ყვირილი ქალთა უფლებების დაცვაზე აბსურდულია, თუ არ გავითვალისწინეთ მამაკაცთა ინტერესებიც!
გაგეცინებათ და ჩემი ამოდენა გარჯის ინსპირაციის წყარო ისევ გადაცემა „პრაიმ შოუა“. ყველაზე მეტად, რამაც შემძრა - ეს პატარა გოგონათა წინდაცვეთაა. მით უფრო, რომ ეს აქ ხდება - ჩვენს მიწაზე, ქართულენოვან სოციუმში. რას ვიზამთ, ჩვენთან ხომ რწმენის თავისუფალი გამოხტვის ნება აქვთ! ამაზე შორსაც მიდიან, ზოგ რელიგიურ სექტაში, რომელთა რაოდენობა 90-იანი წლებიდან საოცრად იზრდება!!
ახლა, რაც შეეხება გადაცემის სხვა თემას - ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობების თანამედროვე პრობლემებს. ამ საკითხს შორეული ფესვები აქვს და ამიტომ შორიდანაც უნდა დავიწყოთ, დიახ, ცხოვრების ნებისმიერი ახალი ფორმა ქმნის „ახალ ადამიანს“. დღეს, უკვე თავისუფალი ადამიანი თითქმის შიშველი ინსტინქტებითა და უზარმაზარი შესაძლებლობებით, პირისპირ დგას გარემოში არსებულ, ბევრი მანკიერი წრით ჩამოყალიბებულ მოვლენათა წინაშე.
თავისუფლებაზე გამახსენდა: დღეს დასავლეთში ღმერთს, რომის პაპს, ქრისტიანობასა და ეროვნულ იდენტობას თავისუფლების სახელით ებრძვიან.ჩვენთან კი, 90-იან წლებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ ღმერთის „ჩვენთან არს“ ძახილით, ეროვნებული მოძრაობითა და ეკლესიის მსახურების თანადგომით დაიწყო. იმედი ვიქონიოთ, რომ იქნებ, სწორედ ამან გადაგვარჩინოს და ბოლოსდაბოლოს ღმერთი ჩვენთან მართლაც „არს და იყოს“. ამისთვის კი საჭიროა კარგად გვესმოდეს რას ნიშნავს ღმერთი „ჩვენთან არს და იყოს!“
თავდაპირველად კი ღმერთმა მეექვსე დღეს გააჩინა_ ადამიანი, თავის ხატად და მსგავსად და ქალის შექმნით დაასრულა კიდეც სამყაროს სრულყოფა.
დიახ, ქალი სამყაროს ბოლო და ამიტომ შეიძლება ითქვას, ყველაზე სრულქმნილი არსებაა. იმავდროულად, ქალისა და ოდითგან სიბრძნის სიმბოლოდ წოდებული გველისაგან მოდის პირველი შეცოდება და სურვილი ხე ცნობადის, კეთილისა და ბოროტის, აკრძალული ნაყოფის დაგემოვნებისა და შეცნობისა.
თუმცა, ეს შეცოდება ხილული სამყაროს შეცნობის რთული, ცოდვით დატვირთული, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისია...
საუკუნეების განმავლობაში ქალის ცხოვრების წესი (განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში), ქალწულობის ინსტიტუტის არსებობით, არასასურველი ფეხმძიმობის საშიშროებით, ფიზიკური სისუსტით, მისი სხვადასხვა მოთხოვნილების შეზღუდვითა და მრავალი აკრძალვით იყო შემოსაზღვრული. ეს ყოველივე ქალში თავდაცვის რეფლექსის გაძლიერებასა და მამაკაცისგან ერთგვარ განრიდებასაც განაპირობებდა. შესაბამისად, ქალის აზროვნება, უმრავლეს შემთხვევაში, მამაკაცის კლასიკური აზროვნებისგან განსხვავებით, მართალია ღრმა და ემოციური, ამავდროულად, შეიძლება ითქვას, შეზღუდულიც კი იყო.
თუმცა, ამ აკრძალვებით, სისუსტითა და დაცვითი თვისებების გამომუშავებით შესაძლებელი გახდა ქალს სიცოცხლის „შემნახავის", „სიცოცხლის შემოქმედის" როლი წარმატებით შეესრულებინა. თავის მხრივ, ცხოვრების შედარებით დაცული პირობები ქალს მაღალი მორალური და სარწმუნოებრივი პრინციპების დაცვის საშუალებასაც აძლევდა. შეძლებისდაგვარად, ამ ფუნქციას ასრულებდა კიდეც. ხოლო ქალის დაცვის, მოპოვებისა და დაუფლებისთვის რთული გზა მამაკაცში საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას ბადებდა, რაც ქალზე ზრუნვის მოთხოვნილებასაც აღუძრავდა. ურთიერთობის ინიციატორადაც მამაკაცი გვევლინებოდა, რომელიც მთელი თავისი არსებით იცავდა ქალსაც და ქვეყანასაც ათასგვარი საშიშროებისგან.
ამავდროულად, ცხოვრების ასეთ პირობებში, მამაკაცის მიერ გამოჩენილი პატარა ყურადღებაც კი ქალში დიდ ემოციურ მღელვარებასა და სქესობრივ ლტოლვას იწვევდა, რადგან იგი მოლოდინის რეჟიმში, ქრისტიანული ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ამ თვალსაზრისით მისი სქესობრივ-ენდოკრინული აპარატი ფიგურალურად რომ ვთქვათ, „მზაობის“ რეჟიმში,,ნოყიერ“ ნიადაგს წარმოადგენდა მამაკაცთან ურთიერთობისთვის.
ყოველივე ეს კი მამაკაცური ნიშატის _ მიზანსწრაფულობის, პირდაპირობისა და შეუპოვრობის განვითარებისთვის საჭირო ნიადაგს ქმნიდა. ხოლო, არსებული ფუნქციური დატვირთვა მამაკაცის ჯანსაღ ჰორმონალურ განვითარებასაც უწყობდა ხელს.
მეოცე საუკუნეში, როცა ქალი გათავისუფლდა ზემოთ დასახელებული თითქმის ყველა დამაბრკოლებელი ფაქტორისგან, რომელიც ხელს უშლიდა მის განვითარებას. მისი პოტენციური შესაძლებლობები გაიზარდა, სწორედ ამიტომ, თანდათანობით მას უკვე გააჩნია არა მხოლოდ ქალური ემოციური, არამედ მამაკაცური კლასიკური აზროვნებაც. ანუ, მისი აზროვნება გაორმაგდა და შეიჭრა მეცნიერების ყოველ სფეროში. თითქმის ყველა პროფესიაში წარმატებას მიაღწია, სწორედ ამიტომაც თანამედროვე ქალმა XXI საუკუნის რთულ, გაუსაძლის პერიოდს ბევრ მამაკაცზე უფრო მეტად გაუძლო, თავის გადასარჩენად მეტი საშუალება გამოძებნა, გაძლიერდა და ბევრჯერ გამოდევნა კიდეც მამაკაცი თავის საარსებო სივრციდან.
ბოლოს ქალის ”აღმასვლა” იქამდეც მივიდა, რომ დღეს იგი თითქმის აღარ წარმოადგენს მამაკაცის დაცვისა და ზრუნვის სუსტ ობიექტს.
დიახ, თანდათანობით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ყველაფერი გაცილებით უბრალო და ადვილად მისაღწევი გახდა. მკაცრი და დატვირთული ცხოვრების წესმა დროის დეფიციტში მოახვედრა ფიქრი, ოცნება და სხვადასხვა სასიყვარულო გარჯა. ერთგულება პიროვნული განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც დასახელდა. ამაღლებული ემოციური მუხტის დეფიციტმა კი თითქმის ჩაკლა ქალისადმი შორეული, იდუმალი ლტოლვის მოთხოვნილება.
ქალის სექსუალური მრუდი კი თანდათან იზრდება... და ზოგჯერ არცთუ პოზიტიურ კვალს ტოვებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში.
შესაბამისად, აბსურდულია გენდერული და ფემინისტური ორგანიზაციების ყოველი კეთილშობილური მიზანი მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვის თვალსზრისით, თუ გათვალისწინებული არ იქნა მამაკაცთა ინტერესები, მოთხოვნილებები და რაც მთავარია, მათი პროფესიული რეალიზების საკითხი. მით უფრო, მამაკაცის ქალისადმი გამოვლენილი თითქმის ყოველი აგრესიული ქმედება, ძირითადად, გამოწვეულია საკუთარი არასრულფასოვნების ქვეცნობიერი შეგრძნებით და ქალის სხვადასხვა, არსებული თუ პოტენციული შესაძლებლობისა და წარმატების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებით... (ცხადია, მე ვსაუბრობ არსებულ ტენდეციაზე და ბუნებრივია, გამოთქმული მოსაზრებები არ ეხება ყველა მამაკაცს და არც ყველა ქალს).
თანდათანობით, ბუნებრივი ემოციური მუხტის ნაკლებობამ, თავის მხრივ, ძალიან გაზარდა ხელოვნურად აღმგზნებ ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნილება, რომელიც ყოველთვის აღწევს ადამიანის სულიერების არქეტიპულ საზღვრებში და შიშველი ინსტინქტური გამოვლინების გამრავლებასაც განაპირობებს.
სწორედ, ყოველივე ამან გამოიწვია ადამიანში როგორც ლიბიდოს შემცირება, ისე სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის შემცირება და ხშირად მისი არარსებობა.
თუმცა, ამ პროცესში გამაღიზიანებელი ხელოვნურად აღმგზები სხვადასხვა ნარკოტიკული თუ ფიზიკური სექს-ინსტრუმენტები დადებით როლს ვერ შეასრულებს.
პირიქით, რაც უფრო ხშირად იქნება ისინი გამოყენებული, მით უფრო მალე დაიწყება მანკიერი წრის შექმნა, რადგან მათი ხშირი გამოყენება თავისთავში გულისხმობს ამ საშუალებათა თანდათანობით მეტი დოზით გამოყენებას.ხოლო გამაღაზინებლების მაღალი ხარისხი საბოლოოდ ადამბლავებს კიდეც საჭირო ნერვულ დაბოლოებებს. აღნიშნული კი ხშირად გაუკუღმართებული, არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობის დამკვიდრებისა და გამრავლების მიზეზიც ხდება. განსაკუთრებით კი თავისუფლების მოყვარული ადამიანების ცხოვრების წესში... რაც ასე მტკივნეულად აისახება დღეს ჩვენს საზოგადოებაში.
თუმცა, სიტყვა „თავისუფალში" უფლის ფუძედ გამოყენება ჩვენს დაფიქრებას მოითხოვს, რადგან იგი ნათლად მიგვანიშნებს თავისუფლების მცნებაში უფლის ნების გამოვლენის აუცილებლობასა და ღვთიურ არსთან ქართული ენის სიღრმისეულ თანაზიარობასაც. ამიტომ, ამ პრობლემების კარგად გასააზრებლად აუცილებელია ისევ ჩვენს სარწმუნოებას მივუბრუნდეთ.
ამ შემთხვევაში მახსენდება ჩვენი პატრიარქის ბრძნული რჩვევები, სადაც ის ყურადღებას ამახვილებდა ცოლ-ქმრის ფაქიზ სიყვარულზე და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე. ცხოვრების წეს-ჩვეულებაში კი მიუთითებდა, რომ სასურველია ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე მოსასვენებელი საძინებელიც ჰქონდეს (რამაც მავანის არასწორი კრიტიკა და სჯა-ბაასი გამოიწვია), რათა მათ ჰქონდეთ გარკვეული თავისუფალი სივრცე, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი განრიდება.
მაგალითად, მარხვის, სხვადასხვა ემოციური თუ ფიზიკური გადაღლის დროს, რათა დროთა განმავლობაში ურთიერთობა მობეზრებითა და გულგრილობით არ გაუფერულდეს. აღნიშნული თავის მხრივ იწვევს კიდევაც სექსუალური ლტოლვის შეცირებას. ხოლო, რაც შეეხება მარხვას, ეს კიდევ ერთი საჭირო ღვთიური ,,ინსტრუმენტია“ , რომელიც კი არ აშორებს ,არამედ პირიქით აახლოებს ერთმანეთთან ცოლ-ქმარს, რადგან ბადებს მონატრების გრძნობას, ხოლო მარხვის დასრულებისას დადასტურებულია ადამიანებში ტესტოსტერონის რაოდენობის მომატება.
ისიც საგულისხმოა, როგორც გადაცემაში ითქვა, ჩვენი სარწმუნოება უშვებს შეღავათებსა და არ ითხოვს წყვილმა მთელი მარხვის განავლობაში კატეგორიულად უარი თქვას ამ ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, მარხვა - ეს ღვთის სახელით გარკვეული დათმენა და ეკლესიური ცხოვრება ღვთის მფარველობას ანიჭებს წყვილს და აუცილებლად ბადებს მათში მონატრების რეალურ განცდასა და გრძნობის განახლებასაც.
თორემ ამ ახალ ეპოქაში,უარყოფითი ემოციებით დატვირთულ ჩვენს ცხოვრებაში, ნახევრად შიშველი ახლგაზრდების შემყურე მამაკაცმა, რთულია, წინა საუკუნეების მამაკაცის მსგავსად, ლტოლვა განიცადოს ქალის გრძელი სამოსიდან ქარის დაბერვაზე გამოჩენილ კოჭზე თვალის მოკვრისას.
თუმცა, ადამიანის ნერვული სისტემა და გრძნობათა ორგანოები თავისთავში ბევრ პარადოქსულ შესაძლებლობას მოიცავს, რომლის გამოვლენა სწორედ ღვთის შეწევნით, პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული ცხოვრების წესის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ამ მოსაზრებას ადასტურებს დიდი ფიზიოლოგის პავლოვის ერთი მოგონება, რომელიც შემდგომ მისი ბევრი კვლევის ინსპირაციის წყაროც კი გახდა.
ერთ დღეს დიდი მეცნიერი მატარებლით მგზავრობდა. გზა დიდი იყო და დანიშნულ ადგილას მხოლოდ დილით უნდა ჩასულიყვნენ. ღამით დაძინებისას ერთ-ერთმა მგზავრმა შესჩივლა, რომ ძალიან უჭირდა გაღვიძება და მხოლოდ მისი ცოლი ახერხებდა ამას, ყურში ჩასჩურჩულებდა: ,,გაიღვიძე, დრო მოვიდაო,“ ისიც იღვიძებდა.
დილით პავლოვსაც ჩაეძინა და მატარებლის გამცილებლის ხმამ გამოაფხიზლა,მაშინვე შეხედა მის თანამგზავრს, რომელსაც უკვე ხმამაღალი შეძახილებით უშედეგოდ აღვიძებდნენ. პავლოვს გაახსენდა კაცის ნათქვამი და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა: „გაიღვიძე, დრო მოვიდა!“ მგზავრიც ჩურჩულმა მაშინვე გააღვიძა.დიახ, ზოგჯერ სუსტი გამაღაზიანებელი ფაქტორი გაცილებით დიდ ეფექტს აღწევს, ვიდრე ძლიერი და უხეში! (აქ იმ ხელოვნურ გამაღიზიანებელ საშუალებებს ვგულისხმობ, რომლის შესახებაც ზემოთ ვწერდი).
დიახ, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს ყოველთვის გააჩნია ის სულიერი კარიბჭე, რომელიც მზად არის ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი თავისი საზღვრები გააფართოოს, მართალსა და, ჭეშმარიტს თავისი ადგილი მიუჩინოს და გაითავისოს. ამისთვის ადამიანს ოჯახში სწორი აღზრდა და საზოგადოებაში ჭეშმარიტი ღირებულებების არსებობა სჭირდება. ხოლო, მავანის გასაგონად ვამბობ: „ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარ დანიშნულებას ისიც წარმოადგენს კარგი, მაღალზნეობრივი თვისებები განუვითაროს ერის ხასიათს“- წერდა სპენსერი.
ყველაფერი ხომ მოგწონთ დასავლეთის და იქნებ ამ ბრიტანელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის გამონათქვამის სიბრძნეს ჩაწვდეთ და გავითავისოთ. მით უფრო, ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ და ახალ დედამიწას ვერ გამოიგონებთ!
თქვენ კი, ჩემო საყვარელო ახალგაზრდებო, ონავრებო და მემბოხეებო:
მხოლოდ თავისუფლების ძახილითა და ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ბრძოლით შორს ვერ წახვალთ, რადგან ყველა ბიოლოგიურ მახასიათებელს თავისი ზღვარდადებული პარამეტრები აქვს. მით უმეტეს, იმ მოთხოვნილებებს, რომლის ტყვეობაში ბევრი თქვენგანი იმყოფება! მხოლოდ სულიერებას არ გააჩნია საზღვარი და ერთადერთს მას შეუძლია გამოასწოროს (მონანიებითა და აღსარებით) ადამიანის ფიზიკური ბუნების მიერ დაშვებული შეცდომებიცა და დანაშაულიც.
სწორედ ასეთ ურთიერთობაზე ბრძანებდა უწმინდესი თავის ცნობილ გამოსვლაში.იმ ურთიერთობაზე და იმ სიყვარულზე მიუთითებდა, რომელიც ნაზია და სათუთი, „რომელიც სულგრძელია და ტკბილი, რომელსაც არ შურს, არ ქედმაღლობს, არ უკეთურობს, არ ეძიებს თავისას და არ მრისხანებს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს, არასოდეს გადავა თავისას“.
დიახ, მართლმადიდებლური სარწმუნოება თავისი კანონიკური წესების, რჯულის კანონის დაცვის საშუალებით ადამიანის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ-სულიერ შესაძლებლობებს იმ ფარგლებში ათავსებს, რომლებიც ადეკვატურია არსებული გარემო პირობებისადმი და ძალიან ახლოსაა ადამიანის ფიზიოლოგიურ ბუნებასთან.
ამავე დროს მართლმადიდებლობა ყველაზე უფრო დემოკრატიული გახლავთ სხვა სარწმუნოებათა შორის. არავის აძლევს ირგვლივმყოფებზე რაიმე აღმატებულ ან უარყოფითი ზემოქმედების საშუალებას. განსაკუთრებული, დადებითი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო თვალსაზრისითაც. რაც ყველაზე მთავარია, იგი შეესაბამება ჩვენი ერის ტრადიციებს და დადებითად მოქმედებს მის განვითარებაზე. დადებითად მოქმედებს მის როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სიჯანსაღეზე, ასევე, არ იწვევს იმ ზემგრძნობიარე ანომალიურ გამოვლინებას, რომელიც საკმარისად ხშირად გვხვდება სხვადასხვა რელიგიურ სარწმუნეობასა თუ მით უფრო, სექტაში
და ბოლოს: იქნებ ჩვენთვისაც მოვიდა დრო, რომ გავითვალისწინოთ ყველივე ზემოთ თქმული და გავიღვიძოთ.
ხოლო მეცნიერება, რომლის მეშვეობითაც ათეისტები სარწმუნოების დამარცხებას ცდილობდნენ, ძალზე ხშირად ამტკიცებს ურთიერთკავშირს სამეცნიერო მიღწევებსა და ბიბლიურ ჭეშმარიტებებს შორის. მაგალითად, ცოცხალი ორგანიზმების რიგითობა, ისე, როგორც ეს ბიბლიაშია მოცემული, მოსე წინასწარმეტყველის გამოცხადების მიხედვით, პალეონტოლოგებმა მხოლოდ ორი საუკუნის მეცნიერული კვლევისა და ძიების შემდეგ მოახერხეს დაემტკიცებინათ.
ამავე დროს, სამედიცინო გენეტიკის განვითარებამ ცხადყო უჯრედის ინდივიდუალობა და სინატიფე. ამიტომ, სახეობიდან ახალი სახეობის წაროშობის ევოლუციური თეორია წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. მაშასადამე, ყოველი ახალი სახეობის წარმოშობა ისევ ღვთიურ, შეუცნობელ, დამოუკიდებელ შემოქმედებით აქტად რჩება.
ამავე დროს,არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი სულიერად დაკავშირებულია როგორც აწმყოსთან - არსებულ პირობებთან, ისე წარსულსა და მომავალთან. ქვეყნის ეროვნული, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სახე სწორედ ამგვარი განწყობილების შედეგია. რომელიმე ამ კავშირის გაწყვეტა არღვევს ცხოვრების რიტმს და ძარცვავს ადამიანს.
ია საკანდელიძე
ექიმი, პუბლიცისტი