ნოდარ ჭითანავა: ლეო ჩიქავა - ღირსეული ქართველი, უნიჭიერესი მეცნიერი!

ნოდარ ჭითანავა: ლეო ჩიქავა - ღირსეული ქართველი, უნიჭიერესი მეცნიერი!

 

2018 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მე-6 საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია,რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას დაბადებიდან 90 წლისთავს. 

 

მოხსენება თემაზე „ლეო ჩიქავას თეორიული მემკვიდრეობის პრაგმატული მნიშვნელობა“ გააკეთა პროფესორმა ნოდარ ჭითანავამ.

 

გთავაზობთ მის მოსაზრებებს აკადემიკოს ლეო ჩიქავას შემოქმედებაზე.

 

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც კონფერენციის ფორმით ტარდება, შემეცნებით და ემოციურ დატვირთვასთან ერთად, მკაფიოდ გამოკვეთილი საზოგადოებრივი მნიშვნელობაც აქვს.

 

ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს მიაგებს ლეო ჩიქავას ხსოვნას - პიროვნებისას, რომლის პროფესიონალად ფორმირება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოხდა. აქ დიდი ტრადიციების სასწავლო კერაში ლეო ჩიქავა ჩამოყალიბდა, როგორც უმაღლესი სკოლის უმაღლესი რანგის პედაგოგი, მასშტაბური აზროვნების მკვლევარი, მეცნიერების თვალსაჩნო ორგანიზატორი. აქედან დაიწყო ლეო ჩიქავას გამორჩეულ საზოგადო მოღვაწედ აღიარებაც.

 

ნიშანდობლივია, რომ ბ-ნი ლეო სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზაციულ სისტემაში ფუნქციონირებად საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების სამეცნიერო ცენტრში. ამიტომ, ასე მასშტაბურად მისთვის პატივისმიგება ლოგიკურია და ადამიანური მოფერების კარგი მაგალითიც

 

ცენტრის კოლექტივმა დამავალა მადლობა გადავუხადო დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებს. დიდი სიამოვნებით ვასრულებ მათ დავალებას:

 

ამასთან, ვსარგებლობ შემთხვევით და ერთხელ კიდევ გავიმეორებ ამავე დარბაზში ადრე ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას.

 

ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, საქართველოს ეკონომისტთა თვალსაჩინო წარმომადგენლების ძლიერი ჯგუფი ქუჩაში დარჩა. ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ისინი მოიწვია, მათ სარბიელი მისცა. ამით რამდენიმე გონივრული ნაბიჯი გადაიდგა. სწავლების ხარისხის ამაღლების ხელსაყრელი გარემო შეიქმნა, რაც მთავარია, მათი პოტენციალი და ღირსება დაცულ იქნა. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანს ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

ეს მოვლენაა, თანაც უნიკალური. ამით ერთხელ კიდევ დადასტურდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დღენიადაგ ხელს უწყობს ნიჭიერ მეცნიერთა ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვას. ეს მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს სხვა სასწავლებლებისა და, საერთოდ, განათლების მთელი სისტემისთვის. 

 

ახლა კონკრეტულად თემაზე ლეო ჩიქავას თეორიული მემკვიდრეობის პრაგმატული მნიშვნელობა.

 

ბატონ ლეოს სამეცნიერო მოღვაწეობაში პირობითად, პირველი მიახლოებით, ხუთი მთავარი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ.

 

1. ეკონომიკური თეორიის გენეზისი, არსებული თეორიების სისტემური შეფასება, თეორიისა და პრაქტიკის ორგანული ერთიანობის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საფუძვლები, ბუნებრივი, შრომითი და შრომით შექმნილი მატერიალური რესურსების გამოყენების პრობლემები და სხვ. ამ პრობლემებს მიეძღვნა მისი „ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი“. იგი ამ ნაშრომს საკუთარ შრომებში საუკეთესოდ მიიჩნევდა. მთლიანად ვიზიარებ წიგნის მთავარი რედაქტორის, ქალბატონ როზეტა ასათიანის, მოსაზრებას, რომ „ამ ნაშრომის მთავარი ღირებულება ისაა, რომ იგი თავისუფალია გადაჭარბებული იდეოლოგიზაციისგან, მოძველებული დოგმებისგან. პოლიტიკური ეკონომიის ფორმაციურ განხილვაზე უარის თქმამ საშუალება მისცა ავტორს, შეექმნა პრინციპულად ახალი სტრუქტურა, რომელიც საკითხთა ფართო წრეს მოიცავს და უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს“. კარგად არის ნათქვამი.

 

2. სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის თავისებურებანი საქართველოში. ამ პრობლემას მიეძღვნა ბ-ნი ლეოს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. რომლებშიც მოცემული დასკვნები, რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა საქართველოში კვების მრეწველობის გადაადგილების გენერალურ სქემაში და სპეციალიზაციის გაღრმავების პროგრამებში.

 

3. დემოგრაფიის პრობლემები და მათი გადაწყვეტის ძირითადი მიმართულებები.  ამ პრობლემას მიეძღვნა მონოგრაფია „დემოლოგია და მისი კანონთა სისტემა“. ავტორმა პირველად დააყენა, დაასაბუთა „დემოგრაფიის“, როგორც მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებათა შესახებ მეცნიერული დისციპლინის, ფორმულირების „დემოლოგიით“ ჩანაცვლების მიზანშეწონილობა.

 

4. დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში. ამ პრობლემაზე მონოგრაფიულ გამოკვლევაში ავტორმა შეძლო უნიკალურ სიტუაციაში -საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში - კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად აეხსნა უმუშევრობის გამომწვევი ტრადიციული და ახალი გარემოებებით განპირობებული მიზეზები (ობიექტური და სუბიეტური ფაქტორები) და მიეცა პრობლემის დაძლევის არგუმენტირებული რეკომენდაციები.

 

5. ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება-განვითარების პრობლემები საქართველოში. პრობლემა აქტუალურია, იგი ღრმა მეცნიერულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, განსაკუთრებით ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში. ამიტომ ნაშრომი მნიშვნელოვანწილად პოლემიკური ხასიათისაა. ავტორი თითქმის ყველა საკითხზე გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და აყალიბებს არგუმენტირებულ დასკვნებს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს ინოვაციური ეკონომიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების განსაზღვრისათვის. 

 

ყველა ზემოთაღნიშნული პრობლემა-მიმართულება ზოგადსაკაცობრიოსთან ერთად ზოგად-ეროვნული მნიშვნელობისაა. მით უფრო, დღევანდელ საქართველოში, როცა საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა პერმანენტული კრიზისის პირობებში ფუნქციონირებს.დღეს მსოფლიოში აღიარებენ, რომ 5 პრობლემა ხელს უშლის განვითარებას, აღრმავებს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს. ესენია: სიღარიბე, უმუშევრობა, უწიგნურობა, ავადმყოფობა, უთანასწორობა. ბუნებრივია, ყველა ეს პრობლემა მეტ-ნაკლები მასშტაბით შესწავლილი და განზოგადებულია ბ-ნ ლეოს ნაშრომებში. მეცნიერული კვლევის ფონზე მან პრობლემის  გადაწყვეტის სწორი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომები მოგვცა.

 

თუ ქვეყანაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ამას მეცნიერებს ვერ დავაბრალებთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ჰქვია იმ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ. ბევრ კითხვაზე პასუხიც არა გვაქვს. მაგალითად, გვიჭირს იმის ახსნა, რომ ზემოთაღნიშნული პრობლემები 3 ათეული წლის წინათ გადაწყვეტილად რომ მიგვაჩნდა, დღეს „დამოკლეს მახვილივით“ რატომ ჩამოეკიდა ქვეყანას? ვერც იმის გაცნობიერების უნარი აღმოგვაჩნდა, ორგანიზების ნაცვლად დროს უაზრო ლაპარაკსა და დისკუსიებში რატომ ვფლანგავთ, რატომ ვეგუებით სხვის ხარჯზე ცხოვრებას, რატომ ვიკვებებით უცხოური პურით, ვეჩვევით უცხოურ აზროვნებას, უცხოურია ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის ისიც, რაც ქართული ფენომენისთვის მიუღებელია. ენა იჩაგრება, სარწმუნოებას კი შიგნითაც და გარედანაც ებრძვიან, ტერიტორიული მთლიანობა მორღვეულია, საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ინტერესებს ამოფარებული რევანშისტული სულისკვეთება ისევ მძლავრობს.

 

ასეთია მწარე რეალობა.

 

ასეთ ფონზე მიზანშეწონილად მიმაჩნია, ლეო ჩიქავას მოღვაწეობის ზემოთდასახელებული თემატიკიდან ზოგიერთ საკითხზე მოკლედ და რეგლამენტის შესაბამისად მოგახსენოთ. 

 

წარმოების ფაქტორები და მათი გამოყენების თავისებურებანი სისტემურად არის განხილული,ხოლო თითოეული ფაქტორის (მიწა, შრომა, კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი) როლი და ადგილი ზედმიწევნით ობიექტურად განსაზღვრული. ამასთან, ავტორი აყენებს საკითხს - შეიძლება თუ არა მეხუთე ფაქტორად საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს ეკონომიკური როლი ვაღიაროთო. აქ პაუზას უშვებს (თუმცა, ამავე ნაშრომში სპეციალური თავი მიუძღვნა ამ პრობლემას) და მკითხველს თხოვს თვითონ ჩამოყალიბდეს და დასმულ კითხვას გამოკვეთილი პასუხი გასცეს. რა მოხდა? სტრიქონები იწერება 90-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა, ჯერ კიდევ, არ არის საკმარისი ემპირიული მასალა,რათა განზოგადდეს საბაზრო სისტემაში, სახელმწიფოს  ეკონომიკური როლი. ამასთან, იგი როგორც გამოცდილი მკვლევარი ანგარიშს უწევს საზოგადოების ეიფორიულ მდგომარეობას, განსაკუთრებით მისი აქტიური ნაწილის „ახალი ხილის“ სურნელებით ტკბობის (თუმცა, არავინ იცის იმ ხილის მომცემიმცენარე თუ იხარებს საქართველოში) სპონტანურად ჩამოყალიბებულ სიტუაციას.

 

შემდგომ, ბატონი ლეო, შესაბამისი არგუმენტაციით, სახელმწიფოს როლს საბაზრო სისტემაში ფაქტორად განიხილავს. 

 

როგორია ჩემი, როგორც მკითხველის, აზრი აღნიშნულ პრობლემაზე? ჩემი აზრით, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება არა მხოლოდ ფაქტორია, არამედ, უნივერსალური ფაქტორიც, როგორც იტყვიან, ფაქტორთა საერთო ჯაჭვში ის ცენტრალური რგოლია, რომლის ამოწევით მთელი ჯაჭვის ამოწევა ხდება. ეს დადასტურდა სოციალისტურად აღიარებული საქართველოს ეკონომიკის კლასიკური კაპიტალიზმის XIX საუკუნის მოდელზე გადასვლის ექსპტრემალურ პერიოდში, რომელსაც გარდამავალს ვეძახით.

 

„შოკურმა თეარაპიამ“, რომელსაც 3 ავტორი ყავს: აშშ ფინანსთა სამინისტრო, საერთაშრისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის მინიმიზაციის აუცილებლობის არგუმენტაციით, საქართველოს თავს მოახვია ისეთი მექანიზმი, რომელმაც საბაზრო პრინციპების თითქოს უმტკივნეულოდ დამკვიდრების ნაცვლად, ძირფესვიანად ამოძირკვა ეროვნული ეკონომიკის მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლები. დღეს ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარსაც ვერ აწარმოებს, „შოკური თერაპიის“,როგორც დოქტრინის ზემოქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჯართის სახით ქვეყნის გარეთ გატანის შემდეგ. ცოცხალი გამწევი ძალისთვის ნალის საჭირო რაოდენობით წარმოებაც ვერ ხერხდება. თუ გულწრფელად ვიტყვით, ქვეყანაში სისტემური კრიზისის გახანგრძლივების უმთავრესი მიზეზი ფორმირებადი სახელმწიფოს მიერ საკუთარი ეკონომიკური ეკსკლუზიური ფუნქციების გაუცნობიერებლობაა. განვლილმა პერიოდმა დაადასტურა,რომ მთავარი არა საკუთრების ფორმაა,არამედ საკუთრების მართვის უნარი ე.წ. მენეჯმენტი. ამჟამად საქართველოში სამრეწველო პროდუქციის 96%, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თითქმის მთლიანად, მშენებლობის 99%, ტრანსპორტის 60%-ზე მეტი, მომსახურების სფეროს პროდუქცია მთლიანად კერძო სექტორში იქმნება. მაშინ რატომ არ არის სისტემა ეფექტიანი? პასუხი ერთადერთია. წარმოების ზემოთ დასახელებული ფაქტორები დეფორმირებულია, ხოლო მათზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა ლოგიკურად არაეფექტიანია.

 

ბატონი ლეო, ყოველმხრივ ასაბუთებს ცოდნის, როგორც ასეთის, განსაკუთრებულ როლს საზოგადოებრივ განვითარებაში და ყოველმხრივ უპირატესობას ანიჭებს ილიასეულ პოზიციას, „კაცი მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს, რომ ცოდნას დიდ მადლთან ერთად ცოდვაც შეუძლიან, ოღნდ კაცმა ნამუსზე ხელი აიღოს“. ილიას ეს მოსაზრება გაფრთხილებად უნდა მივიღოთ და რეალურად გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოებრივი განვითარება უმთავრეს ზნეობრივ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს,რომელსაც ქართულად პატიოსნებას ეძახიან. სამწუხაროდ, მასზე საზოგადოებაში მოთხოვნაც არ არის, ასევე მოთხოვნა არ არის ცოდნაზე, არც შრომაზე, აი, რატომ ჩამოვრჩით. კითხვაზე საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა წარმატებით განვითარდეს? პასუხი ერთადერთია, საკმარისია, მაგრამ გვავიწყდება დიდი ილიას შეგონება „მარტო ნიჭი არის ძალა ბრმა, უსინათლო, მისი ნაყოფიერება გაუწდომელია (ე.ი. განუსაზღვრელია), როცა მას დაერთვის მეცადინეობა, შრომა, ჭკუით განზრახული მოქმედება“. 

 

პატიოსნებაზე, ნიჭზე, ცოდნაზე, შრომაზე მოთხოვნის ორგანიზაცია სახელმწიფოს ექსკლუზიური ფუნქციაა, მით უმეტეს, სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ფორმირების კონსტიტუციურ მოთხოვნად აღიარების ქვეყანაში. 

 

ბ-ნი ლეოს ხელწერის ერთი „ნიუანსის“ შესახებაც. რთული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტისას ბ-ნი ლეო, ჩემი აზრით, ყოველმხრივ ცდილობს ქართული წყაროების წამოწევას, მერე, მათი შეჯერებით, მოუხმობს მსოფლიოში აღიარებულ სწავლულთა გამონათქვამებს, ასეთ დროს ანალიზი უფრო დამაჯერებელი ხდება, ხოლო სინთეზი - ლოგიკური. აი, მაგალითებიც. ცოდნის, როგორც მეწარმეობრივი რესურსისა და წარმოების ფაქტორის განხილვისას იყენებს ცოდნის ქართულ ცნობიერებაში დამკვიდრებულ მიდგომებს (გამონათქვამებს), რომ ცოდნა „არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების, ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“ (დავით გურამიშვილი), ცოდნა თავისთავადაც სიმდიდრეა. მერე იმისთანა მადლიანის სიმდიდრეა, რომ რაც არ უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება... შრომითა და გარჯით, ცოდნითა და ხერხით მოსული თან გაგვიტანს... თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ (ილია). „შრომა, ცოდნა და სიმართლე გწამდეს ესაა მთავარი“ (გალაკტიონი). ასეთი ბრძნული აზრების ერთ სიბრტყეზე განთავსების შემდეგ ავტორი სრულიად მოულოდნელად სვამს კითხვას: ქონება თუ ცოდნა? და შუა საუკუნეების ესპანელ სწავლულს ხუან მანუელს ათქმევინებს: „ცოდნა ჰქმნის და იცავს ქონებას, ქონება არ იძლევა ცოდნას“. 

 

დღეს საქართველოში მენტალიტეტი ქონებისკენ იხრება. ეს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის. აქტუალური მნიშვნელობა აქვს ვოლტერის მოსაზრებას „ქვეყანას, რომელიც მეცნიერების განვითარებაზე არ ზრუნავს მომავალი არა აქვს“. ამ სტრიქონების არსს საქართველოში კარგად ჩაწვდნენ. ავტორმა ნიუტონიც აალაპარაკა: „მე დეკარტეზე უფრო შორს ვიხედები, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მასზე უფრო ჭკვიანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ გიგანტის მხრებზე ვდგევარ“. ესეც გაფრთხილებაა, რომელიც გვეუბნება მეცნიერებაში მემკვიდრეობითობა უნივერსალური პრინციპიაო.

 

როცა ბ-ნი ლეო რთულ პრობლემაზე მსჯელობისას იძულებულია პასუხი გასცეს კითხვას, არის თუ არა ეკონომიკური ცოდნის დიდი დეფიციტი საზოგადოებაში, იგი სიტყვას აძლევს  ფრიდმენს. იგი ამბობს „ეკონომიკა მომხიბლავი მეცნიერებაა. მას მიმზიდველს ხდის ის რომ მისი ფუნდამენტური პრინციპები, სიმარტივის გამო, შეიძლება ყველასათვის გასაგებად მარტო ერთ ფურცელზე დატიო. მიუხედავად ამისა, იგი ძალიან ცოტას თუ ესმის“.გამგები იგებს. აქვე ბ-ნი ლეო ამხნევებს მათ, ვისაც ცოდნა არა აქვს, რომ ეკონომიკური ცოდნის შეძენა შეიძლება თუ დაიცავთ შემდეგ მოთხოვნასო და აქაც აღიარებული სწავლულის სახელით იტყვის, რომ ამისათვის საჭიროა „აქლემისებური ამტანობა და წმინდანისებური მოთმინებაო“. გარკვეულწილად დაზღვევაზეც მიდის და სამუელსონს ათქმევინებს: „ადამიანი, რომელსაც არასოდეს უსწავლია ეკონომიკური თეორია, ჰგავს ყრუს, რომელიც ორკესტრის შეფასებას ცდილობს“.

 

ამონარიდებს იყენებს იმისთვის, რომ გაუადვილოს მკითხველს სწრაფად გაერკვეს ავტორისეულ ჩანაფიქრში. ასეთი ხერხი მსჯელობისა აკეთილშობილებს მეცნიერულ კვლევას, უფრო მიმზიდველს ხდის მას, აადვილებს მის აღქმას, ამ ხერხით, ბატონმა ლეომ, გვიჩვენა, რომ იგი ბრძენი კაცია, მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჭკვიანი კაცი ყველა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალს ნახავს, ხოლო ბრძენი კრიტიკულ სიტუაციებს არ დაუშვებსო. ეს მან პრაქტიკულად გვიჩვენა.

 

როგორ მოახერხა ეს? 

 

ლ. ჩიქავას სოციალური პორტრეტი მხოლოდ მეცნიერული მოღვაწეობით არ განისაზღვრება, იგი საინტერესო და მისაბაძი პიროვნებაა, ძირძველ ოჯახურ ტრადიციებზე აღზრდილი ქართველი კაცი, დიახ კაცი! როგორც დიდი ილია იტყოდა: „ოჯახის კაცი, გვარის კაცი, თემის კაცი, ერის კაცი, ზოგად კაცი“.

 

მასში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობა და ობიექტურობა მომწონდა. იგი საბჭოთა ეპოქაში დაიბადა, აღიზარდა, მისი მამულიშვილად აღიარება იმ დროს მოხდა, როცა რიგი ისტორიული მოვლენების გავლენით საქართველოს მიეცა საშუალება სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, ბატონი ლეო ერთგულად ჩადგა ახალი საქართველოს აღმშენებლობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ბ-ნი ლეო ხელს აწერს. დამოუკიდებელ საქართველოში ფართო მასშტაბები მიიღო მისმა მრავალმხრივმა მოღვაწეობამ. ცხოვრების სტილით, მრავალმხრივი მოღვაწეობით მან დაამტკიცა, რომ მთავარი ის კი არ არის სამშობლოს რომელ ისტორიულ ეპოქაში დაიბადე, მთავარია, მუდამ ერთგულად ემახურო მას, როგორც მამულიშვილი.

 

გარდაცვალების შემდეგაც ბ-ნი ლეო ჩიქავას მოღვაწეობის, მისი მეცნიერული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების მხრივ ინტერესი იზრდება. საზოგადოებისთვის ლეო ჩიქავა მისაბაძი მაგალითია.

 

ჩვენ კი მეგობრები ვამაყობთ იმით, რომ ლეო ჩიქავას თანამედროვენი ვიყავით.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: