რა საფრთხეს უქმნის ტურიზმი თანამედროვე საქართველოს და რატომ უნდა განვითარდეს რეალური ეკონომიკა!

რა საფრთხეს უქმნის ტურიზმი თანამედროვე საქართველოს და რატომ უნდა განვითარდეს რეალური ეკონომიკა!

 

 

რეალური ეკონომიკა, ეკონომიკის, ქვეყნის გადარჩენის და განვითარების ერთადერთი და უალტერნატივო საფუძველია!

 

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ეკონომიკა ორ დიდ ჯგუფად იყოფა: რეალური ეკონომიკა - სადაც რეალური პროდუქცია იქმნება (წარმოება და სოფლის მეურნეობა) და არარეალური ეკონომიკა ანუ მომსახურების სფერო (ბანკები, ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება და ა.შ.).

 

ეკონომისტთა და პოლიტიკოსტთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა და მისი ეკონომიკა შეიძლება განვითარდეს არა რეალური ეკონომიკის განვითარების ხარჯზე და საჭიროდ არ თვლიან რეალური  ეკონომიკის განვითარებას.

 

ასეთი მოსაზრებები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, არამედ საერთაშორისო დონეზე მრავალი ეკონომისტი სწორედ ასე მიიჩნევს: ქვეყნებს, რომლებსაც დაბალი განვითარების დონე აქვთ (განვითარებად ქვეყნებს) არ სჭირდებათ წარმოების განვითარება და სოფლის მეურნეობით ან მომსახურების სფეროთი უნდა დაკავდნენ და აქ შექმნან ეროვნული პროდუქტი. ამასვე გვირჩევენ უცხელი ექსპერტებიც.

 

იმის გამო, რომ ამ საკითხებზე დავა ჩვენთან და უცხოეთში დიდი ხანია მიმდინარეობს მიზანშეწონილია ამ პრობლემის საფუძვლიანი გამოკვლევა და ყოველმხრივი შესწავლა, კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: შეიძლება თუ არა თანამედროვე პირობებში ეკონომიკა და ქვეყანა განვითარდეს რეალური ეკონომიკის, კერძოდ კი მრეწველობის გარეშე?!

 

არარეალური ეკონომიკის ყველაზე დიდი სფეროა ვაჭრობა და საბანკო სექტორი. თუ რეალური პროდუქცია არ შეიქმნა, რას გაყიდის ვაჭრობის სფერო? არაფერს. თუ რეალურმა ეკონომიკამ არ იმუშავა, ვაჭრობა არ იმუშავებს და არ მოხდება დასაქმება, მაშინ რას მოემსახურებიან ბანკები ან მომსახურების სხვა სფეროები?

 

პასუხი ცალსახაა: არაფერს და ეს სფეროებიც ვერ განვითარდებიან.

 

ეკონომისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ იმ პროდუქციას, რასაც რეალური ეკონომიკა ქმნის, უცხოეთიდან შემოვიტანთ! 

 

როგორ?

 

უცხოეთიდან რომ შემოვიტანოთ, ამას უცხოური ვალუტას ჭირდება. უცხოეთში აღებული სესხები არსებულ პრობლემებს დროებით წყვეტს, შემდგომში კი უფრო მეტად ამწვავებს და უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემებს წარმოშობს.

 

არსებობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანის მეორე გზა, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტით მიღებული სავალუტო შემოსავლები, მაგრამ როგორც ვხეედავთ აქაც რეალური პროდუქციაა საჭირო, რომელიც მხოლოდ რეალურ ეკონომიკაში იქმნება.

 

შეიძლება ექსპორტზე გავიტანოთ ბუნებრივი რესურსები. ამ მხრივ დადებითი ეფექტი მოაქვს მხოლოდ იმ ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე გატანას, რომელიც თვითდინებით ამოდის და გამოუყენებლობის შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტის გარეშე, უშედეგოდ სამუდამოდ იკარგება. ასეთებია მინერალური და ბუნებრივი წყლის რესურსები. ყველა სხვა შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების არაყაირათიან გამოყენებასთან გვექნება საქმე და ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკის დროებით წინსვლას მივიღებთ, რომელიც დასრულდება ბუნებრივი რესურსების ამოწურვის თანავე. განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენასაც კი ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება და თაობათა შრომის შედეგად არის შესაძლებელი. ცალსახაა, რომ ბუნებრივი რესურსებით ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანა ცალკეული გამონაკლისების გარდა ეკონომიკურედ სრულიად არაეფექტურია.

 

უცხოური ვალუტის შემოტანის კიდევ ერთი გზაა მომსახურების ექსპორტი. მომსახურების ექსპორტზე გატანა ბევრად უფრო რთული და ძნელად მისაღწევია, ვიდრე რეალური პროდუქციის შექმნა და მისი ექსპორტზე გატანა. საქართველოს პირობებში მომსახურების ექსპორტს, სამუშაო ძალის ექსპორტი წარმოადგენს, მაგრამ, თუ ამ საკითხს შევისწავლით დავრწმუნდებით, რომ საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ გასული მოსახლეობის თითქმის მთლიანი ოდენობა არალეგალურ მუშაობას ეწევა, ანუ უკანონოდ არიან დასაქმებულები და ნებისმიერ დროს სავალუტო შემოსავლების ეს წყარო შეიძლება შეწყდეს (მათ უმრავლესობას დეპორტაცია გაუკეთდეს, მითუმეტეს, ახლა როცა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებით დეპორტაციის ხარჯების გაწევა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება)! 

 

საქართველოს ხელისუფლებამ ეს ხარჯები ემიგრირებულ მოსახლეობას დააკისრა ათასობით დოლარის სხვადასხვა ჯარიმების და სანქციების სახით. როგორც კი ჯარიმები და სანქციები რეალურად ამუშავდება, ცოტა ვისმეს თუ დარჩება ევროპაში არალეგალურაად მუშაობის გაგრძელების სურვილი. ასეთ  პირობებში სავალუტო ნაკადები არამცთუ არასტაბილურია, არამედ უკვე რეალური საფრთხეა იმისა, რომ ამ კუთხით სავალუტო ნაკადები შემცირდეს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს.         

 

როგორც ვხედავთ, მომსახურების ექსპორტი პრაქტიკულად შეუძლებელია და ის რაც არსებობს არასაიმედო, არასტაბილურია და ასეთი შემოსავლებით ეკონომიკის სტაბილური არსებობა და განვითარება შეუძლებელია. ასეთი სახის არასაიმედო შემოსავლების პირობებში ქვეყანა ყოველთვის იდგება ეკონომიკური  და სოციალური კატასტროფის საფრთხის წინაშე.

 

ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების კიდევ ერთი წყაროა ტურიზმი და მისი განვითარება. თუ ტურიზმს საფუძვლიანად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ სავალუტო შემოსავლების ეს წყაროც არასტაბილურია და „ტურიზმით ეკონომიკის განვითარების სტრატეგია“ მცდარია. მცდარ სტრატეგიაზე დაფუძვნებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კი ქვეყანა  ვერ განვითარდება. ამ სტრატეგიის უშედეგობის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად მატულობს, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კი გაუმჯობესების მაგივრად სულ უფრო უარესდება.

 

რატომ?

 

ტურიზმს მაშინ მოაქვს ქვეყნისთვის დიდი დადებითი ეფექტი, როცა განვითარებულია ადგილობრივი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ანუ რეალური ეკონომიკა და ჩამოსული ტურისტი ადგილობრივ პროდუქციას და მომსახურებას ყიდულობს. ასეთ შემთხვევაში ტურიზმით მიღებული უცხოური ვალუტა ქვეყანაში რჩება და ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას სასიკეთოდ ადგება. რეალურად, ამ პირობებში ადგილობრივ პროდუქციას ქვეყანაში ისე შემოაქვს უცხოური ვალუტა, რომ ექსპორტი და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ სჭირდება და ექსპორტთან დაკავშირებული მრავალი პრობლემაც არ წარმოიშობა.

 

როცა ქვეყანაში არსებული პროდუქციის 70-80 პროცენტი უცხოურია და მომსაურების ობიექტებიც (სასტუმროები, რესტორნები, ავიაკომპანიები, გასართობი ბიზნესი და ა.შ.) უცხოელებს ეკუთვნით, ტურისტების მიერ ქვეყანაში შემოტანილი ვალუტის უდიდესი ნაწილი უკანვე, უცხოეთში გადის და ქვეყანაში მცირე ნაწილი რჩება, რომელიც  არსებით გავლენას არ ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და სოციალურ პრობლემებზე.

 

თუ ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს კიდევ უფრო ღრმად შევისწავლით, სერიოზულ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს აღმოვაჩენთ. შეიძლება ითქვას,  ამ სფეროს განვითარება სერიოზულ საფრთხეებსაც უქმნის ქვეყნას.

 

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ტურიზმს? და რატომ არის ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი?

 

ტურიზმი ზომიერების პირობებში საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ როცა ტურისტების რაოდენობა წელიწადში 2-3 ჯერ აღემატება ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას, ასეთი ვითარება მცირერიცხოვანი ხალხისთვის უკვე საფრთხის შემცველია.

 

ტურისტთა დიდი რაოდენობა მკვეთრად ზრდის პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, განსაკუთრებით სურსათზე მოთხოვნას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვნად გაძვირებას, რაც აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ბოლო ორი წელია. ეროვნული ვალუტის კურსი უცხო ვალუტებთან მიმართებაში სტაბილურ ნიშნულებს შორის მერყეობს, სურსათზე ფასები კი სისტემატურად იზრდება, როცა სხვა ეკონომიკური ფაქტორები არ იცვლება. ამის მიზეზია სურსათზე მოთხოვნის ზრდა, რასაც იწვევს ბოლო პერიოდში მკვეთრად გაზრდილი ტურისტების რაოდენობა.

 

ბევრი ადამიანი, ვინც ეკონომიკაში ერკვევა იტყვის, რომ ამ შემთხვევაში გაიზრდება სურსათის იმპორტი, მითუმეტეს როცა ტურისტების ზრდით ქვეყანაში შემოსული ვალუტა იზრდება. მაგრამ, ეს ასე მარტივი არ არის. სურსათის იმპორტი რომ მკვეთრად გაიზარდოს, ტურისტების მკვეთრი ზრდის პროპოციულად, იმპორტიორ კომპანიებს ჭირდებათ საბრუნავი და ძირითადი კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდა, ანუ თავიაანთ საქმიანობაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, რაც ფულის დეფიციტის და ძვირი ფულის პირობებში არამცთუ ძნელია, შეუძლებელიცაა. არსებული მოგება კი საკმარისი არ არის მოკლე დროში საბრუნავი კაპიტალის მნიშვნელოვნად გასაზრდელად. ეკონომიკაში ასეთი ვითარება აუცილებლად გამოიწვევს სურსათის გაძვირებას და სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.

 

ტურისტთა მკვეთრ ზრდას ვერ აკმაყოფილებს სასტუმროთა ქსელი, ჩნდება მოთხოვნა კერძო ბინების ქირავნობაზე. ნიშანდობლივია რომ ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება ბინების დღიური გაქირავება და მათი დღიური ფასი. ამ სახით გაქირავებული ბინების თვიური შემოსავლები მრავაჯერ აღემატება თვიურ ბინის ქირას და მნიშვნელოვნად აძვირებს ბინების თვიურ ქირას, ამ მხრივაც მკვეთრად უარესდება ქირაზე მყოფი ადგილობრივი გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა.

 

ტურიზმი და ტურისტების მომსახურება ზრდის ფულზე მოთხოვნას, რაც იწვევს ფულის გაძვირებას, ამასთან, კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ეს ფაქტორიც უარყოფითად მოქმედებს სოციალურ გარემოზე და აუარესებს მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

 

ტურიზმის ზრდა დადებითად მოქმედებს იმ ბიზნესებზე რომლებიც დაკავებულნი არიან ტურისტების მომსახურებით. ამ შემთხვევაშიც, როგორც ვხედავთ, მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბი მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება და მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.

 

რას იღებს ასეთი ეკონომიკური პოლიტიკით - ტურიზმის განვითარებით სახელმწიფო?!  

 

თუ კარგად შევისწავლით, დავინახავთ რომ სახელმწიფოს ტურიზმიდან ბევრი არაფერი რჩება. მართალია, საგადასახადო შემოსავლები იზრდება, მაგრამ ამავე დროს ტურიზმს სჭირდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება (გზები, ხიდები, ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობა და ა.შ.) და მისი მაღალ დონეზე მომსახურება, რაც სახელმწიფოს მილიონებით და მილიარდობით ლარი უჯდება! 

 

გზები და კომუნიკაციები და ისტორიული ძეგლები ტურისტების ზრდასთან ერთად უფრო სწრაფად ცვდება და ზიანდება და ხშირ რეაბილიტაციას საჭიროებს. ცალსახაა, რომ რაც უფრო მეტი ტურისტია, მით მეტი ტრანსპორტია საჭირო, ასევეა ძეგლებთან, სანაპირო-საკურორტო ზონებთან, ბუნებასთან და ა.შ. დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც ტურიზმის ზრდა იწვევს. 

 

ცალკე უნდა აღინიშნოს დემოგრაფიული ვითარება. ტურიზმის ზრდა ზრდის შერეულ ქორწინებებს და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების მსურველებს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მცირე ერებისათვის ასეთი ვითარება სახიფა და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას. ხოლო ჩვენნაირი ერისთვის რომელიც მომაკვდავ ერების ხუთეულშია შესული ვითარება გაცილებით უფრო სახიფათოა და საშიშია.

 

სამწუხაროდ, არავინ ბოლომდე არ ითვლის ურყოფით ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ  შედეგებს, რასაც  ტურიზმიდან ქვეყანას შეიძლება დაემართოს.

 

როგორც ჩვენი ანალიზიდან ჩანს, ქვეყნის განვითარება და არსებული მძიმე პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებით შეიძლება.

 

ბევრი თვლის, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა და უნდა განვავითაროთ ეკონომიკის აგრარული სექტორი . აგრარული სექტორი შეძლებისდაგვარად უნდა განვავითაროთ, მაგრამ ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ და მომავალში მოსალოდნელ პრობლემებს აგრარული სექტორი ვერ გადაწყვეტს. ამავე დროს ამ სექტორშიც სერიოზული პობლემებია, რომელთა გადაჭრაც რთულია, ზოგი მათგანის კი შეუძლებელიცაა.

 

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. ამ პირობებში დიდი მექანიზაციის გამოყენება მოგეხსენებათ, შეზღუდულია მცირე მექანიზაციის და ხელით შრომის პირობებში კი საქართველოში მოწეული პროდუქციის თვითღირებულება მაღალია და არაკონკურენტული იქნება, როგორც საერთაშორის ბაზარზე, ისე ქვეყნის შიდა ბაზარზე, გახსნილი, ღია ეკონომიკის პირობებში. მაგალითად, უკრაინაში ან კანადაში 2-3 მექანიზატორი და 10-15 მუშა რა რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქციასაც მოიყვანს, იგივე რაოდენობის მუშახელი საქართველოში არსებული რელიეფურ პირობებში რამდენჯერმე ნაკლებ მოსავალს მოგვცემს, რაც ბუნებრივად აძვირებს და არაკონკურენტულს ხდის ადგილობრივი ფერმერის პროდუქციას.

 

ამ პრობლემების გარდა არის კიდევ სხვა პრობლემაც. კომუნისტური რეჟიმი 60 წელი მოუნდა, რომ დაქუცმაცებული მიწები გააერთიანებინა. მექანიზაციის გამოყენება შესაძლებელი რომ გამხდარიყო და ამით მიწისა და შრომის ნაყოფიერება რომ გაეზარდა და მიწა რომ დაუმუშავებელი არ დარჩენილიყო. ამ მცდელობებმა მკვეთრად გაზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავალი და ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორად იქცა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.

 

თავისუფლების მიღების შემდეგ კოლექტივები დაშალეს და ფერმერული მეურნეობების შექმნის მაგივრად, მიწები დააქუცმაცეს და გლეხებს დაურიგეს. ანუ ის, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული, მთლიანად „გაცამტვერდა“. იქ სადაც მექანიზციის გამოყენება შეიძლებოდა, ეს შესაძლებლობაც მოისპო. ახლა კია მცდელობა ფერმერული მეურნეობების შექმნისა, მაგრამ ამას კოლოსალური ძალისხმევა და დიდი ფინანსური რესურსები ჭირდება. 25 წლის წინათ კი, დამოუკიდებლობის მიღების დროს ამის გაკეთება იოლი იყო და დიდ ფინანსებს და ძალისხმევას არ მოითხოვდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს სადაც ერთმანეთს ინტენსიურად „ეჯახება“ ცივი და ცხელი ჰაერის მასები, რის გამოც ცვალებადი კლიმატით ხასიათდება. კლიმატის ცვალებადობისგანაც დაცვაა საჭირო და ამასაც დიდი კაპიტალური ხარჯები ჭირდება!

 

პრობლემებია სოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციაში. მე- 2 და მე-3 ხარისხის პროდუქცია ფაქტიურად იყრება, იმის გამო, რომ მისი რეალიზაციის ხარჯები (დამუშავება, ტრანსპორტირება და ბაზარზე ადგილის ხარჯები) აღემატება სარეალიზაციო ფასს. ასეთი ვითარება თავის მხრივ აძვირებს უმაღლეს და პირველი ხარისხის პროდუქციას იმის გამო, რომ მე-2 და მე-3 ხარისხის პროდუქციის მოყვანის ხარჯები აისახება სარეალიზაციოდ გატანილ მაღალი ხარისხის პროდუქციაში. ამ მიმართებითაც გასაკეთებელი ბევრია, მათ შორის საჭიროა გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა. აქაც წარმოების გარეშე არაფერი გამოდის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წარმოებებია საჭირო.

 

როგორც ვხედავთ, სოფლის მეურნეობის განვითარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა შეძლებისდაგვარად უნდა განვავითაროთ, ვინაიდან ეს სფერო უკავშირდება მოსახლეობის გამოკვების და გადაუდებელი საჭიროების პროდუქციის წარმოებას და აქედან გამომდინარე, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. 

 

სასურსათო და ენეგეტიკულ დამოუკიდებლობას თანამედროვე მსოფლიოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. ამასთან მიმართებაში აღსანიშნავია ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში თუ პოლიტიკური საჭიროება არ არის, ისე სხვა ქვეყანას აღარავინ იპყრობს. სხვა ქვეყნის დაპყრობა და განსაკუთრებით მისი შენარჩუნება  ძალიან ძვირი ჯდება და არა ეფექტურია. გაცილებით უფრო იაფი და ეფექტურია ქვეყნის ეკონომიკური ანექსია, ეკონომიკური ბერკეტების - კრედიტების და ინვესტიციების გამოყენებით.

 

როგორც ჩვენი ანალიზი აჩვენებს, მრეწველობის განვითარებას ალტერნატივა არა აქვს და ყველა სხვა სფეროს და დარგის და ეკონოომიკის განვითარება მთლიანადაა დამოკიდებული მრეწველობის განვითარებაზე. მრეწველობა არის საძირკველი და ყველაფერი სხვა დანარჩენი “ზედნაშენია“. დიახ, მრეწველობა არის ხერხემალი, რაზეც ჩამოკიდულია ყველაფერი სხვა დანანარჩენი (მთელი) ეკონომიკის განვითარება.

 

მრეწველობას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ერის ინტელექტის განვითარებისთვის. მას ჭირდება სხვადასხვა სფეროს  ინჟინრები, ტექნოლოგები, მხატვრები, დიზაინერები, მეცნიერები, გამომგონებლები, კონსტრუქტორები და სხვა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. მრეწველობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საპროექტო, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს და ა. შ. ეს ყველაფერი კი ანვითარებს განათლებას, კულტურას, სპორტს და ა.შ. ამრიგად მრეწველობის განვითარება ქვეყნის ინტელექტუალურ განვითარებასაც ნიშნავს.

 

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ფაბრიკა- ქარხნებს  მოდერნიზება კი არ გაუკეთდა, უბრალოდ განადგურდა. გაანადგურა არც მომხდურმა მტერმა და არც სტიქიამ, განადგურა დამოუკიდებლობის შემდეგ მოსულმა ქვეყნის ხელისუფლებებმა, რომლებსაც წარმოდგენც კი არ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე. უკვე მაშინ ქვეყანა დასაღუპად იქნა განწირული. ყველა პრობლემა რაც დღეს ქვეყანას აქვს, ჩვენივე მთავრობების პოლიტიკის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია.

 

შეგვიძლია დავასკვნათ: მრეწველობის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. იმისათვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და განვითარდეს, საჭიროა განვავითაროთ რეალური ეკონომიკა და მისი ფლაგმანი მრეწველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ იმ გზას რომელზეც ვდგავართ, ქვეყნის დაღუპვის გზას.

 

P.S. სტატია დასრულებული იყო, როცა გაეროს კვლევები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ბოლო წლების სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია. თუმცა, ამ კვლევებში არ ჩანს მიზეზები, რამაც გამოიწვია ცხოვრების დონის გაუარესება. სწორედ ამ მიზეზებს ვიხილავთ სტატიაში და ვაჩვენებთ გამოსავლის ერთადერთ და უალტერნატივო გზას.

 

ყველას ვთხოვ, თავისი აზრი გამოხატოს ამ სტატიაზე და ქვეყნის მდგომარეობაზე. როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, დუმილი და „გვერდზე დგომა“ დანაშაულია. 

 

ნასყიდა დარბუაშვილი,

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: