მიხეილ ჯიბუტი: სათამაშო „ტყლარწის“ მნიშვნელობა ქართული ენის მოკაზმვასა და ქართული რეალობის ახსნაში!

მიხეილ ჯიბუტი: სათამაშო „ტყლარწის“ მნიშვნელობა ქართული ენის მოკაზმვასა და ქართული რეალობის ახსნაში!

სიტყვა „ტყლარწი“ სულხან-საბა ორბელიანს „სიტყვის კონაში“ შეტანილი არა აქვს.

ეს სიტყვა არც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონშია (არლონდ ჩიქობავას რედაქციით, 1950-1964 წწ.) მოცემული.

თუმცა, აქ მოცემულია სიტყვის - „ტყლარჭვა“ შემდეგი განმარტება:

„ტყლარჭვა (ტყლარჭვისა) საუბ. სახელი იტყლარჭება ზმნის მოქმედებისა, – მეტის მეტად პრანჭვა, ბღენძვა.“
http://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php

„ტყლარჭვა“ „ტყლარწვის“ სახეცვლილი ფორმაა, ან პირიქით.

ფაქტი ერთია, „ტყლარწვა“ რომელიღაც დიალექტიდან წამოსული ფორმაა.

ჩემი ემპირიული დაკვირვებითა და გამოცდილებით, ეს გურული დიალექტის სიტყვაა.

სკოლის პერიოდის ათი წელი ჩოხატაურში გავატარე და იქ სიტყვა „ტყლარწვა“ ხშირად მსმენია. ის გამოიყენებოდა ადამიანის სიარულის დროს მოძრაობის გამოსახატავად. სიარულის მანერების სახელწოდებები, ჩემი აზრით, იმდენი ფორმით რაც გურულ დიალექტშია, არსად არ გვხდება: მოფეხუცობს, მოტყლაშუნობს, მეიკვანწება, მოფლატუნობს, მოფშვტინობს, მოგორავს, გაჯგიმული მოდის, თავ-თავზე იარება, მოხოხიალობს ..... და მეიტყლარწება. ეს უკანასკნელი ისეთი ფორმით სიარულია, როდესაც სხეულის ნაწილებს ერთმანეთთან ყოველგვარი კავშირი თითქოს დაკარგული აქვს და თითოეული მათგანი თავისთვის მოძრაობს. ეს არის პრანჭვა-გრეხა და თან სიარული.

„ნუ იტყლარწები“ - ეტყოდნენ დედები ბავშვებს ტანსაცმლის ჩაცმის დროს, როდესაც ბავშვები სხეულის დაგრეხვითა და ჩაცმისთვის საწინააღმდეგო მოძრაობით ხელს უშლიდნენ ჩაცმის პროცესს.

„დაატყლარწა“, „დეიტყლარწა“ - გამოხატავს დაჭუჭყიანებას, დალაქვას, მაგრამ ერთგვარად შესაზიზღი ფორმით. წარმოვიდგინოთ გადამწიფებული ხურმის დაცემა მოწმენდილ ხის იატაკზე გურულ ოდაში. იატაკი ასეთ შემთხვევაში დეიტყლარწება. ტყლარწის მოწმენდა უარყოფითი ემოციებითაა დატვირთული.

ბოლო რამდენიმე წელია რაც სიტყვა „ტყლარწი“ დამკვიდრდა ყოველდღიურ და სალიტერატურო გამოყენებაში, სადაც ის სათამაშოების ვაჭრობიდან შემოვიდა. მას შემდეგ რაც ბავშვებში პოპულარული გახდა სათამაშო ნივთიერება „ტყლარწი“.

ეს სათამაშო ჯერ კიდევ 1976 წელს გამოუშვა ამერიკულმა სათამაშოების ფირმამ - Mattel Inc, რომელიც სხვა მრავალ სათამაშოსთან ერთად არის ცნობილი ბარბის (Barbie) „მშობელი“.

„ბარბი“, „კოკა-კოლასთან“ და „მარლბოროსთან“ ერთად შემოვიდა საქართველოში მასობრივად საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე. „ბარბი“ მართალია „ტყლარწზე“ ხნიერია ( ის პირველად გამოუშვეს 1959 წელს), მაგრამ „ტყლარწის“ შემოსვლა მაინც დაგვიანებით მოხდა. სულ ორიოდე წელია რაც დაიწყო „ტყლარწის“ მასობრივი გაყიდვა საქართველოში.

რით უნდა აიხსნას ეს დაგვიანება?

ვიდრე ამ კითხვის პასუხზე გადავიდოდეთ, ერთი მომენტი უნდა აღინიშნოს.


„ტყლარწის“ ამერიკული სახელია „Slime“ (“სლაიმ“). ვერსად ვერ ვნახე თუ ვინ თარგმნა ქართულად “Slime“, როგორც „ტყლარწი“. თანაც ვინ მოუხმო ამ შემთხვევაში ქართული ენის დიალექტიკურ ფორმას. თუ კი ვინმესთვის ცნობილია ასეთი პიროვნების შესახებ, გთხოვთ გავაცნოთ ის საზოგადოებას.

გავიგებთ თუ არა მთარგმნელის ვინაობას, ამით ფაქტი არ იცვლება.

ფაქტი იმისა, რომ უზარმაზარია ქართული ენის შესაძლებლობები და ყველა ის სიახლე, რომელიც ტექნიკური, თუ ტექნოლოგიური ცვლილებების სახით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება ადექვატურად გამოხატულ იქნას ქართული სიტყვებით და შეიძლება ზოგჯერ ორიგინალურზე მეტადაც გამოხატოს არსი, როგორც ეს „ტყლარწის“ შემთხვევაშია.

„ტყლარწის“ დამკვიდრება ინგლისური სიტყვის ნაცვლად გრიგოლ ხანძთელის დონეზე ასვლა და მისი საქმის გაგრძელებაა. მართალია მასშტაბით მრავალ ასჯერ თუ ათასჯერ ნაკლები, მაგრამ როგორც წარმატებული თარგმნის მაგალითი, მისი მნიშვნელობა არა ნაკლებია დღევანდელ გარემოში. პავლე ინგოროყვა ამბობდა გრიგოლ ხანძთელზე, რომ „ის კი არ თარგმნის ტექსტს ჩვეულებრივი გაგებით, არამედ იგი იძლევა მათს თავისუფალ გადამუშავებას, - რასაც ძველ -ქართულად „მოკაზმვა“ ეწოდება“ (პავლე ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. თბ.,1954, გვ.823).

ერთი სიტყვის თარგმნით, ბუნებრივია მთლიანად ქართული ენა ვერ მოიკაზმება, მაგრამ ნათარგმანები „ტყლარწი“ ამ მოკაზმვის შესაძლებლობის გამომჟღავნება და დასაწყისია.

„ტყლარწი“ ბარბარიზმებთან ბრძოლის მაგალითია!

და მაინც რატომ დაიგვიანა „ტყლარწმა“ ქართველი ბავშვების სათამაშოებში?

ჩემი აზრით, ის გახდა პოპულარული, სწორედ მაშინ, როცა ამის დრო დადგა, როდესაც გარემოს შეესაბამებოდა სათამაშოს შინაარსი.

„ომობანა“, ავტომატი, თოფი... იმ ბავშვებისთვისაა, ვისაც ომის გარემოში მოუწია ცხოვრება.

ავტომობილები, თვითმფრინავები, კონსტრუქტორები .....ურბანული სათამაშოებია.

ყველაფერი ეს მოიცვა კომპიუტერულმა თამაშებმა, რითაც მშობლები და ბავშვები დაშორდნენ ერთმანეთს.

და ამ დროს პოპულარული გახდა „ტყლარწი“, რადგანაც მასზე ფინანსური ხელმისაწყდომობა (ღარიბსაც შეუძლია იყიდოს) , მის მიმართ კრეატიულობის საჭიროება, „ტყლარწის“ გატყლარწვაში თანაბარი შესაძლებლობა (მისი გამოყენებისათვის საჭირო ჭკუა ყველას აქვს) არაა წინააღმდეგობაში სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან (მას ყველა ფლობს, ვისაც სურს). შედეგად მან გააერთიანა დიდი და პატარა, მდიდარი და ღარიბი, და გახდა ყველათვის მისაღები. _ „ტყლარწი“ გახდა ყველაზე პოპულალური- არა ციფრული სათამაშო.

 „ტყლარწი“, როგორც სათამაშო, დიდ დადებით ესთეთიკურ გრძნობებს არ აღძრავს, მაგრამ თავის „ტყლარწობითა“ და მოულოდნელობებით, საინტერესოა. ამასთან, მობეზრების შემთხვევაში, მომენტალურად შეიძლება თამაშის შეწყვეტა.

საქართველოს სინამდვილეში ტყლარწი მხოლოდ თამაში კი არა, არამედ რეალობაა, რომელიც დაჩქარებულად ავსებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უხდება ტყლარწში ცხოვრება.

ჯერჯერობით ქვეყანა მთლიანად არ არის ტყლარწად გადაქცეული. შემორჩენილია სუფთა ადგილები (ოჯახი, სასაფლაო, ეკლესია....) და შემორჩენილია პიროვნებები ტყლარწში, თუმცა ყველა და ყველაფერი ეს დიდ ტყლარწად გადაქცევის საფრთხის წინაშეა.

ტყლარწად გადაქცევას არ ექვემდებარება ბუნება, ფაუნა და ფლორა. მას მხოლოდ ადამიანები და ადამიანების მიერ შექმნილი ინსტიტუტები ექვემდებარებიან, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ბუნებას.

საწყის ეტაპზე სოციალური ტყლარწი ტყლარწვის შემდეგ საწყის ფორმას უბრუნდება, თუმცა დროთა განმავლობაში ის კარგავს საწყისი ფორმისადმი დაბრუნების უნარს და საბოლოოდ ერთ მთლიან ტყლარწის მასად გადაიქცევა.

ტყლარწი სუბსტანციურად გამოხატავს სოლოკრატიული საქართველოს საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებას. სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური ტყლარწის კონკრეტული შემთხვევები საქართველოში ძალიან მომრავლდა და მათზე სპეციალურად ვისაუბროთ მომავალში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: