მიხეილ ჯიბუტი: რატომ ვართმევთ ლარს საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ფუნქციას?!

მიხეილ ჯიბუტი: რატომ ვართმევთ ლარს საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ფუნქციას?!

2016 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაშია 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, რომელიც ძველი ემისიის 100 ლარიან ბანკნოტებთან ერთადაა მიმოქცევაში.
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2965

100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტებს აქვს ინოვაციური სიახლეები (მასზე დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის, გაუმჯობესებულია მასალა და დამცავი მექანიზმები, რაც მისი გამოყენების ხანგრძლიობასა და უსაფრთხოებას გაზრდის და სხვ.), თუმცა, მას აქვს იგივე ნაკლი, რაც 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, რომელიც მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან.

ამის შესახებ მე ჯერ კიდევ ადრე დავწერე (იხ.მიხეილ ჯიბუტი: რატომ გაქრა ლარის ახალ კუპიურებზე სახელმწიფო - საქართველოს სახელი!? http://iverioni.com.ge/15921-mikheil-jibuti-ratom-gaqra-laris-akhal-kupiurebze-sakhelmtsifo-saqarthvelos-sakheli.html), სადაც ვამბობდი: „მიმაჩნია არასწორად, როდესაც ლარის ახალ კუპიურებზე გაქრა სახელმწიფოს - საქართველოს დასახელება“.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ვკითხულობთ: "საქართველოს ფულის ერთეულია "ლარი" (მუხლი 34. პუნქტი 1)". ანუ საქართველოს სახელმწიფოს ფულია ლარი. საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს, რომ "საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა "საქართველო" (მუხლი 1. პუნქტი 3).
 
ლარი არის სახელმწიფო - საქართველოს ფული და მასზე წარწერა "საქართველო" უნდა აღსდგეს.
 
სანამ გვიან არაა, უნდა ჩასწორდეს 100 ლარიანისა და სხვა ნომინალების მატრიცები!!!“

ეს ითქვა ცხრა თვის წინათ!

სამწუხაროდ, ეს მოწოდება დარჩა გაუგონარი ხელისუფლების მხრიდან.

 

მართალია, თითქოს ოფიციოზმა იგრძნო „უხერხულობა“ (ან უხერხულობის თავიდან ასაცილებლად - ახალ კუპიურაზე დასახელება „საქართველო“ აღდგენილი არ არის, ამავე დროს, ხელმოწერა კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკის ძველი პრეზიდენტისაა) და საზოგადოებას განუმარტა, რომ „ინფორმაციისთვის, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. (ხაზგასმა მ.ჯ.) შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს, განახლდება (ხასგასმა მ.ჯ.) მოგვიანებით.“
(https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2965)

ხდება ასეც. ფული მომზადებულია და მოგვიანებით ხდება მისი მიმოქცევაში გაშვება. ასე იყო ლარის თავდაპირველად მიმოქცევაში გაშვებისას. ის მომზადდა 1993 წელს და მიმოქცევაში გაუშვეს 1995 წელს.

თუმცა, აქ კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ: რას გულისხმობს საქართველოს ეროვნული ბანკი სიტყვების - „ერთად განახლდას“ - ქვეშ?

თუ იმას, რომ 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები ახალი დიზაინით ერთდროულად დამზადდა, ერთდროულად მოხდა მათი დასაწყობება და მათი გამოშვება ბრუნვაში სხვადასხვა დროს ნაკარნახევი იყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, მაშინ გასაგებია რატომ არ მოხდა ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინება და რატომ არაა მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ხელმოწერა.

ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას უკვე აინტერესებს: რატომ არ იქნა სამივე ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში ერთდროულად გამოშვებული? და რამ განაპირობა მისი ახლა გამოშვება?

უნდა დაისვას კითხვა იმის გასარკვევადაც, თუ რას გულისხმობს საქართველოს ეროვნული ბანკი სიტყვებში - 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მოგვიანებით განახლების ქვეშ?

გულისხმობს იმას, რომ ისინიც უკვე დამზადებულია, დასაწყობებულია და მიმოქცევაში გამოვა მოგვიანებით არსებულის გასაახლებლად, თუ მათი დიზაინი, მატრიცა ჯერ მომზადებული არაა, ფული დაბეჭდილი არაა და მოგვიანებით მოხდება ეს ყველაფერი?

თუ ეს ასეა, მაშინ ვთხოვ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას გაითვალისწინოს ზემოთ გამოთქმული შენიშვნები - აღადგინოს ლარზე სახელმწიფო-საქართველოს სახელი და ახალი კუპიურები გამოუშვას ნდობის გამომწვევი ხელმოწერებით.

უნდა დამერწმუნოს საქართველოს ეკონომიკის მესვეურები, რომ ფულისადმი ნდობა მეტია, თუ ჩანს, რომ მის უკან დგას მთელი სახელმწიფო და არა მხოლოდ ერთი ინსტიტუტი, როგორი საპატივცემულოც არ უნდა იყოს იგი.

იმედია ეს წერილიც წინას მსგავსად არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: