SOS! სოციალური სახელმწიფო - „ქართული ოცნების“ შენიღბული უპასუხისმგებლობა!
ქვეყნის კონსტიტუცია ფუძემდებლურ სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც უნდა ასახავდეს იმ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებსა და ნორმებს, რომელზეც დგას საზოგადოებრივი ცხოვრება. იგი განსაზღვრავს ქეეყნის სოციალური წესრიგის საფუძვლებს, ქმნის მოქალაქეების მიერ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის გარანტიებს.
საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. მასში იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური და სოციალური ფუნქციის განხორციელება.
ამის უმთავრესი მიზეზი არის ის სამწუხარო რეალობა, რომ კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს.
კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ბრმა სიჯიუტით უგულვებელყოფენ და ეწინააღმდეგებიან სწორედ იმას, რაშიც გვმართებს დასავლური დემოკრატიის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება და, იმავდროულად, ცდილობენ მისდიონ იმას, რასაც სახელმწიფოს - ეროვნული ნების პარალიზება მოსდევს.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებმა თავი აარიდეს სახელმწიფო განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გაშლას. მართალია, პროექტის მე-5 მუხლში ნახსენებია ტერმინი „სოციალური სახელმწიფო“, მაგრამ, იგი მხოლოდ დეკლარირებულ ლოზუნგად დარჩა და არ იქცა რეალური შინაარსით დატვირთულ სახელმწიფო ნების გამოხატულებად.
კონსტიტუციის ავტორებმა თანდართულ განმარტებით ბარათში დიდი ზარ-ზეიმით გვაუწყეს, რომ „კონსტიტუციას ემატება ახალი მუხლი, რომელშიც თავმოყრილია სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განმამტკიცებელი ნორმები“. მაგრამ, თვითონაც იციან რა, რომ ამ ხმამაღალი განცხადების უკან რეალური გარანტიები არ დგას, იქვე „მორცხვად“ აღიარებენ: „ამ პრინციპს არა აქვს ძლიერი ნორმატიული ფუნქცია და არსებითად სახელმწიფოს ზოგადი პროგრამული მიზნის განსაზღვრებად განიხილება, ... ადამიანების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ სახელმწიფოს კონცეპტუალური მიდგომის განსაზღვრის თვალსაზრისით“.
პროექტის ავტორები თვითონვე აღიარებენ, რომ კონსტიტუციის პროექტი ზოგად დეკლარაციულ ხასიათს ატარებს: საუბარია სახელმწიფოს “კეთილ” სურვილებზე და არა მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობაზე. „სოციალური სახელმწიფო“ კარგად ჟღერს, მაგრამ კონსტიტუციაში მისი რეალიზებისთვის არანაირი გარანტია არ არის ჩადებული.
ერთი შეხედვით, თითქოსდა უწყინარი მანიპულაციით - კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე თავიდან სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის ნორმების ზოგად დეკლარაციულ დებულებებში გადატანით - მოქალაქე დარჩა სრულიად დაუცველი, რაც მას რეალურ ცხოვრებაში, ბუნებრივია, მძიმე ტვირთად დააწვება. ავტორები თავს „ისულელებენ“: განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ნორმები ერთი მუხლიდან მეორეში გადავიდაო.
ნიშანდობლივია რომ, პროექტში ძირითადად გამოყენებულია იურიდიულად არაფრისმთქმელი ტერმინები. კერძოდ: ზრუნავს და არა ვალდებულია. „ვალდებულება“ არის კანონის მიერ შეუვალად დაკისრებული ქმედება მაშინ, როდესაც, „ზრუნავს“ მხოლოდ მორალური მოწოდებაა. ამ სხვაობის მიჩქმალვით “ქართული ოცნება” საკუთარ „კეთილსინდისიერებას“ ამხელს.
ასევე, დაზუსტებას საჭიროებს ადამიანის თავისუფლებათა ხელშეუვალობა. ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა იყოს დაცული ადამიანი და მისი ცხოვრება. არც სამუშაო პირობებზეა რაიმე მითითება, არც შრომით ინსპექციასა თუ პროფკავშირების როლზე. უგულვებელყოფილია დასვენების უფლება, შემწეობა, მოსახლეობის სოციალური დაცვა თუ უფასო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა...
მკაფიო ნორმას საჭიროებს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის აღკვეთის, ასევე, უკანონოდ მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურების, საკუთრების, შრომის სამართლიანი ანაზღაურების, უმუშევრის სტატუსის, მოქალაქის დასაქმების, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებისა და უფლებების მყარი დაცვის მექანიზმები. საკრედიტო ურთიერთობების რეგულაციები და სხვა, სადაც, გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები.
კონსტიტუცია პროექტით, მხოლოდ გენდერული თანასწორობაა დაცული საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით - მუხლი 11, რომელშიც ძირითადი უფლების რანგში, ხელშესახები ფორმით ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე (ადამიანის სიცოცხლისა და შრომის დაცვის მსგავსი გარანტიები ხელისუფლებას „გამორჩა“ და პროექტში არ დევს).
ამგვარად, ნათელია, რომ კონსტიტუციის პროექტი ადგენს მიმართებას შეუზღუდავ სახელმწიფო ძალასა და არაფრით არ დაცულ მოქალაქეს შორის, ზღუდავს მოქალაქის შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ძალადობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი თავი და უფლებები შესაძლო ძალადობისგან სახელმწიფოს მხრიდან. ცხადია, როდესაც მსგავსი კონსტიტუციური დებულებები გაიშლება სხვა, რანგით უფრო დაბალ კანონებში, განხორციელდება პრაქტიკაში და აისახება მოსახლეობის ცხოვრებაზე, მათი გამოსწორება, სამწუხაროდ, ძალიან რთული საქმე გახდება. ამიტომ, განგაშის ზარი დღესვე უნდა შემოვკრათ.
ტერმინი "სოციალური სახელმწიფო" პირველად გერმანიის 1949 წლის კონსტიტუციამ გამოიყენა. მისი რეალური შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ სოციალურ სოლიდარობასა და სოციალური უფლებების გარანტიებთან ერთად, არსებობდა მკაფიო ნორმა საკუთრების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებისა და მისი თავისუფლების მთავარი მატერიალური საყრდენის შესახებ.
სოციალური სახელმწიფო სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ თავისუფლების პოზიტიურ გააზრებას ეფუძნება - თავისუფლება სიკეთისთვის! თავისუფლება და საკუთრება უწინარესად საზოგადოების წინაშე ვალდებულებასთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, გერმანელებმა საკუთარ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საკუთრების უფლება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ: "საკუთრება ავალდებულებს, მისი გამოყენება, იმავდროულად, საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს."
თუ ჩვენს კონსტიტუციაში თავისუფლება, სოციალური სოლიდარობა, სოციალური უფლებების გარანტიები და საკუთრება მათი პოზიტიური შინაარსით არ იქნება დატვირთული, არ გვექნება არავითარი სოციალური სახელმწიფო!
ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი ძირითადი პრინციპების დონეზე თავად კონსტიტუციამ უნდა მოაწესრიგოს და მხოლოდ შემდეგ, ამ კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე - ორგანულმა კანონმა!
პროექტის ავტორთა ენერგია არაფრისმთქმელი ფრაზებისა და „დახვეწილი იურიდიული ტექნიკის“ გამოყენებით შენიღბულიყო კონკრეტული სუბიექტების ინტერესების დაკმაყოფილების მცდელობაზე დაიხარჯა. თანაც ისე, რომ პასუხისმგებლობა კონკრეტულად არავის დაეკისროს: კონსტიტუციითა და მისგან გამომდინარე კანონმდებლობით არანაირი სოციალური ბოჭვა არ ჰქონდეთ და არავითარი სოციალური ვალდებულებებით არ იყვნენ დატვირთული მოსახლეობის მიმართ ჩინოვნიკები და სახელმწიფო ინსტიტუტები. მოსახლეობა, მხოლოდ ოლიგარქიის, საფინანსო კლანებისა და ბიუროკრატიის „კეთილშობილებისა და მოწყალების გაღების ნებაზე“ უნდა გახდეს დამოკიდებული.
კონსტიტუციური ჩანაწერი - სოციალური სახელმწიფო - მხოლოდ ცარიელი სიტყვა ხდება, რომლის უკანაც რეალურ ცხოვრებაში ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების, უფრო მეტიც, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების, პრაქტიკულად შეუზღუდავი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება იკვეთება. მტკიცდება კლანურ-მონოპოლისტური სისტემა, რომლისთვისაც ადამიანი უუფლებო და დაუცველი მომსახურე პერსონალია.
კონსტიტუცია ქართველი ხალხის ნებას უნდა ასახავდეს და არა რომელიმე ჯგუფისას. კონსტიტუციის ეროვნული თანხმობით მიღება, არა მხოლოდ მისი ლეგიტიმურობის, არამედ ადამიანთა ღირსეული თანაცხოვრების ფუძემდებლური და სავალდებულო პირობაა. სწორედ ამიტომ, ამ თანხმობის მისაღწევად და ვითარების გამოსასწორებლად პოლიტიკურმა სპექტრმა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც (თუნდაც აქ გამოთქმული მოსაზრებების გასაბათილებლად) ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ!
კონსტიტუციის პროექტის მე-5 მუხლზე ჯანსაღი ღია დიალოგი ერთადერთი გზაა ქვეყანაში საზოგადოებრივი მშვიდობის დასამყარებლად და სამოქალაქო დაპირისპირების ასაცილებლად!
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი