რა მოგვცა გარდაქმნებმა
წერილი მერვე
ვაგრძელებთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ _ გამოქვეყნებას.
ამჯერად გთავაზობთ მერვე წერილს _ „რა მოგვცა გარდაქმნებმა“
(კვაზი საბაზრო ეკონომიკური სისტემა)
ამჟამინდელი საბაზრო-ეკონომიკური სისტემა „საბჭოთა სოციალიზმის“, „ველური კაპიტალიზმის“, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემათა შეზღუდულ პერიმეტრზე (სივრცე) ჰიბრიდულ წარმონაქმნად („კონგლომერატად“) ჩამოყალიბდა, რომელიც თვისებრივად განსხვავდება დღემდე არსებული ეკონომიკური სისტემისგან და სიტუაციის (პოსტსოციალისტური პერიოდის თავისებურებები), აგებულების (ფორმირებადი სტრუქტურა), საზოგადოებრივი გარდაქმნების ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების მომზადების, მათი ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ისტორიული ანალოგი არა აქვს.
გამოიკვეთა ისიც, რომ დღევანდელი ეკონომიკური სისტემის ყველა ძირითადი ნაწილი (ფაქტორი) დეფორმირებულია. მაგალითად, კაპიტალი კრიმინალური წარმომავლობის გამო, რომ იგი წარმოებისა და შრომის პროცესში მის დღევანდელ მფლობელს არ შეუქმნია, არამედ პირადი და სახელმწიფო ქონების ძალადობით გადანაწილების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც არსებითია, მენეჯმენტის დაბალი დონის გამო, კვლავწარმოებით პროცესში ნაწილობრივ ან საერთოდ არ მონაწილეობს (ნაწილი ოფშორულ ზონებშია გადამალული). წარმოების ისეთი ფაქტორი, როგორიცაა შრომა, ნაწილობრივადაც არ არის ადაპტირებული ახალ გარემოსთან. საზოგადოებაში მოთხოვნაც არ არის კვალიფიციურ (რთულ) შრომაზე. მიწას, როგორც წარმოების ფაქტორს, არარაციონალურად ვიყენებთ. მისი დიდი ნაწილი გამოყენებულია.
2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 377 ათასი ჰექტარი სახნავი მიწიდან, რომელიც კერძო საკუთრებაშია, დაუმუშავებელი იყო 112 ათასი ჰა (30%). როგორც აღინიშნა მიწის რესურსების აღრიცხვა მოუგვარებელია. მიწის დაცვის ღონისძიებები საერთოდ არ ხორციელდება. ამიტომაა, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების დონე დაბალია. რაც შეეხება მეწარმეობრივ უნარს, როგორც წარმოების ფაქტორს, იმის გამო, რომ ეკონომიკას განვითარების სათანადო პირობები არ ჰქონდა, იგი წარმოების გაფართოების ფუნქციას ვერც ასრულებს. მეწარმეობრივი უნარი ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ბიზნესის განვითარების „ლოკომოტივის“ ფუნქციას, დროის გამოწვევებთან ადაპტირებასაც ვერ ახერხებს. ამიტომაა, რომ საბაზრო მექანიზმები ჯერ კიდევ სუსტია _ მათ ვერ შეიძინეს თვითრეგულირების რეჟიმში, ფუნქციონირების უნარი.
ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, როგორც განვითარების ფაქტორი ადეკვატურად ვერ პასუხობს სწრაფად ცვალებად სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს, ამიტომაა, რომ სოციალური პარამეტრების ერთობლიობა (უმუშევრობა, სიღარიბე, უწიგნურობა) ჩამოყალიბდა ეროვნული უსაფრთხოების საშიშ მუქარად. ცოდნა (ინფორმაცია) როგორც განვითარების ინტეგრირებული ფაქტორი, ეროვნულ თავისებურებებს არ ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ეროვნული მეცნიერების ტრანსფორმაციული პროცესებიდან ამოვარდნამ. როგორც აღინიშნა, თავის დროზე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ მეცნიერების მიმართ, გამოიწვია ის, რომ იგი უშუალო საწარმოო ძალის ფუნქციას ფაქტობრივად დაკარგავს. ამიტომ, ეროვნულ მეცნიერების პოტენციალი სათანადოდ არ არის გამოყენებული.
რეალურ სექტორში კონკურენტული (კლასიკური გაგებით) გარემო არ შექმნილა, რაც ამუხრუჭებს საბაზრო მექანიზმების (ინსტრუმენტების) მოქმედებას, აკნინებს სტიმულირების (მოტივაციის) როლს, ზღუდავს თავისუფალ არჩევანს. ქვეყანაში კერძო საკუთრება (როგორც ასეთი) და სახელშეკრულებო ურთიერთობები, მყარად არ არის დაცული (სუბიექტური ინტერესების გავლენას განიცდის). კერძო საკუთრების ეფექტიანობა ძალზე დაბალია, რაც მისადმი უნდობლობას იწვევს (როგორც აღინიშნა, ეკონომიკა დღეს თითქმის მთლიანად კერძო საკუთრებაზეა დაფუძნებული, ეფექტიანობა კი დაბალია), ეკონომიკური სისტემა არ არის ორიენტირებული მწარმოებლურობასა და ეფექტიანობაზე, გრძელვადიან ზრდის ფაქტორებზე (ინვესტიციები რეალურ სექტორში, სამუშაო ძალის ფორმირება, განათლება, მეცნიერება და ა.შ.).
ამასთან, ეკონომიკა არსებითად დამოკიდებულია გარედან მხარდაჭერაზე (ინვესტიციები), მაშინ, როცა (როგორც უკვე აღინიშნა), ქართველი ბიზნესმენების კაპიტალი სხვა ქვეყნებშია ინვესტირებული.
უკანასკნელ წლებში ორგანიზაციულად და მომსახურების მაღალი კულტურით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს საბანკო სისტემა, მაგრამ მისი პოტენციალი ჯეროვნად არ არის გამოყენებული მატერიალური წარმოების სტიმულირებისთვის.
ამრიგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც დეფორმირებულ საბაზრო და სახელმწიფოებრივ მექანიზმებს ემყარება (როცა სახელმწიფო, ასევე ბაზარი საკუთარ ფუნქციებს ვერ ასრულებს), ამიტომ მისი სიცოცხლისუნარიანობა, თვითგანვითარების პოტენციალი ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის ახალ ტრაექტორიაზე გადასვლას.
როგორია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კონფიგურაცია
და ურთიერთგანპირობებულობის ლოგიკა?
განვლილ პერიოდში, ქვეყნის საზოგადოებრივი ურთიერთობების ტრანსფორმაციის პროცესში, ჩამოყალიბდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების (სუბიექტების) საინტერესო კონფიგურაცია: სახელმწიფო _ პოლიტიკური პარტიები _ პროფკავშირები _ ბიზნესი _ არასამთავრობო სტრუქტურები _ მეცნიერება _ საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები _ ეკლესია.
გარდაქმნების პროცესში მონაწილე სუბიექტები უშუალო გავლენას ახდენენ განვითარებაზე. თუმცა, ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად მოქმედებენ, ხშირად ერთმანეთსაც უპირისპირდებიან. არცთუ იშვიათად გამოიყენება პრინციპი _ „ყველა ერთის წინააღმდეგ“. სწორედ ის ერთი, უმეტეს წილად, ქვეყნის ინტერესებია. მათი საქმიანობის კოორდინაცია არ ხდება. ჩვენი აზრით, ამაშიც უნდა ვეძებოთ ქვეყანაში კრიზისის გახანგრძლივება-გაღრმავების ხელშემწყობი (მასტიმულირებელი) გარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი. მოკლედ ავხსნათ მათი მოქმედების ლოგიკა, განმსაზღვრელი მოტივები.
თავად ფორმირებადი სახელმწიფო, ჯერ-ჯერობით არამც თუ ტრადიციულ, არამედ მის ექსკლუზიურ ფუნქციებსაც (განსაკუთრებით სისტემაშემქმნელი ფაქტორის ფუნქცია) სათანადოდ ვერ ასრულებს.
პოლიტიკური პარტიები კლასიკური გაგებით იდეოლოგიურად და ორგანიზაციულად ფორმირების პროცესში არიან. როგორც მათი სახელდახელო პროგრამებიდან ჩანს, ადეკვატურად არა აქვთ გაცნობიერებული ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა, წინააღმდეგობრივი პროცესის გამომწვევი მიზეზები. ამიტომ, მათ ხედვები და მიდგომები ზოგად ქრესტომათიულ ჩარჩოებშია მოქცეული და საჭიროებისას საზოგადოებისგან მხარდაჭერის მოპოვებისთვის სინამდვილის ახსნას ცდილობენ ე.წ. ფრაგმენტული მიდგომებით.
პროფკავშირები. საკუთარ „ნიშას“ ეძებენ წარსული გამოცდილების არსენალიდან აპრობირებული ფორმების (მეთოდების) გამოყენებით. მართალია, მათ ორგანიზაციული პოტენციალი ჯერ კიდევ გააჩნიათ, მაგრამ ადამიანების (საზოგადოების) ინტერესების დაცვის თანამედროვე მექანიზმებს სუსტად იყენებენ. განსაკუთრებით ეს ჩანს სოციალური პარტნიორობის სფეროში.
ბიზნესი. საბაზრო მექანიზმი ჯერ კიდევ სუსტია. როგორც აღინიშნა, თანამედროვე ბიზნესი ვერ ავლენს მის უპირატესობას. ამასთან იგი ეკონომიკური კრიზისისთვის მის წილ პასუხისმგებლობასაც არ იღებს. გამოუყენებელია ძირითადი ფონდები, მიწის რესურსები, დანადგარ-მოწყობილობათა მნიშვნელოვანი ნაწილი თავის დროზე ჯართად გაიყიდა _ თანაც უცხოეთში.
ჩვენთანაც, ფორმირებადი კერძო სექტორისა და ასევე ხელისუფლების კრიმინალური ნაწილის ინტერესების შერწყმით ჩამოყალიბდა (ყალიბდება) ახალი ტიპის _ პოსტსაბჭოთა ტიპის ოლიგარქი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ წარმოების ეფექტიანობა აამაღლოს (რაც მისი და ქვეყნის განვითარების მთავარ ინტერესს შეადგენს) დიდხანს (ცალკეულ პერიოდებში უფრო აქტიურად) ეკონომიკის პოლიტიზების დაჩქარების კატალიზატორის ფუნქციებსაც ასრულებდა (ახლაც არის რეციდივები). ეს მაშინ მართლდებოდა იმით, რომ სახელმწიფოს სახით ბიზნესს ძლიერი და გამჭრიახი პარტნიორი არ ჰყავდა. ორივე სცოდავდა. ვერცერთი საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებდა. ბიზნესის წარუმატებლობა აძლიერებს ეჭვებს საერთოდ კერძო საკუთრების ეფექტიანობის შესახებ (მისი დაბალი ეფექტიანობის გამო, როგორც აღინიშნა, მას დისკრედიტაციის საფრთხე ექმნება, რისი დაშვებაც არ შეიძლება).
მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების (სამოქალაქო საზოგადოების) ფორმირების პროცესის შეუქცევადი ხასიათიასა, მათი საქმიანობა წინააღმდეგობრივად მომდინარეობს, თუმცა საქმიანობის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ცალმხრივად უდგებიან საზოგადოებრივ, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებს.
მეცნიერება ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების ცენტრალური ნაწილია (ბირთვი), რომელსაც ადრე ძლიერი პოტენციალი ჰქონდა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ცოდნა უნდა განსაზღვრავდეს საზოგადოებრივი გარდაქმნების სტრატეგიას, ხოლო მეცნიერება როგორც ახალი ცოდნის მწარმოებელი ძალა, ტრანსფორმაციის ლიდერის როლს უნდა ასრულებდეს. სამწუხაროდ, მეცნიერებამ საქართველოში მართვის ორგანიზაციული ფორმა დაკარგა და იგი გარდაქმნების პროცესს ფაქტობრივად ჩამოაცილეს. ამით ქართულმა ფორმირებადმა, ახალი ტიპის სახელმწიფომ ქვეყნის მეცნიერება დატოვა მისი ექსკლუზიური ფუნქციების შესაბამისი ორგანიზაციული ფორმის გარეშე.
საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები. მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებში არასწორი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების შემოთავაზებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენებისთვის. როგორც უკვე ითქვა, მათი რეკომენდაციით საქართველომ „წარმატებით“ განახორციელა „შოკური თერაპია“, რომელმაც ეროვნულ ეკონომიკას მატერიალური და ორგანიზაციული საფუძველი გამოაცალა.
ეკლესია. იგი ცდილობს ერის ცნობიერება სტრატეგიულად სწორად წარმართოს. ამასთან, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს საკუთარი (ძირითადად ობიექტური) ინტერპრეტაციით აფასებს. შრომისადმი სიყვარულის აღზრდას და საერთოდ ზნეობრიობის როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სხვადასხვა ფორმით ასტიმულირებს ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას.
როგორც ჩანს, ქვეყნის განვითარებაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობა ვიწრო მიზნობრივი პოზიციებიდან წარიმართება და ერთობლივად მოქმედებაზე (რასაც მოითხოვს თანამედროვე მენეჯმენტის ფუნქცია-კოორდინაცია) ორიენტირებულიც არ არის. შრომის, კაპიტალის, პოლიტიკის სუბიექტების პარტნიორული (ერთიანი მიზნით) ურთიერთობები ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პოლიტიკის ერთიანობა მიღწეული არ არის.
რაში ვხედავთ გამოსავალს? საზოგადოებრივ ურთიერთობათა ტრანსფორმაციაში მონაწილე სუბიექტების მოქმედებას საფუძვლად უნდა დაედოს ეროვნული კონსესუსი, რომელიც ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრასთან ერთად მისი მიღწევის საშუალებების (მექანიზმების) ერთობლივად გამოყენებაზე, უფრო სწორად, მიზანმიმართულ საქმიანობაზე შეთანხმებასაც გულისხმობს. ჩვენი აზრით, ზემოთ დასახელებული სუბიექტებიდან ტრიადამ _ სახელმწიფომ - მეცნიერებამ - ეკლესიამ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ერის (ქვეყნის) განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისთვის და უზრუნველყონ მისიგანხორციელების კოორდინაციის ფუნქცია.
რატომ ტრიადამ?
ჩვეულებრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ფუნქციონირებს სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და ეფექტიანი ეკონომიკა, სადაც მოსახლეობის მაღალი პოლიტიკური კულტურა არეგულირებს რთულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ქვეყნის განვითარების სტრატეგიას (პროგრამებს) ძირითადად პოლიტიკური პარტიები და შესაბამისი სახელმწიფო, სამეცნიერო სტრუქტურები ქმნიან.
სტრატეგია (პროგრამა) განიხილება, როგორც პოლიტიკური ძალების ხედვა ქვეყნის განვითარებაზე (რომელსაც საფუძვლად უდევს ინტერესების მონაცვლეობის პრინციპი), როგორც წინაპირობა ამომრჩევლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც თვისებრივად ახალი მოვლენებითა და პროცესებით ხასიათდება, როცა ქვეყანა ღია ეკონომიკის პრინციპებით ფუნქციონირებს, როცა მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი სიტუაციები ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, როცა შიმშილი (სიდუხჭირე), უმუშევრობა, უწიგნურობა, ავადმყოფობა, უთანასწორობა რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და თავად სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ პრინციპებს, ქვეყნის განვითარებას სჭირდება დროის გამოწვევების ადეკვატური სტრატეგია (პროგრამული მართვა). ასეთი პროგრამა უნდა შედგეს სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების აქტიური მონაწილეობით.
რატომ სახელმწიფომ?
მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ქვეყნის განვითარების დაგროვილი გამოცდილება, მოსახლეობის ცოდნის პოტენციალი და სოციალური ენერგია ქვეყნის აღმშენებლობის უმთავრეს ფაქტორად აქციოს. მომავალშიც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი სახელმწიფო სტრატეგიით და მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების ლიდერობით უნდა წარიმართოს.
რატომ მეცნიერებამ?
ქვეყნის განვითარების არსებული მდგომარეობის ანალიზი, პროგნოზირება, სტრატეგიის განსაზღვრა უნდა მოხდეს მეცნიერების თანამედროვე მიღწევების საფუძველზე, სწორედ მეცნიერული ცოდნა განსაზღვრავს განვითარების მრავალი ვარიანტიდან ოპტიმალურს. მეცნიერება უნდა ასაზრდოებდეს სწრაფად ცვალებად პრაქტიკას, დროულად უნდა ასწრებდეს მის განზოგადებას (თავისებურებების, ტენდენციების, კანონზომიერებათა ახსნას) და შესაბამისი კორექტივები უნდა შეჰქონდეს შემუშავებულ სტრატეგიაში.
რატომ ეკლესიმ?
იგი მამულთან და ენასთან ერთად ისტორიულ ფუნქციას ასრულებდა და ასრულებს. ეკლესია ქართული ფენომენის მტკიცე დასაყრდენი იყო და არის, „როგორც ერთ-ერთი „ღვთაებრივი საუნჯე“. ილია ამბობდა: „ქრისტეს სჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო. იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად, ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა... სხვათაშორის, ქართველი ერი ამისათვის უფრთხილდებოდა თავის სჯულს, რომელიც თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა“.
თანამედროვე პირობებში გასათვალისწინებელია, რომ ქართული ეკლესია სანიმუშო მაგალითია სარწმუნოებისა და მეცნიერების ერთმანეთში ბედნიერი მორიგებისა. გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან (ილია). განსაკუთრებული იყო ქართული ეკლესიის როლი სახელმწიფოს მართვაში. დავით აღმაშენებელ-გიორგი ჭყონდიდელის ტანდემის მოდელი ერთდროულად ცოდნას, მეცნიერებას, გამოცდილებას ეყრდნობოდა. ძლიერი ხელისუფალის გვერდით წამყვანი ფიგურა იყო მწიგნობართუხუცესი (განათლების, მეცნიერების, საერთოდ აზროვნების სფერო), რომელიც ეროვნულ იდეოლოგიას (მართლმადიდებლობას) ეფუძნებოდა. გვმართებს სწორად ავხსნათ ეს მოვლენა. როგორ და რატომ მივიდა ასეთი მოდელის ჩამოყალიბებამდე მაშინდელი პოლიტიკური და ფილოსოფიური აზროვნება. რა იყო ის მთავარი, რომელზეც აღმოცენდა იგი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, თავად ეკლესიის როლისა და გავლენის მზარდი ტენდენციები, ერის კონსოლიდაციის რთული ამოცანა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გარე ფაქტორების გავლენით, აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობის კოორდინაციას.
რუის-ურბნისის კრების მსგავს ღონისძიებათა განხორციელებას, რომლის მიზანშეწონილობას დღევანდელობა და მომავლის პერსპექტივა განსაზღვრავს, ეკლესია (ზოგადად) თავისი შიდა რესურსებით, სახელმწიფოს მიზანმიმართული მხარდაჭერისა და მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებს. ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ინტერესები მოითხოვს მართლმადიდებლობის როგორც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძვლის, დროთა განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა მინარევებისგან გაწმენდას. ამ საქმეში განუზომლად დიდია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მეცნიერების როლი.
ნიშანდობლივია, რომ ქართულ ეკლესიას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მრევლის სტატუსით საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილი შეუერთდა, რომელიც, როგორც იტყვიან, თვითონ მივიდა ეკლესიასთან (რწმენასთან). განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არც ერთ ეტაპზე ასეთი განათლებული მრევლი (ცოდნის ფაქტორი), ქართულ ეკლესიას არ ჰყოლია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისა და განხორციელებაში ეკლესიის როლი მრავალმხრივიც უნდა იყოს და კონკრეტულად მიზანმიმართულიც.
მხოლოდ ტრიადის შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძველზე განვითარების უმთავრესი ფაქტორების სწორად განსაზღვრა და შეთანხმებულად ამოქმედება. სხვანაირად ისევ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება დეკლარირებული მიზნები და პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნის ლოგიკა (პრინციპები), რაც ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში არსებულ ჩამორჩენას უფრო გააღრმავებს და საქართველო გლობალური პროცესების სიბრტყეზე ისევ ჩამორჩენილ პერიფერიად დარჩება.
არის თუ არა გეოეკონომიკა უნივერსალური სტრატეგიული რესურსი?
თანამედროვე გლობალურმა პროცესებმა ახალი თვისებაც გამოავლინა. სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებამ უფრო შენიღბული ფორმა შეიძინა _ სამხედრო-სტრატეგიული სფეროდან გადაინაცვლა ეკონომიკურ სიბრტყეზე. გეოპოლიტიკა თანდათანობით იცვლება გეოეკონომიკით, ე.ი. წინა პლანზეა წამოწეული სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიზაციის პრობლემა, რაც ნიშნავს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ეკონომიკური მეთოდებით, როცა ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში დომინანტია ეკონომიკური და არა პოლიტიკური, იდეოლოგიური ან ძალოვანი მიდგომები.
ასეთი მიდგომით დასტურდება, რომ მსოფლიო განვითარების ცენტრალური ვექტორი გლობალიზაციაა, ხოლო მისი მნიშვნელოვანი მხარეა რეგიონალიზაცია. ეს უკანასკნელი გარკვეულ წილად „ფილტრის“ ფუნქციასაც ასრულებს და უფრო მეტად ითვალისწინებს რეგიონულ ინტერესებს (თავისებურებებს). ამიტომ, რეგიონული მიდგომები გლობალური პროცესების მრავალფეროვნებაზე აისახება. ამასთან, რეგიონალიზაცია უნდა განვიხილოთ როგორც სუვერენული სახელმწიფოების პასუხი გლობალიზაციის გამოწვევებზე. ევროკავშირი, ნაფტა, წყნარი ოკეანეთის ფუნქციონირება ადასტურებს გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის წინააღმდეგობრივი პროცესების თავისებურებებს, დინამიზმს, მასშტაბებს. თითოეულ მათგანს ფორმირებისა და სტრატეგიის ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ. ცნობილია, რომ აშშ აღიარებულია თავისუფალი მეწარმეობის მოდელად, ევროპა _ ინტეგრაციის მაგალითად, აზია-წყნარი ოკეანეთი იმის მაგალითად თუ როგორ შეიძლება რაციონალურად იქნას გამოყენებული დასავლეთის ტექნოლოგიები ადგილობრივ ტრადიციებთან შეხამებით. მათი ფუნქციონირება გვიჩვენებს იმას, რომ გლობალიზაცია (ფართო გაგებით ცენტრალიზაცია) და რეგიონალიზაცია (ფართო გაგებით დეცენტრალიზაცია) თავსებადი პროცესებია და ერთი მთლიანობითი სისტემის შემადგენელი ნაწილები. ისინი ერთმანეთს ავსებენ, ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და ქმნიან განვითარების ერთიან სისტემა-პროცესს.
ჯერ ერთი, რეგიონული ალიანსები გლობალიზაციის როგორც პროცესის სუბიექტები არიან და მძლავრ იმპულსებს აძლევენ კონკრეტულ სივრცეში პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მეორე, ცდილობენ გლობალიზაციის როგორც პროცესის _ ლიდერის ოპონენტები იყვნენ და რეალურად განახორციელონ განსაკუთრებულ (რეგიონულ) პოლუსებად ჩამოყალიბების იდეა. ასეთი დამოკიდებულებისას იქმნება ორი პროცესის ურთიერთშეღწევის ხელშემწყობი პირობები, რაც განვითარების ტენდენციების უფრო რეალურად პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს ნიუანსი (თავისებურება) ყოველმხრივ ყურადღებას საჭიროებს. მაგალითად, რეგიონალიზაცია იძლევა საშუალებას რეგიონულ ალიანსებში უფრო მოხერხდეს ეროვნული თავისებურებების (ტრადიციების) შენარჩუნება-გათანამედროვეობა და ამით მრავალფეროვნების, როგორც განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობის ეფექტიანად გამოყენება.
ინტეგრაციის ასეთ ხარისხს განსაკუთრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური დატვირთვაც გააჩნია. კერძოდ, მიმდინარე გლობალური პროცესების რეგიონული ფრაგმენტაცია გვიჩვენებს ინტეგრაციული პროცესების მრავალმხრივ ხასიათს და შესაბამისად, მათი რეგულირების მრავალვარიანტულობის პერსპექტივას.
ამ ფონზე განვიხილოთ ევრაზიის, როგორც ეკონომიკურ სივრცეში, საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის პერსპექტივა.
თანამედროვე მსოფლიოში ევრაზია განიხილება, როგორც ეკონომიკური განვითარებისა და მზარდი პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვანი „საჭადრაკო დაფა“ (ზ. ბზეჟინსკი), რომელზეც გრძელდება ბრძოლა გლობალური უპირატესობის მოპოვებისთვის.
საქართველოს ამჟამად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური (ტრასეკა, ენერგეტიკული დერეფანი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, შავი ზღვის პორტები და სხვ.) მდგომარეობა აქვს. შეიძინა ახალი ფუნქციაც _ იგი მონაწილეობს ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო კაპიტალის ფორმირებაში. ეს უნიკალური ფუნქციაა. იგი ხელს უწყობს ევროპისა და აზიის ქვეყნების ინტერესების ფონზე, ევრაზიის სივრცეში დამკვიდრდეს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური სუბიექტის როლით.
დღეს აშკარად გამოიკვეთა ის გეოეკონომიკური თავისებურებაც, რომ ქართულ ფენომენში მხოლოდ ევროპული შემადგენელი არ არის წარმოდგენილი, არამედ რეალურად აზიური კომპონენტიცაა, რომელსაც ქვეყნის წარსულში ძლიერად აქვს ფესვები გადგმული. ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველო ევრაზიის სივრცეში წარმოდგენილია არა მისი ევროპული და აზიური ნაწილების არითმეტიკული ჯამის სიდიდით, არამედ მასზე მეტი განზომილებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ფენომენი ევრაზიული ფენომენია. ცხოვრება ადასტურებს, რომ როცა გლობალურ სივრცეში შედის ქვეყანა (შედის და არა აითქვიფება), ეროვნული ფენომენის ბევრი ახალი კომპონენტი მოძრაობაში მოდის, ადაპტაციის უნარს იძენს (მიგრაცია, ინტეგრაციული პროცესები, რეგიონული ალიანსები და სხვ.) და ხშირ შემთხვევაში განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავს (დასავლეთთან, კერძოდ ევროკავშირთან ინტეგრაცია), ნაწილი კი, „მთვლემარე“ მდგომარეობაში რჩება და მათი ამოქმედება დროის ფაქტორით, მოცემულ ვითარებაში განვითარების ლოგიკით, ინტერესების თავსებადობის ხარისხით განისაზღვრება (ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სხვ.).
აქვე აღვნიშნავ, რომ ევროპული და აზიური მენტალიტეტი, ტრადიციული ფილოსოფიით, ფასეულობებითა და ცხოვრების წესით ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებულია. ეს აისახა ქვეყნების როგორც ზოგად კულტურაზე, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებზე. ერთი მხრივ, პროტესტანტული ეთიკა და, მეორე მხრივ, აზიური წარმოების წესით განსაზღვრული პარადიგმები. მკაფიოდ გამოიკვეთა თანამედროვეობის რთული პრობლემების ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების _ განსხვავებული კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომებიც. ეს რეალურად აისახა აზიის ქვეყნების (იაპონიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის და ა.შ.) გამოცდილებებზე, რომელიც ეფუძნება ცენტრალიზაცია-დეცენტრალიზაციის თავსებადობის პრინციპს და არა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს (ამ მოვლენას ღრმად შესწავლა უნდა).
ამრიგად, საქართველო დგას ევროპისა და აზიის განსხვავებული ეკონომიკური პარადიგმების (ტენდენციების) მიჯნაზე, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი (როგორც ასეთი) განსაზღვრავს თანაარსებობის წესებს. იგი მიმზიდველია როგორც ბუფერული სივრცე, რომელშიც თვისებრივად ახალ გარემოსთან ადაპტირების (თავსებადობის) პროცესი ყველა მხარისთვის ნაკლები წინააღმდეგობებით ვითარდება. გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთისთვის (აშშ, ევროკავშირი) საქართველო მიმზიდველია და მისაღები მათ ფასეულობებთან (ინტერესებთან) სიახლოვის გამო, ხოლო მთლიანად აზიის ქვეყნებისთვის მათი საერთო (საზიარო) ისტორიული ფესვების გამო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. განვითარების ლოგიკა გვიჩვენებს, რომ ცალმხრივად არ უნდა განვიხილოთ საქართველოს გეოეკონომიკური უპირატესობა. არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროპასთან და აზიასთან ინტეგრაცია, არამედ, ეს უკანასკნელი, ორი კონტინენტის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებითაა განპირობებული (ეს დაადასტურა „აბრეშუმის გზის“ მოდერნიზებულმა პროექტმა).
ყურადღებას იპყრობს კავკასიის ეკონომიკური სივრცის (ბაზრის) ფორმირების პერსპექტივაც. მხედველობაში მაქვს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, შემდგომში მისი გაფართოება ირანის, თურქეთის, რუსეთის (ძირითადად მისი ჩრდილო-კავკასიის სუბიექტების) მონაწილეობით. ასეთი ეკონომიკური სივრცის შექმნას რიგი უპირატესობები გააჩნია: პოლიტიკური სტაბილიზაციის პირობებში რეგიონი ინვესტიციების მიმზიდველი ობიექტი გახდება, რაციონალურად შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგეტიკული, რეკრეაციული რესურსები, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შეიქმნას ერთობლივი საწარმოები, საფინანსო, საკრედიტო სტრუქტურები, გაღრმავდეს კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა და სხვ. თანდათანობით მომზადდეს პირობები კავკასიის რეგიონული ეკონომიკური მოდელის შესაქმნელად, რომელიც დაეფუძნება კავკასიის (პლანეტის უნიკალური რეგიონის _ მსოფლიო ბაზრის ტერიტორიული სეგმენტის) ხალხთა შრომითი გამოცდილების, მეურნეობის გაძღოლის, თვითმმართველობის, სოლიდარობის, სამართლიანობის, ეკონომიკური ჰუმანიზმის, ტოლერანტობის პრინციპებს. ამ შემთხვევაში ევროპა-აზიის ქვეყნების ინტერესების გაფართოების არეალიც ახალი შინაარსით დაიტვირთება.
მსოფლიო მიიღებს ეკონომიკური ინტერესების დაბალანსების ერთ-ერთ პოლუსს _ კავკასიის პოლუსს, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ფუნქციონირებად სამ გეოეკონომიკურ (ჩრდილო-ამერიკული („ნაფტა), ევროპული (ევროკავშირი) და აზიური წყნარი ოკეანეთის პოლუსებთან ერთად თვისებრივად შეცვლის გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის წინააღმდეგობრივ პროცესებს და ყოველმხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებას.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ასეთი უნიკალური როლი, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაციების ცვალებადობის გამო ეპიზოდურად ასრულებდა. ამ როლის გათანამედროვეობა დროის მოთხოვნების შესაბამისად მსოფლიოში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესებით აიხსნება (ამ პრობლემებზე უაღრესად საინტერესო და მეცნიერულად არგუმენტირებული შეხედულებები არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ შემოთავაზებული მიდგომები (პოზიცია), რომელიც ეფუძნება კავკასიის _ როგორც გეოეკონომიკური სივრცის _ როლის ახლებურად გააზრების ლოგიკას).
გასათვალისწინებელია, რომ დიდი „აბრეშუმის გზა“ ორ სივრცეს შორის არამარტო ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებოდა, არამედ კულტურის სფეროს განვითარებასაც. ეს ფუნქცია მომავალშიც „აბრეშუმის გზის“ მოდერნიზებული პროექტის განხორციელება-ფუნქციონირების დონეზე ძლიერ ფაქტორად დარჩება. ამ ისტორიული ფუნქციის განხორციელებისა და გეოპოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი წარმმართველი ლიდერის როლი საქართველოს ეკისრებოდა, ასეა ახლაც. ასე უნდა იყოს მომავალშიც. ეს უპირატესობასთან ერთად, საგანგებო და ისტორიული პასუხისმგებლობაცაა.
ბუნებრივია, დაისმება კითხვა: საქართველოსთვის განვითარების ზემოთ აღნიშნული სცენარი რამდენად თავსებადია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან?
უნდა ითქვას, თავსებადია.
მთავარია სწორად შეფასდეს განვითარების თანამედროვე ტენდენციები, კანონზომიერებანი. ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ნაფტასთან, წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, დსთ-ს ქვეყნებთან (მათ შორის რუსეთთან) ყველა მხარისთვის მისაღები ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, ევროკავშირი ორ დაპირისპირებულ მხარესთან აშშ და რუსეთთანაც ვაჭრობს (ცხელ გულზე მიღებული სანქციები პოლიტიკური ზემოქმედების დროებითი ფორმაა). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიულ გარემოებათა გამო, როგორ მოხერხდა, საქართველოს ისტორიულ მტრებთან _ თურქეთთან და ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.
რატომ უნდა შეუშალოს ხელი ევროკავშირში ინტეგრაციამ საქართველოს ჰქონდეს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები (მიზანშეწონილობიდან გამომდინარე) სხვა ქვეყნებთან, თუნდაც, მათთანაც, ვინც დღეს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ევროკავშირის მეგობრად არ მოიაზრება, პირველ რიგში რუსეთთან?
ჩემი აზრით, ევროკავშირთან ინტეგრაციის (როგორც განვითარების ეტაპობრივი ვექტორი) კომპლექსურად გამოყენება საქართველოს აძლევს რეალურ შესაძლებლობას ინტენსიურად განვითარდეს და თავი დააღწიოს ქრონიკულ ჩამორჩენას.
ერთი მხრივ, ევროკავშირთან, მეორე მხრივ, მომავალში აზიის ქვეყნებთან ურთიერთობათა ინტენსივობა საქართველოსთვის უნიკალური როლის გამრავალფეროვნების (საერთო ინტერესების დაცვაში საკუთარი როლით) ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ასეთი საქართველო სჭირდება გლობალურ პროცესებში მონაწილე როგორც სუპერ, ისე სატელიტ და განვითარების შედარებით დაბალ დონეზე მდგომ ქვეყნებსაც. ამ როლის შესრულებისთვის თვისებრივად უნდა გარდაიქმნას ეროვნული ეკონომიკა. აუცილებელია ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორთა ერთობლიობა მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლებისთვის. ამისთვის საჭიროა გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელზეც აისახება ევროპა-აზიის სივრცის განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ამოცანები.
ამრიგად, გეოეკონომიკა დღევანდელ საქართველოში ის უნივერსალური სტრატეგიული რესურსია, რომლის გონივრულად გამოყენება ამავდროულად ეროვნული თანხმობის (შიდა ეროვნული ფაქტორების თანმიმდევრულად და ერთიანი სისტემის ამოქმედებით) მიღწევისა და სიმტკიცის გარანტიაც იქნება (გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობა, როცა მათი შერწყმა ხდება ისტორიული ამოცანების განხორციელებისთვის).
ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი