ზაურ ნაჭყებია: რა შუაშია ჰაოსი, როცა ქართლოსს საღათას ძილით სძინავს?!

ზაურ ნაჭყებია: რა შუაშია ჰაოსი, როცა ქართლოსს საღათას ძილით სძინავს?!

კარგა ხანია აკვიატებული მაქვს ერთი შეხედვით მარადიული კითხვები, რომელზეც პასუხს ვერა და ვერ ვპოულობ. კერძოდ:

 

- რატომ გვგონია, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია და ჩვენ მხოლოდ ბედუკუღმართობის მსხვერპლნი ვართ?!

 

 - რატომ გვგონია, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ და თითიც ყოველთვის სხვისკენ უნდა გავიშვიროთ?!

 

- რატომ გვაქვს მუდმივად არეული პრიორიტეტები და დროსა და ენერგიას მოჩვენებით „სიკეთეში“, ანუ სანახაობაში ვფლანგავთ?!

 

- რატომ არ ვიჯერებთ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო არ არის - სახელმწიფო ეს ჩვენ ვართ და ჩვენს ქვეყანას ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ?!

 

ყველა ეს კითხვა ამომიტივტივდა, როცა ორიოდე დღის წინ მწერალთა სახლში გამართულ ბონდო არველაძის წიგნის „ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში“ პრეზენტაციაზე თითქმის ცარიელ დარბაზში ვიჯექი (თავიდან სულ ოცამდე სტუმარი დავითვალე, ბოლოს კი 13-ღა შემოვრჩით!), არადა, წყალ-წყალა პრეზენტაციებზე დარბაზი გადაჭედილია და ფსევდოლიტერატურის მოტრფიალენი ფეხზე დგომასაც არ თაკილობენ!

 

ბონდო არველაძე უდაოდ ნიჭიერი და გულანთებული პატრიოტია - იგი მუდმივად ისეთ საჩოთირო (სარისკო) და სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის თემებს ეხება, რომელზეც სხვები (ვისაც პროფესიულადაც ევალება) თავს იკავებენ. რა თქმა უნდა, მისი ღვაწლი უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ, არ არის საკმარისი, პრობლემა გადაწყვეტილად ჩავთვალოთ - ის უშურველად აკეთებს იმას, რაც შეუძლია და თავისი შეუვალობით ბეწვის ხიდზეც გადის, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ მისი პოზიციები გავამყაროთ და ქართველების ისტორიული „ძმა“ და მეზობელი საკადრისად ვამხილოთ?!

 

როცა ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები!!!

 

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ქვეყანას აქამდე ჰყავდა და დღესაც ჰყავს არაეროვნული, სხვისი დაკვეთების უპირობოდ შემსრულებელი ხელისუფლება, ამით არაფერი შეიცვლება. პირიქით,  ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება გულგრილობის, დანაშაულში გადაზრდილი უპასუხისმგებლობის მასშტაბები და ქვეყანა შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნება!..

 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციაზე გამოთქმული კრიტიკული აქცენტები მხოლოდ და მხოლოდ „ორთქლის გამოშვების“ ასოციაციას ტოვებდა, სწორად იყო დანახული პრობლემის გადაწყვეტის მთავარი პირობა - საქართველოს ინტერესები, როცა საქმე მისი ისტორიული, კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობის მიტაცებას ეხება, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას.

 

თუმცა, არაფერი თქმულა იმაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ხელისუფლება (კიდევ ვიმეორებ: ახლანდელიც და მათი წინამორბედნიც) იობის სიმშვიდით უყურებს ამ ყველაფერს და თითს თითზე არ აკარებს ერის სულიერი მემკვიდრეობის დასაცავად და გადასარჩენად(?!).

 

ვინც არ უნდა მიწყინოს, პირდაპირ ვიტყვი: კარგია ასეთი პირუთვნელი და მამხილებელი ფაქტებით გაჯერებული წიგნების გამოცემა, კარგია ასეთი წიგნების საჯარო წარდგინება და ემოციების ფრქვევა დარბაზში, მაგრამ, სრულებით არ არის საკმარისი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაწყვეტად.

 

ჯერ ერთი, წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა (ისიც შეზღუდული ტირაჟით), მხოლოდ პრობლემის ოფიციალურად დაფიქსირებას უწყობს ხელს და ცარიელ კარში ბურთის გატანის ტოლფასია. არსებითი ღირებულება მაშინ ექნებოდა, იგი უცხო ენებზე (მათ შორის, სომხურად) იყოს თარგმნილი და საერთაშორისო აჟიოტაჟის საფუძველს იძლეოდეს (გასაგებია, ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისთვისაც არც მთავრობას და არც ე.წ. ქართულ ბიზნესს „სცხელა“!).

 

მეორე, რადგან ამ „მარადიული“ პრობლემისადმი საქართველოს ხელისუფლების (რომელიც ოფიციალურად სახელმწიფოს წარმოადგენს) რეაქცია ნულის ტოლია, უნდა შეიკრას თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს თანმიმდევრულად გამოხატოს ოფიციალური პოზიცია და კატეგორიულად მოსთხოვოს სომხეთის მთავრობას ხელი აიღოს მათთვის ეთნიკურად დამახასიათებელ უკეთურ ზრახვებზე (ქართული არქიტექტურული და ქრისტიანული ძეგლების მითვისებაზე). სამწუხაროდ, ამის აუცილებლობაზე საუბარი არც დარბაზში ყოფილა, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენ, როგორც „წესი“, პრობლემებს მხოლოდ პრობლემების საილუსტრაციოდ ვეძებთ და არაფერს ვაკეთებთ მისი გადაწყვეტისთვის!

 

ჩვენს მეზობლებს - ჰაოსის შთამომავლებს საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობაზე დღენიადაგ რომ უჭირავთ თვალი, არახალია, რაც მათი მხრიდან არასრულფასოვნების კომპლექსზე მეტყველებს, მაგრამ, ეს არაფერი შეღავათია საქართველოსთვის, რომელსაც საკუთარ მემკვიდრეობას არა მარტო ედავებიან, არამედ ართმევენ კიდეც!

 

დავუშვათ, ჩვენ გვყავს უეროვნებო, უჯიგრო, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ კომფორტზეა ორიენტირებული, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ხელისუფლებები, რომელთა უნიათობა და უპასუხისმგებლობა ჩვენს კისერზეა, მოდიან და მიდიან, პრობლემები კი სულ უფრო და უფრო ღრმავდება და მწვავდება?!

 

რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ საქართველო მთელი ერის საპატრონებელია და არა ერთი მუჭა გაზულუქებული, მუქთახორა ხელისუფლების?!

 

რატომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, რომელიც წინაპრებმა საკუთარი ოფლითა და სისხლით გამოძერწეს და შეგვინარჩუნეს?!

 

სამწუხაროდ, ეს რიტორიკული კითხვები მარტო კულტურული და ქრისტიანული ძეგლების დაცვას არ ეხება - ჩვენ ანალოგიური გულგრილი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გვაქვს ნებისმიერი, ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ. იმდენად დაგვიქვეითდა ღირსების გრძნობაც, რომ ყველაფერს ვეგუებით, მათ შორის, გაზულუქებულ, კომფორტზე დახარბებულ ხელისუფლებას, რომელიც თავისი უნიათობითა და უპასუხისმგებლობით არა მარტო უგულებელყოფს სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ, ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოების ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობას და ერის თვითლიკვიდაციას უწყობს ხელს!..

 

აქედან გამომდინარე: ვიდრე არ ვაღიარებთ, რომ ყველა პრობლემა ჩვენშია და ამ პრობლემების გადაწყვეტა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, მანამ ჩვენი ისტორიული მეზობელი - ჰაოსის შთამომავლები კიდევ უფრო ხეირიანად შემოგვილაწუნებენ.

 

უდაოა ისიც, რომ ვიდრე ხელისუფლებას საზოგადოების სახით (ვამბობ საზოგადოებას და ვგულისხმობ ჯანსაღ ინტელექტუალურ ნაწილს) ძლიერი ოპონენტი არ ეყოლება, მანამ ლარის კურსი სამციფრიან ნიშნულსაც გადააბიჯებს და საკუთარ ქვეყანას და შესაბამისად, საკუთარ თავსაც განაჩენს თვითონვე გამოვუტანთ.

 

მე გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ბონდო არველაძეს ასეთი თავდადებისა და ჭეშმარიტი ქართველობისთვის, მაგრამ მარტო ერთი არველაძე არ გვიშველის - ჩვენ არველაძეები გვჭირდება, რომელთა ნააზრევ-ნაფიქრალს საზოგადოების ხმაც შეუერთდება!

 

P.S. პრეზენტაციის წამყვანმა იკა ქადაგიძემ სავსებით სამართლიანად დაიწუწუნა, რომ ამ ღონისძიებით არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესდა და არც ბეჭდურმა თუ სხვა ელექტრონულმა გამოცემებმა შეიწუხეს თავი.

 

ერეკლე საღლიანმა კი თავისი გულწრფელობითა და პირდაპირობით მთელ ქართულ მწერლობას მოჭრა თავი - პირადად ორმოცამდე მწერალი დავპატიჟე და არც ერთი არ მოვიდაო. რაც იქ ვერ ვუთხარი, აქედან მინდა შევახსენო ბატონ ერეკლეს: სად არის დღეს ქართული მწერლობა, იქ მისვლისთვის თავი რომ შეეწუხებინა. ჭეშმარიტი მწერლები ყოველთვის ერის მეციხოვნეები იყვნენ, თანამედროვე ფსევდომწერლები და ფსევდოპოეტები კი სხვა „ვარსკვლავს“ ეთამაშებიან.

 

ან სად არის ტრადიციული ქართული ჟურნალისტიკა, ასეთი პრობლემებით რომ დაინტერესდეს?!

 

სად არიან (სად იყვნენ) ის ქალბატონები და ვაჟბატონები, სოციალურ ქსელში პატრიოტულ „ცეცხლს“ რომ ანთებენ და ლამის მსხვერპლშეწირვის იმიტაციით ერთობიან?!

 

სად?! სად?! სად?!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: