თემურ მიქაუტიძე: სად არის საქართველოს მართვის ოპტიმალური მოდელის დაკარგული მექანიზმი?!

თემურ მიქაუტიძე: სად არის საქართველოს მართვის ოპტიმალური მოდელის დაკარგული მექანიზმი?!

 


წერილი მეოთხე

 


რითი დავამთავრეთ წინა წერილი?

მონარქია, არის ჩვენი საზოგადოებისათვის შესაფერისი მმართველობის ის ერთადერთი ფორმა, რომელ შემთხვევაშიც ეს ცივილიზაციის გზაშარაზე უაზროდ გაჩხერილი ერი წინსვლას დაიწყებს.

მაშ, რაშია პრობლემა?

ხალხი ამ ფორმის მისაღებად და დასამკვიდრებლად დიდი ხანია მზად არის!

მზად არ არის მეფე და სამეფო არისტოკრატია, რომელსაც სამეფო ეყრდნობა. არა აქვს მნიშვნელობა კონსტიტუციური მონარქიაა, ის თუ აბსოლუტური.

კარგი, დავუშვათ როგორმე მოვახერხებთ მეფის პოვნას. შევარჩევთ ძველიდან, ან ახალ დინასტიას დავუდებთ სათავეს. ბოლო-ბოლო ხალხი ვართ - ერი.  მაგრამ გაცილებით უფრო რთულად გვაქვს საქმე სამეფო არისტოკრატიასთან მიმართებაში. ის უბრალოდ არ არსებობს!

სამეფო არისტოკრატია, საზოგადოების ელიტარული ნაწილი, საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ერის ღირსება, სინდისი და ნამუსი, ხალხის სიამაყე და მესვეური, ზნეობრივი და მორალური ორიენტირი, სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი - არ არსებობს. უმისოდ კი ვერ ვიქნებით. ჩვენი ახლანდელი „დემოკრატიული“ საზოგადოების ნამუსგარეცხილი და გადაგვარებული „ინტელიგენცია“ მის როლს ვერ ასრულებს და ვერც ვერასოდეს შეასრულებს, ვინაიდან, განსხვავებით სამეფო არისტოკრატიისგან, რომელიც ოდესღაც მაინც არსებობდა, სამოქალაქო საზოგადოების ელიტა - ინტელიგენცია - საერთოდ არასოდეს არსებულა (ცალკეულ არისტოკრატებზე და ცალკეულ ინტელიგენტებზე არ არის საუბარი)! 

ამ პირობებში ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, იმ რესურსით უნდა გავიდეთ ფონს, რომელიც გვაქვს. ეს რესურსი საზოგადოების სიღრმეშია ჩამარხული და გარედან სქელი ტალახი და სიმყრალე ადევს. გამოსავლენია, ამოსათხრელია, გასარეცხ-დასაბანია და თავის ღირსეულ ადგილზეა დასაბრძანებელი. ღირსეულ და საპასუხისმგებლო ადგილას.

როგორ გინდა ეს ხალხი გამოავლინო?

საუკეთესოთ შორის საუკეთესო? - მოიცათ და... ეს რა კითხვაა? როგორ, ჩვენ განა საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გამოვლენა ჩვენი საკუთარი რიგებიდან რატომ უნდა გაგვიჭირდეს? არც გაგვიჭირდება, ავდგებით და გამოვავლენთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს და ისინი იქნებიან... ჩვენი არისტოკრატია, ჩვენი ერის ღირსება და სინდის-ნამუსი, ჩვენი სიამაყე და მესვეური, ჩვენი მორალისა და ზნეობის მედროშე, რომელზეც სწორება უნდა გვქონდეს.

რა მეთოდით უნდა გამოვავლინოთ ისინი? - რა მეთოდით და არჩევნებით!

დიახ - არჩევნებით!! სწორედ არჩევნებით!!! ჩვენ შევარჩევთ ჯერ საუკეთესოებს, მერე საუკეთესოები თავიანთი რიგებიდან შეარჩევენ საუკეთესოებს და ასე. ჩვენ შევარჩევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს!!! 

ეს იმდენად მარტივია, რომ დაუჯერებელიც კი ჩანს.

სოფლებში უბნებმა და ქალაქებში კორპუსებმა (ეს დაახლოებით 40-50 ოჯახია) ავირჩიოთ ჩვენი რიგებიდან უბნისა და კორპუსის პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო კანდიდატები.  

როგორ ავირჩიოთ? - მარტივად, კონსენსუსით. შევიკრიბოთ უბანში თითო ოჯახიდან თითო წარმომადგენელი, 40-50 ოჯახისთავი (რამდენი ოჯახიც ვართ უბანში, ქალაქში კორპუსში და შემდგომ კორუსის წარმომადგენელი კვარტალში), ჩამოვწეროთ ყველას სია და მივცეთ ხელში ყოველივე ჩვენგანს ეს სიები. დაე, ყოველივე ჩვენგანმა ყოველი ადამიანის გასწვრივ სიაში მიაწეროს შესაბამისი ქულების რაოდენობა. თუ სიაში 50 კაცი გვყავს, 50 ქულა მიუწეროს სიაში მისი აზრით ყველაზე უკეთესს, ყველაზე ღირსეულს, პატიოსანს, კეთილს, მზრუნველს, განათლებულს. მცოდნეს, გამჭრიახს, ისეთს, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია უბნის (კორპუსის) პრობლემების სისტემაში მოყვანა, კლასიფიცირება, მათი გამოსწორების გზების რეკომენდირება, დაგეგვა, ორგანიზება...

მომდევნოს მიუწეროს 49 ქულა და ასე შემდეგ, მესამეს 48, შემდეგ 47, 46 და ასე ბოლომდე.
ყველა აკეთებს ერთსა და იმავეს. ბოლოს შეიკრიბოს დაგროვილ ქულათა რაოდენობა და ის პიროვნება, რომელსაც ჯამში ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება, იქნება კიდეც რჩეული უბნიდან (კორპუსიდან, კორპუსის შემდეგ კვარტლიდან).

რა კავშირშია ეს სამეფო არისტოკრატიასთან?

რასაკვირველია არავინ არიგებს მიწებს და გლეხებს სამუდამო მფლობელობაში, მაგრამ რჩეულთა (წარჩინებულთა) ეს კატეგორია სამეფო არისტოკრატიის პირველ საფეხურს, აზნაურის დონეს შეესაბამება. სოფლებში დაახლოებით 20-30 უბანია (კვარტალში 4-10 კორპუსია. აქ ზუსტ რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. აქ არჩევის პრონციპია მთავარი). დავუშვათ - 30. თითო უბანს თითო საუკეთესო წარმომადგენელი ჰყავს. 30 უბნისთავიკაცი (აზნაურის დონე), ყველა უბნის წარჩინებული საზოგადოება, უბნის ღირსება და პატიოსნება, სინდისი და ნამუსი, იკრიბება სოფლის საკრებულოში. ეს შემადგენლობა თავისი საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს სოფლის გამგებელ სტრუქტურას და რაც ჩვენთვის ამ წერილში ძირითადი ყურადღების საგანია - ირჩევს სოფლის ერთ წარმომადგენელს და გზავნის რაიონში.

ეს ერთი წარმომადგენელი სოფლიდან (კვარტლიდან) იქნება სოფლის რჩეული, ღირსება, პატიოსნება, სინდის-ნამუსი და ყველაზე შესაფერისი პიროვნება. სოფელი (კვარტალი) თავის რჩეულს გზავნის რაიონში. რამდენი სოფელია (კვარტალია) რაიონში ასეთი? - დავუშვათ - 30. სოფლის 30 საუკეთესო წარმომადგენელი, სოფლის 30 წარჩინებული (აქ შეგვიძლია პარალელი სოფლის თავადის დონესთან გავავლოთ), თავს იყრის რაიონში. ამ შემადგენლობიდან აირჩევა რაიონის გამგებელი და რაც ამჯერად ჩვენი წერილის ძირითადი საკითხია, აირჩევს რაიონის ერთ წარმომადგენელს ცენტრში (პარლამენტში). არჩევის მექანიზმი ზუსტად იგივე -საუკეთესოები ირჩევენ საუკეთესოს. ეს რანგი მონარქიული არისტოკრატიის პარალელურად შეიძლება ასოცირდებოდეს რაიონის ერისთავებთან.

პარლამენტში, მეორე, ზედა პალატაში შეიკრიბება არჩევნების ამ ფორმით შერჩეული საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელი. ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენი რაიონიც არის საქართველოში და რამდენი მაჟორიტარიც გვყავს პარლამენტში ახლა. ანუ - 77 კაცი.

მოდი, ეს ხალხი, რჩეულთა შორის რჩეულნი განვათავსოთ პარლამენტის ზედა პალატაში.
დავავალოთ მათ რაიონის ინტერესების გატანა და ფიქსირება პარლამენტში. ისინი ყველაზე კარგად ერკვევიან ჩვენს პრობლემებში, ინტერესებში, მიზნებში (ჩვენ ხომ მიზნები და ოცნებებიც გვაქვს და არა მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტები), ამოცანებში და შესაძლებლობებშიც. ეს ბოლო  მომენტი ჩვენს მიზნებთან და ოცნებებთან ერთად უმნიშვნელოვანესია. ვინაიდან სხვა რაიონების მაჟორიტარებმაც იციან თავიანთი რაიონების მიზნები, ოცნებებ, ამოცანები და შესაძლებლობები და ჩვენ ზუსტად ამ კუთხით ვჭირდებით ერთმანეთს. თუმცა ახლა ბელეტრისტიკულ განხილვებში რომ არ გადავცვივდეთ, გავაგრძელოთ საუბარი პარლამენტის სტრუქტურირების შესახებ.

დავუშვათ, ჩვენმა რჩეულმა დაივიწყა რა დავალებით არის წასული პარლამენტში - რა ვქნათ?

გავიხსენოთ, ვის მიერ არის ის იქ გაწვეული. სოფლის რჩეულების მიერ, რომლებიც რაიონში შეიკრიბნენ და კონსენსუსის წესით შეარჩიეს(!), ხომ ასეა? მაშ, უკან მის გამოსაწვევად ბევრი არაფერია საჭირო. უნდა შეიკრიბოს ისევ ის შემადგენლობა, ჩაატაროს სხდომა, ჩამოართვას „რჩეულს“ უფლება-მ0ვალეობები და გამოიწვიოს ქვეყნის უმაღლესი ორგანოდან. ამის შემდგომ იგივე პრონციპით აირჩიოს ახალი დეპუტატი და გაგზავნოს. იმისათვის, რომ ამ საკითხში ეჭვი არავის შეეპაროს, უნდა გაფორმდეს სხდომიოს ოქმი და ამას ნოტარიუსიც არ დასჭირდება.

გამოდის, რომ ყველა დეპუტატის არჩევა, როგორც მოხდა თანმიმდევრულად, მისი გამოწვევაც ასევე საფეხურ-საფეხურ, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად მოხდება. ოღონდ გამოწვევა მოხდება უკვე არა ქვედა საკრებულოში, არამედ პირდაპირ საერთო მასაში... 

იმედი მაქვს, რომ ჩემი მკითხველი დადებით პასუხს გასცემს კითხვაზე: მოგვცემს თუ არა არჩევნების ეს მექანიზმი საუკეთესოთა შორის საუკეთესო ადამიანების შერჩევის საშუალებას? - მოგვცემს. მაგრამ დაზღვევის მიზნით დავსვათ კითხვა: - არსებობს თუ არა არჩევის სხვა მექანიზმი რომელიც უკეთესს თუ არა, მსგავს შედეგს მაინც მოგვცემდა?

არ ვიცი. არ მეგულება. მაგრამ არჩევის ახლანდელი, ვითომ „დემოკრატიული“ მექანიზმი რომ არ გვაძლევს, ფაქტია. ის პატიოსანი ადამიანები, ის ღირსების კაცები, რომელსაც არაპირდაპირი მრავალსაფეხურიანი არჩევნებით წარმოვაჩენთ ჩვენს შემთხვევაში, ცოცხალი თავით არ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში სიცრუისა და სიყალბის დოღია და რომც მიიღონ, გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვთ.

ამაში დამნაშავეა ამომრჩევლის გაუნათლებლობა, მოუმზადებლობა დემოკრატიული საზოგადოების არჩევნებისთვის (ის ხომ ასეთი საზოგადოების ფსიქოტიპი არ არის) და თვითონ არჩევნების მექანიზმი, რომელიც კარგიც რომ შეუშვა დასაწყისში, ბოლოში მაინც უვარგიის მოგცემს!

კეთილი, განვათავსეთ დავუშვათ ეს ჩვენი რჩეულთა შორის რჩეულნი, საზოგადოების ყველაზე წარჩინებული ადამიანები პარლამენტის ზედა პალატაში. რა ვუყოთ ქვედა პალატას?

ქვედა პალატა ავირჩიოთ ისევე, როგორც ვირჩევთ - პოლიტიკური პარტიის არჩევნები პროპორციული სისტემით. იმდენივე კაცი, რამდენსაც ახლა ვირჩევთ (მე თუ მკითხავთ მესამედამდეც რომ დავიყვანოთ არაფერი დაშავდება, ვინაიდან, პარტიის იდეის წარმოდგენა ცოტა ხალხითაც შეიძლება). უბრალოდ, აქ იმის ხაზგასმა მინდა, რომ პარლამენტის რიცხობრივი ზრდა არ იქნება საჭირო. შემცირება კი შესაძლებელია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს არა რაიონებში მაცხოვრებელი ხალხის ინტერესების ხარჯზე, რომელსაც მაჟორიტარები წარმოადგენენ, არამედ, იდეების ხარჯზე, ვინაიდან იდეების წარმოდგენას ბევრი ხალხი არ სჭირდება.

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ ქვედა პალატის სავარძლებს. ისინი წარმოადგენენ თავიანთ იდეებს, რომლითაც გამარჯვება მოიპოვეს არჩევნებში. დაე, მათ დააკომპლექტონ აღმასრულებელი ხელისუფლება და გაინაწილონ მინისტრების პორტფელები იმ პროპორციით, რა პროპორციითაც არიან შემოსულნი პარლამენტში.

ამის შემდგომ ზედა პალატა მოსთხოვს მათ სახელმწიფოს განვითარების კონცეფციებს. რას დაუდებენ პოლიტიკური პარტიები ზედა პალატას? წინასაარჩევნო დაპირებებს, რომლითაც ხალხი (ამმრჩეველი) დააბოლეს თუ კონკრეტულ გეგმებს?

ყოველ შემთხვევაში, მაჟორიტარები მათ მოსთხოვენ გეგმებს. და თუ ასეთი პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდებათ? (საიდან უნდა აღმოაჩნდეთ, თუ ისინი დასაწყისშივე არ ქონიათ?) მაშინ, ცოტა ადრე თუ ცოტა გვიან, ზედა პალატა იძულებული იქნება გამოაცხადოს საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისი და დაითხოვოს პარლამენტი.

რა მოხდება ახალ არჩევნებში?

პოლიტიკოსები მიხვდებიან, რომ გასააზრებელია განვითარების გეგმები და არა ცარიელი და გამოშიგნული ლოზუნგები.

თქვენ ქვედა პალატიდან ძალიან მოკლე დროში მიიღებთ პროფესიონალი სპეციალისტებისა და ექსპერტების გუნდს და არა უცოდინარი და დემაგოგი მედროვეების ნაკრებს, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე.

მოდით, მაგალითის სახით ავიღოთ საქართელო ამ პარლამენტით, რომელიც ახლა გვაქვს და საქართელო იმ პარლამენტით, რომელიც ჰიპოთეტურად შეიძლება გვქონდეს ასერომ იყოს, როგორც ვამბობ. ავიღოთ და შევადაროთ ერთმანეთს.

 


ალბათ კიდევ უამრავ სფეროში შეიძლება ერთმანეთთან ამ ორი სისტემის შედარება.
დავსვამ კითხვებს და იმედი მაქვს, რომ მათზე პოზიტიურ პასუხებს მივიღებ:

1. არის თუ არა გასაგებად, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სათქმელი ამ ოთხ სტატიაში, რომელიც შემოგთავაზეთ?

2. არის თუ არა სწორად განხილული ქართველი ადამიანის ფსიქოტიპი და შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ შემოთავაზებული მოდელი მის ხასიათს?

3. არის თუ არა ჩემს მიერ შემოთავაზებული მოდელი შეუდარებლად უკეთესი, ვიდრე არსებული?

4. ისურვებდით თუ არა, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ ამგვარი პარლამენტით, რომელიც ამ სტატიაში შემოგთავაზეთ?


მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი „დიახ“ მექნება.

მაგრამ, ისიც მესმის, რომ ჩნდება კითხვა: მერედა ვის უნდა ამ მოდელის დამკვიდრება სახელმწიფოში და ვინ გააკეთებს ამას - არსებობს ამის ცხოვრებაში განხორციელების გზა? - არავის. ამას არავინ გაგვიკეთებს. მეტიც - აუცილებლად შეგვეწინააღმდეგებიან და მადლობა ღმერთს, რომ შეგვეწინააღმდეგებიან. გზა კი არსებობს. ამ გზის შესახებ მომდევნო წერილში ვისაუბროთ.

საზოგადოების განვითარების პროცესში ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ წინააღმდეგობები შემცირდეს და დაპატარავდეს, მნიშვნელოვანი და მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ - ამ წინააღმდეგობებზე და ამ პრობლემებზე მაღლა უნდა დავდგეთ.



„ივერიონისგან“: ავტორი სახელმწიფო მართვის საკუთარ კონცეფციას გვთავაზობს. სხვა საკითხია, ვეთანხმებით თუ არა მას. თუმცა, დისკუსიის გაშლა შეიძლება, მითუმეტეს, დაინტერესებული პირი რაციონალურ მარცვალს ამ კონცეფციაში ნამდვილად იპოვის!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: