სასურსათო და კვების უსაფრთხოება - კანონის რანგში

სასურსათო და კვების უსაფრთხოება - კანონის რანგში

 

მეცნიერება სადაცაა,  იქ, პირდაპირ თუ ირიბად, მიზანი ყოველთვის ადამიანის კეთილდღეობის  ზრდაა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც პირდაპირ ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობას უკავშირდება.

სწორედ ასეთი საკითხებს მიეძღვნა 2017 წლის 29 მარტს  ა(ა)იპ  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის (ფაკულტეტის), ოქსფამის, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივით ჩატარებული  სამეცნიერო კონფერენცია  თემაზე: „სასურსათო და კვების  უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში“.

კონფერენციას მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომლის წინადადებითაც კონფერენციის მონაწილეებმა ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული  წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელის (ხელაია) ხსოვნას.

 90 წლის წინათ, სწორედ 29 მარტს (1927 წ.) გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოკიკოს-პატრიარქი (1921-1927წწ.) ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია - დაბ. 1861 წლის 7 სექტემბერს, მარტვილში), რომელმაც 1922 წლის 7 თებერვალს გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას ცნობილი მიმართვა გაუგზავნა, სადაც ითხოვდა: „საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება“.

ამ აქტმა თავისებური მუხტი მისცა კონფერენციის შემდგომ მსვლელობას.

კონფერენციისადმი მისასალმებელ სიტყვებში, რომლითაც გამოვიდნენ რევაზ ასათიანი (საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი), დავით კირვალიძე  (საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში), ვახტანგ სართანია (ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის (ფაკულტეტის) დეკანი, პროფესორი), აღინიშნა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტისთვის საერთო ძალისხმევის აუცილებლობა და ის კარგი მაგალითი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე კონფერენციაზე, სადაც მოცემული პრობლემატიკით დაკავებული და დაინტერესებული ყველა მხარის (ხელისუფლება, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, არასამთავრობო, საერთაშორისო და პოლიტიკური ორგანიზაციები, სტუდენტი ახალგაზრდობა) წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა ლევან დადიანი (ოქსფამის ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელი), რომელმაც მონაწილეებს გააცნო ოქსფამის მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოში სასურსათო და კვების უსაფრთხოების არსებული მდგომარეობაზე.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ორი პლენალური სხდომა.

პირველ პლენალური სხდომაზე წარმოდგენილ იქნა წინასწარ განსაზღვრული მოხსენებები პრობლემების მიხედვით.

სასურსათო უსაფრთხოების ინსტიტუციური და სამართლებრივი საფუძვლები (რეგულაციები)- სასურსათო და კვების უსაფრთხოების კანონპროექტის პრიციპები გაშუქებულ იქნა  მიხეილ ჯიბუტის (ქართული უნივერსიტეტის პროფესორი) მოხსენებაში. წარმოდგენილ იქნა ოქსფამის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული „სასურსათო და კვების უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი.

სურსათის საჭირო რაოდენობის ფიზიკურად არსებობისა და  სურსათის სტაბილური მოხმარების რისკების, საქართველოს   სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების, თვითუზრუნველყოფის ამოცანის  შესახებ მოხსენებებით გამოვიდნენ: ნოდარ ჭითანავა (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი, საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრი), პაატა კოღუაშვილი (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი), მიხეილ თოქმაზიშვილი (ქართული უნივერსიტეტის პროფესორი).

სურსათის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის რისკების შესახებ მოხსენებები გააკეთეს:

შოთა ჩხეიძემ (საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი), ზურაბ რევიშვილმა (პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი), მზია კერესელიძემ (საქსტატის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის მთავარი სპეციალისტი).

საქართველოში სურსათის მოხმარების რისკების, კვების უსაფრთხოების, კვების პოლიტიკის ანალიზს მიეძღვნა ზურაბ ცქიტიშვილის (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი), მალხაზ დოლიძის (საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი), ეთერ სარჯველაძის  (ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტის პროფესორი), რობინზონ წიკლაურის (საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პროფესორი) მოხსენებები.

ყველა გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა აზრი  სასურსათო და კვების უსაფრთხოების ინტერსექტორალური ხასიათიდან გამომდინარე სირთულეებისა და შესაბამისად, დარგთა და ინსტიტუტთა შორის ურთიერთობებისა და კოორდინაციის თვისობრივად გაუმჯობესების აუციებლობის შესახებ.

სადილზე შესვენების შემდეგ გამართულ მეორე პლენალურ სხდომაზე გაიმართა დისკუსია და მიღებულ იქნა რეზოლუცია.

ნიშანდობლივია, რომ დისკუსიის დროს  შენარჩუნდა საკითხების დასმისა და განხილვის მეცნიერული სიღრმე. ხაზგასმით აღინიშნა დარგთაშორისი კოორდინაციის ამაღლების შესახებ და საკითხის კანონმდებლობით განსაზღვრული პროგრამული მიდგომით გადაწყვეტის აუცილებლობა.

მეტიც, დაისვა საკითხები, რომლებმაც ცხადყვეს კონფერენციის გაგრძელების აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები.

მურმან ქურიძისა (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი) და თენგიზ ჯალიაშვილის (ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) გამოსვლებში ხაზი გაესვა სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებებით განვითარების აქტუალიზებას. კერძოდ, ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარების, გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული კვების პროდუქტებისაგან მოსახლეობის დაცვის გაძლიერებისა და სხვა საკითხებს.

მომავალში მსგავსი ფორუმების განხორციელების მიზანშეწონილობაზე გაამახვილა ყურადღება შემაჯამებელ სიტყვაში პროფესორმა რევაზ ასათიანმა. ასეთი შეხვედრებისადმი  მხარდაჭერა  გამოხატა პროფესორმა ვახტანგ სართანიამ, რომელიც  ხელმძღვანელობდა კონფერენციის მსვლელობას ამ სტრიქონების ავტორთან ერთად.

დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს შემდეგი რეზოლუცია:



სამეცნიერო კონფერენციის

„სასურსათო და კვების უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში“

რეზოლუცია

 


საქართველოს კანონის „სასურსათო და კვების უსაფრთხოების შესახებ“ მიღების აუცილებლობისადა პროექტის შესახებ



განვიხილეთ რა სასურსათო და კვების უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში, მივედით იმ დასკვნამდე,  რომ საქართველოში სასურსათო და კვების უსაფრთხოების სისტემაში ბოლო პერიოდში პროგრესი სახეზეა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე (ეროვნული, მუნიციპალური, საოჯახო) და ყველა ასპექტით (წარმოება, ხელმისაწვდომობა,სტაბილურობა, მოხმარება) სასურსათო და კვების უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნა კვლავ შესასრულებელ ამოცანად რჩება და მოითხოვს ქმედითი ღონისძიებების გატარებას.

ამისათვის, უპირველესი ამოცანაა, სასურსათო და კვების უსაფრთხოების სისტემის მრავალსექტორალური ბუნებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების სრულყოფა, მუშაობაში სისუსტეების, თეთრი ლაქებისა და დუბლირების აღმოფხვრა.

ამ  საკითხის გადაწყვეტის  ყველაზე ეფექტიანი გზაა მისი სამართლებრივი ბაზისა და პოლიტიკური ნების გამომხატველი დოკუმენტის შექმნა სპეციალური კანონის სახით.


ნათქვამიდან გამომდინარე, მივაქცევთ ყურადღებას, რომ წარმოდგენილი  საქართველოს კანონის „სასურსათო და კვების უსაფრთხოების შესახებ“ პროექტი შეიძლება მიღებულ იქნას სამუშაო ვარიანტად და ვიძლევით რეკომენდაციას, რათა ის წარდგენილ იქნას შესაბამის ორგანოებში შემდგომი მსვლელობისათვის.

29.03.2017
თბილისი


პროფესორი მიხეილ ჯიბუტი



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: