ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია _ დროის მოთხოვნა

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია _ დროის მოთხოვნა

 

 

წერილი მეცხრე

 

 

ვაგრძელებთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ _ გამოქვეყნებას.

ამჯერად გთავაზობთ მეცხრე წერილს _ „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია _ დროის მოთხოვნა“



საერთოდ იდეოლოგიის მიმართ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: მომხრეები და მოწინააღმდეგენი.

მათ თითქოს შესაბამისი არგუმენტებიც გააჩნიათ, თუმცა ისინი პარტიული პოზიციებიდან სხვადასხვა დროს ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ დოგმებს (ზოგჯერ სისტემებს) ეფუძნებიან და ნაკლები დამაჯერებლობით გამოირჩევიან. პრობლემა სხვადასხვა რაკურსით განიხილება გლობალური პრესინგის დღევანდელ სიტუაციებშიც. აქაც ე.წ. პარტიული დოგმებია ამოსავალი საწყისი.

საერთოდ, იდეოლოგიებს (დოქტრინებს) პოლიტიკური სისტემები აყალიბებენ. ასეთია მსოფლიო გამოცდილება. ცნობილია ისიც, რომ საზოგადოების მხოლოდ ერთი ფენის (ან ფენების) ინტერესებით განსაზღვრული იდეოლოგია (დოქტრინა) ცალმხრივობით გამოირჩევა და განვითარების უნივერსალურ პირობას _ მრავალფეროვნებას (როგორც ასეთს) ხელს უშლის და საზოგადოებაში ფენების (ჯგუფების) ინტერესების დაპირისპირების წინამძღვრებსაც ქმნის.

ერთი რამ ცხადია, საზოგადოების განვითარების სტრატეგია უნდა ემსახურებოდეს მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ მისი ერთი ნაწილის ინტერესებს (სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გაბატონდა მთელ მსოფლიოში, ბუნებრივია, საქართველოშიც).

ნიშანდობლივია, რომ XIX საუკუნეში, XX საუკუნესა და XXI საუკუნის განვლილ პერიოდში საქართველოში რამდენიმე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური დოქტრინა (იდეოლოგია) გამოიცადა. ყველა მათგანი გარედან იყო შემოთავაზებული. მოკლედ განვიხილოთ.

პირველი. „წმინდა კაპიტალიზმის“ თეორიით ნასაზრდოები, მაგრამ რუსეთის იმპერიის თავისებურებებს მორგებული კაპიტალიზმის განვითარების დოქტრინა (საქართველოს განვითარების კაპიტალისტური სტადია სრულად არ გაუვლია. დღეს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების წარმატება ამ უნიკალურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული).

მეორე. სრულიად მოულოდნელად, ისტორიული განვითარების ზიგზაგებით გამოწვეულ წინააღმდეგობათა ფონზე 1918 წელს საქართველოს გარედან „შესთავაზეს“ დამოუკიდებლობა, საქართველომ იგი მიიღო და იმ დროს ევროპაში ახალი პოლიტიკური მოვლენის _ სოციალ-დემოკრატიული პრინციპებზე დაფუძნებული იდეოლოგიის დამკვიდრებას შეუდგა (ისტორიული განვითარების თავისებურებათა გამო საქართველომ ვერ შეძლო სოციალ-დემოკრატიული პრინციპების განხორციელება (დღეს სკანდინავიის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების უპირატესობა ამ უნიკალურ გამოცდილებებზეა დამყარებული).

მესამე. „ნეპიც“ (1921-1928 წლები) გარედან იყო თავსმოხვეული. ამ დოქტრინის პოტენციალური შესაძლებლობები ეფექტიანად ვერ გამოიყენა საქართველომ.

მეოთხე. 1929-1990 წლებში, საქართველოშიც მოეწყო მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტი, _ დამკვიდრდა ცენტრალიზებული დაგეგმვისა და მართვის პრინციპები. შეიქმნა ახალი ტიპის მრავალდარგოვანი ეკონომიკა. აღზევდა კულტურა, მეცნიერება, განათლება, ამაღლდა ცხოვრების დონე. დროთა განმავლობაში ამ სისტემამ მობილიზაციური უნარი დაკარგა, გლობალური პროცესების პრესინგს ვერ გაუძლო და არსებითად სუბიექტური ფაქტორის _ საბჭოთა ხელმძღვანელობის ღარიბი ინტელექტუალური დონის გამო მყისიერად დაიშალა (საქართველომ მაქსიმალურად ვერ გამოიყენა აღნიშნული ეკონომიკური იდეოლოგიის პოტენციალიც).

მეხუთე. ისტორიული განვითარების ექსტრემალურ პირობებში, გლობალური პროცესების წინააღმდეგობრივი ტენდენციების გაძლიერების ფონზე საქართველო იღებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ მოუმზადებლად _ შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, იწყებს სოციალისტური სისტემის ნგრევას (და არა დემონტაჟს). როგორც აღინიშნა, 1994 წელს საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკის დაცემის კატასტროფული შედეგი (მშპ დაეცა 27,8%-მდე) და ეკონომიკა სისტემურ კრიზისში შევიდა. ექსკლუზიური როლი კრიზისის გაღრმავებაში შეასრულა ისევ გარედან შემოთავაზებულმა ვაშინგტონის კონსესუსის პროდუქტმა _ „შოკურმა თერაპიამ“. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს დოქტრინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატური არ იყო. ამიტომ მან დამანგრეველი ფაქტორის როლი შეასრულა.

მეექვსე. „შოკური თერაპიის“ ავტორთა მიერ (აშშ ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) დაშვებული შეცდომების მოგვიანებით გაცნობიერებამ განაპირობა „პოსტვაშინგტონის კონსესუსის“ (როგორც დოქტრინის იდეოლოგიის) ფორმირება, რომლის ახალი პროდუქტი _ ლიბერალურ-მონეტარისტული მოდელი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი გახდა. მისი მთავარი პრინციპი იყო ფულის მასის რეგულირებით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა (პრაქტიკამ გვიჩვენა,, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში ამ მოდელის გამოყენება არაეფექტიანი აღმოჩნდა).

მეშვიდე. ეკონომიკის კრიზისული განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე (კერძოდ, აგრესიული პრივატიზაციის პერიოდში) ქვეყანაში გაძლიერდა ლიბერტარიანიზმის პრინციპების დამკვიდრების პოზიცია. ეს დოქტრინა ამოეფარა ცნობილი ავსტრიული სკოლის წარმომადგენლების ჰაიეკის, მიზესის და სხვათა ფილოსოფიურ დოგმებს, რეალურად კი მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების პროცესებიდან სახელმწიფოს, როგორც ასეთის, განდევნას. დოქტრინა ფაქტობრივად აღიარებულია ახალი ტიპის  ოლიგარქიის ფსევდო ფილოსოფიად, რომლის მიზანია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩანაცვლება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებით (ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების სიმბიოზი).

მერვე. ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ტიპის პოლიტიკური გაერთიანება („ქართული ოცნება“), რომელიც ცდილობს ერთ სიბრტყეზე და ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში განიხილოს მდგრადი განვითარება და ეკონომიკა _ სახელმწიფოს ურთიერთობის (როგორც განვითარების სტრატეგიის ამოსავალი საწყისი) პრობლემები. ეკონომიკური პროტექციონიზმის, როგორც კრიზისიდან გამოსვლის დროებითი მექანიზმის შესაძლებლობები, განახორციელოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგია, პრაქტიკულად უზრუნველყოს საგარეო _ ეკონომიკური კავშირების გაფართოება და სხვ.

ეკონომიკური დოქტრინების გამოყენების ანალიზიდან ჩანს, რომ ყოველი მომდევნო დოქტრინა (განვითარების პროცესი), მიმართულებებითა და პრინციპებით წინას ანტიპოდი იყო. ამით ფაქტობრივად, დაირღვა მემკვიდრეობითობის პრინციპი. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დაიკარგა გენეტიკური ფონი, რომლის არსი იმაშია, რომ განვითარების პროცესი განუწყვეტელია, ყოველ ეტაპზე იქმნება ახალი წინამძღვრები შემდგომში უფრო გაფართოებული კვლავწარმოებისთვის. ამიტომ, ყოველი ახალი ეტაპი, ბუნებრივია, განიხილება მომავალში განვითარების სასტარტო დონედ. საქართველოს შემთხვევაში ეს პრინციპი დაირღვა.

ამრიგად:  ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე განსაკუთრებული ნეგატიური გავლენა იქონია პლანეტარული მნიშვნელობის მსოფლმხედველობითი მიდგომების (ეგზოგენური ფაქტორი) მონაცვლეობის პრინციპებმა, ეკონომიკური მიზანშეწონილობით განვითარების უგულებელყოფამ, ცალმხრივად, სუბიექტურ ფაქტორთა მონაცვლეობით ქვეყნის განვითარებამ. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ეროვნული ეკონომიკა დიდი ხნის მანძილზე ფუნქციონირებს როგორც გარე (ეგზოგენურ) ფაქტორთა უშუალო გავლენით მუდმივად კრიზისში მყოფი „სისტემა“, რომელიც მოწყდა ეროვნულ ფესვებს, მსოფლიოს პროგრესულ სამეურნეო გამოცდილებას და ეროვნულ ორგანიზმში სხვადასხვა უცხო სხეულის (თეორიის) ჩანერგვით მსოფლიო ეკონომიკის გლობალურ ჰორიზონტზე ჩამორჩენილ პერიფერიულ ეკონომიკად ჩამოყალიბდა.

შეცდომა იქნებოდა, ჩვენი ქვეყნის წარუმატებლობა, როგორც ეს ზოგიერთებს მიაჩნიათ, დავაბრალოთY საერთოდ იდეოლოგიას და მისი პრინციპების სპონტანურად ჩამოყალიბების მწარე გამოცდილებას და ამიტომ კატეგორიულად, როგორც დღემდე, უარი ვთქვათ მასზე და „ხელის ცეცებით“ და „უხილავი ხელის“ იმედით ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის პროცესი ისევ თვითდინებით განვითარდეს. მთავარია, როგორ ვაცნობიერებთ იდეოლოგიას დროის გამოწვევების შესაბამისად, რამდენად ადეკვატურად განვსაზღვრავთ მის პრინციპებს.

ჩემი აზრით, გლობალური პროცესების შეუქცევადი ხასიათი, მრავალფეროვნებაში ერის ინდივიდუალიზმის მთავარი ნიშნების შენარჩუნება-გამტკიცების ამოცანა მოითხოვს ქვეყანას ჰქონდეს თვითგანვითარების სცენარი (ეს იქნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია თუ განვითარების პროგრამა) არა როგორც თვითმიზანი, არამედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიის საფუძველი, ინდიკატორი, რომელიც მუდმივად ახალი გამოწვევების (ცვლილებების) გათვალისწინებით ემსახურება სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას.




რაში მდგომარეობს ეროვნულ-სახელ წიფოებრივი იდეოლოგიის არსი?



ჩემი აზრით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია ქვეყნის განვითარების იდეების, შეხედულებების, კულტურის, ეკონომიკის, მორალის და რწმენის სისტემური ერთობლიობაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ფენომენს და თავსებადია ზოგად-საკაცობრიო იდეალებთან. იგი განსაზღვრავს (ემყარება) მთავარ ეროვნულ იდეას (მიზანს) და განვითარების ეტაპების მიხედვით ჩამოყალიბებულ ამოცანებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარების ორიენტაციის სტაბილურობას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ეროვნული იდეა _ სტრატეგია, რომლის გარშემო მოხდება მოსახლეობის კონსოლიდაცია და მიიღწევა ეროვნული თანხმობა. განვითარების დღევანდელ ეტაპზე ასეთ იდეად მართებულია მივიჩნიოთ: საქართველოს სახელმწიფოს იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება _ განმტკიცება, ქართული ფენომენის თვითგანვითარების უნარის უზრუნველყოფა, გლობალური პროცესების აქტიურ სუბიექტად გადაქცევა.

ეს იდეა ლოგიკურად, ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით (უწყვეტობის პრინციპი) ამთლიანებს ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ამასთან გათანამედროვებული, სრულყოფილი ტრადიციებით, მენტალიტეტით, რწმენით, სახელმწიფოს ახალი როლისა და ფუნქციების დროსთან მიმართებაში გაცნობიერებით, იდეა-სტრატეგია ადეკვატურად პასუხობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური, ეკოლოგიური პროცესების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებულ ახალ პარადიგმას _ გლობალური აზროვნების, ლოკალური მოქმედებისა და სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ერთიანობის პრინციპს.

იდეა-სტრატეგიის კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქართველოს როლისა და ფუნქციების განსაზღვრას თანამედროვე ცივილიზაციათა ურთიერთობებში. აქ პირველ რიგში უნდა გამოიყოს ეროვნული კულტურა (ფართო გაგებით), რომელიც მართლმადიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება და დროსთან მიმართებაში სრულყოფას განიცდის. გამოირჩევა მრავალფეროვნებით, თავისთავადობით, მთლიანობით, სრულყოფილად გამოხატავს ეროვნულ ხასიათს, პატრიოტულ, კაცთმოყვარეობის, თავისუფლების, თანასწორობის ჰუმანურ იდეალებს, მუდმივად (ისტორიული პაუზის გარეშე) ემსახურებოდა (ემსახურება) ეროვნულ სტრატეგიულ ინტერესებს. მომავალშიც საქართველომ გარე სამყაროს პროცეს-შენაკადის სახით უნდა შესთავაზოს საკუთარი კულტურა, როგორც ეკსკლუზიური წვლილი კაცობრიობის განვითარებაში. ამიტომ ეროვნული კულტურის განვითარება უნდა ვაღიაროთ ზოგად-ეროვნულ მიზნად (ეს ტენდენცია გამოიკვეთა).



როგორი უნდა იყოს ახალი ტიპის ქართული სახელმწიფო?


თითქოს პასუხი ცალსახაა: დემოკრატიული. გასათვალისწინებელია, რომ გლობალიზაციის პროცესში კი არ მცირდება სახელმწიფოს როლი, როგორც ამას ცალკეული სკოლები, მიმართულებები ამტკიცებენ, არამედ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მისი როლი თვისებრივად იცვლება, ფართოვდება, ახალ ნიშან-თვისებებს იძენს.

კერძოდ, სუვერენულმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ისეთი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის, ეკონომიკური ეფექტიანობის, დასაქმების, კონკურენტული, ჯანსაღი, ეკოლოგიური გარემოს, მდგრადი განვითარების პრინციპებს. სწორედ ამ სიბრტყეზე უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს ექსკლუზიური ფუნქციები: უზრუნველყოს საზოგადოებაში ძველი და ახალი ინტერესების დაბალანსება, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მთლიანობითი სისტემის ელემენტების ურთიერთმოქმედების ეფექტიანობა. გლობალურ პროცესებში ქვეყნის ინტერესების დაცვა. ასეთი ამოცანის შესრულებას შეძლებს ისეთი სახელმწიფო, რომელიც სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული აგებულებით, მიზნებითა და მათი რეალიზაციის მექანიზმებით ეყრდნობა დემოკრატიისა და სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან ერთად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პრიორიტეტს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე პირობებში აუცილებელია სახელმწიფოს როლის ახლებურად დანახვა და გამოყენება მსოფლიო განვითარების ძირითადი ფაქტორების (ინტერესების) გათვალისწინებით. მხედველობაშია მისაღები ის ტენდენცია, რომ საზოგადოებრივ პროგრესს თან ახლავს ახალი გამოწვევები, მუქარები, რისკები.

დიდი ილია ამბობდა „ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა _ შრომითა და გარჯით, ცოდნითა და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს... შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს, ვერავინღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ“.

ამ რთული ამოცანის განხორციელებაში განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ, თუ იგი ვითარდება სწორად შემუშავებული, განვითარების ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი სტრატეგიით. უფრო სწორად, მას უნდა ჰქონდეს განვითარების გეგმა (წინასწარ განსაზღვრული სცენარი), რომელშიც ჩამოყალიბებულია მიზნები, ამოცანები, ეტაპები, პოლიტიკური, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები და ფინანსური უზრუნველყოფის წყაროები, რაც მთავარია, გარე ფაქტორებთან ადაპტირების პოტენციური შესაძლებლობანი.

ასეთი სახელმწიფო თანდათანობით გარდაიქმნება საზოგადოებრივი განვითარების სუბიექტების პარტნიორად. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ ბაზარს არ შეუძლია უზრუნველყოს ოპტიმალური სოციალური და ეკონომიკური განვითარება. ამიტომ სახელმწიფო, როგორც პარტნიორი, ნებისმიერ სიტუაციაში უფრო შეძლებს საზოგადოების სტაბილურობის პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტი იყოს.

დღეს საქართველოს თანაბრად სჭირდება როგორც ძლიერი და გამჭრიახი სახელმწიფო (პოლიტიკა), ასევე ძლიერი და მოქნილი ეკონომიკა (ბიზნესი).

ამრიგად, არა ეკონომიკის (ბაზრის) და სახელმწიფოს (ეკონომიკის, პოლიტიკის) გენეტიკურად აღმოცენებული წინააღმდეგობის (დაპირისპირებით) შემდგომი განძაფრება (რომელსაც ასტიმულირებდა ყველა ეკონომიკური დოქტრინა, პირველ რიგში მონეტარიზმი, ლიბერტარიანელობა), არამედ, „დაპირისპირებულ ძალთა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბღალავად“ (ილია). პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ როცა სუსტია სახელმწიფო, ეკონომიკის განვითარება უპირატესად ცალკეული ინდივიდების და ჯგუფების მოტივებსა და ინტერესებს შეესაბამება. სწორედ ასეთ შემთხვევაში ყალიბდება სიტუაცია, როცა ეკონომიკას მართავს არა კანონები, არამედ ცალკეული ადამიანები და ჯგუფები (მათი მენტალიტეტი). ისინი უშუალოდ ზემოქმედებენ პროცესებზე, რაც ქვეყნის განვითარების საერთო შედეგებზე აისახება. როდესაც პირიქით ხდება, სახელმწიფოში იღებენ ისეთ კანონებს, ადგენენ თამაშის ისეთ წესებს, რომლებიც ინდივიდის მოტივაციასა და ინტერესს არ ასტიმულირებს, მისი რეალიზაციის გარემოს არ ქმნის, საქმე გვაქვს ისტორიულად ცნობილ მოვლენასთან, როდესაც სახელმწიფო ამუხრუჭებს ან არასწორ მიმართულებას აძლევს საზოგადოების განვითარებას.

ამრიგად, ქცევის მოტივაციისა და ინტერესების ორი ნაკადი საზოგადოებრივი გარდაქმნების რთულ პროცესში მეტ-ნაკლები უპირატესობით არეგულირებს ეკონომიკურ განვითარებას. ცხადია, მათი ინტერესების გაერთიანებაა საჭირო, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, უმთავრესი მაინც განვითარების კონკრეტული ეტაპის შესაბამისად სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური როლის სწორი განსაზღვრაა.

ამჟამად განვითარებული ქვეყნების მიერ განვლილი გზით (კლასიკური კაპიტალიზმის მოდელი) XXI საუკუნეში საქართველოს (ასევე სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებს) სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ობიექტურად შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ გზას იკვალავს სულ სხვა იდეები, პარადიგმები, პრინციპები, თავისებურებანი, ტენდენციები, ვიდრე ეს ისტორიულად დღეს განვითარებულმა ქვეყნებმა გამოიყენეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია რიო-დეჟანეიროს სამიტზე (1992 წ.) გამოთქმული მოსაზრება: ეკონომიკური ზრდის პროცესებს, რომლებმაც შექმნეს მდიდარი უმცირესობის კეთილდღეობისა და ძლიერების უპრეცედენტო დონე, საზოგადოება მიჰყავს ერთდროულად რისკებისკენ და დისბალანსისკენ, რომლებიც ერთნაირად ემუქრება მდიდრებსაც და ღარიბებსაც. განვითარების ასეთი მეთოდი და მისი შესაბამისი მოხმარების ხასიათი არ არის მდგრადი მდიდრებისთვის და არ შეიძლება განმეორდეს ღარიბების მიერ.

როგორც რეალობა გვიჩვენებს, საქართველოს წინაშე დგას კომპლექსური ამოცანები:

პოლიტიკურ სფეროში: სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება (ეს სწორად დაფიქსირდა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში).

სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში: ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება;

სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში: პოსტინდუსტრიული საზოგადოების შესაბამისი ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბება და ეფექტიანი ფუნქციონირება;

მმართველობით-ორგანიზაციულ სფეროში: ადამიანის ფაქტორის გაძლიერება.

აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტა იმავე გზით, როგორც დღემდე განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს, ჩვენ არ გამოგვადგება. დღეს სულ სხვა სიტუაციაა, ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების გამოყენების პრინციპებიც შეიცვალა. მაგალითად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში არა მხოლოდ ინდივიდის ინტერესები (რომელიც პიროვნული თავისუფლების უზენაესობის თვალსაზრისით არის შემოთავაზებული), მისი როლის გააქტიურების პრინციპი, არამედ, მასთან ერთად ოჯახის, საერთოდ, ერის ფუძემდებლური როლის და ფუნქციების სწორად გაცნობიერებაა საჭირო. ცნობილია, რომ ქართული ოჯახი (კომლი) ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური ორგანიზმის ფუნქციას და ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი იყო.

სამწუხაროდ, დღეს ოჯახის როლი განისაზღვრება გლობალური პროცესების გავლენით. გამოიკვეთა ოჯახის პოლიტიზების მკაცრი ხასიათი, ოჯახის წევრების მსოფლმხედველობითი პოზიციები ხშირად დაპირისპირების მიზეზი ხდება, ხელს უშლის ოჯახის, როგორც ერის თვითმყოფადობის _ ბურჯის განმტკიცებას.

ოჯახის როლის გააქტიურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფის, ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

როგორი უნდა იყოს ახალი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა?

ზემოთ აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა არაეფექტიანია. ითქვა მიზეზების შესახებაც.

რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ-ერთი, მეურნეობრიობის მსოფლიო გამოცდილება (თავისებურებები, ტენდენციები, კანონზომიერებები) და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათი თანმდევი სოციალური მოვლენები და წინააღმდეგობრივად ფორმირებადი საზოგადოებრივი მენტალიტეტი ეროვნული რაკურსით უნდა განვიხილოთ და ქვეყნის თვითმყოფადობის მომავალთან მიმართებაში გავაცნობიეროთ.

მეორე. საკუთარი 25 წლიანი გამოცდილებისა და სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე და არა რომელიმე ქვეყნის (ან ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების) მიერ შემოთავაზებული დოქტრინებით (მოდელით) განვსაზღვროთ სტრატეგიის ფუძემდებლური პრინციპები.

მესამე. გარკვეული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ გლობალიზმის (როგორც პროცესს, მოვლენას, რეალობას) შეფასებას. მომავალშიც ქვეყანა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. გასათვალისწინებელია, რომ ვერც ერთი ეროვნული ეკონომიკა მსოფლიო გლობალიზმის მიღმა ეფექტიანად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. გლობალიზმს ქვეყანა უნდა მოერგოს. ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი აზროვნების ადეკვატური დონე. არც ეროვნული გამოცდილების ნაჭუჭში ჩაკეტვა, არც ეროვნული ნიადაგისაგან მოწყვეტა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არც აშშ-ს, არც რუსეთის, არც ჩინეთის, სინგაპურის თუ შვეიცარიის თუ სხვა მოდელი არ გამოგვადგება. მოდელი უნდა განისაზღვროს ეროვნული მენტალიტეტით, რომელიც ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული, განვითარების თავისებურებების, ტრადიციების, მორალის, რელიგიის გავლენით ჩამოყალიბდა.

არსებული მოდელებიდან შეიძლება ზოგიერთი „ძირითადი მარცვალი“ ეროვნულ ფენომენთან ადეკვატურობით გამოვიყენოთ. ჩვენი აზრით, ასეთი მოდელი ზოგადად შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: შერეული (მრავალსუბიექტიანი), სოციალურად ორიენტირებული (ეკონომიკის მიზანია მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ მის შერჩეული ნაწილის, როგორც დღემდეა, მუდმივად მზარდი მატერიალური და კულტურულ მოთხოვნილებათა მაქსიმალური დაკმაყოფილება) ეკონომიკა. იგი ეკონომიკური (მრავალსუბიექტიანობა), სამართლებრივი (საკუთრების პლურალიზმი), ორგანიზაციული (ბაზრისა და სახელმწიფოს სიმბიოზი), მმართველობითი (განვითარების სტრატეგიული მართვა), ზნეობრივი (ადამიანების კეთილდღეობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა) პრინციპების ერთობლიობას ეფუძნება და ემსახურება მკაფიოდ გამოხატულ სოციალურ-პოლიტიკურ მიზანს _ ცხოვრების მაღალი დონის (ხარისხის) მიღწევას და საზოგადოების სტაბილიზაციას. მოდელის ფორმირებისას აუცილებელია დავიცვათ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პოლიტიკის ერთიანობა, რომლის საფუძველია სოციალურ მოთხოვნებთან შედარებით ეკონომიკური ეფექტიანობის მოთხოვნების პრიორიტეტი (და არა პირიქით, როცა სოციალური პოლიტიკა პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით საკუთარ მოთხოვნებს თავს ახვევს კრიზისში მყოფ ეკონომიკას, მაშინ, როცა უპირატესობა უნდა მიეცეს წარმოების სტიმულირებას, საინვესტიციო აქტივობას, მიზანმიმართულ სახელმწიფო მხარდაჭერას.

ამრიგად, ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია და სოციალური პოლიტიკის ეკონომიკური ორიენტაცია ანტიპოდები არ არიან. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ურთიერთგანპირობებულობის შინაგანი ლოგიკით ქმნიან ახალ თვისებრიობას _ ეკონომიკური ეფექტიანობისა და მისი შედეგების სოციალური სამართლიანობის პრინციპებით გადანაწილების საფუძველს. ასეთ სისტემაში დიდი ყურადღება ექცევა ინტერესის, როგორც ქცევის მოტივის სტიმულირებას, ადამიანის პიროვნული საწყისის განვითარებისთვის ხელშეწყობას.

ჯერ კიდევ 1996 წელს ჩემი მოსაზრებები საქართველოს მომავალი ეკონომიკური მოდელის შესახებ ფიგურალურად შემდეგნაირად გამოვხატე: საბაზრო ურთიერთობათა მომავალი ეროვნული ეკონომიკური სისტემა (მოდელი) დედით სოციალისტურია (სოციალური სამართლიანობა, სოციალური დაცვა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება), მამით _ კაპიტალისტური (კერძო ინიციატივა, კონკურენცია, მოგებაზე ორიენტაცია, საბაზრო მექანიზმები), გვარიშვილობით _ ქართული (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ტრადიციები, სოლიდარიზმი, ჰუმანიზმი, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების შეხამების გამოცდილება, ცოდნისკენ, სიახლისკენ სწრაფვა, „რასაც გასცემ შენია“-ს ქართული ფილოსოფია, ტოლერანტიზმი).

მომავალი ეკონომიკური მოდელი ეროვნული ფენომენიდან ამოიზრდება და 5 დედაბოძს დაეყრდნობა _ საკუთრების პლურალიზმი _ კერძო ინიციატივა _ სოციალური სამართლიანობა _ მაღალი ზნეობრიობა _ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და საბაზრო მექანიზმების შეხამება (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 მარტი, 1996 წ.).

განვლილი 25 წლის განმავლობაში ეროვნული ეკონომიკის განვითარების ტენდენციებმა და ზოგიერთმა კანონზომიერებამ ზემოთ აღნიშნული მიდგომის სისწორეში დამარწმუნა.




როგორი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები?



ჩვენი რეფორმების წარუმატებლობა არსებითად განაპირობა იმან, რომ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორად არ იყო განსაზღვრული პრიორიტეტები. უფრო სწორად, თავად პოლიტიკას არ ჰქონია მამობილიზებელი ხასიათი. იგი ქრესტომატიულ დოგმებს ეფუძნებოდა და შესაბამისი მექანიზმებით არ იყო უზრუნველყოფილი. სხვადასხვა დარგების (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, დასაქმება და სხვა) განვითარების პრიორიტეტებად გამოცხადება დეკლარირებული ხასიათისა იყო.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც აღინიშნა, ქვეყნის განვითარების ზოგად-ეროვნული პრიორიტეტია ეროვნული კულტურის განვითარება.

საერთო-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტებია: დემოკრატიული სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესის დაჩქარება; საბაზრო ეკონომიკური სისტემის ეფექტიანობის ამაღლება; განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის სისტემების სწრაფი განვითარება, ანუ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტების ერთიანობა. ისინი ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და ერთდროულად, ერთიან კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ ბაზაზე უნდა განხორციელდეს და არა ისე, როგორც დღემდე, როცა ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პროცესები ერთმანეთისგან გამიჯნულად მიმდინარეობს.

უნდა გამოიყოს დარგობრივი, ეტაპობრივი და რეგიონული პრიორიტეტები. მაგალითად, პოლიტიკურ მიმართულებაში _ ინსტიტუციონალური გარდაქმნები, ეკონომიკურში _ სამრეწველო (ენერგეტიკა) პოტენციალის ამაღლება, სურსათის წარმოება, სოციალურში _ დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღება-განახლება, განათლების, მეცნიერების განვითარება, სიღარიბის დაძლევა და სხვ.

თანამედროვე პირობებში ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტია _ ეკონომიკური განვითარება (ზრდა). მასზეა დამოკიდებული სოციალური სფეროს ეფექტიანობა (კვალიფიკაცია, ტექნიკური სიახლეები, ინოვაციური მიდგომები, სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების შეხამება). ამიტომ, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობა მომავალშიც უნდა ვაღიაროთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების რეალურ ფაქტორებად და არა ეკონომიკის ხარჯზე ფუნქციონირებად სფეროებად.

მომავალში სახელმწიფოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური განვითარება უნდა დაეფუძნოს ისეთ სპეციფიკურ ფაქტორს, როგორიცაა: ინტეგრირებული ცოდნა. ეს კი განათლების (მეცნიერების) როლის ყოველმხრივ გაძლიერებას მოითხოვს, იგი ტრანსფორმაციული პროცესების ადეკვატური უნდა იყოს, უფრო სწორად, მეცნიერება უნდა იყოს გარდაქმნების პროცესების ლიდერი.

დღეს ერთ-ერთ პრიორიტეტად (ხშირად გაზვიადებულადაც) აღიარებენ ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის განვითარება პრიორიტეტია, მაგრამ არა საერთო _ სახელმწიფოებრივი, არამედ დარგობრივ-ეტაპობრივი. ტურიზმის განვითარების მრავალფეროვნება (როგორც პირობა) არის ქვეყნის უპირატესობა, რადგან ბაზარი ითხოვს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტს. ამასთან, მრავალფეროვნება დარგის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისას დიდ რისკთანაა დაკავშირებული. კერძოდ, მრავალფეროვანი შესაძლებლობების ერთდროულად გამოყენების ცდუნებასთან. ასეთ სიტუაციაში ძნელია სწორად განისაზღვროს ჯაჭვის ის რგოლი, რომლის ამოწევასაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება. უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის განვითარება სხვა დარგების განვითარებასთან წინააღმდეგობაში არ არის. იგი სხვა (მომიჯნავე) დარგების განვითარებას ყოველმხრივ ხელს უწყობს. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს თავისებურებას, რომელიც თან ახლავს ტურიზმის განვითარებას საქართველოში. მხედველობაში გვაქვს ის, რომ ტურიზმის განვითარებას უნდა უსწრებდეს სასურსათო პროდუქციის წარმოების მაღალი ტემპები, სხვანაირად, სასურსათო პროდუქციის იმპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზრდება და ეროვნული წარმოება ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებზე მყისიერ რეაგირებას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება ეროვნული ეკონომიკის მომავალ დარგობრივ სტრუქტურას, იგი გლობალურ პროცესებთან და ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს. მრეწველობა (ენერგეტიკა) მომავალშიც უნდა დარჩეს ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელ დარგად. განსაკუთრებით ეს ეხება ელექტროენერგიის წარმოებას (მისი დიდი პოტენციალი მონიმალურადაც არ არის გამოყენებული, მაშინ, როცა ჰიდრორესურსების, მზის, ქარისა და სხვა არატრადიციული წყაროების რაციონალურად გამოყენების ობიექტური პირობები არსებობს). მრეწველობაში, პირველ რიგში, უნდა ამაღლდეს კონკურენტუნარიანობა. ეს მრავალმხრივი ამოცანაა: შიდა ბაზრის გაჯერება, შრომის საერთაშორისო დანაწილებასა და ინტეგრაციულ პროცესებში აქტიურად ჩართვა, საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტიმულირება, სამამულო წარმოების დაცვა, პოსტინდუსტრიულ სტადიაზე გადასვლის მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლის მომზადება და სხვ.

აგრარული მეურნეობის ეფექტიანი ფუნქციონირება უნდა მივიჩნიოთ ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. დარგის ინტენსიფიკაციასთან ერთად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ექსტენსიური განვითარების არსებული პოტენციალი (განსაკუთრებით ეს ეხება მიწის რესურსების გამოყენებას). დარგი ეტაპობრივად უნდა გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მასობრივად წარმოებაზე. აგრარული სექტორის განვითარება უშუალოდ უნდა დაუკავშირდეს სოფლის (ტერიტორიის) განვითარებას.

ეროვნული ეკონომიკის სხვა დარგების, ასევე საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება (თითოეული მათგანის დარგობრივი თავისებურებათა გათვალისწინებით) უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს სტრატეგიაში ჩამოყალიბებული პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად, როგორი უნდა იყოს ფულად-საკრედიტო, საგადასახადო, დასაქმების, საგარეო ვაჭრობის და სხვ. პოლიტიკა.

სახელმწიფომ უნდა იცოდეს საზოგადოების, მით უფრო, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის „ანატომია“, რათა დროის მოთხოვნების შესაბამისად შეძლოს განვითარების პროგნოზირება და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია. ამისთვის საჭიროა სტატისტიკურ მაჩვენებელთა ისეთი სისტემა, რომელიც ქვეყნის განვითარების რთული და მრავალმხრივი პროცესების ანალიზ-შეფასების საშუალებას იძლევა. სახელმწიფო ვალდებულია თავისი ტრადიციული, ასევე ახალი გამოწვევების შესაბამისად ექსკლუზიური ფუნქციების შესრულებისთვის ასეთი სისტემა ჰქონდეს.



რეგიონული პოლიტიკა


საქართველოს შიდარეგიონული თავისებურებებისა და უნიკალურობის გამო ახლებურად გააზრებას მოითხოვს რეგიონული პოლიტიკის ფორმირების კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური საკითხები. უპირველეს ყოვლისა, ამოსავალ საწყისად უნდა მივიჩნიოთ ქვეყნისა და მისი რეგიონების ინტერესების დაბალანსება. რეგიონი ფაქტობრივად ასრულებს „ხიდის“ ფუნქციას, თანაც „ორმხრივი მოძრაობის“ პრინციპით. ამასთან რეგიონი კომპლექსია, ქვეყნის ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილში განვითარების ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა პირობების ერთიანობაა. ეს თავისებურება განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს „ცენტრი _ რეგიონის“ ურთიერთობების სრულყოფას. მთავარია მიღწეულ იქნას მათი კომპლექსურობა (ერთმთლიანობა), რომელიც ემყარება ორმხრივი ინტერესების დაბალანსებას. ცენტრმა უნდა შეასრულოს ქვეყანაში სტრატეგიული განვითარების წარმმართველის ფუნქცია, უზრუნველყოს ბუნებრივ-საწარმოო, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და სხვა თავისებურებებით, ერთმანეთისგან განსხვავებული რეგიონების ერთიანი სტრატეგიით განვითარება. ამასთან, რეგიონულ პოლიტიკაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რესურსების, საერთოდ, ადგილობრივი პოტენციალის გამოყენების ეფექტიანობას. ანგარიშგასაწევია, რომ ქვეყნის შიდა რეგიონულ მრავალფეროვნებას განვითარების სტრატეგიული რესურსის მნიშვნელობა აქვს და მომავალშიც ექნება. საქართველოს სოფელი, ქალაქი, მხარე, ავტონომიური რესპუბლიკა როგორც მთელის (საქართველოს ტერიტორიული სივრცე) ნაწილი და თავადაც მთელი მათი შემადგენელი ნაწილების მიმართ ერთიანი გენეტიკური ფესვებით, ტრადიციებისა და მეურნეობრიობის მრავალფეროვნებით ის ნიშანსვეტია, რომელიც ქვეყანაში ინდიკატორის ფუნქციას ასრულებს. ჩემი აზრით, სწორედ ამ თავისებურებაში უნდა ვეძებოთ ქართული რეგიონალიზმის ფუძემდებლური პრინციპების განსაზღვრის ფილოსოფიური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური საწყისი.

მხედველობაში უნდა მივიღოთ ის თავისებურებაც, რომ ბუნებრივი და საწარმოო პირობები არათანაბრადაა განაწილებული. ამიტომ აუცილებელია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გამოთანაბრების ღონისძიებათა განხორციელება. ადგილობრივი მმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს მართვის რეალურ ინსტიტუტად. სოფელს უნდა განესაზღვროს სტატუსი. უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და დგილობრივ მმართველობას შორის საკუთრება, შესაბამისად, კომპეტენციები. ყოველმხრივ მხარდაჭერას საჭიროებს რეგიონთაშორისი კოოპერაციის განვითარება. მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ფრანჩაიზინგის სისტემას. პერსპექტიულია ერთობლივი წარმოების (მათ შორის უცხოელების მონაწილეობით) შექმნა-ფუნქციონირება. როგორც წესი, რეგიონების სოციალურ ეკონომიკური განვითარება უნდა წარიმართოს კომპლექსური პროგრამით. პროგრამა უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც რეგიონის (ტერიტორიის) განვითარების სტრატეგია, რომელიც ემყარება სახელმწიფოს პოლიტიკურ მიზანს, სამართლებრივ ბაზას, კვლევის მეცნიერულ მეთოდებს, რესურსულ პოტენციალს, კოორდინაციის მექანიზმს და სრულად გამოხატავს ეკონომიკის განვითარების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და რეგიონულ ინტერესებს. ასეთი პროგრამა ცენტრისა და რეგიონის ინტერესების დაბალანსების ქმედითი ინსტრუმენტია.

 

ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: