველ გამარჯვებაზე მალე გაფერმკრთალდა და ჩაქრა. ამგვარ ჯგუფებს კი თავისი შეცდომის აღიარება და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება არ სურს (რეალური ქმედების სახით, თორემ ლამაზი სიტყვებით _ რამდენიც გნებავთ).
შესაბამისად, ჩაქრა ჯანსაღი საპროტესტო განწყობა და მუხტი. საზოგადოება კი შეაგუეს, რომ მის გარეშე წყდება ქვეყნის ბედი. პროცესებში ბოლომდე გაუცნობიერებული, მაგრამ გულწრფელად ჩართული ხალხი, მისდაუნებურად,Aმიმზიდველი და შთამბეჭდავი სპექტაკლების მონაწილე გახდა და ზემოთქმულზე რეაგირებას მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციათა და პირადად დაზარალებულთა ვიწრო წრის პრეროგატივად მიიჩნევს.
მატერიალურად წახალისებული „შუა“ ჯგუფები იმ კატეგორიის კონფორმისტი „ლიდერებით“ იყო წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა სიამოვნებით ირგებს გარედან მართულ სპექტაკლებში ოპოზიციური აზრის მონიპოლიზების მათთვის მიკუთვნებულ როლს: ზოგი მთავარს, ზოგიერთი ეპიზოდურს, უმრავლესობა მეორეხარისხოვანს (მასა გამოყენებულია ანტურაჟისთვის). ოპოზიციის მანტიაში შემოსილი ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების “სოლიდური პარტიების” (რომლებიც ადრე თუ გვიან იქნებიან გადაგდებულნი) და მართვადი “არასამთავრობო ორგანიზაციების” ატეხილ ვითომცდა მძაფრად დრამატული კამპანიის ხმაურში, სამწუხაროდ, ჩაიკარგა ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე პოლიტიკური სუბიექტების ხმა.
საზოგადოებას არ მიეცა ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება (ვინაიდან მედია-საშუალებები, განსაკუთრებით, ტელევიზიები მონოპოლიზებულია), რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა პროგრესული ინიციატივებისა და ჭეშმარიტი ეროვნული ღირებულებების დაცვის ბლოკირებას.
აღსანიშნავია ის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რომლის ფონზეც ჩატარდა 2016 წლის არჩევნები. მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლა მთავარ მამოძრავებელ ინსტინქტად იქცა. უკიდურესი მატერიალური გაჭირვების გამო მოსახლეობის ნაწილისთვის არჩევნების პერიოდი ორიოდე თეთრის გამომუშავების შანსია. ასეთი მდგომარეობით სარგებლობენ სხვადასხვა ჯურის ე.წ. ლიდერები, რომლებიც ცდილობენ გაჭირვებული ადამიანების მიბმას კოორდინატორის თუ სხვა მცირეხელფასიან სამსახურზე. არჩევნებში საქართველოს მასშტაბისთვის არა ადექვატური რაოდენობის ფინანსების გამოყენება და ამით საკუთარი გავლენის გაზრდა დამატებით ეჭვებს აღძრავს მონაწილეთა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
აღმაშფოთებელია არასამთავრობო სექტორის მთელი რიგი წარმომადგენლების პოზიცია და ქმედებები არჩევნებთან დაკავშირებით. რჩებიან რა დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალების მომხრეებად სიტყვით, საქმით ცდილობენ ყურადღება მხოლოდ ნაკლებადმნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილონ. მათ ყურადღების მიღმა რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები - არათანასწორი საარჩევნო გარემო, საარჩევნო სიების დაუდგენლობა და სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, ამ ორგანიზაციათა უმრავლესობა ჩამოყალიბდა პარაზიტულ წარმონაქმნებად, რომელთა მიზანი ამა თუ იმ ძალის კლიენტარულ მომსახურეობას არ სცდება!
სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ, როგორც ცესკო, ისე საარჩევნო კომისიები არა კანონის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპიდან მოქმედებდნენ, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცედურისას. ამის დასტურია არჩევნების შედეგების ციფრული მაჩვენებლები, რომლებიც თითქმის ყველა უბანში ძირითად ოქმზე მხოლოდ შესწორების ოქმების დართვის შემდეგ (ზოგან საერთოდ უოქმოდ და ზოგან მრავალჯერადად შესწორებელი ოქმით) იქნა გამოყვანილი.
მსგავსი მრავალი ფაქტისა თუ მოვლენის გამო „საქართველოს სახალხო პარტიას“ უწევს კონსტატირება იმ არასახარბიელო ფაქტისა, რომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნები ჩატარდა არათანასწორ და არადემოკრატიულ გარემოში: ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების გაერთიანებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ნიჰილიზმის კულტივირებისა და დაშინება-ტერორიზების გზით საქართველოს ხალხს გადაუკეტა თავისუფალი არჩევანის ალტერნატივა. სწორედ ეს გარემოება გვაძლევს საფუძველს გულისტკივილით ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას. თუმცა, ეს არ არის ფატალური გარდუვალობა, ეს დროის გამოწვევაა, რომლის აცილებაც სწორი ბრძოლით შესაძლებელია.
ისიც ფაქტია, რომ „შუა გაკრეფის“ მიუხედავად, ორივე მხარეს ძალიან უჭირს, უჭირს რეალური პოლიტიკის კეთება და ხალხისთვის, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების ჩვენება. აშკარაა, რომ ასეთი მასშტაბის სპექტაკლის გამართვის საჭიროება სწორედ ქვეყნისთვის საკუთარი უსარგებლობის გაცნობიერებამ გამოიწვია.
მორალურად განადგურებული და შეურაცხყოფილი საზოგადოება შველას გვერდიდან ელოდება. მაშინ, როდესაც თვითონ მასშია ის ძალა, რომელსაც ძალუძს დაუპირისპირდეს და სძლიოს ბოროტებას. თითოეული მოქალაქის პოზიციაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენის საკითხი.
„საქართველოს სახალხო პარტია“ ადასტურებს, რომ საქართველოს საზოგადოებაში ჯანსაღი ძალები უმრავლესობას წარმოადგენენ. ეს გვაძლევს საფუძველს ვიქონიოთ მტკიცე იმედი, რომ საქართველოს სწრაფვა თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ცხოვრებისკენ შეუქცევადი პროცესია. ქართველი ხალხი დროებითი წარუმატებლობის მიუხედავად მიაღწევს თავის საწადელს და საქართველო დაიკავებს მისთვის კუთვნილ გამორჩეულ ადგილს მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში.
ამ თვალსაზრისით, „სახალხო პარტია“ წარმოშობილი პრობლემების უფრო ეფექტური მოგვარების მიზნით გააღრმავებს თანამშრომლობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ - მიგვაჩნია, რომ მიმდინარე ეტაპი, მრავალი მახასიათებლის მიხედვით, საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტ ხასიათს ატარებს და, ამდენად, ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობას ეროვნული პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების კონსოლიდაციისთვის. რაც მომავალი გამარჯვებების წანამძღვარი და გარანტია გახდება.
ქართველმა ერმა სწორი ბრძოლის გარდუვალი შედეგიც ვიცით _ „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“...
„სახალხო პარტია“