ზაურ ნაჭყებია: რატომ არ იქმნება თანამოაზრეთა ერთობა და რა ბედი ელის კვირიკაშვილს?!
ერთმა ახლო მეგობარმა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ „ქორწინებაში“ არ ყოფილა, მაგრამ, არც თავგადაკლული ოპონენტია, საიდუმლოდ გამანდო, რომ გაზაფხულზე საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება!
მას არ დაუკონკრეტებია, რა იდეოლოგიის მატარებელი იქნება ახალგამოჩეკილი პოლიტიკური ერთობა და რა ნიადაგზე აღმოცენდება იგი, თუმცა, როგორც თვითონ მითხრა, ინფორმაცია ზუსტია და წყალი არ გაუვა...
„ინფორმატორმა“ არც ის დამიმალა, რომ მალე კვირიკაშვილის მთავრობას გადააყენებენ და მის ადგილზე გიორგი გახარიას უმიზნებენო. მისი ინფორმაციით, თურმე, პრემიერის თანამდებობაზე კახი კახიშვილიც მოიაზრება, მაგრამ, მისი თქმით, სათუოა, რადგან, კახიშვილი ნაკლებად მართული ჩინოვნიკია და არჩევანს მაინც გახარიაზე გააკეთებენო. მიზეზი, კვირიკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები და ინიციატივები ყოფილა, რომელიც, თურმე, ხალხს არ მოსწონს.
გაოცდები პირდაპირ: თუ პრემიერ-მინისტრის გადაყენებაზეა საუბარი, რანაირად ჯდება ლოგიკაში მისი მთავრობის რომელიმე წევრის გაპრემიერება ან საერთოდ, რა აზრი აქვს პიროვნებების ცვლას სისტემური ცვლილების გარეშე?!
ამით იმის თქმას არ ვაპირებ, რომ პიროვნების როლი სახელმწიფოს მართვაში არსებითი არ არის, მაგრამ, მისი მოქნილობა, პრინციპულობა და ნოვატორული მიდგომები აუცილებლად ჯანსაღ სახელმწიფო სისტემას უნდა ეყრდნობოდეს!
მე პატივს ვცემ ბატონ კახი კახიშვილს, როგორც პენიტენციალური სისტემის წარმატებულ ხელმძღვანელს, მაგრამ, ვფიქრობ, მისი გამოცდილება და საქმიანი თვისებები საკმარისი არ იქნება სახელმწიფოს მართვაში ძირეული გარდატეხის შესატანად.
საქმე ისაა, რომ არაეფექტურ (დამყაყებულ) მმართველ კლანზე მორგებული სახელმწიფო სისტემა, რომელიც თავის მხრივ არაფორმალურ მმართველობასთანაა შეზავებული, პიროვნების როლს არსებითად გამორიცხავს.
დიახ, ხელისუფლების არაეფექტიანობა არა იმდენად პრემიერ-მინისტრების უუნარობაშია, რამდენადაც არსებული სისტემის არასახელმწიფოებრივ ხასიათში. ჩვენ არ მოგვწონდა ის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა, მაგრამ არც იმაზე გვქონია რეაქცია, თუ როგორ მოირგო ჩოხასავით დღევანდელმა მმართველმა უმრავლესობამ ეს სისტემა და როგორ ნებივრობს იგი საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღატაკების ხარჯზე.
ვაკონკრეტებ: შეიცვალა რეჟიმი, მაგრამ არ შეცვლილა პოლიტიკური სისტემა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არც შეცვლის პოლიტიკური ნება არსებობს. ეს კი იმის ბრალია, რომ საზოგადოების მხრიდან ამაზე დაკვეთა არ ყოფილა.
მთავრობების შეცვლა, მისთვის დამახასიათებელი კარუსელებით, მხოლოდ საზოგადოების თვალის ახვევას ემსახურება და მანამ გაგრძელდება, სანამ ამაზე ჩვენის მხრიდან სათანადო რეაქცია არ იქნება!
ერთი სიტყვით, გიორგი კვირიკაშვილს გიორგი გახარიათი შეცვლიან თუ კახი კახიშვილით, ჩვენთვის ამას არსებითი მნიშნელობა არ ექნება - ქვეყანა ისევ იმ დამყაყებული გზით (სისტემით) ივლის, რომელი გზაც (სისტემაც) „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალებისგან“ მემკვიდრეობით მიიღო.
რაც შეეხება გაზაფხულზე „ახალი ძალის“ აზვირთებას, ვფიქრობ, ესეც წყლის ნაყვა და ახალი ორთქლის გამოშვება იქნება, რადგან, განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის ერთობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სატელიტები და „ძველი-ახალი“ სახეები კი მხოლოდ საზოგადოებაში ცრუ მოლოდინის მისიას შეასრულებენ.
რატომ გვიჭირს თანამოაზრეთა გუნდის შექმნა?!
ვერავინ დამიმტკიცებს, რომ დღემდე არსებული პოლიტიკური პარტიები თანამოაზრეობის პრინციპით იქმნებოდნენ და იქმნებიან. უდავოა, რომ მათ არა პოლიტიკური იდეოლოგია, არა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომა და რეალობის უკეთურობისკენ შეცვლის სურვილი, არამედ, მაქსიმალური კონფორტის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს ხარჯზე გალაღებულად ცხოვრების სურვილი ამოძრავებთ.
სწორედ ამის შედეგია მარიონეტების ცვენა ხელისუფლების ყველა იერარქიაში - ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს (მათ შორის საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გაყიდვაზე), ოღონდ, პრივილეგიები შეინარჩუნონ. მათი წყალობით ქვეყანაში სიტუაცია არათუ იცვლება, პირიქით, უფრო და უფრო მძიმდება კიდეც.
სოციალურ ქსელში არ წყდება მოწოდებები ჯანსაღი ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე. აქა-იქ „შეწირულთა“ თუ „შეფიცულთა“ სილუეტებიც გამოკრთება ხოლმე, მაგრამ, როგორც გამოკრთება, უცებ ისევ ჩაქრება.
მიზეზი მარტივია: ზოგს მხოლოდ ენა ეფხანება, თავს გვაჩვენებს - მზად ვარ რიგით ჯარისკაცად ჩავეწერო სამშობლოს უკეთესი მომავლის მებრძოლთა რიგებშიო, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, უმალ ბუჩქებში დაიმალება - შარში გახვევა და რაც აქვს, იმის დაკარგვაც არ სურს!
ბევრს თავგანწირვის უნარი არა აქვს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ დღეს მართვის ახალი, სახელმწიფოს ინტერესებს მორგებული სტანდარტების დამკვიდრებაზე ფიქრიც კი თავგანწირვის ტოლფასია.
როგორც ერთმა მეგობარმა პუბლიცისტმა მითხრა, მთელი თავით და ფეხებით უნდა ჩაერთო იმ საქმეში, რასაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია, სხვანაირად, მიზანს ვერ მიაღწევ.
არიან ადამიანები (განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები), რომლებსაც კარგად ესმით, რა უნდა შეიცვალოს და როგორ შეიცვალოს, მაგრამ საკუთარი წარსული იმდენად ამძიმებთ, რომ ბოლო მომენტში მაინც გაჩუმებას ამჯობინებენ.
მთავარი და უმთავრესი: სანთლით რომ ეძებო, თანამოაზრეებს ვერ იპოვი, არადა, სოციალურ ქსელში ისე ყელყელაობენ, ისეთი პატრიოტული გრძნობებით „იღვრებიან“, გეგონება, საქართველო ლამისაა გაბრწყინდეს და ყველა უბედურება წარსულს ჩავაბაროთ!
სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ (ეს დღეს საზოგადოების ბარომეტრია), ყველას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარს ქვეყანა, ყველა მზადაა საქართველოს „თავშეწირულთა ლაშქარში“ გაწევრიანდეს, მაგრამ, თუ მოიკითხავ, ორ თანამოაზრეს ვერ იპოვი. მე ნაღდ პატრიოტებს ვგულისხმობ, რომლებიც მზად არიან სიტყვას საქმე მოაყოლონ, თორემ, ფორმალურად იმდენი „ტუფტა“ გაერთიანებები იქმნება და იმდენ შემოთავაზებებს ვღებულობ.... სინამდვილეში კი არანაირი მოქმედების გეგმა, არანაირი არსებულისგან განსხვავებული იდეოლოგია.
ნიშანდობლივია ისიც, რომ საზოგადოების ყველაზე დიდი მტერია ზერელობა და არათანმიმდევრულობა. როგორც ზემოთ ვთქვი, ხანდახან ისე „გავიბერებით“, ისეთ აჟიოტაჟს შევქმნით, თითქოს სიო გრიგალად უნდა იქცეს, მაგრამ სულ მოკლე დროში სიოც მინელდება და ჩვენც გასაბერი ბუშტივით ვიფუშებით...
ფაქტია, ვიდრე ამ ორი „ბაცილისგან“ არ განვიკურნებით, ყოველთვის ცარიელი მუშტის ქნევის ამპლუაში დავრჩებით.
რაც შეეხება ზერელობას, მრავალგზის დავასკვენი, რომ ჩვენ სიღრმეებში ჩასვლა გვიჭირს და ყოველთვის ზედაპირზე ვტივტივებთ. თუ ადრე სწორუპოვარი მეცნიერებით (აქ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც იგულისხმებიან) და ქართული ინტელექტით ობიექტურად თავს ვიწონებდით, დღეს ეს ქიმერად იქცა. ფუნდამენტური განათლება ზერელობამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კონვეიერული სისტემით ცხვებიან დოქტორები და ე.წ. აკადემიკოსები, მათ ნაშრომებში კვლევის კონტურებიც არ ჩანს!
ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანას არა მარტო თვითმარქვია პოლიტიკოსების, არამედ, ზოგადად, პროფესიონალთა პრობლემაც აქვს. პროფესიონალიზმის გარეშე კი ნორმალურ (თუნდაც ამაზე უკეთესს) ქვეყანას ვერ ავაშენებთ.
ახლა კი ერთ ნიუანსზე მინდა გავამახვილო ყურადღება:
ხშირად მსაყვედურობენ, რომ მხოლოდ პრობლემებზე ვწერ და ამის იქით არ მივდივარ. არა, ბატონებო: არც უმაგისობაა, მაგრამ ჩემი ცდა იმდენად უნუგეშო აღმოჩნდა, ლამისაა ხელი ყველაფერზე ჩავიქნიო...
ვიტყვი პირდაპირ: ვისაც ქართველობაზე და საქართველოს უკეთეს მომავალზე აქვს პრეტენზია, ზოგი ალთასაა და ზოგიც ბალთას - გაგიხარიათ, ზოგადად ისე გაილექსებიან, თქვენი მოწონებული, მაგრამ, როცა საქმე კონკრეტიკაზე მიდგება, ყველაფერი ყირაზე დადგება.
ეტყობა, ესეც ჩვენი ხასიათის ერთ-ერთი გამოკვეთილი შტრიხია, ან უბრალოდ, ჩვენი ჯვარია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვატარებთ (თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, მივიღებ ყველა შენიშვნას თუ რეკომენდაციას, ოღონდ, არგუმენტირებულს).
ასე რომ, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, ბატონებო და ქალბატონებო - ჩვენ „გვიყვარს“ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ, არაფერს ვაკეთებთ, რომ იგი აცდენილი რელსებიდან უკან დავაბრუნოთ.
მწარე სიმართლეა, მაგრამ, რას ვიზამთ, თვალი უნდა გავუსწოროთ!!