არავის აქვს უფლება ქართველ ერს მიწა ხელიდან გამოაცალოს!

არავის აქვს უფლება ქართველ ერს მიწა ხელიდან გამოაცალოს!



ღია წერილი


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ირაკლი კობახიძეს

 

ბატონო ირაკლი,

ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით "რატომ უნდა გაიყიდოს საქართველოს მიწა უცხოელებზე?". შეკითხვას ახლდა განმარტება: რატომაა დღეისთვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო ლახვარი. სახელდობრ:

1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოტომელთა ხელში.

2. დღევანდელი საქართველო უკიდურესად ღატაკია. ოჯახთა ერთი მეექვსედი ვალით იკვებება. საქართველოში ჯერ კიდევ შიმშლით იღუპება ბავშვები. ამიტომ თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის წინაშე,გარდა საკვებით უზრუნველყოფისა,  დგას მრავალი  ცდუნება თავისი უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ტოტალურად გაყიდვისა (თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მედიცინა საქართველოს მოსახლეობისათვის ფინანსურად მიუწვდომელია, აგრეთვე, მიუწვდომელია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული სრულფასოვანი განათლებაც...). მაქსიმუმ ორ თაობაში ყველა ქართველი ოჯახი იძულებული გახდება ოჯახის წევრის გადასარჩენად საკუთარი მიწა გაყიდოს.

3. არის ზოგადი ინტერესი საქართველოს მეზობლებისა საქართველოს დემოგრაფიული ათვისების მიმართულებით (საქართველოს სახელმწიფო არც ერთ მათგანთან კონკურენტუნარიანი არ არის).

4. არის რუსეთის სპეციალური (სტრატეგიული) ინტერესი საქართველოში მიწის მოპოვებისა და თავის მომხრე ეთნიკური ანკლავების შექმნის მიმართულებით. (მასთან მიმართებაშიც საქართველო არაკონკურენტუნარიანია).

მაშინვე დაგისახელეთ რამდენიმე ძირითადი მოტივი საქართველოს მმართველი ჯგუფების, მათ შორის - ხელისუფლების დაინტერესებისა მიწის უცხოელებზე გაყიდვაში.

ყველა ჩამოთვლილი მოტივი კრიმინალურია. მათი განმეორება წინამდებარე მიმართვაში ზედმეტად მიგვაჩნია.

სამწუხაროდ, თქვენგან პასუხი არ მიგვიღია.

რამდენიმე დღის წინ თქვენ საჯაროდ გამოთქვით აზრი, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას ჩვენს სახელმწიფოს აიძულებს ის (ალბათ იგულისხმება, სამწუხარო) გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს არსებულ კონსტიტუციას.

თქვენს განცხადებაში ნახსენები საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შესახებ, მოგახსენებთ შემდეგს:

დღეს თქვენ შეგიძლიათ ცალსახად ამხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი და ამ სასამართლოს პლენუმის წევრები, როგორც მოქალაქენი, იმაში, რომ მათ მიერ ერთხმად მიღებული 2012 წლის 26 ივნისის  გადაწყვეტილება (#3/1/512), რომელმაც დააკანონა შეზღუდვების მოხსნა უცხოელებისთვის საქართველოს მიწის გაყიდვაზე, არის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბება კონსტიტუციის ფორმულირებათა აზრისა ერთის მხრივ კორუფციულ მიზანთა მქონე შინაგანი და გარეგანი ძალების სასარგებლოდ და მეორეს მხრივ, საქართველოს მიმართ მტრულ გარეშე ძალთა სასარგებლოდ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალურად გ. პაპუაშვილის მხილებისა მის მიერ სახელმწიფოს ინტერესთა პირდაპირ ღალატში.

პლენუმის მიერ მიღებულ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მიზანმიმართული გაყალბების პუნქტები შემდეგია:

1. გადაწყვეტილება არის კრიმინალური, სახელდობრ, შეგნებულად ყალბი დებულებების მომცველი და ანტისახელმწიფოებრივი მიზნისკენ მიმართული. დოკუმენტის შემქმნელნი და მიმღებნი შეგნებულად ატყუებენ სახელმწიფოსა და მოსახლეობას, თითქოს კონსტიტუციის სიტყვები, "დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების უფლების გაუქმება" (მუხლი 21, #1) გულისხმობს კონკრეტული პირისთვის კონკრეტული მიწის წართმევას. ამ თემას ეს მუხლი არ ეხება. სინამდვილეში იგი კრძალავს მხოლოდ საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების, მოხსნის საკანონმდებლო აქტს.

აზრია: კონსტიტუციაში ამ მუხლის გაუქმება დაუშვებელია. ეს სიტყვები, "საკუთრების გაუქმება" სწორედ ამ შინაარსით იხმარება დემოკრატიული განვითარების ზოგადი თემისადმი მიძღვნილ ურიცხვ თანამედროვე დოკუმენტებში.

ეს ყოვლად უსირცხვილო სიცრუე მხოლოდ იმიტომ შეიძლება გადიოდეს (და სადღეისოდ გადის) ჩვენს სახელმწიფოში, რომ საქართველის მიწის მთელი მასშტაბით მიტაცების დივერსიული გეგმა 2012 წელს, როცა ხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს, დივერსიული სახელმწიფო მანქანის პრიორიტეტულთა შორის პრიორიტეტული მიზანი (დავალება) იყო. სინამდვილეში ციტირებული ფორმულირება ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: საქართველოს კანონმდებლობაში საკუთრების უფლების ამოღება დაუშვებელია.

2. იგივე სუბიექტები შეგნებულად ატყუებენ იმავე აუდიტორიას (სახელმწიფოსა და საზოგადოებას), როცა უმალავენ, რომ საგნის იძულებითი გადაყვანა ინდივიდის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში (მუხლი 21, #3) არ არის საკუთრების წართმევა. წართმევა იგი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ახლავს ყოფილი მესაკუთრეებისთვის ადექვატური ფულადი კომპენსაციის გადახდა.

3. დაბოლოს: ყველაზე უსირცხვილო, ცინიკური ელემენტი პლენუმის გადაწ-ყვეტილებისა არის განცხადება, რომ იგი "ვერ ხედავს" იმის "აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას" (მუხლი 21, #1), რომ დაიცვას საქართველოს მოსახლეობა, ერის მომავალი მისი მთავარი საარსებო ბაზის - მიწის - ტოტალურად გადასვლისგან უცხოელთა საკუთრებაში. ამ ცინიკურ, ასე ვთქვათ, "თეორიულ" დებულებას თან სდევს პრაქტიკული კრიმინალი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არ ცნო საჭიროდ ექსპერტიზის დანიშვნა იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რა არის, პერსპექტივაში, ამ მასობრივი პროცესის
- ეკონომიკური
- სტრატეგიული
- სოციალური და
- ფსიქოლოგიური შედეგები.

ეს ფაქტი ნათლად მოწმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სახით საქართველოში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც, ფაქტობრივად, შეთქმულებაში იმყოფება საქართველოსა და მისი ყველაზე უფრო სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ. წინამდებარე მომართვა არის ჩვენი ცდა, რომ ამ ჯგუფისგან საქართველოს დახსნის რაციონალური, ფაქტობრივი მასალების სიუხვით შემაგრებული გზა შემოგთავაზოთ და გირჩიოთ. თუ თქვენ ამ რჩევას უარყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე მიზნისთვის უფრო რაციონალური გზა გეგულებათ. ის, რომ თქვენ ასეთ გზას არ ასახელებთ, - იმაზე შორს არ მიდიხართ, რომ სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას ახსენებთ, როგორც გადაულახავ დაბრკოლებას  მიწის სწორი კანონმდებლობითი განკარგვის საქმეში - ლოგიკურად ნიშნავს, რომ თქვენ კაპიტულაციის, მტერთა შეთქმულებისთვის სრული დათმობის განწყობით ბრძანდებით.

რაც შეეხება ბ-ნ პაპუაშვილის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს პირდაპირ ღალატს, ამის საილუსტრაციოდ გისახელებთ შემდეგ ფაქტს:

გ. პაპუაშვილმა ევროპულ პრესაში მოათავსა წერილი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ, სადაც ჩართულია მიზანმიმართული სიცრუე, თითქოს ამ კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულ იქნა 1921 წლის 17 მაისს. აი მისი ტექსტი: "Defeated by Bolshevik Russia, the last meeting of the Constituent Assembly of the Independent Republic of Georgia was held on March 17, 1921 and the Assembly passed a decree temporary suspending the operation of the Georgian Constitution"("ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამარცხებული, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება შეიკრიბა თავის უკანასკნელ შეკრებაზე 17 მარტს, 1921 წელს და მიიღო დეკრეტი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების დროებითი შეჩერების შესახებ").

არაფერი მსგავსი არც ისტორიაში, არც მის შესახებ არსებულ რომელსამე პირდაპირ ან არაპირდაპირ წყაროში მითითებული არ არის. ამ დეზინფორმაციის წყაროდ სხვას ვერაფერს ვივარაუდებთ, გარდა რუსეთის ნებისა, რომელიც 1921 წლის პირველ ნახევარში ყველა საშუალებით ცდილობდა
- საქართველოსა და მისი ხელისუფლებისგან ოფიციალური კაპიტულაციის გამოძალვას
- მათგანვე საქართველოს კონსტიტუციის გაუქმების ან შეჩერების გამოძალვას.

სასამართლოს შემადგენლობაში მყოფ პიროვნებათა ეს დანაშაული მით უფრო მძიმეა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო საშიშროების ფაქტი მოსამართლეებს უწყებული ჰქონდათ პროცესში მონაწილე სტუდენტური "მეგობართა ჯგუფის" მიერ. იმავე შინაარსის დანაშაული აქვს იმ დროის პარლამენტს (თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი), რომელიც პროცესში მონაწილე იყო, როგორც მოპასუხე და აღნიშნულ თემაზე ექსპერტიზა არ მოითხოვა.

რაც შეეხება თქვენს 11 მაისის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწის გაყიდ-ვის გზა საქართველოში ყველა შემთხვევაში დარჩება, რადგან, ბანკები, სადაც უცხოეთის კაპიტალს წამყვანი მდგომარეობა აქვს, თვითონ გაყიდიან მასში იპოთეკის სახით ჩადებულ მიწებს, იგიც კაპიტულაციაა: თქვენ შეგიძლიათ და ვალდებული ბრძანდებით, რომ ბანკებსაც მიწის გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაუვრცელოთ.

თქვენი ეს განცხადება მრავალმხრივი, მათ შორის ფილოსოფიური (აქსიოლოგიური) არაინფორმირებულობის შედეგია: ადამიანიც და ერთმანეთზე გენუინური (ნაღდი) ემოციური კავშირებით მიბმული ჯგუფი, ფსიქოლოგიურად, თავისი ღირებულებათა სისტემით ცხოვრობს. ყოველ ინდივიდს, სოციალურ ჯგუფსა და ფენას, პოლიტორგანიზაციასა და ინსტიტუტს, თავისი ღირებულებათა შკალა აქვს. სახელმწიფოს პირველი ღირებულებაა (და, შესაბამისად, ვალდებულებაა) ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის მარადიულყოფა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა, მოცემულ საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და პერსპექტიული (სიცოცხლისუნარიანი) ქვეყნისა.

თავისი ბანკების ბედი, თუნდ მსოფლიოსთან კეთილი ურთიერთობის და მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებთან სიამტკბილობის ინტერესი თავისი ღირებულებით ამ პირველი ღირებულების უკან დგას - ვერცერთი მას ვერ შეეტოქება. ამ მარტივი ჭეშმარიტების არცოდნა ზოგადმოქალაქეობრივი და პოლიტიკური არაკომპეტენციის (უმწიფარობის) სინონიმია. ამიტომაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა მიზანმიმართული ღალატის ბრალდების რიდით, დააკანონოს, რომ ბანკებსაც, ისევე როგორც ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს საერთოდ, მათ ხელთ აღმოჩენილი მიწის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მიჰყიდვის უფლება აქვს.

საქართველოს მიწა მისი სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მისი წიაღი და სხვა ბუნებრივი რესურსი და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები არის საქართველოს საარსებო ბაზაა. ქართველი ერის ყოველი შვილის და საქართველოს ყველა მოქალაქის წმინდათა-წმინდა ვალია მომავალ თაობებს (დღეიდან უსასრულობამდე), საქართველოს ეს სიმდიდრე - მისი არსებობის საფუძველი შეუნახოს შემცირების, ხარისხობრივი დაქვეითების, მასზე საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ერის და საქართველოს ყველა მოქალაქის კონტროლის საშუალებათა შესუსტების გარეშე.

ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები მთლიანად, საქართველოს მიწის მიმართ და თავისი შთამომავლობის მიმართ ვერცერთ ნაბიჯს, მიმართულს ზემოაღნიშნულ უფლებათა და მოვალეობათა შესუსტებისკენ ვერ დაუშვებენ, თუ იგი არ იქნება მოტივირებული სტრატეგიული საჭიროებით და მოწონებული იქნება საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობით.

უცხო მოქალაქეზე და უცხო ძალაზე - რომელიმე სუბიექტისთვის ზოგადად - საქართველოს მიწის გამოსაყენებლად მიშვება ჩვენის აზრით აუცილებლად უნდა გულისხმობდეს თავის ფორმად არა საკუთრებაში გადაცემას, არამედ, გრძელვადიან (15-25 წლიან) იჯარას,რომელიც დატვირთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებით.

დასასრულ. მიწა ქართველი ხალხის ეროვნული საუნჯე და მარადიული სამკვიდროა. იგი ერის (ხალხის) უალტერნატივო სასიცოცხლო ბაზაა, რომელსაც შესაბამისად განუმეორებადი სოციალური და კულტურული ფუნქცია (ღირებულება) გააჩნია. მისი სრულად შენარჩუნება და მომავალი თაობებიათვის გადაცემა სახელმწიფოსთვის შეუვალი მოვალეობაა.

ნოდარ ნათაძე
მამუკა გიორგაძე   
პაატა კოღუაშვილი
მიხეილ ჯიბუტი









საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: