მიხეილ ჯიბუტი: „შეთქმულება“ თბილისის წინააღმდეგ

მიხეილ ჯიბუტი: „შეთქმულება“ თბილისის წინააღმდეგ

თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე ა.წ. 8 ივლისს  გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს , ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ. შემდგომში: „მასალები“) წარუდგინა“

(http://tas.ge/?p=news&menuItemId=7105). იქვეა მოცემული ეს მასალები.

https://drive.google.com/file/d/0B_nA9I8RJ6VSNkJaeThHaHNqNVU/view

 

18 ივლისს თბილისის მერიის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.)    საჯარო განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა“ 

(http://www.tbilisi.gov.ge/news/3869).


იმავე საიტის ინფორმაციით, 19 ივლისს, “თბილისის მერიის საკრებულოს შემდეგ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) განხილვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში გაიმართა“

(http://www.tbilisi.gov.ge/news/3874).

 
არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური საიტის მიხედვით  27 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 28 ივლისს თბილისის სამხატვრო აკადემიაში „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) საჯარო განხილვა გაიმართა“.

(http://tas.ge/?p=content&type=3&news=76401;

http://tas.ge/?p=content&type=3&news=77400).

 
28 ივლისს ასევე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თბილისის გენერალური გეგმის განხილვა“(ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.)

(https://www.tsu.ge/ge/mainnews/HXVF42C6nhIeMvfZO).

 
28 ივლისს გაიმართა მესამე განხილვა საქართველოს მეცნიერებთა ეროვნულ აკადემიაში. აკადემიის ოფიციალურ საიტზე ამის შესახებ ნათქვამია: “თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) განხილვა მეცნიერებათა აკადემიაში.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) გახილვა. აკადემიას ფრიად საპატიო სტუმრები ჰყავდა: ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა. შესავალი სიტყვით სტუმრებს აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე მიესალმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეცნიერო ისნტიტუტების წარმომადგენლები, აკადემიკოსები დასაზოგადოების ფართო ფენები.“ (სტილი დაცულია. ბოლო ნახვა 11 აგვისტო,2017 წ. ვუთითებ იმ იმედით, რომ ტექსტს ვინმე ჩაასწორებს!).

 

(http://science.org.ge/newsite/znews/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91/)

 

7 აგვისტოს  ტექნოპარკში  ბიზნესწრეებისათვის  „თბილისის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა“( ხაზგასმა ჩემია -მ.ჯ.)

(http://www.ipress.ge/new/81072-teqnoparkshi-tbilisis-mitsatsargeblobis-generaluri-gegmis-sajaro-gankhilva-gaimarta).

 

ბოდიშს ვუხდი მკითხველს თხრობის ასეთი ფორმისათვის, მაგრამ ვინც გაუძლებს დარწმუნდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ასე სჯობდა.

 

დააკვირდით: არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი იყო „მასალები“, ხოლო საჯარო განიხილებოდა „თბილისის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ !

 

ბუნებრივია დაისმება კითხვა: ხომ შეიძლება რომ ამ მასალებშია  „თბილისის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ სხვა რაღაცეებთან ერთად?

 

არ შეიძლება!  „თბილისის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. იმის გამო, რომ „გეგმა“ არის უკვე დამტკიცებული დოკუმენტი, ხოლო მანამდე ის შეიძლება მხოლოდ  „გეგმის პროექტი“იყოს.

 

ზემოთ მოტანილი მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი ინფორმაცია დოკუმენტურად  ადასტურებს   დღევანდელი ქართული საზოგადოების მასობრივ გულგრილობას!

 

არავის არც განხილვის დროს, არც ინფორმაციის გამოქვეყნებისას, ან საკუთარი უწყების საიტის ნახვისას არ დაებადა კრიტიკული მოსაზრება, რომ  ისინი იხილავენ პროექტს და არა დასრულებულ დოკუმენტს. ეჭვის არავის დაბადია, რომ ასეთი გულგრილობით საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. აბა რას იფიქრებს ბელენთაში გლეხი, რომ ამდენი ჭკვიანი კაცი იკრიბება და არ იციან რას იხილავენ?

 

მაგრამ კიდევ უფრო მეტი უბედურება იმაშია, რომ მათ არც გეგმის პროექტის განხილვაც არ შეეძლოთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთ ამ საჯარო განხილვებზე ასეთი პროექტი არ ყოფილა წარდგენილი!

 

განხილვების სიღრმეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ერთ დღეში შესაძლებელი გახდა მისი  სამ ადგილას განხილვა!

 

ვიცი, მკითხველი იფიქრებს, ალბათ ზემოთ მითითებულ მასალებშიაო ასეთი პროექტი.

 

არ არის და თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ამ მასალებს უკვე მითითებულ მისამართზე (11 აგვისტოს მდგომარეობით. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სტატიის შემდეგ „რაღაც“ პროექტი დაემატოს აღნიშნულ მასალებს).

 

ქართველი ხალხის დასაყრდენი ელიტალური ინსიტუტები და პიროვნებები იხილავენ იმას რაც არ არსებობს!

 

რა ქნას ქართველმა ხალხმა: გვაჭმევს, გვასმევს,ხარისხებსა და ტიტულებს გვირიგებს და ჩვენ გულგრილობით ვპასუხობთ?

 

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვს აქვს ნათქვამი: „გულგრილობა - ეს სულის დამბლაა, ნაადრევი სიკვდილია“.

 

იყო ერთი მწერალი ბრუნო იასენსკი (1901-1938 წწ.), რომელიც 1938 წელს დახვრიტეს. მას აქვს რომანი „გულგრილთა შეთქმულება“, რომელსაც წამძღვარებული აქვს თითქოს  რობერტ ებერხარდტის სიტყვები მისი ნაწარმოებიდან „მეფე პიტენკანტროფ უკანასკნელი“, სინამდვილეში ავტოეპიგრაფი: „ნუ გეშინია შენი მეგობრების- ყველაზე უარეს შემთხვევაში მათ შეუძლიათ გიღალატონ შენ, ნუ გეშინია შენი მტრების-ყველაზე უარეს შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოგკლან შენ, გეშინოდეს გულგრილების - მხოლოდ მათი ჩუმი თანხმობით ხდება დედამიწაზე ღალატი და მკვლელობა“.

 

ჩვენს შემთხვევაში ვისზეა საუბარი?

 

 თბილისზე! თბილისის სიკვდილზე !

 

დღეს თუ კი რაიმე გაჭირვება და კრიზისი შეიძლება ჰქონდეს ქალაქს -ყველაფერი ჭირს თბილისს.

 

იმედი იყო, რომ სივრცობრივ-ტერიტორიული დაგეგმვის გამოყენებით განისაზღვრებოდა თბილისის განვითარებისა და თბილისში ცხოვრების ხარისხის ამაღლების გზები.

 

მოლოდინი დიდი იყო.

 

მე პირადად, როგორც კი გავიგე, რომ დასრულდა გეგმაზე მუშაობა, დიდი ენთუზიაზმით შევხვდი ამ ცნობას.  12 ივლისს თითქმის ერთ საათიანი გადაცემა მოვაწყვე ტელევიზიაში  მიწის შეფასების დარგში ამ პროექტში მიწვეულ ექსპერტთან , პროფესორ გია ხოფერიასთან ერთად.

(http://www.obieqtivi.net/tv.php?id=32652).

 

მაგრამ ჩემდა გასაოცრად, „მასალებში“ საერთოდ არაა მოცემული ეს ეკონომიკური ნაწილი (11 აგვისტოს მდგომარეობითაც ასეა).

 

რაც შეეხება მერიაში წარგდენილ მასალებს, გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ, ან შერჩევით თქვენი ინტერესების სფეროს მიხედვით ნახოთ ის და გამოთქვათ თქვენი აზრი.

 

ეს მასალები წარმოადგენს „თოჯინას“, ოღონდაც ინტელექტუალურს, ეს მასალები გადმოცემულია ტექსტუალურად და გრაფიკულად 1021 გვერდზე. ( მასალას გამჭოლი ნუმერაცია არ აქვს, ხოლო ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადაუნომრავია). მის შექმნაზე სხვადასხვა სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა მიზნით( ტენდერის გამოცხადება და შემსრულებლის შერჩევა, ნომინანტების წახალისება, ძირითადი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა და სხვა)  დახარჯულია 3 მილიონ 850 ათას ლარზე მეტი.

 

ანუ ამ მასალების თითოეულ ფურცელში საშუალოდ  თბილისელების სახელით მერიას გადახდილი აქვს 3 771 ლარი!

 

1 გვერდი 3771 ლარად!

 

ყოველი ასო ნიშანი სამ ლარ ნახევრად!

 

მე კარგად მესმის, რომ ინტელექტუალური პროდუქტის ასე შეფასება არაა ზუსტი, მაგრამ ის აუცილებელი ნაბიჯია მისი შეფასებისაკენ. თუ რა მასალაა წარმოდგენილი ამის შესახებ ჩემეულ დაწვრილებით ანალიზს საზოგადოებას წარვუდგენ. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩათვალეთ თქვენს სამოქალაქო ვალად და წაიკითხეთ ეს მასალები, რომ შესაძლებელი იყოს ჩემი შემდგომი ანალიზის კრიტიკული გააზრება და პოლემიკაში მონაწილეობა. თბილისის მომავალი თბილისელებმა ერთად უნდა განვსაზღვროთ, ოფლისღვრამდე კამათით, დიალოგით, რომ შემდეგ გვქონდეს მოტივი ცხოვრებაში მისი განხორციელებისათვის.

 

პირველ განცხადებას როდესაც გავეცანი, რომ მასალები იქნა წარმოდგენილიო, ვიფიქრე მაინც სახელმწიფო დაკვეთაა, მოცემული იყო შესრულების ვადები (რომელიც ისედაც რამოდენიმეჯერ გადავადდა) და ალბათ დროში რომ ჩატეულიყვნენ ამიტომ ცოტა „ნედლი“ მასალა მოიტანეს, ამით დროის პარამეტრი არ დაარღვიეს, ხოლო შემდგომ მოხდებოდა შინაარსობრივი „დასრულება“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი“ იქნებოდა წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობისა და უპირველეს ყოვლისა საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ შესაბამისად და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დავალებით დადგენილი შინაარსითა და მოცულობით.

 

მაგრამ როდესაც ზემოთჩამოთვლილი საჯარო განხილვების სერია გაიმართა არარსებულ პროექტზე, ცხადია რომ საქმე გვაქვს რაღაც ახალ უბედურებასთან.  ნიშანდობლივია ყველა ამ სხდომას ესწრებოდა ქალაქის მერი და უმრავლესობას საკრებულოს თავმჯდომარეც, ბუნებრივია იმ ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ვინც პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაზე. ეს სამი ხმა - ერთი დამკვეთი (მერია), მეორე შემსრულებელი (სითი ინსტიტუტი საქართველო) და გეგმის დამამტკიცებელი (საკრებულო)- გაერთიანებულად წარადგენენ იმას, რაც არ არსებობს!

 

ყველა მათგანის ინტერესები ინსტიტუციურად უნდა აბალანსებდეს ერთმანეთ და რა გამოდის? ისინი საზოგადოების წინაშე ახდენენსაერთო პოზიციონირებას ახალი გეგმის თანაავტორებად!

 

რა არის ეს- ფარსი თუ საქმიანი თამაში?

 

ეს რომ მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა -ფაქტია.

 

მიზეზი?

 

სავარაუდოდ თბილისის მერისა და საკრებულოს მოახლოებული არჩევნები და  მოსალოდნელი თანამდებობრივი ცვლილებები. შიში, თუ სიფრთხილე იმასთან დაკავშირებით, რომ მოვა ახალი მმართველობა თბილისში და ყველაფერი გამოაშკარავდება. სჯობს საქმე დაიხუროს. სახეზეა „მიმავალთა გაერთიანება“, მათი „შეთქმულება“ როგორც თბილისის, ისე თბილისის მმართველობაში  „მომავლების“ მიმართ.

 

თუ რა „ჭირთა ბადეს“ უქსოვს მერია ოპერაცია „გენგეგმით“  თბილისს - ამის შესახებ დეტალურად უახლოეს მომავალში.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: