რატომ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე საქართველოს მიწა?!
ღია ბარათი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს,
ბ-ნ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი!
გიმოწმებთ ჩვენს პატივისცემას და გაახლებთ არგუმენტაციას საქართველოსთვის დღესდღეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თეზისისთვის
„საქართველოს სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ კანონით დაუშვას თავისი მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე და იურიდიულ პირებზე”.
I. ფილოსოფიური არგუმენტები.
1. რიგორიზმი ანუ პრინციპი და პრაქტიკა ამა თუ იმ (ძირითადად, მორალური) წესის, შეხედულების ან მრწამსის აბსოლუტურად განუხრელი მიყოლისა არ არის და ვერ იქნება ვერც ინდივიდის, ვერც საზოგადოების და ვერც სახელმწიფოს რეალურ არჩევანთა მარეგულირებელი ერთადერთი ფაქტორი.
მაგალითად, რიგორისტული მიყოლა პრინციპისა fiat Justitia, pereat mundus (აღსრულდეს სამართალი, თუნდ დაიღუპოს ქვეყნიერება) ვერ მოიტანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებას: „გამოვარკვიოთ ვინ მოიპარა ერთი კილო კიტრი, თუნდ ამისთვის დაგვჭირდეს მთელი პლანეტის აფეთქება”.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირველ ყოვლისა – ფუნდამენტური ეთიკური და პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებათა მიღების საქმეში არის სავსებით ლოგიკურად ფორმულირებული და გონებისთვის თავისთავად ცხადი (ევიდენტური) პრინციპები, რომლებიც ფუნქციონირებენ და უნდა ფუნქციონირებდნენ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. რეგულატიური იდეები ანუ ჩვენი მორალური ცნობიერებისთვის უჭოჭმანოდ მისაღები დებულებები, რომელთაც უნდა მუდამ ვითვალისწინებდეთ, როგორც ვერშესაკამათებელს. თუმცა, ვერ გამოვიყენებთ მათ ჩვენი პრაქტიკული მოქმედების საფუძვლად (მათ შინაარსში ჰიპერბოლური და მეტაფორული მომენტის მონაწილეობის გამო).
ამგვარ რეგულატიურ იდეათა რიცხვს ეკუთვნის ის ფორმულირებაც, რომ ადამიანები თანასწორნი ვართ. პრაქტიკიდან ვიცით, რომ თანასწორნი არა ვართ (ზოგი დიდი ვართ, ზოგი პატარა, ზოგი ჭკვიანი, ზოგი – ნაკლებად და ა.შ.).
ამ უთანასწორობის ფაქტზე რეაგირებისთვის დღევანდელ საკაცობრიო ცივილიზაციაში სახელმძღვანელოა ისტორიულად ქრისტეს მიერ ჩვენთვის ნაზიარები პრინციპი: მიუხედავად იმისა, რომ ზოგ პარამეტრში ადამიანები თანასწორნი არა ვართ, ზოგში ვართ – გვაქვს თავისუფალი ნება, არსებობის სურვილი და უფლება, ცოდვა-მადლის ცნება (და მათი გარჩევის უნარი) და სხვა და სხვა და რომ ჩვენში მთავარი (ჩვენი ადამიანობის არსია), ჩვენი სწორედ ეს თვისებები, რომლებშიც თანასწორნი ვართ. ჩვენი ამ პარამეტრების ჩამონათვალში, რომლებში თანასწორობაც ჩვენს ადამიანობას შეადგენს და ქმნის, არ შედის და არასოდეს არ შევა საზოგადოების რაგინდარა გონებრივი დაბნელების პირობებში ჩემი უფლება, რომ მე – ჩემი ქვეყნის მქონემ – კანონით მივიღო უფლება, გავიდე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ღია ბაზარზე და ჩემი სიმდიდრისა და იქაურების სიღარიბის გამოყენებით, მიწა შევიძინო ანუ პოზიციები მოვიპოვო.
ეს ჩემსა და იმ ქვეყნის მოქალაქეებს შორის უმწვავეს უთანასწორობას შექმნის და შესაძლებელია, ღრმა მორალის კაცს ეს სიტუაცია მკრეხელობად მოეჩვენოს! ამგვარი ნორმა (მიწის უცხოეთში ყიდვა) ბევრგან არსებობს უმტკივნეულოდ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ადგილობრივი და უცხოელი დაახლოებით ერთნაირად კონკურენტუნარიანნი არიან!
საქართველოში კი დღეს კონკურენტუნარიანი მუშტარი მიწის ბაზარში არცერთი ადგილობრივი მოქალაქე არ არის. საქართველოში მიწის ბაზარში უცხოელის შეშვება იგივეა, რაც ბაკში მგლების ხროვისა!
2. სიტყვა „თანასწორი” უაზრო (უშინაარსო) იქნება, თუ მასში წინასწარ ნაგულისხმევი არ გვექნება, თუ რომელ კონკრეტულ პარამეტრებს ვგულისხმობთ (რაში ვართ თანასწორნი?). ამ სიტყვას პრაქტიკაში ვხმარობთ ხოლმე ძირითადად ეთიკური და იურიდიული აზრით („თანასწორნი ღვთის წინაშე”, „თანასწორნი კანონის წინაშე” და ა.შ.). პეტრეს და პავლეს არა აქვთ ერთიდაიგივე უფლებამოსილებები არც პეტრეს მეუღლის და არც პავლეს მეუღლის მიმართ. მე ვერ ვიქნები ჩემი მოპირდაპირე მეზობლის თანასწორი ჩემს უფლებებში ვერც ჩემი თუთის ხის მიმართ, ვერ მისი კაკლის ხის მიმართ. ეს ისევ აბსურდი იქნება.
კაცობრიობას თავისი ისტორიული განვითარების პროცესში თანდათანობით გაცნობიერებული აქვს, რომ არის რაღაცა ისეთი მოთხოვნილებები (სულიერიც და მატერიალურიც), რომლებსაც ვერ შეველევით და რომლებიც, შესაბამისად, ყველას ერთნაირად გვეკუთვნის, ანუ გვაქვს უფლებები, რომლებიც ვერავინ უნდა წაგვართვას.
ასეთია, მაგალითად, ადამიანის უპირველესი ადამიანური უფლება – თავისუფლება, აგრეთვე, ჩვენი საყოველთაო უფლება, რომ ვიცოცხლოთ, რომ ლუკმა გვქონდეს (თუმცა ამ ბოლო შემთხვევაში არ არის ცალსახად გარკვეული, ვის უნდა მოვთხოვო, თუ ეს ლუკმა ვერ მოვიპოვე, ჩემთვის ამ ლუკმის მოწოდება).
შეუვალია ჩემი უფლება, რომ ჩემს მოქმედებათა ყველანაირ განკითხვაში მქონდეს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმპცია, და მრავალი სხვა. ეს, არსებითად, თითებზე ჩამოსათვლელი უფლებები რომ გაიცნობიერა და ფაქტობრივად დააკანონა, ამაში კაცობრიობის დიდი ძალისხმევა, სისხლი და ცრემლი ჩაიღვარა. ახალ–ახალი ამგვარი უფლებები ბალახივით თავისით არ ამოვა. ყოველ მათგანს ძალისხმევა, შრომა, ბრძოლა, ურთიერთკამათი და რეალობასთან ათასწლიანი შეჯერება დასჭირდება. არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ ადამიანის ამ რჩეულ მოთხოვნილებათა და, შესაბამისად, უფლებათა რიცხვში აღმოჩნდეს „სხვა ქვეყნის მოქალაქესთან თანასწორობა მის ქვეყანაში ჩემ მიერ მიწის ყიდვაში”. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ანუ ადამიანის, სოციუმის, უფლების, მოვალეობის, თავისუფლების, იძულების, პიროვნების, მოქალაქის და უამრავი სხვა ცნების თავლსაზრისით, ეს თანამედროვე საზოგადოებისთვის ისეთივე მიუღებელი აბსურდია, როგორიც იქნებოდა, ვთქვათ, პრომისკუიტეტის აღდგენა, ან ჩემს მიერ მოკლული მეზობლის – რაკი იგი ჩემი ნადავლია – ჩემ მიერ შეჭმის უფლების აღდგენა.
3. სოციოლოგიის ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ რაგინდარა ერთგვაროვან მასაში დროთა (საკმაოდ მცირე) მანძილზე ყალიბდება საერთო საცხოვრებელი და სოციალური სივრცის იმგვარი ნაკვეთები („ბელტები”, clusters), რომელთა შიგნითაც კავშირ-ურთიერთობები (და, მაშასადამე, ღირებულებრივი, მსოფლხედვითი, აგრეთვე ფსიქოლოგიური ურთიერთბმაც) უფრო ინტენსიურია, ვიდრე, თვით ჯგუფსა და მეორე ჯგუფს შორის, ანუ მასა იყოფა „ჩვენ”-ჯგუფად და „ისინი”-ჯგუფად. გაუმართლებელი უტოპიაა, რომ ამ ერთობლივ სივრცეში შემომატებულ კულტურულად და ენობრივად უცხო ჯგუფს, მესაკუთრის სტატუსით შემოსულს, ექნება იგივე ფსიქოლოგიური ბმა ძველ მოსახლე ერთან, რაც ამ უკანასკნელს ერთი აქვს თავის შიგნით.
ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი სხვაეროვანი და სხვაენოვანი ანკლავები ჰყავს და ამასთან ერთად, მოსახლეობის 20% დღეს შინაგან ლტოლვილთა სტატუსში ჰყავს, ეს შინაგანი მწვავე კონფლიქტის წყაროა, ხოლო ამ ახალი მოსახლეობის საკმარისად გამრავლების შემდეგ – უმძაფრესი ეთნიკური კონფლიქტისაც.
II. დემოგრაფიული და მასთან კომბინაციაში მყოფი ჰუმანიტარული არგუმენტაცია.
1. პრიმიტიული (მეცნიერებამდელი) თავლსაზრისით, რომელიც სავსებით კანონზომიერად ვულგარული მატერიალიზმით ხასიათდება, მიწა არის ადამიანების მხოლოდ გამოკვების საშუალება. რეალურად, თითქოს, მიწის გამოყენების სისწორე ანუ რაციონალურობა იზომება მხოლოდ იმით, თუ რამდენი და რა ხარისხის პროდუქტი მისცა მან კაცობრიობას!
ეს თვალსაზრისი არასრულია (ცალმხრივია), და, ამდენად, პრიმიტიულიც. ჯერ ერთი, ადამიანი „არა პურითა ხოლო ცხოვნდების” ანუ მხოლოდ პურით არ საზრდოობს. მას აქვს ის თვისება, რომ ეძებს ცხოვრების მაღალ ხარისხს, რაშიც იგი გულისხმობს არა მხოლოდ ხარისხიან საჭმელ-სასმელს, არამედ ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის მაქსიმალურ რეალიზაციას, აზრს, მისთვის ბუნების მიერ მოცემული უნარების მაქსიმალურად სრულ გამოყენებას, ამ ცხოვრებაში კვალის დაჩენას, სახელს, პატივს, კეთილსაქმეს, გამრავლებას, შთამომავლობის განათლებას, განვითარებას და მისი მოდგმის ხარისხის ყოველმხრივ ამაღლებას.
მიწა არის ადამიანის ცხოვრების, გაზრდის, გახარების, განვითარების, მისი ჯიშისა და მოდგმის სრულყოფისა და გათამამების ასპარეზი. ამ ფუნქციას მიწა ასრულებს, ძირითადად, როგორც სოფლური გარემო, სადაც ბავშვი მიწასაც ხნავს, მარწყვსაც თავისი ხელით კრეფს და ჭამს, მელა-კურდღელზეც ნადირობს და მთაშიც ბალახს თიბავს. სოფელი ერის (და ქართველი ერისა – განსაკუთრებით) ძირითადი საცხოვრებელი, განსავითარებელი, თავსარეალიზებელი, აღსაზრდელი და გამთამამებელი გარემოა. ყოველი გოჯი ამ გარემოსი, რომელიც უცხო მოქალაქეზე გაიყიდება, ამ მომენტიდან ემატება იმ უცხო მოქალაქის ცხოვრების, თვითრეალიზაციის, გამრავლების, გალაღების, თვითგანვრცობის და ხარისხობრივი ზრდის სივრცეს და, ამგვარად, აკლდება ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეთა შესაბამის სივრცეს.
III. ეკონომიკური არგუმენტაცია.
1. როცა მიწა გადის ღია ბაზარზე, რომელზეც კონკურენტუნარიანი ადგილობრივი არ ფიგურირებს, მაშინ გარდუვალი შედეგია ის, რომ ადრე თუ გვიან (პრინციპში) მთელი მიწა უცხოელის ხდება, ხოლო, ადგილობრივი მოსახლეობა განუკურნელი დაუსაქმებლობის პირობებში, ემიგრაციაში იფანტება. ეს ერის ერად არსებობის დასასრულია. შევნიშნავთ ფრჩხილებში: ევროპის ბანკის რეკომენდაცია ნასაბჭოვარი ქვეყნებისთვის არის თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობაში მიწათსარგებლობის არა ერთი (საკუთრებითი), არამედ ორივე ფორმის გამოყენება: საკუთრებისა და გასხვისებადი იჯარისა.
2. საქართველოში არის (დღესაც) საკმარისი სოფელში დარჩენილი მოსახლეობა შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო შრომითი ჩვევებით, რათა გააცოცხლოს სოფლის მეურნეობა მთლიანად (ამ ამოცანას სჭირდება 300 ათასი თვითმოქმედი მუშახელი, არის სამჯერ ამდენი და უფრო მეტი). ამიტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობას დამატებითი მუშახელი არ სჭირდება.
3. დაბანდება საქართველოს სოფლის მეურნეობას სჭირდება მხოლოდ
– სასოფლო-სამეურნეო მანქანათა პარკის (შევარდნაძის მიერ თურქეთში გაყიდულის) აღდგენისთვის;
– ახალი ტექნოლოგიების შემოტანისთვის (რაც, არსებითად, მხოლოდ საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციას სჭირდება და მხოლოდ გარეთ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის). საქართველოს დღეს გამოკვებას ეს არ სჭირდება. დარგობრივად დაბანდება სჭირდება სასოფლო პროდუქციის გადამუშავებას (საკონსერვო წარმოება და ა.შ.).
დასკვნა: საქართველოში სოფლის მეურნე მუშახელის შემოყვანა არის მხოლოდ სამუშაო ადგილთა შემცირება და არა წარმოების განვითარება. ეს პოლიტიკა სრული დივერსიაა.
IV. სამართლებრივი მხარე (პრეცენდენტური სურათი).
1. ყველა განვითარებული ქვეყანა აღიარებს, რომ მიწა არ არის საქონელი ამ სიტყვის ჩვეულებრივი აზრით. ეს არის სასიცოცხლოდ საჭირო წარმოების სასრული ბაზა, რომლის მფლობელობისა და განკარგვის პოლიტიკას მართავს არა ეკონომიკა და შემდეგ სტრატეგია, არამედ, სტრატეგია და შემდეგ ეკონომიკა. არ არის განვითარებული ქვეყანა, რომელსაც თავისი მიწა ღია ბაზარში გაჰქონდეს მასობრივად და სტრატეგიული დათქმების გარეშე. მიწათსარგებლობის განზრახული კანონპროექტი – მიწის გაყიდვა უცხოელებზე პრაქტიკულად მთლიანად – არის შეგნებული ძირის გამოთხრა ერისა და სახელმწიფოსთვის (დივერსია).
V. დასკვნა.
1. არ არსებობს არანაირი საფუძველი – არც ეკონომიკური, არც (ადამიანის) უფლებადაცვითი, არც დიპლომატიური – რომელიც საჭიროდ ხდიდეს საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის კანონით დაშვებას. არსებობს ცალსახად ობიექტური საფუძველი პროგნოზისთვის, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაშვება განაპირობებს ქართველი ერის მთლიან ექსპროპრიაციას მიწისგან, მის მასობრივ ემიგრაციას და მიწათმოქმედთა ახალი უცხო მასის იმიგრაციას, ანუ, ქართველი მოსახლეობის ჩანაცვლებას ახლით – არაქართველით, ანუ საქართველოს, როგორც ქვეყნის სიკვდილს ორ-სამ თაობაში.
VI. რეკომენდაცია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციაა:
1. დაკანონდეს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში არსებობს თავისუფალი ეკონომიკის ფარგლებში მიწათსარგებლობის ორი პრინციპი – საკუთრება და გასხვისებადი იჯარა.
2. დაკანონდეს, რომ მიწის მიმართ არ არსებობს არავითარი jus utendi et abutendi – გამოყენებისა და ბოროტად გამოყენების, ანუ გაფუჭების უფლება, გაცდენის და არადანიშნულებისამებრ გამოყენების ჩათვლით.
უცხოელზე მიწის იჯარით გადაცემა დაშვებული იქნას მხოლოდ მკაფიოდ დასაბუთებული საგანგებო საჭიროების საფუძველზე და სათანადო გადაწყვეტილება მიიღებოდეს შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო ორგანოს და პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის მიერ კონსიგნაციის პროცედურის გამოყენებით.
შესაძლებლობა საქართველოში უცხოელი მიწათმოქმედი პირებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემისა, კანონდებლობაში სულაც არ უნდა არსებობდეს (ამ მოვლენის ჩვენს პირობებში სრული უაზრობისა და თვალშისაცემი საშიშროების გამო). მიწის მიყიდვა უცხოელებზე დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მოტივაცია ხდება მხოლოდ ფორმულირებით: „სასიცოცხლო სტრატეგიული საჭიროებისთვის” და გადაწყვეტილების მიღება ხდება პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით.
შენიშვნა პირველი: შემოტანილი კანონპროექტის მოტივაცია მოაზრებადია (ახსნადია) მხოლოდ ოთხი მოტივით. ყველა მათგანი არასაპატიოა.
1. პირადი კორუფციით. განზრახულ კანონს ოდნავ სტაბილიზაციისთანავე მოჰყვება განუკითხავი სპეკულაცია მიწით, რომელიც ასტრონომიულ მოგებას უქადის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს.
2. კორპორაციული კორუპციით. გაკოტრებულ ხელისუფლებას მიწის გაყიდვით (რადგან გასაყიდი სხვა აღარაფერი დარჩა) უნდა ღია ფინანსური კრახის გადავადება (მხოლოდ გადავადება!), რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს კიდევ რამდენიმე წლით!
3. რუსული დავალება. რუსული ინტერესი საქართველოში სტრატეგიულია და არა მხოლოდ ეკონომიკური. ამ უპირატესი მოტივირებულობის გამო რუსეთი დიდი ალბათობით მოიგებს ყველა კონკურენციულ მეტოქეობას მიწის ღია ბაზარზე. საქართველოში დასახლდებიან აზიელები, რომელთაც რუსეთი თავის მოქალაქეობას მისცემს და მათი „დაცვის” პრეტენზიით საქართველოში საომარ მოქმედებას დაიწყებს (თავისი ოფიციალური დოქტრინის შესაბამისად).
4. მსოფლიოში სხვადასხვა ძალთა ფართო სპექტრის არსებობის პირობებში საქართველოს ყოველმხრივ არაკონდიციური მმართველები დაინტერესებულნი არიან, რომ ზოგი ამ ძალთაგანის თვალში სიმპათია მოიპოვონ „ანტინაციონალისტის” იმიჯის შექმნით.
შენიშვნა მეორე: როგორც ვხედავთ, მიწის გაყიდვა-არგაყიდვაზე მსჯელობისას, ლოგიკურად, მტკიცების ტვირთი აწევს მიწის გაყიდვის მომხრეს, და არა მოწინააღმდეგეს. მტკიცება სჭირდება სახელმწიფოსა და ქვეყნისთვის დამანგრეველ პროექტს და არა ქვეყნისა და სახელმწიფოს დამცველ პოლიტიკას, რომლის სასურველობა თვალსაჩინოა ბუნებრივი წესით.
პირდაპირ გისვამთ კითხვას თქვენც და შემოტანილი კანონპროექტის ყველა სხვა ავტორსაც: რატომ უნდა გაიყიდოს საქართველოს მიწა უცხოელზე?
პატივისცემით,
ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი