რატომ ვუჭერ მხარს საქართველოს პრეზიდენტად თეიმურაზ შაშიაშვილის არჩევას?
ქვეყნის აღმავლობას სამი რამ სჭირდება: პროტექციონიზმი, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და შრომის სტიმულირება. თეიმურაზ შაშიაშვილის მიერ ჩემთვის ნაჩუქარი ახლად გამოცემული წიგნი: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ (ჩვენი ხედვა)“, ამ ტრიადის პასუხებია გამოცდილებით, თეორიული აზროვნებითა და ინტელექტუალური იერიშის პრინციპებით.
14 სექტემბერს სატელევიზიო კომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ გადაცემაში ვნახე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის გამოსვლა, რომელმაც მაყურებლებს აჩვენა ზემოთ დასახელებული წიგნი და წარმოაჩინა იგი, როგორც მისი სამოქმედო პროგრამა. ამიტომ მე იმ წიგნს მასთან მიმართებაში განვიხილავ.
სახელისუფლო თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი მარტო ამა თუ იმ პარტიის კანდიდატურა კი არა, ამ თანამდებობისთვის გაზრდილი კაცი უნდა იყოს, ხალხის სიყვარული ჰქონდეს. თეიმურაზ შაშიაშვილი აგერ 50 წელიწადია, რაც სახელისუფლო საფეხურების აღმართს მიყვება თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის შემართებით სამშობლოს ყველაზე გამოჩენილ ადამიანებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელსაც თან ახლავს მისი ინტელექტუალური აზროვნების შევსება ახალი საკაცობრიო გამოწვევებით. ამ გაგებით იგი დიდი ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეა - ინტელიგენტი, თავისი ქვეყნის/სამშობლოს მსახური.
გადაშლით ზემოთ დასახელებულ წიგნს და თვალში გვხვდებათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს საქვეყნო სამსახური წარმოდგენილი აქვს ქართულ ეკლესიასთან, მეცნიერებთან, განათლების, ხელოვნების, კულტურის და სპორტის, შემოქმედებითი შრომის მესვეურებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. დადგა დრო, მისი აზრით, შევიგნოთ, რომ ჩვენი ქვეყანის გადარჩენა მხოლოდ ჩვენს სიყვარულს, ჩვენს ერთიანობას შეუძლია. ამას ქართული გზა ჰქვია - „გზა სიყვარულის, გზა მონობის წინააღმდეგი“. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ შერიგების დროა, ბევრჯერ დაგვღუპა მტრობამ, შინააშლილობამ, გაუტანლობამ, ღალატმა, ფულის სიყვარულმა. სიყვარული ღვთიურია და არ შეიძლება გიყვარდეს ფული, ისე როგორც სკამი, საწერი მაგიდა თუ ძვირადღირებული მანქანა.
სამხრეთ კორეის რეფორმატორი - პაკ ჩონ ჰი უწერია, რომ კორეელებს 5000 წლოვანი ისტორია აქვთ, ასევე თავისი ნაციონალური კულტურა და ზნეობა, მორალურ-ეთიკური ინსტიტუცია და ეს მათი იდენტურობის პრესტიჟი ყოფილა მსოფლიოს წინაშე, რომ იგი კი არ ემიჯნება დასავლურ კულტურას, პირიქით დასავლური და აზიური ტრადიციების დაპირისპირების კი არა, მათი რაციონალური თავსებადობის მომხრეა.
ბატონი თემურის გაგება უფრო შორს მიდის და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინების და ერის სულიერი აღმავლობის უზარმაზარი რესურსები გააჩნია, რომ მისი საფუძველია ერის უძველესი ბიბლიური ცხოვრების ტრადიციები, „ვეფხის ტყაოსანი“ როგორც ერის სულიერი კულტურის საგანძური, წიგნი ქართლის ცხოვრებისა, როგორც სისხლით დაწერილი სტრიქონები ერის ისტორიისა, - ერისა რომელსაც მომავალი თაობების წინაშე ღვთიური პასუხისმგებლობა ამოძრავებდა (გვ.37). ქართველ ერს, ვკითხულობთ წიგნში, მსოფლიო აღიარება აქვს:
- იოანე პეტრიწის ფილოსოფიური, საერთოდ, ქართული ფილოსოფიური მემკვიდრეობის, გელათისა და იყალთოს აკადემიების, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ნააზრევისა და პრაქტიკული მოღვაწეობის, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის, ილია ჭავჭავაძოს ეროვნული თვითგამოღვიძების ინტელექტუალური ფონდების სახით. ერს, რომელსაც ამდენი სულიერი სიმდიდრე გააჩნია, უფლება არა აქვს არ იდგეს მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების რიგში. უნებლიედ გახსენდება ნიკო ნიკოლაძის გაკვირვება: სირცხვილია საქართველოში კაცი ღარიბად ცხოვრობდეს.
როგორ დავიწყოთ, როგორ ვიმოქმედოთ? სვამს კითხვას, ბატონი თემური, და თვითონ პასუხობს: გავერთიანდეთ, მოიშორეთ უნდობლობის შენაძენი რეფლექსები, ისწავლეთ ისტორია, გახსოვდეთ „ვისი გორისანი ხართ“, რომ მე-12 საუკუნეში, 600-700 წლით ადრე, ვიდრე ევროპაში, ქალი საქართველოში მეფე იყო და მის წინაშე მუხლს იდრეკდნენ ძლიერი ამა ქვეყნისანი, რომ ჩვენ კი არ დავუძლურებულვართ, ჩვენ ვიღაცებს ავყევით, შეგვეშალა, გულზე გადავარდა... იმედია “კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“. ჩვენ უნიჭიერესი, ლეგენდარული მამაცი ადამიანების არმია გვყავს (გვ.44-47).
საინტერესოა ბატონი თეიმურაზის სულიერების სიმაღლე, როცა ამბობს: კი არ ვმტრობთ მთავრობას, ჩვენ მას დახმარების ხელს ვუწვდით. ყველა დიდი და პატარა მეცნიერი და ხელოვანი, ქვეყნის სამსახურის მორჩილია. უნდა უსმინო ქვეყნის სუნთქვას, თორემ ჩამოშორება მოგიხდება. ეს დაპირისპირება კი არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ხელისუფლებაში არჩევა შენი პატივში ყოფნა კი არა, პასუხისმგებლობაა, მსახურებაა და არა სამსახური; ერის მსახურება გამორჩეული ადამიანების ხვედრია. ამის ფუფუნებაში არევა არ შეიძლება, ეს შენი ხალხის ცხოვრების უკეთესობაზე სიყვარულის შრომაა, შენი პიროვნების ღირსების საქმეა. განა რაიმე მატერიალური გადასწონის იმას, რასაც ხალხის მეხსიერებაში დარჩენა ჰქვია?
ნაპოლეონ ბონაპარტის (გვერდი ავუაროთ ჰიტლერს), ჯონ კენედსაც, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა იმას მოწმობს, რომ ქვეყნის ძლევამოსილება, მისი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის ამაღლება მხოლოდ მეცნიერებთან თანამშრომლობის საფუძველზეა შესაძლებელი.
წიგნში ძნელია მოიძებნოს ადგილები, სადაც ბატონი თემური მეცნიერების იმედის გარეშე იყოს. მისი შემოთავაზებები, მომავლის წინხედვის შესაძლებლობები ყოველთვის მეცნიერთა რჩევებსა და რეკომენდაციებს ეყრდნობა (გვ.57-73). აქ იგი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ტრადიციების ბაზაზე დგას.
პირველ ყოვლისა, მხედველობაშია ეროვნული ერთიანობის პრინციპი. დაუძლურდა ქვეყანა ცალკეულ სოციალურ ჯგუფებს შორის კლანური დაპირისპირებისაგან, ლამის ტრადიციად ქცეული საარჩევნო დაპირებებისაგან, ნეოლიბერალური ანტიეროვნული შემოტევებისგან, რომელიც ვერ იტანს ეროვნულს, ქრისტიანულ სარწმუნოებას, ოჯახურ სიწმინდეებს და ყოველ ღონეს ხმარობს დაუთმოს ქვეყანა საჯიჯგნად ათასი ჯურის უცხოელს, რაც საბოლოო ანგარიშით ქართული ეროვნულობის წაშლას მოასწავებს.
ზარების დარისხებას ჰგავს ბატონი თემურის მოწოდება მეცნიერების, პოლიტიკოსებისა და მაღალი პროფესიული აზროვნებისა და ზნეობრივი ადამიანების ერთიანობისკენ ქვეყნის ცივილიზებულ გზაზე გასაყვანად და მტკიცე უარი, არა შეურიგებლობას, არა შიდა, ძმებს შორის დაპირისპირებას, ქვეყნის სამთავროებად დაყოფას, კოჰაბიტაციას, არამედ ერთიანობას, შენდობას, მიტევებას, რათა არ მოხდეს ისე, რომ პროგრესული ძალები გაიფანტოს გადაგვარებული ელემენტების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაზე; ქვეყნის მოძრაობა უკეთესი მომავლისკენ ბევრს დააბრუნებს ჩვენი სამშობლოს სამსახურში კარჩაკეტილი, ურწმუნო, იზოლირებული, განმხოლოებული ინდივიდუალობიდან. ასეთი ეროვნული ერთიანობის მისაღწევად ბატონი თემურის წიგნი გვთავაზობს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: განათლებისა და მეცნიერების განვითარებისადმი სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას; ეკონომიკის, ბიზნესისა და მეწარმეობის დაცვას, რათა შრომა, ფიზიკური წარმოება მასობრივი, კრეატიული შემოქმედება გახდეს; ნდობისა და რწმენის გამოწვევა, რომლის ადგილი ახლა პესიმიზმისა და უნდობლობას უკავია; ყურადღება სოფელს, რომელიც იყო და არის ქვეყნის სიმტკიცის ფუძე და ბალავარი. აქ არა მარტო პრიორიტეტებია სწორად წარმოჩენილი, იქვე მოცემულია მისი პრაქტიკული რეალიზაციის მექანიზმები და ანგარიშვალდებულებები მოსახლეობის წინაშე, საფეხურებად, რათა მასებთან ცოცხალი კავშირი არ დაიკარგოს (გვ. 106).
წიგნში ცალკე თემადაა გამოყოფილი ემიგრანტთა პრობლემა. თავისი არსებობის ისტორიის გრძელ გზაზე არ ყოფილა შემთხვევა, ამდენი ქართველი მიწიდან აყრილიყოს და მსოფლიოს „მუშათა შავ ბაზარს“ ლუკმა პურისთვის მიწყდომოდეს. ამ ეროვნულ სირცხვილს ვერასდროს ჩამოირეცხავს ეს ცოდვილი ქვეყანა. ვერც იმით იპოვიან გამართლებას, რომ ეს ყველაფერი მშიერთა გადასარჩენად მოხდა.
ბატონი თემური და მისი გუნდი გვთავაზობს ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობების ღონისძიებებს. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმან, რომ მიგრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის არჩევნებში, უფრო მეტიც: არჩეული იქნენ დეპუტატებად, ჰქონდეთ თავიანთი ქვოტები. აფხაზები და ოსები ჩაითვალონ საქართველოს მოქალაქეებად. რომ შენარჩუნებული უნდა ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, მითუმეტეს, რომ გარედან ისტორიულად პირსისხლიანი ერების ახალი ნაშიერი ყველაფერს ცდილობს, რათა ახალ საქართველოში დაიდოს ბინა.
ახლანდელი ხელისუფლება უცხოელთა უფლებებს გადაფარებულია და საერთოდ არ ახსოვთ არც აქაურები, არც ის, თუ რა დღეში არიან საქართველოდან სხვა ქვეყნებში იძულებით გაქცეულები. სწორია და მართებული აზრი-დაწესდეს უცხოეთიდან სამშობლოში თანამემამულეთა დაბრუნების ფონდი.
საქართველოს უკეთესი მომავლის მესაძირკვლეა ახალგაზრდობა. თავისთავად ახალგზრდობა ძალას არ წარმოადგენს. მხოლოდ თანამდროვე აზროვნებით გამდიდრებული ახალგაზრდობაა იმედი ხვალის და სიმდიდრე ერის. ამაში იგულისხმება არა მარტო ღრმა პროფესიული განათლება, არამედ მაღალი ზნეობრიობა, ტრადიციებისადმი კულტურული დამოკიდებულების უნარები და ჩვევები, შეგნებული პატრიოტიზმი, რათა მან შესძლოს თაობათა შორის მემკვიდრეობითი ურთიერთობების განვითარება და ეროვნული ინტელექტუალური ფასეულობების კრისტალიზაცია ქვეყნის მადლიერების მარადიული აზროვნების საგანძურში. გვ.91-95.
სწორი შენიშვნაა პრეზიდენტის კანდიდატის ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი ბრძენკაცებისაგან უნდა შედგებოდეს. დავით აღმაშენებლის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლებაში ავტორიტეტული აზროვნების ადამიანები მოიწვია. ახლანდელი, ისევე როგორც მანამდელი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის სათავეში გუშინდელ სტუდენტებს აწინაურებს, თითქოსდა ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის მიზნით. ეს არანაირი პატივისცემა არ არის - პირიქით, ეს თაობათა შორის დაპირისპირებაა, რომელიც ასუსტებს ქვეყანას და მას სხვა ქვეყნის მსხვერპლად აქცევს. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პრეზიდენტის კანდიდატის დამოკიდებულებამ პენსიისა და მინიმალური ხელფასის მიმართ.
წიგნს დაუკვირვებელი თვალითაც ეტყობა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მას არა მარტო დიდი შრომა შეალია, ცნობილ მეცნიერებთან და სხვადასხვა დარგის მაღალი დონის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შექმნა იგი, რომელთანაც მას პირადი ნაცნობობაც აკავშირებს. იგულისხმება არა მარტო ქვეყნის შიდა მოცემულობა, არამედ გარე სამყაროც.
შესავალში დავწერე, რომ თეიმურაზ შაშიაშვილს თავისი ამ ქვეყნიური არსებობა ქვეყნის სამსახურისთვის უნდა-მეთქი. ეს შეიძლება ვიღაცამ გადაჭარბებულად ჩამითვალოს, თუკი არ იცის, რომ მე თეიმურაზ შაშიაშვილს 40 წელიწადზე მეტია ვიცნობ. მასთან ერთად მომიწია თანამშრომლობა კონსულტანტად, საზოგადოებრივ საწყისებზე, მისი ქუთაისის მერად და მერე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის პეროდში. მან საკუთარი სიცოცხლის რისკით იხსნა ქუთაისი მხედრიონის ძარცვისგან, წინ გადაეღობა მათ, ქალაქში არ შემოუშვა. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო მასთან მისულიყო, თვითონაც საცხოვრებელ ადგილებზე ხვდებოდა მათ. ყველას შეეძლო დაესვა კითხვა მისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, ყოველ ორშაბათს, სატელევიზიო ღია ეთერში: „გისმენთ ქალაქის მერი“. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისში გატარდა საგანმანათლებლო რეფორმა ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერებისა და ცნობილი სპეციალისტების მონაწილეობით. გაიჭრა აღმაშენებლის პროსპექტი. დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი. ჩატარდა ნიკო ნიკოლაძის 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. რამდენ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა ასცდენოდა ხელოვნურად შექმნილ ანგარების ბარიერებს და უფასო განათლება მიეღო, რამდენი მათგანი გაიგზავნა საზღვარგარეთ სასწავლებლად, დაწინაურდა თანამდებობეზე.
განა არ ახსოვთ ქუთაისელებს ბატონი თეიმურაზის მზარდაჭერა მეცნიერების, პედაგოგების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებისადმი.
ქალაქის პრობლემებს ყოველთვის იხილავდა მეცნიერებთან და ცნობილ სპეციალისტებთან ერთად და ისე ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. როცა ქვეყანას უჭირდა, მან გამონახა საშუალება და ქუთაისში, ხელფასზე დანამატის სახით, დოცენტი ყოველთვიურად ღებულობდა 50 ლარს, პროფესორი 100 ლარს. გაგრძელება შორს წაგვიყვანს.
შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ბატონი თეიმურაზი შესანიშნავი კანდიდატია ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამისთვის მას არა მარტო ცოდნა და გამოცდილება აქვს, არამედ გვერდით უდგას, როგორც ეს დასახელებული წიგნიდან ჩანს, ჩვენი სამშობლოს უთავალსაჩინოესი ადამიანიები, სამეცნიერო ცენტრები, კვლევითი ინსტიტუტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ამ ერთიანობას შეუძლია გაუკვალოს გზა საქართველოს ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ!
რამაზ ნამიჭეიშვილი,
სამეცნიერო საზოგადოება „ნიკო ნიკოლაძის“ პრეზიდენტი